ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 28 იანვარი 2021 13:40

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტი, ირაკლი კობახიძე, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ თანამშრომლობაზე იმსჯელეს.

საუბარი ასევე შეეხო ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და სამომავლო გეგმებს. მხარეებმა განიხილეს განხორციელებული და დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებიც.

„ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა მიულოცა ირაკლი კობახიძეს პარტიის თავმჯდომარეობა. ის კარგად არის ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. გენერალურმა მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო სესიაზე, ჩვენ ვიხილავთ უკვე დელეგაციის სრულ შემადგენლობას და ოპოზიცია წარმოდგენილი იქნება, როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, ასევე საქართველოს პარლამენტშიც. ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რასაც გეგმავს ჩვენი ქვეყანა და გვაქვს დიდი მხარდაჭერა უშუალოდ მისი მხრიდანაც. ქალბატონმა ბურიჩმა ძალიან კარგად იცის ჩვენი გეგმები, მათ შორის, 2024 წელს ევროკავშირის სრულ წევრობაზე განაცხადის შეტანასთან დაკავშირებით. ასევე, კარგად არის ინფორმირებული იმ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც ზაფხულში განვახორციელეთ და რასაც ძალიან მიესალმებიან. გენერალური მდივანი მიესალმება დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს რათა კიდევ უფრო დაიხვეწოს საარჩევნო სისტემა და მოხდეს შეთანხმების მიღწევა ამ კუთხითაც“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, კახა კუჭავამ.

წაკითხულია 232 ჯერ

Related items

  • გივი მიქანაძე: საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის ანგარიში სრულ წარმოდგენას იძლევა

    „საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ რეზოლუციის პროექტი იძლევა სრულ წარმოდგენას იმ მიღწევების თაობაზე, რასაც ადგილი აქვს საქართველოში - გამოვთქვამთ სრულ მზაობას საქართველოში დემოკრატიული პროცესების შემდგომ განვითარებასა და ევროპის საბჭოსთან ახლო თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, გივი მიქანაძემ ასამბლეის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

    გივი მიქანაძე საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის ანგარიშს გამოეხმაურა.

    საქართველოს პარლამენტის წევრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს, ტიტუს კორლატეანს და კლოდ კერნს დოკუმენტის შემუშავებისთვის მადლობა გადაუხადა. გივი მიქანაძემ რეზოლუციის პროექტში ასახულ ძირითად მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება და მოცემული რეკომენდაციების შესრულების მიმართ მტკიცე მზადყოფნა დაადასტურა.

    „ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის აღიარებას ევროპის საბჭოს წევრობის ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. რეზოლუციის პროექტი მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმას, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიული პროცესის გაძლიერებასა და ქვეყნის სასამართლო დამოუკიდებლობას. ის მოიცავს საქართველოში სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემით პარლამენტის არჩევას, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძველზე განხორციელდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისას. საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, რეზოლუციის პროექტი შეესაბამება ეუთო/ოდირის და სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებებს, რომ არჩევნები ჩატარდა ევროპული სტანდარტების შესაბამისად”, - განაცხადა დეპუტატმა.

    მისივე თქმით, უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ „ქართული ოცნების“ ინიციატივით, 2021 წლის თებერვალ-ივლისის პერიოდში, პარლამენტში შეიქმნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია. თუმცა, მიუხედავად მმართველი გუნდის მხრიდან არაერთი შეთავაზებისა, ოპოზიციურმა პარტიებმა კომისიის მუშაობაში მონაწილეობა არ მიიღეს.

    „მიუხედავად მრავალი შეთავაზებისა ოპოზიციური პარტიების მიმართ, რომ მონაწილეობა მიეღოთ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, ან წარმოედგინათ მტკიცებულებები მათ მიერ გაყალბებულად შერაცხულ არჩევნებზე, მათი მხრიდან არანაირ გამოხმაურებას ადგილი არ ჰქონია. კომისიამ, რომელიც „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიის „ევროპელი სოციალისტების“ წევრებისაგან შედგებოდა, ჩაატარა მაქსიმალურად გამჭვირვალე გამოძიება. შედეგად, პარლამენტმა მიიღო დადგენილება და რეზოლუცია, რომლის თანახმად, გამოიკვეთა რიგი ტექნიკური შეცდომებისა, რაც გავლენას ვერ მოახდენდა არჩევნების საბოლოო შედეგებზე და რომ არჩევნები ჩატარდა მოქმედი კანონმდებლობის თანახმად და მისი შედეგები სრულად ასახავდა ამომრჩეველთა თავისუფალ ნებას“, - აღნიშნა პარლამენტის წევრმა.

  • „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება

    საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

    "პირველ რიგში, კიდევ ერთხელ გამოვხატავთ სოლიდარობას რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინელი ხალხის მიმართ.

    გვინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით.

    როგორც ცნობილია, „ომის პარტია“ ნაციონალური მოძრაობის სახით, ღიად ვერ ბედავს საუბარს სანქციების დაწესებისა და საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩართვის სურვილის შესახებ. თუმცა, ყველა მათი პროვოკაცია სწორედ ამისკენ არის მიმართული. მათი აშკარა მიზანია, ხელისუფლებამ მიიღოს ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხისთვის უკიდურესად საზიანო გადაწყვეტილებები, დააწესოს ეკონომიკური სანქციები და ქვეყანა ჩართოს ომში, რაც საქართველოსთვის და ქვეყნის მოსახლეობისთვის უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება.

    აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სანქციების მიმართულებით ნაციონალური მოძრაობის პროვოკაციულ კამპანიაში მათი უცხოელი ლობისტებიც აქტიურად ჩაერთვნენ. ამ დღეების განმავლობაში, ნაციონალური მოძრაობის კუთვნილმა ტელევიზიებმა გააშუქეს ასეთი ლობისტების რამდენიმე განცხადება, რომლებითაც ისინი საქართველოს ხელისუფლებას სანქციებზე მიერთებისკენ მოუწოდებდნენ.

    ამასთან დაკავშირებით, გვინდა შეგახსენოთ, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია მსოფლიოს არცერთ სახელმწიფოს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ომის შედეგად, რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია, დაიღუპა ასეულობით სამხედრო და სამოქალაქო პირი, დევნილად იქცა ჩვენი ქვეყნის 30 ათასი მოქალაქე, რუსეთმა დაბომბა ქართული ქალაქები, სრულად გაანადგურა ასეულობით ქართული სოფელი, ქართული ეკლესიები და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ძეგლები.

    ამ ყველაფრის მიუხედავად, 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია არც საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას. მეტიც, საქართველოს ხელისუფლებამ, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში, 2010 წელს ნაწილობრივ, ხოლო 2012 წელს სრულად შემოიღო უვიზო მიმოსვლის რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. 2012 წლის შემდეგ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რუსეთთან გაფართოვდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. წინა თუ მოქმედი ხელისუფლების არც ერთ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არავის, ვიმეორებთ - არავის არავითარი კრიტიკული შენიშვნა არ გამოუთქვამს.

    ყველასთვის ცხადი იყო, რომ ხელისუფლების ნაბიჯები მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ქვეყნისა და მოსახლეობის, მათ შორის რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ასი ათასობით ჩვენი მოქალაქის ინტერესების დაცვას ემსახურებოდა.

    უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენი განსაკუთრებული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ განსაკუთრებულია. თუმცა, გაუგებარია, როგორ შეიძლება მოგვთხოვონ სანქციების დაწესება უკრაინაში მიმდინარე რუსული სამხედრო აგრესიის გამო, როდესაც ეს საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი ქვეყნის ოკუპაციის შემდეგაც კი არ გაუკეთებია.

    კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ „ომის პარტიას“ ნაციონალური მოძრაობის სახით, თუ სანქციების დაწესებას ემხრობიან, კეთილი ინებონ და ფარული აგიტაციის, პროვოკაციების მოწყობისა და უცხოელი ლობისტების დაქირავების ნაცვლად,  ღიად ისაუბრონ ამაზე.

    კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეკონომიკური სანქციების დაწესებით, საქართველოს ხელისუფლება ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებს რუსეთს, საკუთარ ქვეყანასა და მოსახლეობას კი უმძიმესი დარტყმის ქვეშ დააყენებს.

    აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენი პოზიცია სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით არის უცვლელი და ამ პოზიციას ვერავითარი პროვოკაციების, ფარული კამპანიების თუ უცხოელი ლობისტების მეშვეობით ვერავინ შეგვაცვლევინებს.

    ვიმეორებთ, რომ საქართველო არ შეუერთდება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს.

    უკრაინის პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის პარალელურად, საქართველოს ხელისუფლება უკომპრომისოდ და პრინციპულად დგას და იდგება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზე", - ნათქვამია ი. კობახიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მოწოდებით მიმართა რუსეთს შეწყვიტოს თავდასხმები

    ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (აუეს) რუსეთს მოუწოდა, თავი შეიკავოს უკრაინაში სამხედრო თავდასხმებისგან მშვიდობიან მოსახლეობაზე, სამოქალაქო დასახლებებზე, სამგზავრო საშუალებებზე, საავადმყოფოებსა და სკოლებზე. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    აუეს-ს მიერ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ ოფიციალურმა კიევმა გუშინ  მათ სასამართლოს მიმართა, რათა შუალედური ზომები გამოიყენონ რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დროს მასიურად არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ მათმა სასამართლომ განიხილა უკრაინის ეს მოთხოვნა და აღინიშნა, რომ 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული “სამხედრო ოპერაციები“, დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევას სიცოცხლის უფლებასთან, წამების აკრძალვასთან და მშვიდობიანი მოსახლეობის პირადი თუ ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებასთან დაკავშირებით. ამიტომაც აუეს რუსეთს მოუწოდებს, თავი შეიკავოს “სამხედრო თავდასხმებისგან“ მშვიდობიან მოსახლეობაზე, სამოქალაქო დასახლებებზე, საავადმყოფოებზე და სკოლებზე, ხოლო ამის პარალელურად უზრუნველყოს ჯანდაცვის დაწესებულებებისა და მათი პერსონალის უსაფრთხოება. როგორც ცნობილია ევროპის საბჭომ 25 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების გამო, რუსეთის წარმომადგენლობა მინისტრთა კომიტეტსა და საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში შეჩერდა, ხოლო ევროპის საბჭოს წევრობა კი ჯერ კიდევ გრძელდება.

  • პროექტმა CyberEast საქართველოში ფინანსური გამოძიების და დარქნეტის საკითხებზე ტრენინგი ჩაატარა

    2-4 თებერვალს ევროკავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის, CyberEast ფარგლებში სასწავლო კურსი ჩატარდა. ფინანსური გამოძიების, ვირტუალური ვალუტის და დარქნეტის საკითხებზე გამართულ ტრენინგში 21 ქართველი გამომძიებელი და პროკურორი მონაწილეობდა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" ევროკავშირის წარმომადგენლობაში განუცხადეს.
    მათი ინფორმაციით, წინანდლის ღონისძიება იმ ტრენინგების სერიის უკანასკნელი კურსი გახლდათ, რომელიც პროექტმა რეგიონის ყველა ქვეყანაში (ბელარუსის გარდა) ჩაატარა.
    კურსის მონაწილეებს ტრენინგი ჩაუტარდათ ისეთ თემებზე, როგორიცაა ბლოკჩეინის ანალიზი, ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერები (VASP) და მეთოდები, რომლებითაც საქართველოს მოქალაქეები თავიანთი კრიპტოვალუტებით  ვაჭრობენ.
    CyberEast აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის სისხლის სამართლის უწყებების მხარდასაჭერად დამატებითი ღონისძიებების ჩატარებასაც გეგმავს. ამ გზით უწყებები მეტად ეფექტიანად შეძლებენ კიბერდანაშაულთან ბრძოლას და ციფრული მტკიცებულებების მოპოვებას. ამისათვის პროექტის საქმიანობა ფოკუსირდება შემდეგ საკითხებზე: პარალელური ფინანსური გამოძიება და დაზვერვა, კიბერდანაშაულის შემოსავალი, ფინანსური თაღლითობა და ფულის გათეთრება. გარდა ამისა, პროექტი ყურადღებას გაამახვილებს ვირტუალურ ვალუტაზე და დარქნეტში ფინანსური დანაშაულების გამოვლენის მიზნით ჩატარებულ გამოძიებებზე კონცეფციის, „მისდიე ფულს“ (follow the money), კონტექსტში.
    გავრცელებული ინფორმაციით, ქსელ Tor-ზე არსებული ფარული სერვისების დაახლოებით 30% უკანონო საქმიანობის ამა თუ იმ ფორმას უკავშირდება. ამ საქმიანობათა შორისაა ისეთი უკანონო პროდუქტებით ვაჭრობა, როგორებიცაა ნარკოტიკები, იარაღი, კომპრომეტირებული მონაცემები, ყალბი დოკუმენტები, მედიკამენტები, ქიმიკატები და სხვა.

     

  • ადამიანის უფლებათა კომისარს სახალხო დამცველმა ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ

    2022 წლის 25 იანვარს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სტრასბურგში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ დუნია მიატოვიჩთან. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ სახალხო დამცველის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    ადამიანის უფლებათა კომისარს სახალხო დამცველმა ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ. განიხილეს ასევე, მედია გარემო, თანასწორობის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მონიტორინგის აუცილებლობა.

    ნინო ლომჯარიამ ხაზი გაუსვა კომისრის მხრიდან უფლებადამცველთა და მედიის წარმომადგენელთა მხარდაჭერის მნიშვნელობას, რომელთა მიმართაც ბოლო წლებში განსაკუთრებით გახშირდა ზეწოლა და თავდასხმები.

    საუბარი შეეხო ასევე სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის გაუქმებას. სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს გააცნო საკონსტიტუციო სარჩელი რომლითაც ომბუდსმენი საქართველოს პარლამენტის მიერ 2021 წლის 30 დეკემბერს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური