აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოს თავდაცვის ძალები ახალი ტიპის შეიარაღებით აღიჭურვა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 12 თებერვალი 2021 11:34

საქართველოს თავდაცვის ძალებში შეიარაღების მოდერნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოს თავდაცვის ძალებმა ახალი ტიპის ტყვიამფრქვევები და ყუმბართმტყორცნები მიიღო. უკვე მიმდინარეობს ქვედანაყოფების აშშ-ის წარმოების ნატოს M2 ტიპის 12.7 მმ მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებითა და MK 19 ტიპის ახალი ავტომატური ყუმბართმტყორცნებით აღჭურვის პროცესი. საქართველოს თავდაცვის ძალებს დამატებით გადმოეცა 5,56 მმ კალიბრის M249 ტიპის ხელის მსუბუქი ტყვიამფრქვევებიც.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ვაზიანში იმყოფებოდნენ, სადაც თანამედროვე, ნატოს სტანდარტის იარაღით ქვედანაყოფების დაკომპლექტების პროცესს პირადად გაეცნენ და საცდელ სროლებს დაესწრნენ. ვაზიანის სასროლეთზე, საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) ქართველმა და ამერიკელმა ინსტრუქტორებმა აღნიშნული იარაღით საჩვენებელი სროლები განახორციელეს.

აღნიშნული ტიპის შეიარაღება ზრდის ქვედანაყოფის საცეცხლე ზემოქმედების შესაძლებლობებს და ბრძოლის ველზე მათ ეფექტიანად მოქმედებას უზრუნველყობს. საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ახალი ტიპის ტყვიამფრქვევებითა და ყუმბართმტყორცნებით დაკომპლექტება, შეიარაღებისა და აღჭურვილობის განახლებისა და მოდერნიზაციის პროცესის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც თავდაცვის ძალების შესაძლებლობების ზრდას და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესებას ემსახურება.

წაკითხულია 98 ჯერ

Related items

  • ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს

    საქართველოს პრეზიდენტის ორბელიანების სასახლეში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს სამომავლო გზა“ ხელმოწერა გაიმართა.

    დოკუმენტზე ხელმოწერები დატოვეს: დავით ბაქრაძემ, ალეკო ელისაშვილმა, ბადრი ჯაფარიძემ, ზურაბ ჯაფარიძემ, მამუკა ხაზარაძემ, ვახტანგ მეგრელიშვილმა, შალვა პაპუაშვილმა, სალომე სამადაშვილმა, ხათუნა სამნიძემ, არჩილ თალაკვაძემ, გიორგი ვაშაძემ.

    ამასთან, ხათუნა სამნიძემ, დავით ბაქრაძემ და სალომე სამადაშვილმა დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერეს, რადგან ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ და „ევროპული საქართველო“ დოკუმენტს არ უერთდებიან.

    ხელმოწერის ცერემონიას პარტიების წარმომადგენლებთან და პრეზიდენტთან ერთად ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი, ასევე ღონისძიებაში დისტანციურად მონაწილეობდა შარლ მიშელი.

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი გუშინ წარუდგინა. კერძოდ, შარლ მიშელის წარდგენილი ახალი დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.

    ამასთან, შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ.

  • პრეზიდენტი - მზად ვარ, მივიღო ჩემთვის ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილება, მხოლოდ ჩემი პირობით

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გაავრცელა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ.

    "გაკვირვებული ვარ მმართველი პარტიის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებით არაერთხელ და ორჯერ, რომელიც ჩემი ნებართვისა და თანხმობის გარეშე ჩემს სახელს იყენებს და აკავშირებს ერთი კონკრეტული შეწყალების თემას.

    ის ვერ გაიგეს მავანმა, რომ გადაწყვეტილებას, მით უმეტეს, ამ საკითხებში და არა მხოლოდ, ვიღებ მოსალოდნელი კრიტიკისა თუ შექების მიუხედავად, იმ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვთვლი საჭიროდ. ეს მგონი, უკვე საქმით დავამტკიცე. 

    მინდა, ყველას შეგახსენოთ, ერთი მარტივი წესი, რომ შეწყალების უფლებამოსილება არის პრეზიდენტის დისკრეცია და არა მოლაპარაკებების საგანი. ისიც მინდა ნათელი იყოს, რომ შეწყალების გადაწყვეტილება როგორც არა ერთხელ მითქვამს, არ ექვემდებარება რაიმე ზეწოლას, მითითებებსა თუ მოთხოვნებს, ეს იქნება ოპოზიციისგან, მმართველი პარტიისგან, თუ სხვისგან. 

    პრეზიდენტი შეწყალების შესახებ წინასწარ პრინციპულად არ საუბრობს და მოტივაციას არ ასაჯაროებს, თუმცა ამ თემით სხვებისგან გაუთავებლად აპელირება და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იძულებული გავხდი, დავარღვიო ეს პრინციპი და მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რათა ყოველგვარი სპეკულაცია შეწყდეს!

    მგონი, არავის გაუკვირდება თუ ვიტყვი, რომ ჩემთვის, როგორც მთელი საზოგადოებისთვის, კარგად ცნობილი წარსულის მქონე პირი, რომელსაც ბევრი რამ შეიძლება დავარქვათ, გარდა პოლიტპატიმარი, არცერთი ნიშნით, ეს იქნება ზნეობრივი, მორალური, თუ პოლიტიკური არ ჯდება შეწყალების რომელიმე კატეგორიაში. 

    ამის მიუხედავად, როგორც ერთხელ უკვე გადავაბიჯე ჩემს თავს და მივიჩნევდი და დღესაც მიიჩნევ - თუ სასწორზე დგას ქვეყნის პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა, სტაბილურობა, წინსვლა და მისი მომავალი, პრეზიდენტის მოვალეობა სწორედ ის არის, რომ საკუთარ შეხედულებებსა და პრინციპულობაზე მაღლა დააყენოს ქვეყანა. 

    ამის გათვალისწინებით, მზად ვარ, მივიღო ჩემთვის ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებას ვიღებ მხოლოდ და მხოლოდ შემდეგი ჩემი პირობით. ანუ, ეს ნაბიჯი, ამ კრიზისის დასრულებისთვის ბოლო აკორდი უნდა იყოს და გზა გაუხსნას იმას, რომ ყოველგვარი სხვა მოთხოვნის გარეშე, ქვეყანა და პარლამენტი შეუდგეს ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს და გამოწვევებთან გამკლავებას. 

    ეს ნიშნავს, რომ ჩემი გადაწყვეტილება განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთი მხრივ, პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში და მეორე მხრივ, ევროკავშირისა და აშშ-ს წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა. ამ განცხადებიდან, ერთი კვირის ვადაში ხელს მოვაწერ შეწყალების აქტს!", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. 

  • ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტის პრესსპიკერისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ერთობლივი განცხადება ევროკავშირის მედიაციასთან დაკავშირებით

    თითქმის ექვსთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებმა მკაფიოდ გამოხატეს თავიანთი აზრი, რომ სურთ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა და ყველა არჩეული წევრის ერთობლივი მუშაობა პარლამენტში ქვეყნის წინაშე არსებული სერიოზული გამოწვევების, მათ შორის, რეგიონული გამოწვევების, კოვიდისა და ეკონომიკური კრიზისის გადასაჭრელად.

    ამ ყოველივეს გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელიც დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ იქნება შეთავაზებული. ეს არის შეთანხმება, რომელსაც ყველა წევრმა კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით უნდა მოაწეროს ხელი. ცალმხრივი განცხადებები ძირს უთხრის ფართო შეთანხმების მიღწევის მიზანს.

    შეთანხმებაში გათვალისწინებული ინსტიტუციური რეფორმები წარმოადგენს მნიშვნელოვან წინსვლას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და არის სარგებლის მომტანი მისი მოქალაქეებისთვის. აღნიშნული რეფორმები ხელს უწყობს შექმნას უფრო დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, უფრო ძლიერი საარჩევნო პროცესები და პარლამენტი, რომელსაც უკეთესად შეუძლია წარმოადგინოს ქართველი ხალხის ხმა.

    ამ კომპრომისზე წასვლით ყველა მხარე წარმოაჩენს კეთილგონიერებასა და მზაობას, რომ საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებს ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ინტერესებზე წინ დააყენებს.

  • ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილება, მიმდინარე წლის სექტემბრამდე, ეტაპობრივად დაასრულოს ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია

    როგორც უკვე ცნობილია, ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილება, მიმდინარე წლის სექტემბრამდე, ეტაპობრივად დაასრულოს ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია. შესაბამისად, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები, ნატო-სთან შეთანხმებული გრაფიკით დატოვებენ ავღანეთს. ამის შესახებ ნათქვამია თავდაცვის უწყების განცხადებაში.

    აღნიშნული მიმართულებით, თავდაცვის სამინისტრო აწარმოებს მჭიდრო კონსულტაციებს როგორც ნატოსთან, ასევე ორმხრივად, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-სთან და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნება მათთან კოორდინაციით განხორციელდება.

    როგორც მოგეხსენებათ, ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში საქართველო 2004 წლიდანაა ჩართული და ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის და ერთ სულ მოსახლეზე მისიაში გაგზავნილი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის მიხედვით უმსხვილესი კონტრიბუტორია. ეს ფაქტი მკაფიოდ ცხადყოფს თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველო ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდამხარ გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას. მთელი ამ წლების განმავლობაში, მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვას ათასობით თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურე ემსახურებოდა, რომელთაგან 32 დაიღუპა და არაერთი დაიჭრა.

    1999 წლიდან მოყოლებული, ჩვენმა მშვიდობისმყოფელებმა, ნატო-ს, აშშ-ს და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში, არაერთხელ დაამტკიცეს მაღალი პროფესიონალიზმი, თავდადება და საერთო ღირებულებების დაცვისადმი ერთგულება. საერთაშორისო მისიებში აქტიური ჩართულობით, საქართველომ, გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში, ღირსეული და საიმედო პარტნიორის სახელი დაიმკვიდრა, რაც მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

    თავდაცვის სამინისტრო უდიდეს მადლიერებას გამოხატავს თითოეული სამხედრო მოსამსახურის მიმართ ავღანეთის მისიებში გაწეული სამსახურისთვის. განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ ავღანეთის მისიაში დაღუპულ ჩვენ გმირ სამხედროებს, ვინც თავი შესწირა მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას. თავდაცვის ძალები მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ყველა არსებული თანამშრომლობის ფორმატში, პარტნიორების მხარდამხარ, ეროვნული და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას.

  • ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობით ქართულმა ჯარმა დაამტკიცა, რომ ნატო-სკენ მიმავალ გზას არ გადაუხვევს

    საქართველო მრავალი წელია აქტიურად მონაწილეობს ავღანეთში მიმდინარე ნატო-ს საერთაშორისო მისიაში. ამის შესახებ დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

    მისივე თქმით, მტკიცე მხარდაჭერის მისიის დაწყების დღიდან ქართულმა ჯარმა საგულისხმო წვლილი შეიტანა ავღანეთში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების ურთულეს პროცესში. 

    "საამაყოა ის პროფესიონალიზმი და თავდადება, რითაც ქართველმა სამხედროებმა თავი დაამახსოვრეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს. ქართული ჯარის პროფესიონალიზმი ყოველთვის იმსახურებდა, როგორც ნატო-ს, ისე პარტნიორი ქვეყნების მაღალ შეფასებას. ამ რთული მისიის შესრულებით საქართველომ მრავალგზის დაამტკიცა, თუ რამდენად დიდი და მნიშვნელოვანია მისი როლი მსოფლიო მშვიდობისა და სტაბილურობისათვის. მადლობას ვუხდი ყველა სამხედროს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა შესწირა მშვიდობისათვის ბრძოლას და ღირსეულად ატარა ქართული დროშა. 

    ქართული ქვედანაყოფები ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიას ნატო-სა და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ეტაპობრივად დატოვებენ. აუცილებელია, რომ მომავალში ავღანეთში ხანგრძლივად შენარჩუნდეს უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემო, რომლის ჩამოყალიბებაშიც საქართველო ნატო-სა და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად იღვწოდა. მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობით ქართულმა ჯარმა დაამტკიცა, რომ ნატო-სკენ მიმავალ გზაზე შესწევს უნარი ღირსეულად და პასუხისმგებლობით გაართვას თავი კოლექტიური თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ამოცანებს. ვამაყობთ, რომ საქართველომ, ნატო-ს სანდო და საიმედო პარტნიორმა, ალიანსის წევრებთან ერთად უდიდესი წვლილი შეიტანა მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

    ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, ნატოს მისიაში მყოფი უცხოელი ჯარისკაცები ავღანეთს აშშ-სთან ერთად მიმდინარე წლის 11 სექტემბრისთვის დატოვებენ.

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური