საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტი წარადგინეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 11 თებერვალი 2021 11:59

საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, კონგრესმენებმა ადამ კინზინგერმა და გერი კონოლიმ წარმომადგენელთა პალატაში კვლავ წარადგინეს საქართველოს მხარდამჭერი აქტი.

როგორც წარმომადგენელთა პალატის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კანონპროექტი ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის გაგრძელებას საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ, აღიარებს საქართველოს ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებებისადმი, მათ შორის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების კუთხით და მტკიცედ ადასტურებს აშშ-ის წინააღმდეგობას რეგიონში რუსეთის აგრესიის მიმართ.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონებში, რუსეთი აღვივებს არეულობას, დახმარებას უწევს სეპარატისტულ მოძრაობებს და სჩადის ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებს, მათ შორის, დაკავებებსა და მკვლელობებს. რუსული ძალები განაგრძობენ სამოქალაქო თემების შევიწროებას ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ და აფერხებენ იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნების უფლებას. საქართველოს მხარდამჭერი აქტი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ზემოაღნიშნულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი ან მათთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებით.

„უკვე 12 წელზე მეტი გავიდა, რაც რუსული ძალები შეიჭრნენ და მოახდინეს საქართველოს მიწების ოკუპაცია. თუმცა, მიუხედავად ამისა, რუსეთის მიერ ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევების პირობებშიც კი, საქართველო დაუღალავად მუშაობდა დემოკრატიის განვითარებისა და თავისი ხალხის დამოუკიდებლობისთვის. ამ მიზეზებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ხელახლა წარვადგენთ ამ კანონპროექტს. მე, როგორც საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე, მტკიცედ ვდგავარ ჩვენი ქართველ მეგობრების გვერდში, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგას, კონგრესმენ კონოლის, თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსადმი თავდადებისთვის“, – განაცხადა ადამ კინზინგერმა.

კონგრესმენ კონოლის თქმით, დოკუმენტი განამტკიცებს აშშ-საქართველოს პარტნიორობას.

„მეამაყება, რომ კვლავ წარვადგენ საქართველოს მხარდამჭერ აქტს, რომელიც განამტკიცებს აშშ-საქართველოს უმნიშვნელოვანეს პარტნიორობას, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ურთიერთობას მსოფლიოს კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაწილში. ეს კანონპროექტი კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დემოკრატიული განვითარების გაგრძელებასა და უსაფრთხოებას, განსაკუთრებით რუსული აგრესიის პირობებში. როგორც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მოხარული ვარ, რომ მოცემული დოკუმენტი ადასტურებს იმას, რომ საქართველო დიდი ხანია ნატოს ასპირანტი ქვეყანაა“, – განაცხადა კონგრესმენმა კონოლიმ.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებში საქართველოსთან პროგრესს უნდა მიაღწიოს.

წყარო: https://1tv.ge/news/ashsh-is-warmomadgenelta-palatashi-adam-kinzingerma-da-geri-konolim-saqartvelos-mkhardamcheri-aqti-waradgines/

წაკითხულია 138 ჯერ

Related items

  • საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 11 სექტემბრის ტერაქტის 20 წლისთავთან დაკვაშირებით

    20 წლის წინ, ამ დღეს, ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებულმა სასტიკმა ტერორისტულმა აქტებმა ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაშავდა და დაზიანდა კიდევ უფრო მეტი. ეს დაუნდობელი მოვლენები დიდი დარტყმა იყო, რომელმაც მსოფლიო სამუდამოდ შეცვალა. ამის შესახებ საგარეოს ადმინისტრაცია იტყობინება.

    დღეს, საქართველო კიდევ ერთხელ იხსენებს და პატივს მიაგებს ამ ტრაგედიის ყველა მსხვერპლს, მათ ოჯახებს, მეგობრებსა და საყვარელ ადამიანებს. ჩვენ პატივს მივაგებთ ნამდვილ გმირებს, პოლიციის მამაც ოფიცრებსა და მეხანძრეებს, რომლებმაც მრავალი სიცოცხლე გადაარჩინეს, ზოგიერთ შემთხვევაში საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად.

    ჩვენ ვგმობთ ტერორიზმს და მის ყოველგვარ გამოვლინებას. საქართველომ დაამტკიცა, რომ ის სანდო პარტნიორია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ჩვენი საერთო მიზნისთვის, რაც მსოფლიოში უსაფრთხოების განმტკიცებას გულისხმობს. 2001 წლის 11 სექტემბრის მსხვერპლთათვის და ამ დღეს გადარჩენილთათვის პატივის მიგების საუკეთესო გზა უფრო მეტად მშვიდობიანი მსოფლიოსათვის ერთობლივ სწრაფვაზე გადის.

  • აშშ-ის კონგრესმენების ჯგუფის ვიზიტი საქართველოში

    2021 წლის 7 სექტემბერს საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტად მყოფ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრების ჯგუფთან, რომლის შემადგენლობაში შედიან კონგრესმენები ალექს მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან სტილი (ვისკონსინი), კელი არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონ ესტესი (კანზასი). დელეგაციაში შემავალი კონგრესმენების უმრავლესობა 2021 წლის თებერვალში წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ თანასპონსორია. ვიზტი საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მასპინძლობით იმართება.
    სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრისას განხილულ იქნა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხების ფართო სპექტრი და ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე და დინამიური თანამშრომლობ ყველა პრიორიტეტული მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება იქნა გამახვილებული აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ვაჭრობისა და ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
    მხარეებმა, ასევე, განიხილეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარება, აშშ-ის კონგრესის განსაკუთრებული როლი დეოკუპაციისა და კონფლიქტის მოგვარების პროცესში და შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების საკითხები. დავით ზალკალიანმა კონგრესმენებს მადლობა გადაუხადა საქართველოს მიმართ აშშ-ის კონგრესის მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერისთვის.
    საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში კონგრესმენების ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების რთული გარემოს ფონზე და განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ წარმომადგენელთა პალატაში თანასპონსორობის გამო, რომელიც საკანონმდებლო დონეზე ამყარებს საქართველოსადმი აშშ-ის მხარდაჭერას და თვისობრივად ახალ დონეზე აჰყავს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა. ასევე, მადლიერებით აღინიშნა აშშ-ის თანმიმდევრული მხარდაჭერა და აქტიური ჩართულობა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი კონსოლიდაციის პროცესში. დავით ზალკალიანმა შეხვედრისას კონგრესმენებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების შესახებ.
    მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, მცოცავი ანექსიისა და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტებზე. ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და დეოკუპაციის საქმეში. კონგრესმენებმა, რომელთაც ვიზიტის ფარგლებში უკვე მოინახულეს საოკუპაციო ხაზი, კიდევ ერთხელ დაადასტურეს აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. შეხვედრაზე, ასევე, განხილულ იქნა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და ხაზი გაესვა აშშ-ის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში. აღინიშნა საქართველოს მონაწილეობა და მნიშვნელოვანი როლი ავღანეთში უსაფრთხოების გარემოს გაუარესების ფონზე ქაბულიდან გადაუდებელი ევაკუაციის პროცესში. თავის მხრივ, კონგრესმენებმა შეხვედრაზე მადლიერება გამოხატეს საქართველოს წვლილისთვის საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში .
    კონგრესმენებთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აშშ-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობის გაღრმავებაზე და საქართველოში მეტი ამერიკული ინვესტიციის მოზიდვის მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა აშშ-ის კონგრესის მხარდაჭერისა და ჩართულობის მნიშვნელობას ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების წახალისების კუთხით.
    მხარეებმა დაადასტურეს მზაობა განაგრძონ მუშაობა აშშ-საქართველოს სტარტეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისა და გაფართოების მიზნით.

    საგარეოს პრეს-რელიზი

  • პრემიერ-მინისტრი აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა, რომლებიც საქართველოში მისი მასპინძლობით იმყოფებიან

    პრემიერ-მინისტრი აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა, რომლებიც საქართველოში მისი მასპინძლობით იმყოფებიან. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა, რომლებიც საქართველოში პრემიერის მასპინძლობით იმყოფებიან.

    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს დონეზეა და კონგრესმენთა საქართველოში ვიზიტი  ქვეყნებს შორის მზარდი თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურებაა.
    საქართველოში ვიზიტად მყოფი კონგრესმენები აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტის" თანასპონსორები არიან, რისთვისაც პრემიერ-მინისტრმა მათ მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოში ინსტიტუტების გაძლიერების, თავდაცვისუნარიანობის გაზრდის, დემოკრატიული რეფორმების მიმართულებით. აღინიშნა, რომ საქართველო აშშ-სა და სხვა დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობით გააგრძელებს რეფორმების განხორციელებას, დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაციისთვის.
    შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა კონგრესმენებს მადლობა გადაუხადა ამერიკის ორპარტიული მხარდაჭერისათვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, არაღიარების პოლიტიკის, ასევე საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის მზადყოფნას, არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ ამ მიზნით, მთავრობა მიესალმება საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლების აქტიურ ჩართულობას საარჩევნო პროცესში და მზად არის, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი მიიღოს.
    შეხვედრაზე ისაუბრეს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. აღინიშნა, რომ საქართველო რჩება ამერიკის შეერთებული შტატების საიმედო პარტნიორად რეგიონში.
    საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. აღინიშნა, რომ რეგიონში არსებული რთული ვითარების, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციის, უწყვეტი პროვოკაციების და „ბორდერიზაციის" კონტექსტში კონგრესმენების ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სამშვიდობო ოპერაციებში. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ქაბულიდან გადაუდებელი ევაკუაციის პროცესის განხორციელებაში. განიხილეს აშშ-სა და საქართველოს შორის ეკონომიკურ ურთიერთობები. 
    აღინიშნა, რომ შეერთებულ შტატებთან სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება, ასევე საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
    შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა, გაგრძელდეს აშშ-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოებისა და გაღრმავების მიზნით.
    კონგრესმენთა დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან კონგრესმენები ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი).კონგრესმენები კონგრესის სხვადასხვა კომიტეტს წარმოადგენენ. ვიზიტი აშშ-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის მიერ არის ორგანიზებული. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არის  ასოციაციის პრეზიდენტი და საქართველოს საპატიო კონსული ქ. სან-დიეგოში მელორ წიფურია.
    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ამერიკის შეერთებულ შტატებში გიორგი ციკოლია დაესწრნენ.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური  

  • 6-9 სექტემბერს საქართველოს, პრემიერ-მინისტრის მასპინძლობით, აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია ეწვევა

    6-9 სექტემბერს საქართველოს, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მასპინძლობით, აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია ეწვევა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაცია იუწყება. 

    დელეგაციის შემადგენლობაში შედიან კონგრესმენები: ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი). აღსანიშნავია, რომ კონგრესმენები ასევე წარმოადგენენ კონგრესის სხვადასხვა კომიტეტს.

    ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პრემიერ-მინიტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, ვიცე-პრემიერ და საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან, საქართველოს თავდაცვის მინიტრთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ნათია თურნავასთან. ასევე, გაიმართება შეხვედრა საქართველოს პარლამენტში. ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენები ასევე მოინახულებენ საოკუპაციო ხაზს.

    აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვიზიტად მყოფი კონგრესმენები აშშ კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ თანასპონსორები არიან.
    ვიზიტი აშშ-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის მიერ არის ორგანიზებული. აღსანიშნავია, რომ დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არის ასოციაციის პრეზიდენტი და საქართველოს საპატიო კონსული ქ. სან-დიეგოში მელორ წიფურია.

  • საქართველო 30 მლნ დოლარის ღირებულების „ჯაველინის“ რაკეტებსა და მასთან დაკავშირებულ აღჭურვილობას მიიღებს

    ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ საქართველოსთვის 30 მილიონი დოლარის ღირებულების „ჯაველინის“ რაკეტებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის შესაძლო გაყიდვა დაამტკიცა. ამის შესახებ სააგენტომ კონგრესს დღეს აცნობა.

    სააგენტოს განცხადების თანახმად, საქართველოს მთავრობამ მოითხოვა „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო მართვადი 82 რაკეტისა და 46 მართვადი გამშვები დანადგარის შესყიდვა.

    „აღნიშნული შემოთავაზებული გაყიდვა, საქართველოს უსაფრთხოების გაუმჯობესების გზით, გააძლიერებს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებას.
    საქართველო ადვილად შეძლებს აღნიშნული სისტემის შეთავსებას საკუთარ შეიარაღებულ ძალებთან.
    საქართველო სტრატეგიული პარტნიორია და რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. „ჯაველინის“ სისტემა დაეხმარება საქართველოს, გააძლიეროს საკუთარი თავდაცვისუნარიანობა და დაიცვას თავისი სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა. აღნიშნული აღჭურვილობის შემოთავაზებული გაყიდვა და მხარდაჭერა არ შეცვლის რეგიონში ძირითად სამხედრო ბალანსს“, – ნათქვამია თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს განცხადებაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური