ჩვენ მნიშვნელოვანი დახმარება უნდა გავუწიოთ კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას - ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 17 თებერვალი 2021 15:36

“საქართველო ეუთოს ძლიერი პარტნიორია კონფლიქტების მოგვარების საკითხში, ასევე უსაფრთხოების დაცვის კუთხით ეუთოს 3 განზომილების ფარგლებში. მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა დღეს შევხვდე სხვადასხვა წამყვან ფიგურებს, მათ შორის ჩემს კოლეგას, საგარეო საქმეთა მინისტრს“ - ამის შესახებ ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ან ლინდემ საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის ინფორმაციით, როგორც შვედმა დიპლომატმა აღნიშნა, საქართველომ და ეუთომ მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშონ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების ჩამოყალიბებაში. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ამ მნიშვნელოვან ძალისხმევაში საქართველოს მუდმივი და კონსტრუქციული მონაწილეობის მიმართ ძლიერი მხარდაჭერა.

როგორც ან ლინდემ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა,  რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში აქტიური ჩართულობა  შვედეთის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები, გზები, რითიც ორგანიზაციას შეუძლია დაეხმაროს საქართველოს, ასევე იმაზე, თუ როგორ შეიძლება გაძლიერდეს ეუთოს ჩართულობა კონფლიქტის მოგვარების საკითხში. ეს გახლავთ ეუთოს ძირითადი პრიორიტეტი, ჩემთვის როგორც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარისთვის.“- განაცხადა შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები ეუთოს პრინციპებისა და ვალდებულებებისადმი ერთგულების, ასევე დიალოგისა და ჩართულობის გზით უნდა მოგვარდეს. „ეუთო დიდი ხანია მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოში. ეუთო აქტიურადაა  ჩართული ჟენევის მოლაპარაკებებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმში. ვიმედოვნებთ, რომ შეგვიძლია მნიშვნელოვანი დახმარება გავუწიოთ კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას, წარვადგინოთ დიალოგისა და კონფლიქტის დეესკალაციისთვის საჭირო ინსტრუმენტი და გავაძლიეროთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები.“- აღნიშნა ან ლინდემ.

შვედი დიპლომატის შეფასებით, აღნიშნულ სამუშაოში ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე, ანიკა სოდერი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შვედეთის პირველი დიპლომატი შეხვედრებს  ასევე გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან.
 
ვიზიტის ფარგლებში, ან ლინდე  ეწვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს.

წაკითხულია 73 ჯერ

Related items

  • დავით ზალკალიანმა და შარლ მიშელმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

    თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, დახვედრის ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელს შორის შეხვედრა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაცია იტყობინება.

    დავით ზალკალიანმა და შარლ მიშელმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები, რეგიონში არსებული ვითარება და COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

    ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს საქართველოში ვიზიტისთვის, განსაკუთრებით იმ კომპლექსური საერთაშორისო გარემოს გათვალისწინებით, რაც დაკავშირებულია გლობალურ პანდემიასთან. შეხვედრაზე ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობას ევროკავშირისთვის და აღნიშნულ რეგიონში სტაბილურობას და მდგრად განვითარებას. ამ მხრივ განსაკუთრებით ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის წარმატებებს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მსოფლიოსა და რეგიონში როგორც პანდემიასთან დაკავშირებული რთული გარემოს, ასევე უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევების ფონზე, მხარეებმა მიმართონ ძალისხმევას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ, დიალოგის რეჟიმში წარმართვისთვის. რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, ხაზი გაესვა ევროკავშირის აქტიური და ქმედითი ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო COVID-19 პანდემიის მხრივ საქართველოსა და ევროკავშირში არსებულ ვითარებას.

  • დავით ზალკალიანი პოლონელ კოლეგას ესაუბრა

    საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა თავის პოლონელ კოლეგასთან, ზბიგნიევ რაუსთან. საუბრისას, დიპლომატებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული განსაკუთრებული მეგობრობა და პარტნიორობა.
    საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესებს. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს მიმდინარე პროცესების კონსტრუქციულ ჩარჩოებში გადასვლისა და მხარეებს შორის დიალოგის მნიშვნელობას, რათა არსებული კრიზისი დროულად იქნას დაძლეული.
    ამასთან, დავით ზალკალიანმა პოლონელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის როგორც საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელების, ისე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
    საქართველოსა და პოლონეთის პირველმა დიპლომატებმა მიმოიხილეს გლობალური პანდემიის მხრივ ორივე ქვეყანაში შექმნილი ვითარება და ვაქცინაციის პროცესი. აღინიშნა ვაქცინების თანაბარი გადანაწილების აუცილებლობა. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლიერება გამოხატა ამ კუთხით პოლონეთის მიერ გამოხატული მყარი პოზიციისა და ძალისხმევის მიმართ.

    საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაცია

  • დავით ზალკალიანი უენდი მორტონს შეხვდა

    15 თებერვალს, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ევროპული სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს მინისტრის უენდი მორტონის და საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეხვედრა გაიმართა.

    შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის დინამიკის შესახებ, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. ამ კონტექსტში აღინიშნა „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მნიშვნელობა და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  2021 წლის 1 იანვარს ძალაში შესულ „სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას, რაც  ახალ შესაძლებლობებს ქმნის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.

    მხარეების მიერ ასევე აღინიშნა თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობა, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კიბერუსაფრთხოების მიმართულებაზე.

    ასევე, ხაზი გაესვა შავი ზღვის უსაფრთხოებას და აღნიშნულ თემაზე მიმდინარე სტრატეგიულ დისკუსიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას.

    შეხვედრაზე მხარეებმა  ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ეკონომიკურ და დარგობრივ თანამშრომლობაზეც. ხაზი გაესვა პანდემიის შემდგომი ეკონომიკური რეაბილიტაციის საკითხს და ამ პროცესში პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის, გაერთიანებული სამეფოს ჩართულობას.

    დავით ზალკალიანისა და უენდი მორტონის შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში მიმდინარე პროცესებს და უსაფრთხოების გარემოს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა  ბრიტანულ მხარეს  დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

    შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა დიდი ბრიტანეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

    შეხვედრის ფარგლებში, ქართული მხარის მიერ კმაყოფილებით აღინიშნა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განსაკუთრებული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ COVID-19-ის პანდემიის პერიოდში. ასევე ხაზი გაესვა პოსტ-პანდემიურ პერიოდში ეკონომიკური ურთიერთობების და ხალხთა შორის კავშირების კიდევ უფრო მეტად გააქტიურების მნიშვნელობას.

    საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, უენდი მორტონი შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან,პ არლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან,  საქართველოს პრემიერთან გიორგი გახარიასთან, განათლების მინისტრთან მიხეილ ჩხენკელთან. მინისტრი ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს.

     

  • ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე რეგიონში არსებული ვითარება და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები განიხილეს

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მუჰამედ ჯავად ზარიფს შეხვდა.

    საუბრის მთავარი თემები იყო რეგიონში არსებული ვითარება, მათ შორის ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და საქართველოს მნიშვნელოვანი როლი, როგორც რეგიონის ეკონომიკური განვითარების, ასევე რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

    შეხვედრაზე ორმხრივ და რეგიონულ ურთიერთობებთან  დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ორმხრივი ურთიერთობის კონტექსტში, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების, ორი ქვეყნის სატრანზიტო, სატრანსპორტო კომუნიკაციის განმტკიცებას და ამ კუთხით არსებული პოტენციალის გამოყენებას, ასევე ამ სფეროებში არსებული სირთულეების დროულად მოგვარების მნიშვნელობას.

    საუბარი ასევე შეეხო პანდემიის მხრივ ორივე ქვეყანაში არსებულ ვითარებას და სამომავლო გეგმებს.

    ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დაესწრო.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

  • ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოშია
    28 იანვარს, ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი რეგიონული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ესტუმრა.
    თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდა.
    საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ირანელი დიპლომატი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას შეხვდება. ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს.
     
    საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაცია

ბიზნეს ნიუსი

“ფონდმა ნატახტარმა” საზოგადოებას 2020 წლის ანგარიში წარუდგინა

“ფონდმა ნატახტარმა” საზოგადოებას 2020 წლის ანგარიში წარუდგინა

„ფონდი ნატახტარი“ დაფუძნდა 2011 წელს და მისი მიზან...

პოპულარული

« მარტი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური