თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 05 თებერვალი 2021 11:58

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფაიგ გულიევთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანელ დიპლომატს ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობაზე.

მხარეებმა განიხილეს თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებული თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა. საუბარი, ასევე, შეეხო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დოკუმენტის გაფორმების საკითხსა და სამხედრო განათლების სფეროში ურთიერთობების მნიშვნელობას. შეხვედრის დასასრულს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელი კოლეგის თბილისში მასპინძლობის იმედი გამოთქვა.

თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაცია

წაკითხულია 89 ჯერ

Related items

  • ანაკლიის პორტის პროექტის ახალი პოტენციური ინვესტორის შერჩევის პროცესს უახლოეს მომავალში დავიწყებთ-ირაკლი ღარიბაშვილი

    საქართველოს ხელისუფლებას ყოველთვის ჰქონდა გამოხატული უპრეცენდენტო მხარდაჭერა ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

    როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვალდებულებების არაერთხელ გადავადების მიუხედავად, ინვესტორმა ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და ახალი პოტენციური ინვესტორის შერჩევის პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება. 

    „ჩვენმა ხელისუფლებამ, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე, ანაკლიის პორტის პროექტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.  შევახსენებ საზოგადოებას, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციაში შეიტანა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, როგორც განსაკუთრებული პრიორიტეტი. არაერთხელ გადავადდა ძირითადი და სხვადასხვა  ვალდებულებები, მათ შორის, მხოლოდ ძირითადი ვალდებულებები გადავადდა სამჯერ. ასევე, მთავრობამ გამოისყიდა და გადასცა ინვესტორს 58 მლნ ლარის ღირებულების საინვესტიციო ტერიტორია. ჩვენ ავიღეთ პორტთან დამაკავშირებელი გზისა და რკინიგზის მშენებლობის ვალდებულებაც, ასევე გზების დეპარტამენტს ეს პროექტი უკვე მზად აქვს. გარდა ამისა, დამატებით საპარტნიორო ფონდი მზად იყო, ინვესტორისთვის გამოეყო სუბორდინირებული სესხი 100 მლნ აშშ დოლარის ოდენობით იმ პირობით, რომ ინვესტორი შეძლებდა აღებული ვალდებულების შესრულებას. თუმცა, მოგეხსენებათ, სამწუხაროდ, ინვესტორმა ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, მათ ვერ შეძლეს საჭირო კაპიტალისა და  400 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სასესხო დაფინანსების მოძიება. ჩვენ, ახალი პოტენციური ინვესტორის შერჩევის პროცესს უახლოეს მომავალში დავიწყებთ. ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სააგენტო ტენდერის გამოსაცხადებლად დაიწყებს კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს და რაც ასევე მნიშვნელოვანია, დაიქირავებს საერთაშორისო კონსულტანტს, რომელიც დახმარებას გაგვიწევს ინვესტორის შერჩევის პროცესში", - განაცხადა პრემიერმა.


    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

  • ვისაუბრეთ აქციის ფორმის შეცვლაზე - ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დასრულდა

    "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა პოლიტიკოსებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, დღევანდელ შეხვედრაზე მათ აქციების ფორმის შეცვლაზე იმსჯელეს. 

    "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ მარტში დაანონსებული აქციები გაგრძელდება, თუმცა იმისთვის, რომ ხელისუფლებას მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობასთან დაკავშირებით სალაპარაკო არ ჰქონდეს, ისინი აქციების ფორმას შეცვლიან.

    "ჩვენ მოვისმინეთ, მთავრობის მეთაურისგან ბრალდებები რადიკალიზმზე და ა.შ. ასე, რომ კიდევ რომ არ მივცეთ დამატებითი საბაბი ამ პერიოდში, როდესაც კიდევ არის შანსი, რომ რაღაც მოლაპარაკებები შედგეს ჩვენ დღეს ვისაუბრეთ აქციების ფორმის შეცვლაზე, რომ ხელისუფლებას საბაბი არ მივცეთ, რომ რაღაც მოლაპარაკებების ჩაშლაზე იყოს ლაპარაკი ჩვენი მხრიდან.

    ეს აქციები ისედაც დაანონსებული იყო, როგორც მშვიდობიანი, მაგრამ კიდევ უფრო ისეთ ფორმას მივცემთ, რომელიც ხელისუფლებას ზედმეტ სალაპარაკო საბაბს არ მისცემს",-აღნიშნა ზ. უდუმაშვილმა.

    შეგახსენებთ, დღეს, 2 მარტს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დღევანდელი აქციით და პიკეტირებით, ოპოზიციურმა პარტიებმა "დესტრუქციული ქმედება" გააგრძელეს.

    წყარო: https://mtavari.tv/news/34393-visaubret-aktsiis-pormis-shetsvlaze-opozitsiuri

  • მიმაჩნია, რომ კონსტრუქციულ დიალოგს ალტერნატივა არა აქვს, მაგრამ იმ პირობით, რომ ასეთივე განწყობა იქნება ოპოზიციის მხრიდანაც - აცხადებს ი. ღარიბაშვილი
    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გააკეთა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "მინდა, მოსახლეობისთვის განვმარტო, რომ ჩვენი გუშინდელი შეხვედრის არასწორი ინტერპრეტირება არ მოხდეს. აღნიშნული კონსტრუქციული შეხვედრა შედგა ბატონი შარლ მიშელის ინიციატივით, რასაც, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ დავთანხმდი, ვინაიდან მიმაჩნია და მიმაჩნდა, რომ კონსტრუქციულ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, იმ დათქმით და პირობით, რომ ასეთივე განწყობა იქნება ოპოზიციის მხრიდან. თუმცა, სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან სულ რაღაც 12 საათში, დავინახეთ არათანმიმდევრული, დესტრუქციული ქმედება, პარლამენტის პიკეტირების მცდელობის სახით, რაც სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება. უფრო მეტიც, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, უკანონო და დესტრუქციული ქმედებები, რაც არ ემსახურება არც ამ ფორმატს, არც ამ დიალოგის ინტერესებს, რომელიც ჩვენ გუშინ დავიწყეთ, როდესაც მე, ჩემის მხრივ, გადავდგი ეს ნაბიჯი და დავუფიქსირე სრული მზაობა ჩვენი გუნდის სახელით, რომ მზად ვართ, გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგი და რაც მთავარია, არ ემსახურება ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებს. ეს მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ მოქმედი კონკრეტული სუბიექტებისა თუ მტრული ქვეყნების ინტერესებს.
    პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე განვიხილეთ ის საკითხები, რომლებიც ზოგადად ოპოზიციური პარტიების მხრიდან არის განხილვის საგანი. პირველი საკითხი შეეხებოდა ბატონი მელიას გათავისუფლებას.
    ჩემი პოზიცია იყო და მინდა საჯაროდ გავიმეორო, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა არ და ვერ ჩავერევით კანონის აღსრულებაში. ბატონ მელიას და მის ოჯახს, ან პარტიის წევრებს, აქვთ სრული შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დღეს გადაიხადონ მოთხოვნილი გირაო და ბატონი მელია, თუ მათ ინტერესებში რეალურად შედის ამ ადამიანის ციხიდან გამოყვანა, მანამ, ვიდრე საქმეზე საბოლოო განაჩენი დადგება, ციხიდან გამოიყვანონ.
    მეორე საკითხი შეეხებოდა მმართველი გუნდის სრულ მზაობას საარჩევნო რეფორმის განხორციელების მიმართულებით, საითაც კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადაიდგა.
    ეს მოიცავს ვრცელ, კომპლექსურ საკითხებს, რათა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს, კიდევ უფრო დაიხვეწოს საარჩევნო სისტემა და მათ შორის ეს ეხება როგორც ადგილობრივ არჩევნებს, ისე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებს.
    რაც შეეხება ვადამდელი არჩევნების საკითხს, ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით უცვლელია. ეს არის წითელი ხაზი და ეს არის საკითხი, რომელიც არ განიხილება. მე გუშინ ეს შეხვედრაზე დავაფიქსირე, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის არავითარი ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს. პირადად მე და ჩვენი გუნდი ვმოქმედებთ მხოლოდ ქვეყნის და ხალხის ინტერესების შესაბამისად და არა რომელიმე კონკრეტული პარტიების პირადი ახირების, თუ ინტერესების შესაბამისად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ პარტიებს სურთ რეალური დიალოგის დაწყება, ჩვენ ამისთვის გავხსენით შესაბამისი ფორმატი და მზად ვართ, გავაგრძელოთ აღნიშნული ფორმატი. მე იქ მოვისმინე მონაწილეების საკმაოდ საღი და კონსტრუქციული მოსაზრებები. ეს მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ვივარაუდო, აღნიშნული დიალოგი ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილთან გაგრძელდება და დასრულდება წარმატებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ ერთიან პარლამენტში მუშაობა, რათა ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას", - ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
  • იაპონიაში "მარტოობის მინისტრი" დანიშნეს

    იაპონიაში, სადაც თვითმკვლელობები გაიზარდა ახალი ტიპის კორონავირუსის გამო, პრემიერ-მინისტრმა სუგამ "მარტოობის მინისტრად" დანიშნა ტეცუში საკამოტო, რომელიც რეგიონალური მინისტრის მოვალეობას ასრულებდა.  ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

    იაპონიაში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში სოციალური ცხოვრება თითქმის შეჩერდა, რის გამოც საზოგადოებამ სულ უფრო მეტი სტრესი და მარტოობა იგრძნო.

    ქვეყანაში სუიციდის შემთხვევებმა მოიმატა. თვითმკვლელობის შემთხვევების ზრდის თავიდან ასაცილებლად, იაპონიის პრემიერ მინისტრმა იოშიჰიდე სუგამ რეგიონალური განვითარების მინისტრი, ტეცუში საკამოტო, მარტოხელა ხალხის პრობლემებზე პასუხისმგებელ მინისტრად დანიშნა.

    საკამოტომ ახალ მოვალეობასთან დაკავშირებულ პირველ განცხადებაში აღნიშნა: "პრემიერ-მინისტრმა სუგამ დამავალა საკითხის შესწავლა და შესაბამის სამინისტროსთან კოორდინაციის გზით ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავება. იმედი მაქვს, რომ განვახორციელებ საქმიანობას სოციალური იზოლაციის თავიდან ასაცილებლად და ხალხებს შორის კავშირების დასაცავად."

  • „დიალოგისკენ“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწოდებას ოპოზიციაში პასუხობენ

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 23 თებერვალს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში „ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიციურ ძალას“ პარლამენტში შესვლისა და საკანონმდებლო ორგანოს დისკუსიის პლატფორმად გამოყენებისკენ მოუწოდა.

    მანვე დაამატა, რომ მმართველი გუნდი მზად არის „ნამდვილი დიალოგისთვის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფორმატში“. პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მელიას დაკავება და კანონის აღსრულება პოლიტიკაში რადიკალიზმის შემცირებისა და სამართლიანი ურთიერთობების აუცილებელი პირობა იყო.

    „სამოქალაქო საქართველო“ პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე ოპოზიციის საპასუხო გამოხმაურებას გთავაზობთ.

    ზაალ უდუმაშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „მზად ვართ, დიალოგის მაგიდას მივუსხდეთ, ოღონდ იმ პირობით, რომ ამ მაგიდის ერთ მხარეს უნდა იჯდეს ნიკა მელია, ესაა ერთ-ერთი მთავარი პირობა და მეორე, როდესაც საუბრობენ პარლამენტში შესვლაზე, ამასაც გააჩნია კონკრეტული ფასი და ეს ფასი არის – ახალი არჩევნები საქართველოში. აი, ამ შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ დავსხდეთ დიალოგის მაგიდასთან და განვიხილოთ კონკრეტული თარიღი, როდის უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები“. 

    გიგა ბოკერია – ევროპული საქართველო: „მორიგი სიტყვების სროლაა. რომელი დიალოგის მომხრეა კაცი, რომელიც ღიად აცხადებს, რომ ყველა, ვინც ოპონენტია უნდა განადგურდეს. აი, როდესაც ის აზრზე მოვა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე და ვადამდელ არჩევნებზე ისაუბრებს, ეგ იქნება სხვა ამბავი. იქამდე ეგ სიტყვები არასერიოზულია“.

    ბადრი ჯაფარიძე – ლელო საქართველოსთვის: „ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში, მე როგორც წავიკითხე, საუბარი იყო, რომ ჩვენ დავაპატიმრეთ მელია და კმაყოფილები ვართ, ამავდროულად შემობრძანდით პარლამენტში და იქ გავაგრძელოთ მუშაობა. აქ მე ვერ დავინახე, ვერანაირი ნიშანწყალი იმის, რომ მათ მართლა სურთ სიტუაციის ნორმალიზება“.

    ზურა ჯაფარიძე – გირჩი-მეტი თავისუფლება: „ეს არის რუსული და კრიმინალური სამყაროს მიდგომა – მოდი, მე ჯერ ქეჩოში ჩაგავლებ ხელს, ციხეში შეგაგდებ, დაგჩაგრავ და მერე გეტყვი, მოდი, მოდი, დავილაპარაკოთ. ეგეთი რამ არ გამოუვათ. პირობა არის, რომ უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა, პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდნენ და ჩატარდეს ახალი არჩევნები“.

    ხატია დეკანოიძე: "ამის იქით არის უფსკრული და ჩვენ ამაზე ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, რომ არ შეიძლება მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერის დაკავება და ძალისმიერი შტურმი შენობაზე, ამიტომ ჩვენი წინადადება, რომელიც არის საჯარო, რომელიც გადავეცით საერთაშორისო პარტნიორებს, არის შემდეგი - განთავისუფლდეს მელია და საუბარი დაიწყოს ვადამდელ და რიგგარეშე არჩევნებზე. ეს არის ის ორი ძირითადი პირობა, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ. რა თქმა უნდა, ვადამდელი და რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს ახალი წესებით და 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე უნდა შესრულდეს, რაც გულისხმობს გიორგი რურუას გათავისუფლებას. სხვა რაიმე სახის ფორმულა რა თქმა უნდა არ განიხილება".

    22 თებერვალს, პრემიერობის კანდიდატის რანგში საპარლამენტო მოსმენისას, ირაკლი ღარიბაშვილმა ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციას სახელმწიფოს წინააღმდეგ „მიზანმიმართულ საბოტაჟში“ დაადანაშაულა და ხელახალ არჩევნებზე რაიმე სახის დიალოგი „კატეგორიულად გამორიცხა.

    წყარო: https://civil.ge/ka/archives/400738

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური