ეკონომიკის მინისტრი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის სამუშაო გეგმას გაეცნო

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
ხუთშაბათი, 11 თებერვალი 2021 12:16

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელ გუნდს შეხვდა, რომლის დროსაც საუბარი წარიმართა პროგრამის ფარგლებში ბოლო დროს განხორციელებულ და მიმდინარე პროექტების შესახებ. ასევე, განიხილეს სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" ეკონომიკის სამინისტროს პრეს-ცენტრში განუცხადეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორი მარიკა ოლსონი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, აგრეთვე სამინისტროს შემავალი სსიპ-ების - სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები.  

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა აშშ-ს მთავრობასა და ამერიკელ ხალხს, რომლებიც USAID-ისა და კონკრეტულად კი ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მეშვეობით ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას და განსაკუთრებით პანდემიის შედეგად არსებული  გამოწვევების დაძლევას. 

შეხვედრაზე USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა მარკ მაკორდმა მინისტრს გააცნო პროგრამის მიერ გაწეული საქმიანობა. ყურადღება გამახვილდა სამინისტროს სისტემაში შემავალ სააგენტოებთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე, რომლებიც მოიცავს ისეთ სექტორებს, როგორიცაა ტურიზმი, მსუბუქი მრეწველობა, ინოვაციები და სხვ. ხაზი გაესვა პოსტ-პანდემიურ პერიოდში ტურიზმის ხელშეწყობის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით თანამშრომლობას. ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში ინვესტიციების მოზიდვის, სტარტაპების მხარდაჭერისა და მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულებებზე.

წაკითხულია 263 ჯერ

Related items

  • საქართველო მზის ენერგიის განვითარების პროექტს იწყებს

    „დღეს ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან შეთანხმებას - საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი და არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო ფონდი „მასდარი“ საქართველოში ერთად იწყებენ მზის ენერგიის განვითარებას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს დელეგაციის დუბაიში „ექსპო-2020“-ის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ. 

    Dubai Expo 2020-ზე საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა და ABU DHABI FUTURE ENERGY COMPANY PJSC – MASDAR შორის შეთანხმებაზე ხელმოწერა გაიმართა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დაესწრო. შეთანხმება შეეხება საქართველოში მზის ელექტროსადგურის (solar PV project) პროექტის ერთობლივ განვითარებას. 

    შეთანხმების თანახმად, მხარეებმა, მზის ელექტროსადგურის პროექტის შემდგომ განვითარების მიზნით, უნდა განახორციელონ ქმედებები ტექნიკური, კომერციული და ფინანსური მიმართულებებით. საბოლოო გადაწყვეტილება პროექტის დაფინანსების თაობაზე მიღებული იქნება კვლევების ეტაპის დასრულების შემდგომ (ხელმოწერიდან 6 თვის ვადაში). ამ მიზნით, კომპანია „მასდარმა“ გამოხატა საქართველოში 100 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის განვითარების ინტერესი. 

    როგორც ნათია თურნავა აღნიშნავს, „მასდარი“ უდიდესი სახელმწიფო ფონდი, გლობალური ლიდერი კომპანიაა, რომელიც ჩვენს რეგიონში განახლებადი ენერგიების მიმართულებით მუშაობს, მათ შორის ავითარებს მზის ენერგეტიკას, საკმაოდ ხელმისაწვდომი ელექტროენერგიის ტარიფებით. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ამან საქართველოს მთავრობის ინტერესი გამოიწვია და ბოლო თვეების განმავლობაში უკვე შედგა ფონდის დელეგაციის რამდენიმე ვიზიტი საქართველოში, შეირჩა პროექტისთვის კონკრეტული ლოკაციები. 

    „ახლა უკვე იწყება ერთობლივი შესწავლა, სადაც საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდიც შემოვა, როგორც პარტნიორი. საუბარი შეეხება 100 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის მზის სადგურს, რომელიც განხორციელდება ამ ორი სახელმწიფო ფონდის თანამშრომლობით. ეს იქნება პირველი პროექტი, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა უკანასკნელი - ასეთივე დიდი ინტერესია გამოთქმული ფონდ „მასდარის“ მხრიდან წყალში აშენებული ქარის ტურბინების პროექტების, ასევე მცურავი მზის ელექტროსადგურების მიმართ და ეს არის უახლესი ტექნოლოგიები, რომლებიც ჩვენი თანამშრომლობის შედეგად საქართველოში მალე წარმოდგენილი იქნება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

  • საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

    საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის უწყების ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის.

    ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ განვითარებულ და სტაბილურ აზერბაიჯანს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რეგიონის უსაფრთხოებისათვის და ამ კონტექსტით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სამხრეთ კავკასიის მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივაზე ისაუბრა.
    შეხვედრაზე საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებს. თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის სფეროში აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან ურთიერთობის პოზიტიურ დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება, ხოლო აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თანამშრომლობის უნიკალურ ფორმატს წარმატებული უწოდა.

  • საქართველოს ეკონომიკის, ინოვაციებისა და კულტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, Visa-სა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

    Visa-მ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ხელი მოაწერეს ორწლიან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს,  რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტურიზმის, მცირე და საშუალო ბიზნესის, ეკონომიკის, ფინანსური ჩართულობის განვითარების ხელშეწყობასა და ინოვაციების დანერგვას საქართველოში 

    თბილისი, საქართველო – 17 დეკემბერი, 2021 –Visa-მ, ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ხელი მოაწერეს ორწლიანი ურთიერთთანამშრომლობის მემორანუმს, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში, კოვიდ-19-ის შედეგად დაზარალებული მცირე და საშუალო ბიზნესის, ადგილობრივი ტურიზმის, ეკონომიკის, ფინანსური ჩართულობის განვითარებისა და ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობას.

    სამომავლო თანამშრომლობის დოკუმენტს, ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა - ნათია თურნავამ და Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში, დიანა კიღურაძემ. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალი სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შედგა, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ ღირშესანიშნავ ტურისტულ ადგილს.

    მემორანდუმი, მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და Visa-ს შორის თანამშრომლობის პლატფორმის ჩამოყალიბებას, რომელიც უზრუნველყოფს დასახული მიზნების შესრულებას:

    • COVID-19-ის შედეგად დაზარალებული მცირე და საშუალო ბიზნესის (SMEs) მხარდაჭერა, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზების გზით, კერძოდ -  Visa Business Skills პლათფორმის დანერგვა აწარმოე საქართველოსთან ერთად და გაციფრულების პროცესის ხელშეწყობა;
    • ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობა, კერძოდ ერთობლივი აქტივობების განხორციელება როგორც, ლოკალური, ასევე საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის გაზრდის მიზნით;
    • ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობა და საჭიროებებზე მორგებული პროექტების განცხორციელებით ეკონომიკური და ფინანსური ჩართულობის გაძლიერება.

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და  Visa-ს შორის მემორანდუმის გაფორმება ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის დაჩქარებას საქართველოში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ Visa მხარს დაუჭერს, მეწარმეობის წამახალისებელ პროგრამას - „აწარმოე საქართველოში“,  ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას. თანამშრომლობის შედეგად და ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნეს კომპანიების ციფრული ტრანსფორმაციის დაჩქარების მიზნით, იგეგმება ერთობლივი მარკეტინგული კამპანიები, საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა და როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირება Visa-ს სტატისტიკური პლატფორმის  დახმარებით.  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ Visa მხარს უჭერს მცირე და საშუალო ბიზნესს და  საქართველოში ტურიზმის სექტორის განვითარებას.” - განაცხადა ნათია თურნავამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

     

    დღეს, Visa-სა და საქართველოს შორის მემორანდუმის გაფორმება თანამშრომლობის პლათფორმას აყალიბებს, რომლის მიზანია ქყევნის ეკონომიკის შემდგომი განვითარების მხარდაჭერა. ჩვენი თანამშრომლობა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და ყველა ამ პროცესში ჩართულ მხარესთან ერთად,  სამ სტრატეგიულ მიმართულებაზეა ფოკუსირებული, კერძოდ - მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა,ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობადა ინოვაციების დანერგვა და გვჯერა, რომ ერთობლივი მუშაობით, საზოგადოებას დადებით შედეგებს მოვუტანთ. Visa-ში, ასევე მტკიცედ გვწამს, საქართველოს ინოვაციური და ტექნოლოგიური მომავლის, რაც ეროვნული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, განვითარებისა და ქვეყნის, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მიმართულებად წარმოჩენის გარანტია.“- აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.

    ადგილობრივი ტურიზმის განვითარების მხარდაჭერის მიზნით, Visa სამინისტროს კვლევის შედეგებს გაუზიარებს, კერძოდ სიღრმისეულ ანალიზს მიაწვდის მოგზაურთა ტიპებისა და მახასიათებლების შესახებ. აღნიშნული მონაცემების ანალიზის საფუძველზე,  შესაძლებელი  გახდება, ტურისტული გრაფიკის სტიმულირების მიზნით სტრატეგიის დაგეგმვა, სხვადასხვა ხარვეზისა თუ სუსტი წერტილების იდენტიფიცირება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ეფექტურად შესწავლას, არსებული მარშრუტების განვითარებასა და ახალი მიმართულებების დამატებას.  

    ფინანსური ცნობიერების ამაღლების გლობალური ინიციატივითა და მსოფლიოში 50 მილიონი მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების ამბიციური გეგმებით, Visa საქართველოში საგანმანათლებლო ციფრულ პლატფორმას - Practical Business Skills (PBS) დანერგავს. პროგრამა, 50-ზე მეტ ონლაინ სასწავლო მოდულისგან შედგება, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, საჭიროებებიდან გამომდინარე მიაწვდის ინფორმაციას, ბიზნესს მართვის სასურველ ეტაპზე.

    ###

    მსოფლიოს მასშტაბით Visa Inc. (NYSE: V) ციფრული გადახდების სფეროში  ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. ჩვენი მისიაა ინოვაციური, უსაფრთხო და საიმედო გადახდის ქსელის მეშვეობით ერთმანეთთან დავაკავშიროთ მსოფლიო -  რომელიც ინდივიდუალურ პირებს, ბიზნესსა და ეკონომიკას წარმატების მიღწევის საშუალებას აძლევს. ჩვენი დახვეწილი ქსელი - VisaNet 65,000-ზე მეტ ტრანზაქციას ამუშავებს 1 წამის განმავლობაში; კომპანიის მუდმივი აქცენტი ინოვაციებზე, უზრუნველყოფს ქსელში ჩართულ მოწყობილობებზე დაფუძნებული კომერციის ზრდას და უნაღდო მომავლის რეალიზების მამოძრავებელ ძალას - ყველგან და ყველასთვის. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ანალოგურიდან ციფრულ ტექნოლოგიებზე გადადის, ვიზა ცვლის  მომავალის კომერციის კონცეფციას მისი ბრენდის, ხალხის, პროდუქტების და ქსელის გამოყენებით. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ვებგვერდებს: usa.visa.com/about-visa, www.visa.com.ge,  https://www.facebook.com/VisaGeorgiaGE

  • ეკონომიკის მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან ონლაინ შეხვედრა გამართა

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელ ჯეიმს ჯონთან და მისიის სხვა წევრებთან ახალი პროგრამის დაწყების თაობაზე ონლაინ შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    შეხვედრაზე მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკის ტენდენციებზე, კოვიდ-პანდემიის გავლენასა და მთავრობის ანტიკრიზისულ პოლიტიკაზე, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ეკონომიკა პროგნოზირებულზე სწრაფად განვითარდა. შედეგად, წინასწარი შეფასებით, წინა წელთან შედარებით, უკვე მიმდინარე წლის სექტემბერში ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 6.9 პროცენტი შეადგინა, 9 თვის ზრდის ტემპი კი 11.0 პროცენტს გაუტოლდა. ნათია თურნავას თქმით, ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა ელის, რომ 2021 წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულდება. მინისტრმა ასევე მოიყვანა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასება, რომლის თანახმადაც 2021-2026 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონის და ევროპის ქვეყნებს შორის. 

    შეხვედრის მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ეკონომიკური გაჯანსაღების პერსპექტივებზე. საუბარი შეეხო საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმულ და დაგეგმილ ნაბიჯებს, ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და სამომავლო რეფორმებს. 

    მხარეებმა ასევე მიმოიხილეს სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პროგრესი და სამოქმედო გეგმა, კერძოდ, კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით მიმდინარე აქტივობები, სახელმწიფო საწარმოების რეფორმის განხორციელების პერსპექტივები და სხვა. 

    შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები დავით თვალაბეიშვილი და ირაკლი ნადარეიშვილი, სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსი ვახტანგ ცინცაძე, აგრეთვე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი.

  • თავდაცვის მინისტრი აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურს შეხვდა

    უნგრეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურს, ოთხვარსკვლავიან გენერალს რიჩარდ კლარკს შეხვდა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" თავდაცვის უწყების ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ვიზიტისას ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებული საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების შემდგომ განვითარებას ისახავს მიზნად, რაც ტოტალური თავდაცვის ფარგლებში ქვეყნის მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობების განვითარებას ემსახურება. ჯუანშერ ბურჭულაძემ ამერიკულ მხარეს განგრძობითი, მრავალმხრივი და მზარდი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

    შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე. მინისტრის განცხადებით, აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მხარდაჭერა, ერთობლივი სწავლებები და აქტივობები საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარებისა და მოდერნიზაციის პროცესში არსებითი მნიშვნელობისაა. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მომავალში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

    უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძემ უნგრელ კოლეგასთან ერთად „2021 უნგრეთის მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის კონფერენცია“ გახსნა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური