ჩინეთი გააგრძელებს საქართველოს დახმარებას და ჩინეთ-საქართველოს მეგობრულ ურთიერთობებს კიდევ უფრო განამტკიცებს-აცხადებს ჩინეთის ელჩი

გამოქვეყნებულია ინტერვიუ
ოთხშაბათი, 27 იანვარი 2021 14:05

კოვიდ-19-ის ეპიდემიის ფონზე სულ უფრო წარმატებით ვითარდება ჩინურ-ქართული ურთიერთობები. ამ საქმეში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში და მის აღმატებულებას, ქალბატონ ელჩს ლი იენს. ჩვენ ვთხოვეთ მას ესაუბრა ჩინეთის პოლიტიკური ცხოვრების და ქართულ-ჩინური ურთიერთობების შესახებ, რაზეც  ქალბატონი ლი იენი სიამოვნებით დაგვთანხმდა. გთავაზობთ ჩინეთის ელჩთან ექსკლუზიურ ინტერვიუს.

 

ქალბატონო ელჩო, ბოლო პერიოდში ჩინეთის ტერიტორიაზე დაფიქსირდა კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატება. არის თუ არა ეპიდემიის განმეორების საშიშროება? რა საწინააღმდეგო ზომებს მიმართა ჩინეთის ხელისუფლებამ?

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში ეპიდსიტუაცია ზოგადად ეფექტურად კონტროლდება, მძიმე გლობალური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე, იმპორტირებული და სპორადული შემთხვევები გაიზარდა, ბოლო პერიოდში ჩინეთის ზოგიერთ რეგიონში ნაწილობრივ ისევ იჩინა ეპიდემიამ თავი, რაც ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლისათვის საჭირო სამუშაოების გრძელვადიან ხასიათსა და სირთულეებს ცხადყოფს. ჩინეთის მთავრობამ სწრაფი რეაგირება მოახდინა, მყისიერად გაზარდა საინსპექციო და ტესტირების მასშტაბები და პრევენციისა და კონტროლის სხვადასხვა ზომები გააძლიერა, რითაც ეპიდემიის გავრცელების შეჩერება მოკლე დროში მოხერხდა.

ჩინეთი პრაქტიკაში ამტკიცებს, რომ თანადგომითა და ძალების გაერთიანებით, მეცნიერული ღონისძიებების გატარებით, ეპიდემია კონტროლირებადი და განკურნებადია. ეს გლობალური პანდემიის პრევენციისა და კონტროლის საქმეში ნდობასა და სტიმულს აჩენს. ჩინეთი მტკიცედ განახორციელებს ეპიდემიის ნორმალიზებულ პრევენციასა და კონტროლს, გააგრძელებს  "საერთო მომავლის მქონე საზოგადოების" კონცეფციის მხარდაჭერას, მსოფლიოს ხალხებთან ერთად იბრძოლებს ეპიდემიის წინააღმდეგ და ამ ბრძოლაში საბოლოო გამარჯვების მალე მოპოვებას შეეცდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი გაემგზავრა ჩინეთში ახალი კორონავირუსის წარმოშობის წყაროსთან დაკავშირებული სამეცნიერო კვლევის ჩასატარებლად. როგორც საერთაშორისო მედია იუწყება, მათი კვლევა შეფერხებულია, ჩინური მხარე როგორ ახსნის ამ ფაქტს?

14 იანვარს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცამეტკაციანი ექსპერტთა ჯგუფი ქალაქ უხანში ჩავიდა, სადაც ისინი თოთხმეტდღიან კარანტინს გადიან. ჯანმოს ექსპერტები ჩინელ მეცნიერებთან კოვიდ-19-ის წყაროს საპოვნელად ერთობლივ სამეცნიერო კვლევას ჩაატარებენ, რათა მომავალში უკეთ მოხდეს რეაგირება და შესაძლო საზოგადოებრივი კრიზისის თავიდან აცილება. ჯანმოს შესაბამისი პასუხისმგებელი პირების თქმით, ეს ექსპერტთა ჯგუფი სხვადასხვა ქვეყნის დარგის საუკეთესო ექსპერტებს აერთიანებს. მათი კვლევის მიზანს ვირუსის წარმოშობის გასაგებად მეცნიერული პასუხების მოძიება, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა და მომავალ შესაძლო პანდემიებზე რეაგირება წარმოადგენს.

კოვიდ 19-ის წარმოშობის წყაროს რაც შეეხება, ამ საკითხზე ჩინეთი ყოველთვის ღიად, გამჭვირვალედ და მაღალი პასუხისმგებლობით ახორციელებდა სამეცნიერო თანამშრომლობას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან. გასული წლის თებერვალსა და ივლისში, როდესაც ჩინეთი ქვეყნის შიგნით ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის მძიმე ამოცანის წინაშე იდგა, ჩინეთმა ორჯერ მიიწვია ჯანმოს ექსპერტები და მხარეებმა კოვიდ 19-ის გლობალური სამეცნიერო თანამშრომლობის გეგმის ჩინურ ნაწილზე ერთად იმუშავეს. ჩინელი ექსპერტები ხშირ კონტაქტში იყვნენ ჯანმოსა და საერთაშორისო ექსპერტებთან ვიდეო შეხვედრების, სემინარებისა და სხვა საშუალებებით, სადაც მეცნიერული სულისკვეთებით, ღიად აცნობდნენ ჩინური მხარის მიერ წარმოშობის წყაროს მოკვლევასთან დაკავშირებულ შედეგებს. ჩინეთი პატივს სცემს მეცნიერებას, პატივს სცემს ფაქტებს, მხარს უჭერს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელობით, მეცნიერებმა და ეპიდემიოლოგებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩაატარონ სამეცნიერო კვლევა წყაროს მისაკვლევად, რათა რაც შეიძლება მალე გაირკვეს სიმართლე და მომავალში შესაძლო საზოგადოებრივი ჯანდაცვის მსგავს კრიზისს უკეთ ვუპასუხოთ.

როგორ შეაფასებთ ამ ეტაპზე საქართველოში ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს?

ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლისათვის გატარებულმა მეცნიერულმა და ეფექტურმა  ზომებმა დადებითი შედეგები გამოიღო და ბოლო დროს კოვიდ 19-ის გავრცელებამ სტაბილურად იკლო. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობის ძლიერი ხელმძღვანელობითა და საზოგადოების ფართო ჩართულობითა და ერთობლივი ძალისხმევით, საქართველო ეპიდემიას მალე დაამარცხებს, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა აღდგება და ხალხი ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება.

ჩინეთი ქართულ მხარეს აქტიურად უზიარებს პრევენციისა და კონტროლის გამოცდილებას. ჩინეთმა საქართველოს სამედიცინო ნივთები და აღჭურვილობა არაერთხელ აჩუქა. ჩინეთი "საერთო მომავლის მქონე საზოგადოების" კონცეფციის მიხედვით მოქმედებს. შემდეგ ეტაპზე, ჩინეთი ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში სხვადასხვა საშუალებით საქართველოს დახმარებას გააგრძელებს და ჩინეთ-საქართველოს მეგობრულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააძლიერებს.

ესაუბრა გიორგი ოთინაშვილი

 

წაკითხულია 846 ჯერ

Related items

  • ირანის, რუსეთის და ჩინეთის ერთობლივი საზღვაო წვრთნები დაიწყო

    ირანის, რუსეთის და ჩინეთის მხრიდან ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

    მათი ინფორმაციით, ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო, IRNA-ა წერს რომ წვრთნები, სახელწოდებით, „2022 საზღვაო უსაფრთხოების სარტყელი“ ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთით ტარდება და ეს სამი ქვეყნის მესამე ერთობლივი წვრთნებია.

    წვრთნაში მონაწილეობენ ირანის საზღვაო ძალების და რევოლუციური გვარდიის არმიის ხომალდები და საჰაერო ნაწილები, ასევე რუსეთის და ჩინეთის საომარი და ლოგისტიკური მხარდაჭერის გემები.

    წვრთნების პრესსპიკერმა, კონტრადმირალმა მუსტაფა თაჯედინიმ განაცხადა, რომ ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთი ნაწილი განხორციელებული წვრთნები ძალიან მნიშვნელოვანია.

    „ეს წვრთნები არის ერთობლივი ძალისხმევა სამი ქვეყნის ინტერესების დასაცავად და მდგრადი საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ამ რეგიონში, რომელიც ცნობილია როგორც ოქროს სამკუთხედი და სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მსოფლიო ვაჭრობისთვის,“ განაცხადა წვრთნების პრესსპიკერმა მუსტაფა თაჯედინმა.

    ხსენებულ ქვეყნებს შორის, ამ სახელწოდების პირველი ერთობლივი წვრთნები, 2019 წლის დეკემბერში ჩატარდა.

  • WHO: პეკინში ოლიმპიური თამაშების ჩატარება უსაფრთხოა

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საგანგებო ვითარებათა ჯანდაცვის პროგრამის დირექტორის მაიკლ რაიანის განცხადებით, პეკინში ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარება ჩინეთის მიერ COVID-19-ის წინააღმდეგ მიღებული ზომების გათვალისწინებით, ინფექციის გავრცელების კუთხით, საფრთხეს არ წარმოადგენს.

    "ისევე როგორც ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ჩინეთის ხელისუფლებასთან და IOC-თან ზამთრის ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოდ ჩატარების რეკომენდაციათა წარსადგენად ვმუშაობთ. ჩინეთის ხელისუფლებამ მკაცრი ზომები მიიღო და რამდენიმე გზამკვლევი გამოუშვა, რომელთა შეფასებასაც IOC-თან ერთად ვაგრძელებთ. დარწმუნებული ვარ, მიღებული ინფორმაციით და მეტად სერიოზული ზომების გათვალისწინებით, ვირუსის გავრცელების ზრდის რისკს ვერ ვხედავთ ," - აცხადებს მ. რაიანი.

  • თომას ბახი: "კოვიდსაწინააღმდეგო სახელმძღვანელო მარტო წესების წიგნი არ არის, ის ცხოვრების წესია"

    საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის  თომას ბახის განცხადებით, პეკინი ყველა პარამეტრით მზად არის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩასატარებლად. მისი თქმით, დღესდღეობით ორი მთავარი გამოწვევა არსებობს: პოლიტიკა და პანდემია.

    თომას ბახი ხაზს უსვამს შარშან გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პეკინში თამაშების ჩატარებაზე 193 ქვეყნის მხარდაჭერის მნიშვნელობას. რაც შეეხება მსოფლიოში COVID-19-ის ახალი შტამის - ომიკრონის გავრცელებას, თომას ბახი აღნიშნავს, რომ ჩინური მხარის მიერ შექმნილი დახურული პერიმეტრი პლანეტის ყველაზე უსაფრთხო ადგილია. პეკინი-2022-ის პერსონალის უკვე შევიდა ჩაკეტილ პერიმეტრში. თომას ბახმა თხოვნით მიმართავს სპორტსმენებს, რომ კოვიდსაწინააღმდეგო სახელმძღვანელოს - Playbook-ის შესწავლასთან ერთად, კარგი იქნება, თუ მას "ცხოვრების წესად" აქცევენ.

    ჩინეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ჩჟუნვენ გოუ ირწმუნება, რომ ჩინეთი სპორტული დელეგაციების მისაღებად სრულ  მზადყოფნაშია.

    IOC-ის აღმასრულებელი დირექტორი კრისტოფ დიუბის ცნობით, მონაწილეთათვის დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება არა ორ კვირაში, როგორც ეს იყო ტოკიოს თამაშებზე, არამედ სამ დღეში, თუ, რა თქმა უნდა, დროის ამ შუალედში არავის ექნება სიცხე და ორ  ტესტირებასაც გაივლიან. ეს  სპორტსმენებს საშუალებას მისცემს, რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდნენ ასპარეზობებს ან შინ გაემგზავრონ.

    IOC-ის სპორტული დირექტორი კიტ მაკონელი აღნიშნავს, რომ პეკინი-2022-ის  საკვალიფიკაციო სტარტების უმეტესობა უკვე ჩატარებულია და 15 იანვრისთვის მთლიანად უნდა დასრულდეს.

     

     
  • ჩინეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი სრულდება - ინტერვიუ ჩინეთის ელჩთან

    ახალ 2022 წელს, ჩინეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან  30 წელი სრულდება. ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების გეგმებზე, ურთიერთობის პერსპეტქივებზე, პანდემისთან ბრძოლოს კუთხით მხარდაჭერასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე „ჯორჯიან თაიმსს“ ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი  ელჩი საქართველოში - ლი იენი ესაუბრა:

    -  ჩინეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელთან  დაკავშირებით,  თქვენ, როგორც ჩინეთის ელჩი, ამჟამინდელ ურთიერთობებსა და „სარტყლისა და გზის“ ფარგლებში არსებულ ორმხრივ თანამშრომლობას როგორ შეაფასებდით?  და  რა პერსპექტივა აქვს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას?

    -  დიახ, მომავალ წელს, ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავია. კარგი ფაქტია ის, რომ 30 წლის მანძილზე, ამ ორ ქვეყანას შორის ორმხრივმა ურთიერთობებმა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობამ სწრაფი განვითარება პოვა; რომ  ჩინელ და ქართველ ხალხს შორის ურთიერთგაგება და მეგობრობა მუდმივად იზრდება. ბოლო წლებში კი,  მაღალ დონეზე კავშირები ნარჩუნდება; სახელმწიფო საბჭოს წევრი და საგარეო საქმეთა მინისტრი - ვანგ ი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში, ხოლო, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები ჩინეთში ესწრებოდნენ დავოსის ფორუმს, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ექსპოსა და სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებს. ისტორიული თუ დღევანდელი გადმოსახედიდან, ჩინურ-ქართული ურთიერთობების განვითარებას ყოველთვის დიდი პერსპექტივა ჰქონდა. იმედი მაქვს, ორი ქვეყანა დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის მომენტს გამოიყენებს პოლიტიკური ურთიერთნდობის უფრო გასაღრმავებლად, „სარტყლისა და გზის“ და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გასაძლიერებლად, რათა ორმხრივი ურთიერთობები ახალ საფეხურზე გადავიდეს და მეტი კეთილდღეობა მოუტანოს ჩინელ და ქართველ ხალხს. 

    „სარტყლისა და გზის“ ერთობლივი მშენებლობა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ნაწილია. „სარტყლისა და გზის“ თანამშრომლობის რვა წლის შედეგების და გამოცდილების შეჯამებისას, გენერალურმა მდივანმა სი ძინფინგმა ხაზი გაუსვა „ერთობლივი კონსულტაციების, ერთობლივი მშენებლობისა და ურთიერთგაზიარების“ პრინციპის დაცვას, ინფრასტრუქტურის, როგორც „მყარი კავშირის“ და ნორმებისა და სტანდარტების, როგორც „რბილი კავშირის“ მნიშვნელობას, ინიციატივის მონაწილე ქვეყნებს შორის „ხალხთაშორისი კავშირების“ გაზრდასა და „სარტყლისა და გზის“ მაღალი ხარისხით განვითარებას. ჩვენ სწორედ ამ იდეებით ვხელმძღვანელობთ და საქართველოსთან „სარტყლისა და გზის“ თანამშრომლობას ინტენსიურად ვაძლიერებთ. ქართული მხარის ორგანიზებით, უკვე სამჯერ ჩატარდა თბილისის აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმი. საქართველო ასევე მაღალ დონეზე იყო წარმოდგენილი ჩინეთში გამართულ „სარტყლისა და გზის საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმზე“. ჩინური კომპანიები საქართველოში ახორციელებენ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნებს შორის „მყარი კავშირის“ დასამყარებლად. 2018 წ. ძალაში შევიდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. საქართველო გახდა ევრაზიის რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმა. „რბილი კავშირის“ სტიმულით ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა ზედიზედ რამდენიმე წელია სტაბილურად იზრდება. ჩინეთი ასევე სტაბილურად ინარჩუნებს საქართველოს რიგით მესამე სავაჭრო პარტნიორის პოზიციას და უკვე ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარიც გახდა. კულტურის, განათლების, ტურიზმისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობა ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის „ხალხთაშორისი კავშირების“ გაზრდას. სულ უფრო მეტი ქართველი ახალგაზრდა ეუფლება ჩინურ ენას, ჩინეთის ახალ საინფორმაციო საიტებზე სულ უფრო ხშირად შეხვდებით ბლოგებს საქართველოს შესახებ, ჩინელი ახალგაზრდობაც სულ უფრო მეტად ეცნობა საქართველოს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის „სარტყლისა და გზის“ ფარგლებში თანამშრომლობას რეალური და ხელშესახები შედეგები აქვს.

    -  წარმოების შესაძლებლობების ზრდის კუთხით თანამშრომლობისა და განვითარების სტრატეგიების დაახლოების გარდა, თქვენი აზრით, კიდევ რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა?

    -  ჩინეთი და საქართველო განვითარებადი ქვეყნებია, ამიტომ, მათ მსგავსი განვითარების საჭიროებები აქვთ. პოლიტიკის დონეზე ბევრი საერთო შეხების წერტილია, მაგრამ, ერთმანეთისგანაც ბევრის სწავლა შეგვიძლია. საქართველოს, როგორც „სარტყლისა და გზის“ გასწვრივ მდებარე ქვეყანას, ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს. საქართველოს მთავრობაც დიდ ყურადღებას უთმობს ამ უპირატესობის გამოყენებას და ქვეყნის ევრაზიის დამაკავშირებელი დერეფნის როლის განვითარებას და ქვეყნის შიგნით ინფრასტრუქტურის შექმნასა და გაუმჯობესებას აქტიურად უწყობს ხელს. ინფრასტრუქტურის შექმნის კუთხით, ჩინეთს ტექნიკური უპირატესობა და მდიდარი საინჟინრო გამოცდილება აქვს. ორი ქვეყანა უკვე არაერთ პრიორიტეტულ პროექტს ახორციელებს და თანამშრომლობის განვითარებისთვის უზარმაზარი პოტენციალიც არსებობს. 

    საქართველო ჩინეთთან სავაჭრო კავშირებს უწყვეტად აღრმავებს. 2018 წ. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის ზრდის ტენდენცია სახეზეა. ეპიდემიით გამოწვეული საერთო კლების მიმართ ორმხრივი ვაჭრობა საკმაოდ მედეგი აღმოჩნდა. მჯერა, მომავალში საქონლით ვაჭრობა კიდევ უფრო მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს და ორი ქვეყნის მოსახლეობა უკეთ შეძლებს მეორე ქვეყნის საუკეთესო პროდუქტებითა და სერვისებით სარგებლობას. 

    აღსანიშნავია ისიც, რომ სოფლის მეურნეობას საქართველოს წარმოებაში წამყვანი ადგილი უჭირავს. ორმხრივი ძალისხმევით, ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით საკმაოდ ბევრი თანამშრომლობის პროექტი ხორციელდება, მათ შორის, აღსანიშნავია სასათბურე მეურნეობების მხარდამჭერი პროექტი. აგრარულ სექტორს  ჩინეთშიც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, ამიტომ, ჩვენ კარგად გვესმის, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება და გლეხების კეთილდღეობა მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ჩინეთმა სულ ცოტა ხნის წინ აღმოფხვრა უკიდურესი სიღარიბე. მჯერა, რომ ეს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და მათ შორის, საქართველოსთვის ინსპირაციის წყარო იქნება. მზად ვართ, ქართულ მხარეს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და ცოდნა. მზად ვართ, მომავალშიც შევუწყოთ ხელი საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას. 

    სინამდვილეში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას ძალიან ბევრი მიმართულებით აქვს პოტენციალი, მაგ. ტურიზმის, კულტურის, განათლების და ა.შ. თუმცა, პანდემიის ზეგავლენით, ამ სფეროებში კომპლექსური თანამშრომლობის განვითარება დროებით შეუძლებელია. დარწმუნებული ვარ, პანდემიის დასრულების შემდეგ, ჩინეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა უფრო მძაფრად გაიზრდება და ორმხრივი ურთიერთობების განვითარება ჩქაროსნულ ზოლში გადავა. 

    - როგორ შეაფასებდით ჩინეთსა და საქართველოს შორის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო თანამშრომლობას? ბოლო დროს საქართველოში ეპიდ-მდგომარეობა არც ისე კარგია, კოვიდ-19-ის ახალი შტამის - ომიკრონის გავრცელების შემთხვევაში, ჩინეთი დამატებით დახმარებას თუ გაუწევს საქართველოს?

    -  მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ჩვენი ქვეყნები და მოსახლეობა მუდამ ერთმანეთს უჭერენ მხარს  და ეხმარებიან. რეალური ქმედებებით დავამტკიცეთ, რომ მეგობარი გაჭირვებაში იცნობა. ჩინური მხარე „საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ კონცეფციას ემხრობა, ხელს უწყობს „საერთო ჯანდაცვის მქონე საზოგადოების“ ჩამოყალიბებას, საქართველოს აქტიურად უზიარებს ეპიდემიასთან ბრძოლის გამოცდილებას, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში ეხმარება კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო პროდუქციით, 200 000 დოზა ვაქცინა საჩუქრად გადასცა, ხოლო 2 600 000 ვაქცინის ექსპორტი მოახდინა, რითაც აქტიური როლი ითამაშა საქართველოში კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. ქართული მხარეც აქტიურად ეხმარება ჩინეთს: ქვეყანამ საელჩოს მხარი დაუჭირა ჩინეთის მოქალაქეების ვაქცინაციის ორგანიზებაში, რითაც საქართველოში მცხოვრები ჩინელების სიცოცხლე და ჯანმრთელობა უზრუნველყო.

    სამწუხაროდ, მსოფლიოში პანდემია კვლავაც მძვინვარებს. საქართველოში ეპიდ-სიტუაცია შედარებით მძიმეა. რამდენიმე დღის წინ, საქართველოში პირველად დაფიქსირდა ომიკრონის შტამით ინფიცირების შემთხვევა. სპეციალისტების თანახმად, ომიკრონის შტამი ვირუსის წინა შტამებზე 3-4-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, ამიტომ, საქართველო დიდი საფრთხის წინაშე დგას. ჩინეთი ყოველთვის აქტიურად პასუხობს საქართველოს საჭიროებებს და თავისი შესაძლებლობების ფარგლებში აქტიურად ეხმარება მას. ჩინეთი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, რაც შეიძლება მალე გამოვიდეს ეპიდემიის ჩრდილიდან, აღადგინოს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება.

    -  პეკინის ზამთრის ოლიმპიადა მალე დაიწყება. როგორ ემზადება ჩინეთი ამ ღონისძიებისთვის?

    -  24-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშები პეკინში, 2022 წლის 4 თებერვალს, ოფიციალურად გაიხსნება. ეს მთელი მსოფლიოს სპორტსმენებისა და ზამთრის სპორტის მოყვარულებისთვის გრანდიოზული ღონისძიებაა. პეკინი პირველი ქალაქი იქნება მსოფლიოში, რომელიც, როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ოლიმპიადას უმასპინძლებს, რითაც ჩინეთისა და ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ახალი თავი დაიწერება. 

    მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, ჩინეთი ამ ღონისძიებისთვის მაინც მაქსიმალურად ემზადება. იგი ყველაფერს აკეთებს ეპიდემიის პრევენციისათვის და ცდილობს, რომ მსოფლიოს „უბრალო, უსაფრთხო და ბრწყინვალე“ ზამთრის ოლიმპიადა აჩუქოს. წარმატებული ოლიმპიადა მთელი მსოფლიოს ხალხებს რწმენას შემატებს და ეპიდემიის წინააღმდეგ გაერთიანებასაც ხელს შეუწყობს. ვფიქრობ, სწორედ ეს არის ოლიმპიური სულისკვეთება. ზოგიერთ ქვეყანასა და პიროვნებას სპორტის პოლიტიზება სურთ, რასაც, მსოფლიო ქვეყნების უმეტესობის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა. საბოლოოდ მათ მაინც მოუწევთ, რომ მარცხს შეეგუონ.

    მოგეხსენებათ, თხილამურებითა და ციგურებით სრიალი და ზამთრის სპორტის სხვა სახეობები საქართველოშიც ძალიან პოპულარულია. ქვეყანაში არაერთი ცნობილი სამთო-სათხილამურო კურორტია. უკვე 8 ქართველმა სპორტსმენმა მოიპოვა პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის კვალიფიკაცია. იმედია, სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას  პეკინის ზამთრის ოლიმპიადაში, საკუთარ ნიჭს სრულად წარმოაჩენს და შესანიშნავ შედეგებსაც მიაღწევს.

  • ენტონი ბლინკენი - აშშ მზად არის, თავიდან აირიდოს ჩინეთთან არსებული წინააღმდეგობის პოტენციურ კონფლიქტში გადაზრდა

    შეერთებული შტატები მზად არის, ჩინეთთან არსებული წინააღმდეგობის პოტენციურ კონფლიქტში გადაზრდა აირიდოს თავიდან, რადგან მისი შესაძლო შედეგები კატასტროფული იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმ, ენტონი ბლინკენმა ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში განაცხადა.

    „ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასულ თვეში ჩინეთის ლიდერთთან სი ძინპინთან საუბარში აღნიშნა, რომ ოფიციალურ ვაშინგტონს ღრმა პასუხისმგებლობის განცდა აქვს, რათა პეკინთან არსებული კონკურენცია პოტენციურ კონფლიქტში არ გადაიზარდოს. ჩვენ ამ პასუხისმგებლობას უდიდესი სერიოზულობით ვიღებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი კონფლიქტის შედეგები კატასტროფული იქნება“, – განაცხადა ბლინკენმა.

    მისივე თქმით, აშშ მიზნად ისახავს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონთან არსებული კავშირების განმტკიცებას.

    აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი 2022 წლის ბოლომდე გეგმავს სხვა ქვეყნებს ვაქცინის 1,2 მილიარდი დოზა გადასცეს.

    აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ინდონეზიის გარდა, ოთხდღიანი ტურის ფარგლებში, მალაიზიასა და და ტაილანდში ვიზიტებს გეგმავს.

    წყარო: https://1tv.ge/news/entoni-blinkeni-ashsh-mzad-aris-tavidan-airidos-chinettan-arsebuli-winaaghmdegobis-potenciur-konfliqtshi-gadazrda-radgan-shesadzlo-shedegebi-katastrofuli-iqneba/

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური