პარლამენტის სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს, პეტრ მიკისკას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 17 თებერვალი 2021 12:07

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, პეტრ მიკისკას შეხვდა. შეხვედრაზე კომიტეტის საქმიანობის მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

„საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა იყო. ელჩს გავაცანით ჩვენი კომიტეტის სტრატეგია და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ის პრიორიტეტები, რაზეც კომიტეტი აპირებს მუშაობას მიმდინარე წლისა და, ზოგადად, ამ ოთხწლიანი ციკლის განმავლობაში. განსაკუთრებით გაესვა ხაზი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ პირთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვის საკითხებს და, ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ნაბიჯების საჭიროებას საერთაშორისო ასპარეზზე იმისთვის, რომ ვაიძულოთ ოკუპანტი სახელმწიფო და, შესაბამისად, ის დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც მოღვაწეობს უშუალოდ საოკუპაციო ტერიტორიაზე, რომ უკან დაიხიონ, მაგალითად, ზაზა გახელაძის შემთხვევაში, სწრაფად მივაღწიოთ ადამიანის უფლებების დაცვას ამ კონკრეტულ პირთან მიმართებაში.

სხვა პრიორიტეტებს შორის მნიშვნელოვანია ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული იმ სტანდარტების უზრუნველყოფა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით, რაც დამახასიათებელი უნდა იყოს ევროპულობაზე პრეტენზიის მქონე სახელმწიფოსთვის. ამ მიმართულებით ელჩმა გამოთქვა მზადყოფნა და სურვილი, რომ ამ პროცესში ჩართული იყოს და სხვადასხვა სახის ერთობლივი პროექტები იქნას დაგეგმილი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პარლამენტის ადმინისტრაციის პრეს-რელიზი

წაკითხულია 80 ჯერ

Related items

  • საქართველოს პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილსა და მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

    საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილს და მთავრობის გადახალისებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.

    საკანონმდებლო ორგანომ, 89 ხმით ერთხმად დაუჭირა მხარი ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის". 

    მთავრობის გადახალისებულ შემადგენლობაში ორი ახალი მინისტრია. თავდაცვის მინისტრის პოსტს ჯუანშერ ბურჭულაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობას კი ირაკლი ქარსელაძე დაიკავებს. 

    უცვლელი რჩება შვიდი მინისტრი. საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იქნება, იუსტიციის მინისტრი - გოჩა ლორთქიფანიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ვახტანგ გომელაური დაიკავებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას კი ნათია თურნავა. ფინანსთა მინისტრის პოსტს ივანე მაჭავარიანი დაიკავებს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობას - მიხეილ ჩხენკელი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იქნება.

    ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა.

     

  • პარლამენტში პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა გაიმართა

    საქართველოს პარლამენტში პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა გაიმართა.

    სხდომა მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გახსნა და საზოგადოებას პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილე მიულოცა. მისი თქმით, ზუსტად 100 წლის წინ, 1921 წლის 21 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის საფრთხის ფონზე, საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო.

    „ზუსტად 100 წლის წინ, 1921 წლის 21 თებერვალს, საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ, საბჭოთა ოკუპაციის საფრთხის, თავდადებული ბრძოლებისა და ქვემეხების სროლის ფონზე მიიღო ქვეყნის პირველი კონსტიტუცია, რომელიც თავისი დროის ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ იურიდიულ დოკუმენტად მიიჩნეოდა და ევროპის სამართლებრივ სივრცეში წარუშლელი კვალი დატოვა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია სწორედ პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას ეფუძნება.

    „ნიშანდობლივია, რომ საქართველოს კონსტიტუციის დღეს მოქმედი რედაქცია ქართული კონსტიტუციონალიზმის საუკუნოვან ტრადიციას აგრძელებს. იგი ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების დაცვას უზენაეს ღირებულებად აცხადებს, ხოლო ეროვნულ დამოუკიდებლობას − უმთავრეს მიზნად.

    მჯერა, ქართული სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე, როდესაც ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანისთვის ვემზადებით, საქართველოს კონსტიტუცია კვლავ დააკავშირებს ჩვენი ქვეყნის წარსულსა და მომავალს“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ.

    საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პირველი კონსტიტუცია იქცა იმის სიმბოლოდ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველო და ის იყო ერთ-ერთი პროგრესული კონსტიტუცია ევროპის კონტინენტზე. მისივე თქმით, სწორედ პირველ კონსტიტუციაში ასახული ფასეულობები შემოინახა ჩვენმა ისტორიულმა მეხსიერებამ და ისინი ვერ წაშალა საბჭოთა ოკუპაციის ხანგრძლივმა წნეხმა.

    ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერმინისტრობის კანდიდატი, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებისა და უზენაესი საბჭოების თავმჯდომარეები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, თბილისის მერი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, საპატრიარქოსა და რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, ასევე, ექვთიმე თაყაიშვილის შთამომავლები ესწრებოდნენ.

    „მართალია, პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციამ ვერ დაიცვა დამოუკიდებლობა, თუმცა მომავალ თაობებს გადასცა დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენის სამართლებრივი საყრდენი“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაკავებული თანამდებობიდან საკუთარი სურვილით გადადგა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დაკავებული თანამდებობიდან საკუთარი სურვილით გადადგა. ამის შესახებ გ. გახარიამ განცხადება რამდენიმე წუთის წინ პირდაპირ ეთერში გააკეთა.

    გ. გახარიას თქმით, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის დიდი საფრთხე.

    მისივე განცხადებით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან საერთო შეთანხმებას ვერ მიაღწია.

    „იქიდან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ, ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ჩემს გუნდთან ერთად ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ დარწმუნებული ვარ, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება ჩვენს შორის ჩვენი ქვეყნის მომავლის ყველაზე დიდი რისკია“, - აღნიშნა გ. გახარიამ პირდაპირ ეთერში გამოსვლისას.

    შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრს გადადგომისთანავე უფლებამოსილება უწყდება. გადამდგარია მთავრობაც, რომელიც მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე განაგრძობს.

    პარლამენტს კი, ორკვირიანი ვადა აქვს, რომ ნდობა ახალ პრემიერ- მინისტრს და მის მიერ შეთავაზებულ კაბინეტს გამოუცხადოს. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.

    თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.

  • მაკა ბოჭორიშვილი პეტერ მიკისკას შეხვდა

    ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, პეტერ მიკისკას შეხვდა.

    დიპლომატმა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ ჩეხეთის ურყევი მხარდაჭერა გამოხატა.

    შეხვედრისას, ჩეხეთის ელჩი საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს, მათ შორის, 2024 წელს ევროკავშირის წევრობის შესახებ განაცხადის გაკეთებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით ასოცირების შესახებ შეთანხმების სრული იმპლემენტაცია სწორი სტრატეგიაა.

    მხარეებმა ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას გაუსვეს ხაზი. თავის მხრივ, მაკა ბოჭორიშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის მადლიერება გამოხატა.

    შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ათვისების საკითხს. მხარეებმა საქართველოს ექსპორტის ევროკავშირისკენ მიმართვის სტრატეგიები განიხილეს და ამ კუთხით, ბიზნესებს შორის ახლო თანამშრომლობის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.

    მაკა ბოჭორიშვილმა და პეტერ მიკისკამ საქართველოში დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომისგან გამოწვეულ საფრთხეებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ქვეყნისთვის ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია.

    მეტი ინფორმაციის და ფოტოების სანახავად ეწვიეთ: http://www.parliament.ge/ge/saparlamento-saqmianoba/komitetebi/evropastan-integraciis-komiteti-143/axali-ambebi1910/maka-bochorishvili-peter-mikiskas-shexvda.page

  • ჩეხეთის ელჩმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში შეხვედრა გამართა

    საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პეტრ მიკისკას შეხვდნენ.

    შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ჩეხეთის ორმხრივი ურთიერთობები, სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების მიმართულებები განიხილეს.

    ჩეხ დიპლომატთან შეხვედრისას, ქართველმა კანონმდებლებმა საგარეო პოლიტიკის შესახებ პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე ისაუბრეს და ყურადღება იმ საგარეო პრიორიტეტებზე გაამახვილეს, რომლებზეც საქართველოს პარლამენტი და მთავრობა ერთობლივად მუშაობენ.

    აღინიშნა, რომ საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ევროკავშირში ინტეგრაციაა და ქვეყანა ეტაპობრივად ემზადება, რათა 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი გააკეთოს.

    შეხვედრაზე საუბრის თემას საქართველოს შიდაპოლიტიკური ვითარება, დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობა, რეგიონული უსაფრთხოება და კოვიდ-19 პანდემიის მართვის საკითხები წარმოადგენდა.

    პეტრ მიკისკამ შეხვედრაზე ჩეხეთის პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების პოლიტიკის შესახებ კიდევ ერთხელ დაადასტურა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულებებზე მხარდაჭერა გამოთქვა. აღინიშნა, რომ ჩეხეთი საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რომლებიც ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს.

    კომიტეტის ხელმძღვანელობამ ჩეხ დიპლომატს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ჩეხეთის მთავრობა საქართველოს მიმართ ახორციელებს.

    შეხვედრის დასასრულს, მხარეები სამომავლო თანამშრომლობის ფორმატებსა და კომუნიკაციის გზებზე შეთანხმდნენ.

    პარლამენტის ადმინისტრაციის მედია-რელიზი

ბიზნეს ნიუსი

“ფონდმა ნატახტარმა” საზოგადოებას 2020 წლის ანგარიში წარუდგინა

“ფონდმა ნატახტარმა” საზოგადოებას 2020 წლის ანგარიში წარუდგინა

„ფონდი ნატახტარი“ დაფუძნდა 2011 წელს და მისი მიზან...

პოპულარული

« მარტი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური