საქართველოს პრეზიდენტი - საჭიროა სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაცია და დაძაბულობის განმუხტვა, რომელსაც პირველ რიგში სჭირდება ნამდვილი კონსტრუქციული დიალოგი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 19 თებერვალი 2021 11:16

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:

"ცხრა თვის წინ მივიღე ჩემთვის უმძიმესი და საზოგადოებისთვის მტკივნეული გადაწყვეტილება, რომელიც განპირობებული იყო მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო სტაბილურობის შენარჩუნებით და ემსახურებოდა პოლიტიკური კრიზისის დაძლევასა და დეპოლარიზაციას.

სამწუხაროდ, ქვეყანაში დღითიდღე იზრდება პოლარიზაცია, დაძაბულობა და დაპირისპირება. ლეგიტიმურად ცნობილი არჩევნების შედეგების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, დაუმორჩილებლობის ყველა ფორმის გამოყენება, საზოგადოებრივ-სოციალური პროტესტის წაქეზება მიზნად ისახავს ქვეყნის დასუსტებასა და დესტაბილიზაციას.

ამას შეიძლება მოჰყვეს უმძიმესი შედეგები, დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოებაში ნდობის დაკარგვა, არა თუ ჩვენთვის, არამედ ჩვენზე ძლიერი დემოკრატიული ქვეყნებისთვის გამანადგურებელი პრეცედენტის შექმნას უდრის. არჩევნების შედეგის პატივისცემა და წაგების აღიარება ხომ დემოკრატიის ქვაკუთხედია! ამ დემოკრატიული პრინციპების უარყოფა კი, აწყობს მხოლოდ იმ ძალებს, ქვეყნის შიგნით და გარეთ, ვინც საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებს და ვინც რეგიონში საქართველოს სტაბილურობასა და დემოკრატიულობას საფრთხედ აღიქვამს.

დღეს შეხვედრა გავმართე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და დეტალურად განვიხილეთ შექმნილი ვითარება. მიმაჩნია, რომ საჭიროა სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაცია და დაძაბულობის განმუხტვა, რომელსაც პირველ რიგში სჭირდება ნამდვილი კონსტრუქციული დიალოგი, რათა ამ პროცესებმა არ დააზიანოს ქვეყნის სტაბილურობა და საერთაშორისო იმიჯი.

ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მზად ვარ ყველა ფორმის დიალოგს მხარი დავუჭირო, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ დათმობის პოლიტიკა მხოლოდ მაშინ ამართლებს, თუ ორივე მხარე კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადაა და არა, როცა დათმობა აღქმულია სისუსტედ, ან უფრო მეტიც, როდესაც ეს შეიძლება ვინმემ საკუთარ გამარჯვებად წარმოაჩინოს. ასევე, კონსტრუქციულ დიალოგს ეწინააღმდეგება წინაპირობების წაყენება და პროცესების რადიკალიზაცია.

მე, როგორც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ევროპულობის, დემოკრატიული განვითარებისა და მაშასადამე სტაბილურობის გარანტი, გამოვდივარ ქვეყნისა და მისი ყველა მოქალაქის ინტერესებიდან და მჯერა, რომ ქვეყნის დაწყნარებით და განვითარებით ყველა გამარჯვებული დარჩება.

ვიმედოვნებ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მომავალი მთავრობა შეძლებს ამ მძიმე პროცესების შეჩერებას და არ დაუშვებს, რომ ვინმემ საკუთარი პოლიტიკური ამბიციები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენოს და საფრთხე შეუქმნას ქვეყნის იმ ინსტიტუტებს, რომლებიც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს საყრდენია", - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

წაკითხულია 181 ჯერ

Related items

  • საქართველოს პრეზიდენტი - განცხადებული უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე გაუგებარი ნაბიჯია

    დღეს 2 სექტემბერია და ზუსტად ერთი თვე რჩება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე! არჩევნებამდე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ევროპული გზისთვის მნიშვნელოვანი დატვირთვის მატარებელი არის და იქნება. უნდა შევძლოთ და ჩავატაროთ სამაგალითო არჩევნები სიძულვილის ენის, ძალადობისა და შეურაცხყოფის გარეშე, დემოკრატიულ, კონკურენტულ და სამართლიან გარემოში! ამას ელოდებიან ჩვენი მოქალაქეები და ამას დააკვირდებიან ჩვენი პარტნიორები! აქამდე მოვედით და გადავლახეთ უამრავი პოლიტიკური თუ ეკონომიკური სირთულე, რომ არა ჩვენი პარტნიორების დახმარება, სოლიდარობა, გვერდში დგომა და გაწეული შრომა ძალიან რთული იქნებოდა პანდემიის მიერ გამოწვეული  მსოფლიო ეკონომიკური  კრიზისისა, თუ შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გაძლება, გადალახვა და სტაბილურობის შენარჩუნება.

    ისიც გვესმის, რომ რაიმე სახით,  ან რამე მიზეზით  ევროპული თანადგომისა და ჩვენი ქვეყნის და რეგიონის მიმართ ინტერესის შესუსტება, ხელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის იმ შიდა თუ გარე ძალებს, რომლებიც ცდილობენ  გამოიწვიონ ქვეყნის დესტაბილიზაცია თუ დასუსტება.

    სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე, განცხადებული უარი  ევროკავშირის სესხის მიღებაზე  მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის და პირადად ჩემთვის საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია.

    ეკონომიკური არგუმენტი - ვალის შემცირების აუცილებლობა- ანალიზს ვერ უძლებს! როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკის ზრდა, თუნდაც ორციფრიანი, ის მაინც არ ანულირებს იმ სოციალურ და ადამიანურ ზიანს, რაც კოვიდმა მოუტანა ჩვენს მოსახლეობას, და რისი შემცირებაც უშუალოდ ემსახურებოდა აღნიშნული  75 მილიონ ევროიანი  (ანუ 300 მილიონი ლარის ოდენობის) სესხი.  გაუგებარია, თუ რა განაპირობებს იმას, რომ დღეს საკუთარი მოქალაქეების კრიზისულ მდგომარეობაზე მეტად პრიორიტეტული საერთაშორისო ვალის შემცირება გახდა. სანამ ორციფრიანი ზრდის შედეგი საზოგადოების კეთილდღეობაზე არ აისახება, დახმარებაზე უარის თქმის ლოგიკა  ძნელად გასაგებია!

    ცოტა არ იყოს პარადოქსულადაც ჟღერს ერთი ხელით ევროპის სესხზე უარის თქმა და მეორე მხრივ, სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორის რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე აპელირება, მაშინ, როცა იგი  დიდწილად ევროპიდან წამოსული სესხებით ხორციელდება!

    ეკონომიკური შედეგები ამ ნაბიჯის, ამ სესხის აღება არ აღებით - არ შემოიფარგლება. აქ მთავარი ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, ჩვენი სიტყვის სანდოობაა! მართალია, რომ ხელისუფლებას ნებისმიერ სესხზე უარის თქმის უფლება გააჩნია, თუმცა სესხთან ერთად ხელმოწერილი დოკუმენტების მიმართ ცვალებადი დამოკიდებულება და ცალმხრივი აუხსნელი გადაწყვეტილებები, შესაძლოა, აისახოს, როგორც ქვეყნის  ხვალინდელ  რეიტინგზე, ასევე უცხოელი ინვესტორების განწყობაზეც.

    დარწმუნებული ვარ, რომ ეკონომიკური იზოლაციონიზმი, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში მდიდარ ქვეყნებისთვისაც მიუღწევადია, და ჩვენთვის როგორც პატარა ქვეყნისთვის სახიფათო ილუზიაა, ამ გადაწყვეტილებებს არ უდევს საფუძვლად, თუმცა საჭიროა სიფრთხილე, რათა ასეთმა ნაბიჯებმა მოსახლეობაში არ გააჩინოს ცრუ წარმოდგენები. 

    ევროკავშირის სოლიდარობასა და პარტნიორობას ალტერნატივა არ გააჩნია, რაც მოსახლეობის 80%-ს არა თუ ესმის, კიდევაც იზიარებს. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ავღანეთის შემდგომ პერიოდში, ახალი სტრატეგიული ვითარება იქმნება, სადაც ჩვენი სტაბილურობა და უსაფრთხოება უფრო მეტად დამოკიდებული იქნება ევროპაზე ვიდრე აქამდე.

    როცა ჩვენს მოქალაქეებს ვპირდებით „მეტ ევროპას  საქართველოში და მეტ საქართველოს ევროპაში“ და ევროპელ პარტნიორებს  2024 წელს  კანდიდატურის განაცხადის შეტანას, ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელია ამ გზაზე შევინარჩუნოთ ჩვენი პარტნიორების სრული ნდობა და მხარდაჭერა!

    ჩემი როლი ნათელზე ნათელია ამ ვითარებაში: მე ვდგავარ და ვიდგები საქართველოს ევროპული არჩევანის მხარეს, ყველაფერს ვიღონებ, რომ არავინ, არც ხელისუფლებამ დაუფიქრებელი ნაბიჯებით და არც დესტრუქციულმა ოპოზიციამ, რომელიც დღეს თავხედურად ხელს აწერს დოკუმენტს, რომელსაც 6 თვე ძირს უთხრიდა, შეძლოს ამ გზის არევა და ამით ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების საფრთხის ქვეშ დაყენება. ერთს ეკუთვნის პასუხისმგებლობა სამართლიანად ჩაატაროს არჩევნები, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გაამყაროს ქვეყნის მიმართ ნდობა; მეორეს კი არ უნდა მიეცეს დესტაბილიზაციის პროვოცირების საშუალება უმიზეზოდ  არჩევნების ლეგიტიმურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებით.

    ჩემი პოზიცია უცვლელია: მე ვარ ერთგული ყველაფერი იმის, რასაც ვიცავ  მუდმივად პირველი დღიდან: საზოგადოების ერთობა, დეპოლარიზაცია, ქვეყნის გაერთიანება, პოლიტიკური დემოკრატია და ევროპული მომავალი!

    საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახური

  • ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადება

    გთავაზობთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადება საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით. "მხედველობაში მივიღე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით. ეს შეთანხმება განაგრძობს ევროპული გზის შეთავაზებას საქართველოში უფრო ძლიერი დემოკრატიის მშენებლობისა და კანონის უზენაესობის გასამყარებლად, ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად. მხედველობაში მივიღე ასევე ის, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებაზე ხელს არ აწერს.

    კვლავ დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთანხმება არის საუკეთესო გზა რეფორმის დღის წესრიგის განხორციელებისთვის, რომელიც გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ხელს შეუწყობს კეთილდღეობას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკური ზრდის მიღწევას - ყველაფერს, რაც ძალიან საჭიროა საქართველოს ხალხის საკეთილდღეოდ.

    ვერ ვხედავ სიღრმისეული საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გასაგრძელებისა და თავისუფალი და სამართლიანი ადგილობრივი არჩევნების ჩატარების ალტერნატივას.

    მოვუწოდებ ყველა მხარეს, პირველ ადგილზე მოქალაქეების ინტერესები დააყენოს და აიღოს ვალდებულება საქართველოში პოლიტიკური დისკურსის განვითარებისა ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ფარგლებში. საქართველოში რიგ პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციები იწყება. არსებული სიტუაციისა და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების განსახილველად გუშინ პრეზიდენტ ზურაბიშვილს შევხვდი", - აღნიშნულია შ. მიშელის განცხადებაში.

  • საქართველოს უკრაინის, მოლდოვასა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები ეწვივენნ

    საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოწვევით 19 ივლისს ბათუმს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვივნენ. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება.

    მათი მონაცემებით, ბათუმში ევროკავშირის "აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების ლიდერთა შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას შეუერთდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

    ასოცირებული ქვეყნების ლიდერები და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ერთობლივი შეხვედრის შემდეგ პრესისათვის განცხადებებს გააკეთებენ.

    "აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების ლიდერთა შეხვედრა გაიმართება, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ,,საქართველოს ევროპული გზის” ფარგლებში.

  • აშშ-ის საელჩომ სიამაყით დაუჭირა მხარი ამერიკის წყალბურთელთა ნაკრებს, მუდამ გულუხვი მასპინძლის, საქართველოს წინააღმდეგ
    აშშ-ის საელჩომ სიამაყით დაუჭირა მხარი ამერიკის წყალბურთელთა ნაკრებს, მუდამ გულუხვი მასპინძლის, საქართველოს წინააღმდეგ. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.
    მაში კერძოდ აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ-საქართველო ახლო სტრატეგიული პარტნიორები არიან, სპორტულ არენაზე დიდი მეტოქეობა იყო. ვულოცავთ ამერიკის გუნდს დიდი ბრძოლით მოპოვებულ გამარჯვებას.
    თამაშს ელჩი აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდნენ. მათ მოთამაშეებს გულშემატკივრობის შემდეგ მთავარი მოთამაშის ჯილდოებიც გადასცეს.
    აშშ-ის მხრიდან ელჩმა დეგნანმა ჯილდო მაქს ირვინგს გადასცა.
    მომავალ ტურნირებში საელჩო ორივე გუნდს წარმატებას უსურვებს, - ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.
    ოლიმპიადამდე მცირე ხნით ადრე, 26 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით, თბილისი წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერფინალს მასპინძლობს. მსოფლიო ლიგის სუპერფინალის მასპინძლობის უფლება საერთაშორისო საწყლოსნო ფედერაციამ – FINA-მ (მსოფლიო ასოციაცია) საქართველოს პირველად მიანიჭა. ჩვენი ნაკრების გარდა, ტურნირზე მსოფლიო წყალბურთის საუკეთესო გუნდები ითამაშებენ. საქართველოს ეროვნული ნაკრები „ბ“ ჯგუფში მონტენეგროსთან, იაპონიასთან და ამერიკასთან ერთად თამაშობს, ხოლო „ა“ ჯგუფში ერთმანეთს იტალია, საფრანგეთი, საბერძნეთი და ყაზახეთი დაუპირისპირდებიან.

    მატჩები თბილისის ოლიმპიურ აუზზე გაიმართება. ჯგუფური ეტაპი 26-28 ივნისს ჩატარდება, ხოლო პლეი-ოფის შეხვედრები 29 ივნისს დაიწყება და 1 ივლისს ფინალური მატჩით დასრულდება.

  • ორბელიანების სასახლეში კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიის მოსწავლეთა და დავით ხრიკულის საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი გაიმართა

    ორბელიანების სასახლეში თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიის მოსწავლეთა კონცერტი და დავით ხრიკულის საფორტეპიანო მუსიკის სოლოკონცერტი გაიმართა. კულტურის სამინისტროს ცნობით, ღონისძიება ქართული ხელოვნების განვითარებას შეუწყობს ხელს.

    კულტურის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით და საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ორბელიანების სასახლე ერთგვარ კულტურულ ცენტრად იქცა, სადაც აქტიურად იმართება კლასიკური მუსიკის კონცერტები, რითიც ორბელიანების სასახლე იბრუნებს მრავალი წლის წინანდელ ტრადიციებს. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური