საქართველოს ტერიტორიულ წყლებში აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდი „დონალდ კუკი“ შემოვიდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
შაბათი, 06 თებერვალი 2021 11:07

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი „დონალდ კუკი“ (USS Donald Cook - DDG-75) შემოვიდა. ბათუმის პორტში ხომალდს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე და ამავე დეპარტამენტის წარმომადგენლები დახვდნენ.

ვიზიტი აშშ-სა და საქართველოს შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას ემსახურება.

ხომალდის ვიზიტი საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით ხორციელდება. COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, შეხვედრები დისტანციურად, ვიდეო-კონფერენციის ფორმატში გაიმართება.

Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი „დონალდ კუკი“ აშშ-ის მეექვსე ფლოტის ოპერაციების სამოქმედო არეალში სხვადასხვა მისიაში მონაწილეობს და ხელს უწყობს შავი ზღვის რეგიონის საზღვაო უსაფრთხოების დაცვასა და ნატოს ოპერაციებისა და მისიების მხარდაჭერას.

„დონალდ კუკი“ საქართველოს ტერიტორიულ წყლებს ხვალ, 6 თებერვალს, საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთად დაგეგმილი სწავლების დასრულების შემდგომ დატოვებს.

წაკითხულია 118 ჯერ

Related items

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს ხომალდებს მასპინძლობს
    შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს მუდმივმოქმედ მეორე საზღვაო შენაერთს (SNMG2) მასპინძლობს. შენაერთის შემადგენლობაშია: საფლაგმანო ხომალდი "CRISTOBAL COLON" (ესპანეთი), "REGINA MARIA" (რუმინეთი), "KEMALREIS" (თურქეთი) და "SMELI" (ბულგარეთი). შენაერთს კონტრადმირალი მანუელ აგირე ალდერეგია ხელმძღვანელობს.
    საპორტო ვიზიტი მიზნად ისახავს საქართველოსა და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების საზღვაო ძალებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას.
    კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ვიზიტი საქართველოში ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია. მნიშვნელოვანია, რომ ნატოს საზღვაო შენაერთის ვიზიტები საქართველოს შავი ზღვის პორტებში რეგულარულ ხასიათს ატარებს, რაც შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი ხელშესახები შედეგია.
    შენაერთის ვიზიტი საქართველოში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით ხორციელდება. COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, შეხვედრები გაიმართება დისტანციურად, დაგეგმილი ერთობლივი წვრთნები კი მხოლოდ ხომალდების მანევრებს ითვალისწინებს ეკიპაჟების ურთიერთქმედების გარეშე.
    ნატოს ხომალდები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 18 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვასთან ერთად დაგეგმილი წვრთნების დასრულების შემდგომ დატოვებენ.
    შსს-ს პრეს-რელიზი
  • Frontex-მა საქართველოსთან სამუშაო შეთანხმება განაახლა

    დღეს Frontex-მა, ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სამუშაო შეთანხმება განაახლა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" ევროკავშირის წარმომადგენლობაში განუცხადეს.

    განახლებული შეთანხმების ფარგლებში, Frontex–მა და საქართველომ კიდევ ერთხელ გამოთქვეს მზადყოფნა, ითანამშრომლონ როგორც არალეგალურ მიგრაციასთან, ასევე ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის ნაწილში. თანამშრომლობა ასევე მოიცავს ტექნიკური დახმარების პროექტების განხორციელებასა და ინფორმაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას საზღვრის მართვისა და დაბრუნების სფეროებში.
     
    “2008 წელს - ათწლეულზე მეტი ხნის წინ - ხელი მოეწერა პირველ სამუშაო შეთანხმებას Frontexსა და საქართველოს ხელისუფლებას შორისდარწმუნებული ვარრომ თანამშრომლობის ახალი ჩარჩო შესაძლებლობას მოგვცემს უფრო წარმატებით გავუმკლავდეთ საზღვრების დაცვასთან დაკავშირებულ საქმიანობას და სხვა ზოგად გამოწვევებსრომლებიც კოორდინირებულ რეაგირებას მოითხოვს”, - განაცხადა Frontex–ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფაბრის ლეგერიმ.

    განახლებულ სამუშაო შეთანხმებაში გათვალისწინებულია Frontex-ის უფრო ფართო მანდატი, რაც  საზღვრის მართვის სფეროში არსებულ საჭიროებებზე უკეთ რეაგირების შესაძლებლობას იძლევა, ფუნდამენტური უფლებების სრული დაცვით.

    Frontex-ის მიერ ორგანიზებულ  ტრენინგებსა და შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებებში ასობით ქართველმა ექსპერტმა მიიღო მონაწილეობა.  ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება უკავშირდებოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შესაძლებლობების განვითარებას საზღვრის ინტეგრირებული მართვის კუთხით (IBM). ქართველმა ექსპერტებმა დამკვირვებლის სტატუსით პრაქტიკული გამოცდილება მიიღეს  Frontex-ის საქმიანობაში ჩართვის გზითაც.

    “მოხარული ვარ, რომ განახლებული სამუშაო შეთანხმება, რომელსაც დღეს მოეწერა ხელი, იქნება მტკიცე იურიდიული საფუძველი ჩვენი სამომავლო წარმატებული თანამშრომლობისთვის, რომლის დადებითი შედეგებიც სცილდება ამ ორ სააგენტოს შორის არსებულ ურთიერთობებს და წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვან ეტაპს“,- განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა.

    ვირტუალურ ცერემონიალზე დოკუმენტს ხელი მოაწერეს Frontex–ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფაბრის ლეგერიმ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა. ვირტუალურ ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ DG HOME–ის გენერალური დირექტორი მონიკ პარია, DG NEAR–ის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მაჩეი პოპოვსკი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი.

     

  • აშშ-ს სამხედრო ხომალდი „დონალდ კუკი“ შავ ზღვაში რეგიონული სტაბილურობის მხარდამჭერი მისიით შემოვიდა

    ამერიკის შეერთებული შტატების /აშშ/ სამხედრო ხომალდი „დონალდ კუკი“ /DDG 75/ შავ ზღვაში რეგიონული სტაბილურობის მხარდამჭერი რუტინული საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციების ჩასატარებლად შემოვიდა. ამის შესახებ "ნიუსდეი საქართველოს" აშშ-ს საელჩოს პრეს-სამსახურში განუცხადეს. 
    მათი ინფორმაციით, „შავ ზღვაში ოპერირება რეგიონში ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეებისადმი ერთგულების მანიშნებელია. ეს მნიშვნელოვანი დიპლომატიური მისიაა და „დონალდ კუკს" მრავალჯერ გამოუცდია შავი ზღვის ქვეყნების სტუმართმოყვარეობა" - განაცხადა ხომალდის მეთაურმა, კელი ჯოუნსმა.
    აშშ-ის საზღვაო ძალები შავ ზღვაში რუტინულ ოპერაციებს ნატოს მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ატარებს. მათ შორისაა: ბულგარეთი, საქართველო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა. მსოფლიოს ინტერესებშია, რომ შეინარჩუნოს სტაბილური, წარმატებული შავი ზღვის რეგიონი და შეაკავოს აგრესიული აქტორები, რომლებიც საკუთარი მიზნებისთვის დესტაბილიზაციას ცდილობენ.

     

  • ჩეხეთის განვითარების სააგენტო განაგრძობს ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერას ახალი ინიციატივის ”Tied Financial Donation”-ის ამოქმედებით

    თბილისი, 17 სექტემბერი, 2020. ჩეხეთის განვითარების სააგენტო განაგრძობს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერას ახალი ინიციატივის, ”Tied Financial Donation”-ის ამოქმედებით. რესპუბლიკური საავადმყოფოები ბათუმსა და რუხში პირველი ბენეფიციარები არიან და ჩეხურ სამედიცინო აპარატებს მიიღებენ.

    დღეს ხელშეკრულებას ხელი მიოაწერეს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს სახელით, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი გვაზავამ და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენელმა, რითაც ახალ თანამშრომლობას საძირკველი ჩაეყარა.

    ორივე საავადმყოფო ახლადაშენებულია და ნაწილობრივად დაიწყეს ფუნქციონირება ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელების შემდეგ. თუმცა, ყველა განყოფილებას არ აქვს საჭირო აღჭურვილობა. დახმარება მიზნად ისახავს ორივე საავადმყოფოს თანამედროვე ტექნოლოგიებით უზრუნველყოფას მათ მიერ გაწეული მომსახურების გაუმჯობესების მიზნით.

    ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო 170 საწოლზეა გათვლილი. პირველად მის ისტორიაში საავადმყოფო მოქალაქეებს სამეანო და პედიატრიულ სამედიცინო მომსახურებას შესთავაზებს და საამისოდ ჩეხური პროდუქციის გამოყენებაა გათვალისწინებული. ამასთანავე, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო გათვლილია 220 საწოლზე და ახალი აღჭურვილობის მიღებით ქირურგიული და ინტენსიური თერაპიის განყოფილებები გაუმჯობესება მოხდება.

    ახალი თანამშრომლობა ასევე მოიცავს ტრენინგებს საავადმყოფოების პერსონალისთვის, რომელსაც ჩეხი პროფესიონალები უზრუნველყოფენ. ისინი საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ პერსონალს და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას გაამარტივებენ. ჩეხეთის რესპუბლიკა მომავალშიც გააგრძელებს ორივე საავადმყოფოსთვის დახმარების გაწევას.

    ახალი აღჭურვილობის მიწოდება ორ ეტაპად განხორციელდება 2020 წლის ბოლომდე. საერთო ღირებულება 371 000 ევროს შეადგენს, საიდანაც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო 186 000 ევროს, ხოლო რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფო 185 000 ევროს მიიღებს.

     

  • ამერიკის საელჩომ სასაზღვრო პოლიციას მობილური დაკვირვების სისტემა გადასცა

    ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ თბილისში, თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) ფინანსური მხარდაჭერით, სახმელეთო საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს /შსს/ სასაზღვრო პოლიციას მობილური დაკვირვების სისტემები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაცია ავრცელებს.

    უწყების ცნობით, აღჭურვილობის გადაცემის ცერემონია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ბაზაზე გაიმართა. სპეციალური აღჭურვილობა სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ შარაძემ პირადად დაათვალიერა და მის შესაძლებლობებს გაეცნო. მობილური დაკვირვების სისტემები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სასაზღვრო მონაკვეთების კონტროლის შესაძლებლობებს, რაც, თავის მხრივ, დანაშაულების გამოვლენასა და აღკვეთას შეუწყობს ხელს.

    „ღონისძიებას სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი თემურ კუპატაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ბაკურ ელისაშვილი, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ქეთრინ შვაიზერი, აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი და თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს უფროსის მოადგილე, მაიორი ლარონ ბაიბი დაესწრნენ“, – აცხადებენ შსს-ში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური