საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ზ. გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 05 თებერვალი 2021 14:30

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციული გადაწყვეტილების გამო, 12 წელზე მეტი ვადით გაახანგრძლივონ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის - ზაზა გახელაძის პატიმრობა.
 
აღნიშნული უკანონო გადაწყვეტილება  წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული გეგმების რეალურ გამოხატულებას საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნის მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი კვლავაც აგრძელებს დეკლარაციულ განცხადებებს დიალოგისა და თანამშრომლობის სურვილის შესახებ. 
 
განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ზაზა გახელაძის უკანონო დაკავებაში დატოვება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილების ფონზე, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციას და სწორედ რუსეთს, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, დააკისრა პასუხისმგებლობა ადგილზე ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების გამო. მსგავსი უკანონო ქმედებები, რუსეთის ფედერაციის მიერ ანექსიის კუთხით გააქტიურებული ნაბიჯების ფონზე, კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე შექმნილ ისედაც რთულ ვითარებას უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ქმნის სიტუაციის ესკალაციის საფრთხეს და გამიზნულად უშლის ხელს სამშვიდობო მოლაპარაკებებში გაწეულ ძალისხმევას კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით.
 
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევები, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.
 
მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მორიგ პროვოკაციას და ქმედითი ზომები მიიღონ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად.
 
საქართველო აამოქმედებს მის ხელთ არსებული ყველა დიპლომატიურ და სამართლებრივი ბერკეტს და საკითხს უმაღლეს დონეზე დასვამს ყველა შესაბამის საერთაშორისო ფორმატში, რათა შეწყდეს საოკუპაციო ხაზზე ადამიანების უკანონო გატაცებები და  ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების უხეში შელახვის ფაქტები. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებას და ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა საქართველოს მოქალაქე დროულად და უვნებლად დაუბრუნდეს ოჯახს.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ზ. გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა). 

წაკითხულია 121 ჯერ

Related items

  • დავით ზალკალიანი სამხრეთ კავკასიაში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

    საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ტოივო კლაართან. ამის შესახებ საგარე საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაცია იუწყება.

    შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა გახლდათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი რთული მდგომარეობა, რაც პანდემიის პირობებში რუსეთის ფედერაციის მხრიდან გახშირებული პროვოკაციების ფონზე კიდევ უფრო გაუარესდა. აღინიშნა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის პროცესის გააქტიურება, მზარდი მილიტარიზაცია, ე.წ. ბორდერიზაცია, საოკუპაციო ხაზის დაკეტვა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, მათ შორის ახალგორის მცხოვრებთა სამედიცინო ევაკუაციის შეფერხება, რაც სრულ იზოლაციაში აქცევს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, ქმნის ადგილზე ჰუმანიტარული კრიზისს და საფრთხეში აგდებს ადამიანების სიცოცხლეს.
    ამ კონტექსტში განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი საქართველოს მოქალაქეების მდინარე ენგურის გადმოკვეთის მცდელობისას დაღუპვის ფაქტი, რაც წარმოადგენს რუსეთის უკანონო ოკუპაციის მორიგ უმძიმეს ადამიანურ საფასურს. მხარეების მიერ ხაზი გაესვა ე.წ. გადასასვლელების გახსნისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობის უზრუნველყოფის აუცილებლობას.
    ასევე ყურადღება დაეთმო უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ზაზა გახელაძის, გენადის ბესტაევის, ლაშა ხეთერელის და ირაკლი ბებუას დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს.
    დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომლებიც მიმართულია კორონავირუსის პანდემიის დროს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად.
    ადგილზე არსებული გამოწვევების ფონზე, დაისვა გალში ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენის, ისევე როგორც ერგნეთის IPRM-ის შეუფერხებელი ფუნქციონირების საკითხი.
    მხარეებმა განიხილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დინამიკა და პროგრესის მიღწევის გზები, სამომავლო ნაბიჯები რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელების გზაზე და ევროკავშირის ჩართულობა სამშვიდობო პროცესებში.
    მხარეებმა ისაუბრეს ასევე რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე და გამოთქვეს შეშფოთება უკრაინის საზღვრებთან და ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ძალის კონცენტრაციის და აღმოსავლეთ უკრაინაში გააქტიურებული სამხედრო მოქმედებების გამო. სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე საუბრისას, ხაზი გაესვა რეგიონში ევროკავშირის ჩართულობის გაძლიერების აუცილებლობას.
    საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ შიდა პოლიტიკურ ვითარებასაც და აღინიშნა, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე აუცილებელია პოლიტიკური კრიზისის უმოკლეს დროში დაძლევა.
    დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს და მის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის. აღინიშნა, რომ ადგილზე მწვავე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხები მუდმივად მაღალ დონეზე იდგას საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის, ევროკავშირის დღის წესრიგში.

  • საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 52-ე რაუნდთან დაკავშირებით

    2021 წლის 26 მარტს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 52-ე რაუნდი, რომლის ფარგლებშიც განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემას კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის ფონზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით გამწვავებული ვითარება, რუსეთის მიერ დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება და უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი წარმოადგენდა.  ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. 
     
    მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ ვრცლად ისაუბრა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტს ქმნის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. საქართველოს წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ ევროპულმა სასამართლომ დაადგინა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ეფექტური კონტროლი და ოკუპაცია და შესაბამისად, რუსეთის ფედერაციას დააკისრა პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევებში 2008 წლის აგვისტოს ომისა და ოკუპაციის შემდგომ პერიოდში. საქართველოს დელეგაციამ აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლო ხაზს უსვამს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობას ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდის განხორციელებასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლების ხელყოფაში. ქართველმა მონაწილეებმა აქცენტი გააკეთეს ასევე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების იმ დეტალებზე, სადაც ხაზგასმულია რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობა და ნაკისრი ვალდებულებების დარღვევით რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ფართომასშტაბიანი სამხედრო ყოფნის შენარჩუნება.
     
    მოლაპარაკებებზე მწვავედ დაისვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება, რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შესახებ „პროგრამის“ დამტკიცებისა და რუსეთის პრეზიდენტის მიერ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან ე.წ. სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის საკითხის განხილვის კონტექსტში. ქართველმა მონაწილეებმა ვრცლად ისაუბრეს კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის ფონზე რუსეთის მიერ გახშირებულ პროვოკაციებზე, მათ შორის, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გააქტიურებაზე, ახალი ბერლინის კედლის - მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე, აგრეთვე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების  ფაქტებზე. საქართველოს დელეგაციამ მოითხოვა სოხუმსა და ცხინვალში უკანონო ტყვეობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის უპირობო გათავისუფლება.
     
    მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მზარდ მილიტარიზაციასა და რეგულარულ სამხედრო წვრთნებს, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ მცოცავი ოკუპაციის გაგრძელებას, აგრეთვე რუსეთის გააქტიურებულ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებს, რაც ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას ემსახურება.   

  • დავით ზალკალიანმა და შარლ მიშელმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

    თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, დახვედრის ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელს შორის შეხვედრა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაცია იტყობინება.

    დავით ზალკალიანმა და შარლ მიშელმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები, რეგიონში არსებული ვითარება და COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

    ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს საქართველოში ვიზიტისთვის, განსაკუთრებით იმ კომპლექსური საერთაშორისო გარემოს გათვალისწინებით, რაც დაკავშირებულია გლობალურ პანდემიასთან. შეხვედრაზე ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობას ევროკავშირისთვის და აღნიშნულ რეგიონში სტაბილურობას და მდგრად განვითარებას. ამ მხრივ განსაკუთრებით ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის წარმატებებს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მსოფლიოსა და რეგიონში როგორც პანდემიასთან დაკავშირებული რთული გარემოს, ასევე უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევების ფონზე, მხარეებმა მიმართონ ძალისხმევას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ, დიალოგის რეჟიმში წარმართვისთვის. რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, ხაზი გაესვა ევროკავშირის აქტიური და ქმედითი ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო COVID-19 პანდემიის მხრივ საქართველოსა და ევროკავშირში არსებულ ვითარებას.

  • დავით ზალკალიანი პოლონელ კოლეგას ესაუბრა

    საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა თავის პოლონელ კოლეგასთან, ზბიგნიევ რაუსთან. საუბრისას, დიპლომატებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული განსაკუთრებული მეგობრობა და პარტნიორობა.
    საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესებს. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს მიმდინარე პროცესების კონსტრუქციულ ჩარჩოებში გადასვლისა და მხარეებს შორის დიალოგის მნიშვნელობას, რათა არსებული კრიზისი დროულად იქნას დაძლეული.
    ამასთან, დავით ზალკალიანმა პოლონელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის როგორც საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელების, ისე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
    საქართველოსა და პოლონეთის პირველმა დიპლომატებმა მიმოიხილეს გლობალური პანდემიის მხრივ ორივე ქვეყანაში შექმნილი ვითარება და ვაქცინაციის პროცესი. აღინიშნა ვაქცინების თანაბარი გადანაწილების აუცილებლობა. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლიერება გამოხატა ამ კუთხით პოლონეთის მიერ გამოხატული მყარი პოზიციისა და ძალისხმევის მიმართ.

    საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაცია

  • თურქეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაწყების 100 წლის იუბილე აღინიშნა

    თურქეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაწყების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ 100 წლის წინ, 1921 წლის 8 თებერვალს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელით ელჩმა, სიმონ მდივანმა, თურქეთის დიდი ეროვნული კრების თავმჯდომარეს, მუსტაფა ქემალ ათათურქს, რწმუნებათა სიგელი გადასცა. ამის თაობაზე სააგენტო "TRT-ქართული" წერს.

    განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი, იყო პირველი უცხოელი დიპლომატი, რომელმაც ათათურქს რწმუნებათა სიგელი გადასცა და რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ახალი ერა დაიწყო 90-იან წლებში, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა ისევ მოიპოვა.

     „საქართველოსა და თურქეთს შორის მეგობრობითა და კეთილმეზობლური სულისკვეთებით ღრმავდება სტრატეგიული პარტნიორობა. თურქეთის რესპუბლიკა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერი და გულშემატკივარია.“- ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური