კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერებს საგანგებო განცხადებით მიმართავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 16 თებერვალი 2021 11:19

მსურს, გამოვეხმაურო ე.წ. გავრილოვის დღეებთან დაკავშირებით როგორც ორი წლის წინ განვითარებულ, ისე დღეს მიმდინარე მოვლენებს და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართული ოცნების“ ლიდერებს და არა ნიკა მელიას.

დღეს სადეპუტატო იმუნიტეტს ნიკა მელიას კი არ უნდა ვუხსნიდეთ, არამედ პასუხისგებაში უნდა ვაძლევდეთ ამ მოვლენების ავტორებს. დარწმუნებული ვარ, ე.წ. გავრილოვის დღეების პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება უახლოეს მომავალში, ხელისუფლების ცვლილებისთანავე მოხდება. მათ შორის, შეიქმნება საპარლამენტო კომისია, რომელიც გამოიძიებს, ვინ მიიღო მართლმადიდებლობის საერთაშორისო ფორუმის პარლამენტის შენობაში ამ ფორმით ჩატარებისა და ბატონი გავრილოვის საქართველოში მოწვევის გადაწყვეტილება და რაც მთავარია - რა მიზნით. პირადად მე არ მაქვს კითხვები ბატონ გავრილოვთან, მაგრამ მაქვს მისი მოწვევის ორგანიზატორებთან. 

საზოგადოებას შევახსენებ, რომ 2 წლის წინ, „ქართულმა ოცნებამ“ ნიკა მელიას უკვე მოუხსნა იმუნიტეტი, რასაც მე, როგორც იმ მომენტისთვის საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფმა დეპუტატმა, მხარი არ დავუჭირე!  მეტიც, 2019 წლის 20 ივნისის დილას გავავრცელე საგანგებო განცხადება, სადაც ვითხოვდი პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომასა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. ამ მოთხოვნების გათვალისწინების შემთხვევაში, ჩვენ შევძლებდით თავიდან აგვერიდებინა 21 ივნისის ღამით და შემდგომ განვითარებული მოვლენები.   მე მაშინაც მოვუწოდებდი და დღესაც მოვუწოდებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელ დეპუტატებს, მხარი არ დაუჭირონ ნიკა მელიასათვის იმუნიტეტის ვითომდა კანონიერ მოხსნას!  

მინდა შევახსენო ყველას, პოლიტიკოსებსა და მოსახლეობას - დიახ, ფაშისტურ გერმანიაში, მაშინდელი გერმანული კანონმდებლობის შესაბამისად, რამდენიმე მილიონი ებრაელი გაანადგურეს.

უკანონო კანონებს ჩვენ არ უნდა დავემორჩილოთ!-აცხადებს კახა ოქრიაშვილი

წაკითხულია 103 ჯერ

Related items

  • "ქართული ოცნების" თავმჯდომარე აცხადებს, რომ მათთვის გასაგებია საერთაშორისო პარტნიორების მიერ საქართველოს მიმართ გამოთქმული ნეგატიური მოლოდინები
    პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მათთვის გასაგებია საერთაშორისო პარტნიორების მიერ საქართველოს მიმართ გამოთქმული ნეგატიური მოლოდინები. ამის შესახებ ი. კობახიძემ დღეს ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
    მისი თქმით, "დღეს მოვისმინეთ საერთაშორისო პარტნიორების მთელი რიგი განცხადებები ნიკანორ მელიას დაპატიმრების შესახებ.
    ჩვენთვის გასაგებია, რომ საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ შიში საქართველოში პოლიტიკური პროცესების შემდგომ პოლარიზაციასთან დაკავშირებით, რამაც პოლიტიკური სისტემა ურთიერთობების დასავლურ სტანდარტებს შეიძლება დააშოროს.
    თუმცა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ძალიან მალე დარწმუნდებიან, რომ პოლარიზაციის შემცირებისკენ გზა სწორედ რომ სახელმწიფოს ღირსების განუხრელ დაცვაზე, სამართლებრივი სახელმწიფოს და სამართლის უზენაესობის პრინციპების რეალიზებაზე გადის.
    პოლარიზაციას განაპირობებს არა ე.წ. პოლიტიკოსების ყოფნა ციხეში, არამედ დამნაშავეების ყოფნა პოლიტიკაში.
    ეს დაამტკიცა გასულმა წლებმა, როდესაც პოლიტიკაში კრიმინალის მიმართ სახელმწიფოს ჰუმანურმა და ლოიალურმა დამოკიდებულებამ არათუ შეამცირა, არამედ კიდევ უფრო მეტად გააღრმავა პოლიტიკური პროცესების პოლარიზაცია და რადიკალიზაცია, განაპირობა პოლიტიკური ობსტრუქცია და პარლამენტის საბოტაჟი, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორების უამრავი მოწოდების მიუხედავად ახორციელებდა.
    ამ პერიოდში, რადიკალიზმისა და პოლარიზაციის გაღრმავებით ყველაზე მეტად გამოირჩეოდნენ სწორედ ის ე.წ. პოლიტიკოსები, რომლებიც მხილებული ან ბრალდებული არიან სხვადასხვა მძიმე დანაშაულში - მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარიამია, ნიკანორ მელია, მამუკა ხაზარაძე, გიგი უგულავა და სხვები.
    ევროატლანტიკურ ოჯახში მოქმედებს მარტივი პრინციპი - პოლიტიკოსი, რომელიც ჩადის დანაშაულს - მაგალითად, იჭრება კონსტიტუციური ორგანოების შენობებში, აკოტრებს კერძო ბანკებს ან ტელევიზიებს, ბიუჯეტიდან იპარავს ათეულობით მილიონს და ა.შ. - არ რჩება პოლიტიკაში. დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე, საქართველოც იმსახურებს ამ სტანდარტს, რომლის დამკვიდრების გარეშე საქართველოში ევროატლანტიკური ხარისხის დემოკრატია ვერასოდეს ჩამოყალიბდება.
    თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტიკოსის მიერ ჩადენილი დანაშაული პოლიტიკიდან მისი გასვლის უპირობო მიზეზად არ მიიჩნევა. პირიქით, პოლიტიკა დამნაშავეებისთვის თავშესაფრად და ერთგვარ ინდულგენციადაც კი იქცა.
    დღეს საზოგადოების რეაქციიდან ნათლად დადასტურდა, რომ ქართველი ხალხი ევროატლანტიკური ღირებულებების მხარეს დგას და მისთვის მთავარი სახელმძღვანელო პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფო და სამართლის უზენაესობაა.
    ქართული საზოგადოება და ჩვენი პარტნიორები ძალიან მალე დარწმუნდებიან, რომ სახელმწიფოს ღირსების დაცვა, კანონის აღსრულება და პოლიტიკის დეკრიმინალიზაცია არათუ ხელს არ შეუშლის, არამედ, პირიქით, ხელს შეუწყობს პოლარიზაციის ხარისხის თვისებრივ შემცირებას ჩვენს ქვეყანაში.
    სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა არის მთავარი გარანტი იმისა, რომ ევროატლანტიკურ ოჯახში საქართველოს ინტეგრაციას ვერაფერი შეაფერხებს", - აღნიშნა ი. კობახიძემ.
  • „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა

    „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

    როგორც პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ი. ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელების შესახებ გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო.

    „დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელების შესახებ. ჩემი, როგორც პარტიის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე, პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელების თაობაზე. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პერიოდში ეკავა, თავდაპირველად, შინაგან საქმეთა მინისტრის, ხოლო შემდეგ – პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ახლა კი მას ეკავა თავდაცვის მინისტრის პოზიცია. მისი მინისტრობისა და პრემიერ-მინისტრობის პერიოდში განხორციელდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები. ის არის გამორჩეული გამოცდილების მქონე პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია, წარმატებით გაუძღვეს მთავრობის საქმიანობას და იზრუნოს იმ გამოწვევების დაძლევაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. მინდა, წარმატებები ვუსურვო ირაკლის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. მთავრობის ახალი შემადგენლობა დამტკიცდება კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

    პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. გადადგომის შესახებ გახარიამ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა.

    ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 24 დეკემბრამდეც იკავებდა.

  • პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის განცხადება

    პოლიტიკური გაერთიანება  „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით. აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

    "როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. გიორგი გახარია იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი. სამწუხაროა, რომ მან მიიღო ასეთი გადაწყვეტილება.

    ჩვენს პოლიტიკურ გუნდში ნამდვილად იყო დისკუსია ნიკანორ მელიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით. გიორგი გახარიას ჰქონდა გუნდის სხვა წევრებისგან განსხვავებული პოზიცია ამ საკითხზე. თუმცა, სამწუხაროდ, არგუმენტები, რომლებიც გაამყარებდა მის პოზიციას, ჩვენ ვერ მოვისმინეთ. წყალგამყოფი იყო საკითხი, სახელმწიფომ უნდა აჩვენოს მყარად თავისი სახე, როგორც სახელმწიფომ, თუ არა. გუნდის დანარჩენი წევრებისთვის ამ კითხვაზე პასუხი იყო ერთმნიშვნელოვანი. ქვეყანა, სადაც არ არის უზრუნველყოფილი კანონის აღსრულება, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც მას დამნაშავეები ასეთი უხეში გამოწვევის წინაშე აყენებენ, ვერ შედგება როგორც სახელმწიფო. უფრო მეტიც, სწორედ კანონის სათანადოდ არაღსრულებაა ის, რაც ხელს უწყობს პოლიტიკურ რადიკალიზაციასა და პოლარიზაციას ქვეყანაში. ჩვენი, როგორც ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მყარად და მკაცრად დავიცვათ სახელმწიფოს ღირსება.

    პრემიერ-მინისტრის გადადგომის ფონზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა მიიღო სრულიად ლოგიკური გადაწყვეტილება ნიკანორ მელიას დაკავების პროცესის დროებით გადადების შესახებ.

    ახლა ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყურადღება მთლიანად იქნება კონცენტრირებული ახალი მთავრობის ფორმირებაზე.

    მოვუწოდებთ ნიკანორ მელიას, დაემორჩილოს კანონს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას და მის დაპატიმრებას.

    მთავრობის ფორმირება დაიწყება და დასრულდება კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში", - ნათქვამია განცხადებაში.

  • ნ. მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი

    საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე დეპუტატ ნიკანორ მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა. ქართველმა კანონმდებლებმა საკუთარი გადაწყვეტილებით, პროკურატურას თანხმობა მისცეს, ნ. მელიას მიმართ აღვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაზე სასამართლოს მიმართოს. შესაბამის დადგენილებას 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ორმა დეპუტატმა წინააღმდეგ მისცა ხმა.

    შეგახსენებთ, რომ ნ. მელია 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისათვის, “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა და მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, ასევე ელექტროსამაჯური დაუმაგრდა, რაც მელიამ 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გამართულ აქციაზე პროტესტის ნიშნად მოიხსნა. აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის გამო, ნ. მელიას სასამართლომ გირაოს ოდენობა 70 ათასს ლარამდე გაუზარდა. შესაბამისად, მას დამატებით 40 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა, რის გადახდაზეც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ უარი თქვა.

    ამჯერად პროკურატურა სასამართლოში ნ. მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობის დაყენებას აპირებს, რისთვისაც საგამოძიებო უწყებას პარლამენტის თანხმობა და ნ. მელიასთვის, როგორც დეპუტატისთვის, იმუნიტეტის შეჩერება სჭირდებოდა.

    მოქმედი რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის მიერ დეპუტატის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემის შემთხვევაში, დაპატიმრებულ პარლამენტის წევრს, პარლამენტის დადგენილებით შეუჩერდება უფლებამოსილება, დაკავების ან დაპატიმრების პერიოდით. სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის ან სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, პარლამენტის წევრს დაპატიმრების ვადა პარლამენტის წევრის უფლებამოსილების საერთო ვადაში ჩაეთვლება და დაპატიმრების დროის შესაბამისი კომპენსაცია მიეცემა.

  • საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ გასცეს თანხმობა ნ. მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით

    საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ გასცეს თანხმობა ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით. ასევე მოვუწოდებთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას გამოიყენოს მის ხელთ არსებული შესაძლებლობები და აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების გადაწყვეტილებას გადახედოს.

    საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისთვის საჭიროა მისი მიზნებისა და საფუძვლების სათანადოდ დასაბუთება. კერძოდ, პროკურატურამ უნდა დაამტკიცოს, რომ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული ფორმა აუცილებელია, ვინაიდან ბრალდებულმა შესაძლებელია თავი აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, მიიმალოს, გაანადგუროს საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ან ჩაიდინოს ახალი დანაშაული.

    აღკვეთის ღონისძიების დარღვევა, ბრალდებულისთვის პატიმრობის ან სხვა რომელიმე მძიმე ღონისძიების შეფარდების ავტომატური საფუძველი არ უნდა იყოს. ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის შეფარდებაზე მსჯელობისას, შეფასების ძირითადი საგანი უნდა გახდეს - არსებობს თუ არა დღეს ბრალდებულის ქცევის შეზღუდვის საჭიროება და ემსახურება თუ არა ეს შეზღუდვა მართლმსაჯულების ინტერესებს; მითუმეტეს, რომ ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან გასულია 18 თვეზე მეტი, დასრულებულია გამოძიების ეტაპი და საქმე ამჟამად არსებითად იხილება.

    იმ ფონზე, როდესაც 20 ივნისის მოვლენების დროს, მრავალი ათეული მოქალაქისა და ჟურნალისტის მიმართ ძალის გადამეტების გამო მხოლოდ 3 რიგითი პოლიციელი მიეცა პასუხისგებაში (არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით) - ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის დაპატიმრება, საპროცესო საჭიროების სათანადოდ დასაბუთების გარეშე, ქართულ მართლმსაჯულებას დიდ დარტყმას მიაყენებს და მას არადემოკრატიულ ქვეყნებში არსებულ პრაქტიკას მიამსგავსებს. ამ ტიპის საერთაშორისო იმიჯი კი მნიშვნელოვნად შეანელებს ქვეყნის დასავლური განვითარების პროცესს, რაც არაერთ სიკეთესთან ერთად, ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ დაცვას გულისხმობს.

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, გადაწყვეტილების მიღების დროს იმსჯელონ და სათანადოდ შეაფასონ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საჭიროება და აუცილებლობა. ამასთანავე, სისხლისსამართლებრივი დევნისა და პატიმრობის გამოყენება ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელების მიმართ, მხოლოდ და მხოლოდ აზარალებს ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს და ნდობას სახელმწიფოს დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური