საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

გამოქვეყნებულია სპორტი
კვირა, 07 თებერვალი 2021 19:12

უქულო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში ბორჯღალოსნებმა შეძლეს უპირატესობის მოპოვება და რუსეთის ნაკრები 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მატჩში 16:7 დაამარცხეს. ამგვარად, ქართველმა ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის თასი მე-12-ედ მოიგეს.

რაც შეეხება მატჩს, უკანასკნელ პერიოდში ეს იყო ყველაზე დაძაბული მატჩი რუს „დათვებთან“ და 10 წლის განმავლობაში მეტოქე ყველაზე მცირე სხვაობით დავამარცხეთ. ამის მიზეზი ტექნიკური წუნი იყო, რის გამოც რამდენიმე კარგ შეტევა დაიკარგა და ასევე დისციპლინა, რამაც მეტოქეს ბურთზე კონტროლის დამყარების შესაძლებლობა მისცა.

და მაინც, ბორჯღალოსნებმა შეძლეს მეტოქის მიჯრით მე-19-ედ, სულ კი 22-ედ დამარცხება და მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო თვალსაზრისით ამ თამაშის შედეგი არაფერს წყვეტდა, რაგბი ევროპის თასი მე-12-ედ, გამარჯვებულებმა ჩაიბარეს.

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა მნიშვნელოვნად გადახალისებული და გაახალგაზრდავებული შემადგენლობით ჩაატარა. განაცხადში მყოფი მორაგბეების ნახევარზე მეტის ასაკი 24 წელი და ნაკლები იყო, ერთი კი, სასტარტოში მყოფი დავით ნინიაშვილი, სულაც 18 წლისაა. სასტარტოში მყოფ ხუთ და მარქაფიდან ორ მორაგბეს ათი კეპიც არ უგროვდებათ, ერთს კი – გიორგი ნუცუბიძეს, დებიუტი ჰქონდა.

 

წაკითხულია 234 ჯერ

Related items

  • ვაშინგტონი გააგრძელებს თბილისთან მჭიდრო კოორდინაციას რუსეთთან მიმდინარე უსაფრთხოების დიალოგის ფარგლებში

    2022 წლის 14 იანვარს გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბარი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, კარენ დონფრიდთან. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, საუბრისას მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები და ინფორმაცია რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებით და აშშ-სა და რუსეთს შორის ორმხრივი დიალოგის, ასევე, ნატო-რუსეთის საბჭოსა და ეუთო-ს ფარგლებში კვირის განმავლობაში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით.

    საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს მიმდინარე პროცესების ფონზე საქართველოსთან აქტიური კომუნიკაციისა და კოორდინაციისთვის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცეს და ხაზს უსვამს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას. დავით ზალკალიანმა მადლიერება გამოხატა აშშ-ის მიერ გაჟღერებული გზავნილებისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის მხარდასაჭერად რუსეთის აგრესიული რიტორიკისა და ქმედებების ფონზე.

    საუბრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი სახელმწიფოს სუვერენულ უფლებას დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები საკუთარი საგარეო პოლიტიკის საკითხებზე და აირჩიოს უსაფრთხოების ალიანსები. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ მხარდაჭერა გამოუხატა საქართველოს და აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორები განაგრძობენ საქართველოსთან მჭიდრო კოორდინაციას საქართველოს საკითხის განხილვის დროს და რომ საქართველოს შესახებ მოლაპარაკება არ მოხდება საქართველოს გარეშე. აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მცდელობები ევროპაში გავლენის ექსკლუზიური სფეროების ლეგიტიმაციისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეფერხების მიზნით მიუღებელია. ასევე, ხაზი გაესვა რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას.

    მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც განაგრძობენ კონსულტაციებს. აშშ-ის მიერ ნატო-ს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან კონსულტაციების ფარგლებში, 5 იანვარს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე, ესაუბრა აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ვენდი შერმანს.

  • რაგბი ევროპა | ვიწყებთ პორტუგალიით, ვამთავრებთ ესპანეთით

    რაგბი ევროპამ 2022 წლის ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა, რომელიც ამავდროულად 2023 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპიცაა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ რაგბის ფედერაციის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, მომავალი მსოფლიო თასის საგზურს, ევროპის შესარჩევი ზონიდან რაგბი ევროპის ჩემპიონატის ორი წლის ჯამით (2021 და 2022 წლები) ორი საუკეთესო გუნდი მიიღებს, მესამე კი საკონტინენტთაშორისო ფლეი ოფში ჩაერთვება.

    მოცემული მომენტისთვის, 5 თამაშიდან 24 ქულით საქართველო პირველია, 14-14 ქულა აქვთ რუმინეთს და პორტუგალიას, 9 რუსეთს, 7 ესპანეთს და 0 ნიდერლანდებს. 2021 წლის ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრაში, 18 დეკემბერს ნიდერლანდები ამსტერდამში ესპანეთს მასპინძლობს.

    2022 წლის ჩემპიონატში ბორჯღალოსნები სამ თამაშს შინ და ორს სტუმრად გამართავენ. ტურნირი 5 თებერვალს იწყება, 6-ში კი საქართველო პორტუგალიას უმასპინძლებს. 12 თებერვალს გასვლა გვაქვს ნიდერლანდებში, ორი კვირის შემდეგ, 27 თებერვალს კი რუსეთს ვმასპინძლობთ. ტურნირის კიდევ ორ შეხვედრას მარტში გავმართავთ და 12-ში რუმინეთს ვესტუმრებით, 20-ში კი შინ ესპანეთს მივიღებთ.

  • ​საქართველოს საგარეო უწყების განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუღებლად მიიჩნევს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაცია "აუცილებლად მიიჩნევს ნატო-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების - რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები", გაუქმებას (дезавуировать).

    2008 წლის 3 აპრილს ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა ბუქარესტის სამიტზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველო (და უკრაინა) გახდება ნატო-ს წევრი. ზემოაღნიშნული წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან, კონსენსუსის საფუძველზე მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპს, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება აირჩიოს საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსი. ამასთან, ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-10 მუხლიდან, რომლის თანახმადაც ნატო-ს წევრი შეიძლება გახდეს ნებიესმიერი ევროპული ქვეყანა, რომელიც გაიზიარებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პრინციპებს და წვლილს შეიტანს ჩრდილოატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში.

    ნატო-ში გაწევრიანება წარმოადგენს საქართველოს სუვერენულ გადაწყვეტილებას, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ურყევ ნებაზე. აღნიშნული მიზანი ასახულია საქართველოს კონსტიტუციაშიც.

    აღსანიშნავია, რომ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება გამეორებულ იქნა 2008 წლის შემდგომ გამართულ ნატო-ს ყველა სამიტზე. 2021 წელს ბრიუსელში ნატო-ს სამიტზე მიღებული კომუნიკე კი ხაზს უსვამს, რომ მოკავშირეები დაუშვებლად მიიჩნევენ ქვეყნების საგარეო პრიორიტეტების განსაზღვრაში ნებისმიერი მესამე მხარის ჩარევას.

    ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მიუღებელია მესამე მხარის მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გადახედვასთან დაკავშირებით გაკეთებული ნებისმიერი განცხადება, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს.

    ამასთანავე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის მთავარ გამოწვევას დღესდღეობით წარმოადგენს სწორედ რუსეთის ფედერაციის ქმედებები, რომელიც გამოიხატება მეზობელი, სუვერენული ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაციასა და ანექსიაში, საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების უგულებელყოფაში და მის მიერვე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში.

  • საქართველოსა და ევროკავშირს შორის „შემოქმედებითი ევროპის“ 2021-2027 წლების პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი
    8 დეკემბერს ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის „შემოქმედებითი ევროპის“ 2021-2027 წლების პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ კულტურის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.
    მათი ინფორმაციით, დოკუმენტს საქართველოს მხრიდან საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ხოლო ევროკომისიის მხრიდან ინოვაციების, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის კომისარმა მარია გაბრიელმა დისტანციურ ფორმატში მოაწერეს ხელი.
    შეთანხმების გაფორმების შედეგად საქართველო „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში მეორედ ჩაერთვება, როგორც ასოცირებული ქვეყანა და შეძლებს კიდევ ერთხელ მიიღოს მონაწილეობა კულტურის, მედიისა და ინტერსექტორული მიმართულებების ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში და მოიპოვოს დაფინანსება. რაც ხელს შეუწყობს საქართველოში კულტურის, შემოქმედებითი და აუდიოვიზუალური სექტორების გაძლიერებასა და ქართული კულტურის ევროპულ სივრცესთან ინტეგრაციას.
    ევროკავშირის პროგრამა „შემოქმედებითი ევროპა“ 2021-2027 წლებზე გათვლილი 2.44 მილიარდი ევროს ბიუჯეტით ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს პროგრამის წევრი ქვეყნების კულტურის, შემოქმედებით და აუდიო-ვიზუალურ სექტორებს. პროგრამას ორი უმთავრესი მიზანი აქვს: ევროპული კულტურული და ენობრივი მრავალფეროვნების დაცვა, განვითარება და პოპულარიზაცია, ასევე კულტურისა და შემოქმედებითი სექტორების, განსაკუთრებით კი აუდიო-ვიზუალური სექტორის კონკურენტუნარიანობის და ეკონომიკური პოტენციალის ამაღლება.
    ხაზგასასმელია, რომ საქართველო იყო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილე ქვეყნებს შორის პირველი ქვეყანა, რომელიც 2015 წელს ოფიციალურად გაწევრიანდა პროგრამაში „შემოქმედებითი ევროპა“. 2014-2020 წლებზე გათვლილი პროგრამის ფარგლებში საქართველოს მონაწილეობით, პროგრამის დაფინანსება მოიპოვა 33-მა პროექტმა, რაც ჯამში 1.5 მილიონ ევროზე მეტს შეადგენს. დაფინანსებულთა შორის 5 ორგანიზაცია პროექტის წამყვანი (ლიდერი) პარტნიორია, რომელმაც მიაღწია წარმატებას „შემოქმედებითი ევროპის” დაფინანსების ყველა სქემაში. პროგრამის ფარგლებში ასევე ხელშეწყობილ იქნა სხვადასხვა მიმართულება, მათ შორის: კინოფესტივალი, ლიტერატურა, მუზეუმების სექტორი, არქიტექტურა და სხვა. პროგრამაში გაწევრიანებისთანავე საქართველოში ჩამოყალიბდა „შემოქმედებითი ევროპის დესკი”, რომელიც ამჟამად ფუნქციონირებს კულტურის სამინისტროს სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ბაზაზე და მის მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს საქართველოდან პოტენციური ბენეფიციარების მხარდაჭერა პროგრამაში მონაწილეობის მიზნით. პროგრამისა და გამოცხადებული კონკურსების შესახებ დესკი მუდმივად მართავს ცნობიერების ასამაღლებელ ღონისძიებებს და ეხმარება დაინტერესებულ ორგანიზაციებს როგორც პარტნიორების მოძიებაში, ასევე განაცხადის წარდგენის პროცესში და შემდგომ - პროექტების განხორციელებაში.
    აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების განვითარების, ქართული კულტურის ხელშეწყობისა და გაძლიერების, ასევე ევროპული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, „საქართველოსა და ევროკავშირს შორის „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში (2021-2027) საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ შეთანხმების გაფორმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია. აღნიშნული განპირობებულია ასოცირების შესახებ ხელშეკრულებით განმტკიცებული დებულებებით, რაც ითვალისწინებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის კულტურის სფეროში ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის განვითარებას.
  • ჯო ბაიდენმა და ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საკითხი განიხილეს

    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვიდეოკონფერენციის საშუალებით უკრაინის საზღვარზე არსებული დაძაბულობა განიხილეს. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    თეთრი სახლიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბაიდენ-პუტინის შეხვედრა 2 საათს გაგრძელდა. ამავე ინფორმაციით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისინი და ევროპელი პარტნიორები უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო ძალების გაძლიერების გამო შეშფოთებულები არიან. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინთან ნათლად განაცხადა, რომ აშშ და პარტნიორები ძლიერი ეკონომიკური და სხვა ზომებით უპასუხებენ რუსეთს, უკრაინაში სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში.

    მეორეს მხრივ, საკითხთან დაკავშრებით ჯო ბაიდენ-ვლადიმერ პუტინს შორის ვიდეოკონფერენციის მეშვეობით გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით კრემლმაც გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ შეხვედრა იყო „ღია“ და „ბიზნესზე ორიენტირებული“ რა, ორი ქვეყნის ლიდერმა 16 ივნისს ჟენევაში გამართული სამიტის შედეგები განიხილეს. ამავე ინფორმაციით, ლიდერებმა უკრაინის საკითხიც განიხილეს და აღნიშნეს, რომ 2015 წელს მინსკში გაფორმებული ხელშეკრულება არ შესრულებულა.

    ამავე ინფორმაციით, შეხვედრაზე, სადაც ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობა ჯერ კიდევ არ არის „დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში“, პუტინმა ბაიდენს შესთავაზა ორი ქვეყნის დიპლომატიური მისიების საქმიანობაზე დაწესებული ზომების გადატვირთვა.

     

ბიზნეს ნიუსი

საქართველო მზის ენერგიის განვითარების პროექტს იწყებს

საქართველო მზის ენერგიის განვითარების პროექტს იწყებს

„დღეს ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან შეთანხმებას - სა...

პრემიერ-მინისტრ ი. ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

პრემიერ-მინისტრ ი. ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინ...

ახალი ლიბერთის ლოიალობის პროგრამა - ქეშბექის და Visa-ს საახალწლო აქცია

ახალი ლიბერთის ლოიალობის პროგრამა - ქეშბექის და Visa-ს საახალწლო აქცია

ლიბერთის გუნდი მასშტაბური ახალი წლის აქციის შემდეგ...

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური