აშშ-ის საელჩოს განცხადება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 22 იანვარი 2021 11:45
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ადმინისტრაციამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" სახელმწიფოთაშორის სარჩელში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება მკაფიოდ საქართველოს სასარგებლოდ მიიღო და რუსეთი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მრავალი მუხლის დარღვევაში პასუხისმგებლად ცნო, მათ შორის ცალკეული პიროვნებების დაკავებასა და წამებაში და საქართველოს მოქალაქეებისთვის სახლებში დაბრუნების უფლების ჩამორთმევაში. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ რუსეთის მთავრობამ არ ჩაატარა სრული ან შესაბამისი გამოძიება იმ მოვლენებისა, რომელიც მოხდა საომარ მოქმედებამდე და მას შემდეგ.
სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევები. განსაკუთრებით საგანგაშო და მიუღებელია რუსეთის მცდელობები, გააკონტროლოს და გამოიყენოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები ბორდერიზაციის გზით, თვითნებური დაკავებებით, ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის გადაკვეთის შეზღუდვითა და სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო „ხელშეკრულებების" დადებით საქართველოს ორ რეგიონთან. ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის სიცოცხლეს, კულტურასა და პირად თავისუფლებებს და არ აძლევს მათ იმ უფლებებით სარგებლობისა და შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას, რაც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი", - ნათქვამია განცხადებაში.
წაკითხულია 118 ჯერ

Related items

  • ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავებაზე

    ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ადმინისტრაციამ საქართველოში დღეს გაავრცელა განცხადება, ოპოზიციური პარტიის "ერთიანი ნაციონალური პარტიის" თავმჯდომარის ნიკანორ მელიას დაკავებასთან დაკავშირებით, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: 

    "ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ღრმად არის შეშფოთებული მთავრობის გადაწყვეტილებით მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო ამ დილით პარტიის სათავო ოფისში. ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო. შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით. ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა. დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე" - აღნიშნულია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ადმინისტრაციის განცხადებაში.

     

  • აშშ-ის საელჩოს განცხადება

    აშშ-ის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

    "არსებული სახიფათო ვითარება, რომელიც ნიკა მელიას სასამართლო გადაწყვეტილებას მოჰყვა გამომდინარეობს საარჩევნო და სასამართლო სისტემის მრავალწლიანი პრობლემებიდან. აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება ამ დილით. არსებული უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაჭრის გზა მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებებია. მოვუწოდებთ ყველას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავიდან აიცილონ ძალადობა", - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

    წყარო: https://ge.usembassy.gov/ka/u-s-embassy-statement-2182021-ka/

  • საქართველოსა და აშშ-ის სამხედროებმა მონაწილეობა მიიღეს საცეცხლე ვარჯიშში

    2021 წლის 11 თებერვალს ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე საქართველოსა და აშშ-ის სამხედროებმა მონაწილეობა მიიღეს საცეცხლე ვარჯიშში. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს საელჩოს ადმინისტრაცია იუწყება.

    საელჩოს ინფორმაციით ჯარისკაცებმა გამოიყენეს საქართველოსთვის ახლახან გადაცემული 100 ერთეული MK19 ყუმბარმტყორცნი და 200 ერთეული M2 ტყვიამფრქვევი. ნატოსთან თავსებადი ეს იარაღები გამოიყენება ოცეულიდან ბატალიონამდე დონეებზე და წარმოადგენს $18 მილიონიანი მხარდაჭერის ნაწილს, რომლის მიზანიც საქართველოს თავდაცვის ძალების ახალი იარაღის სისტემებით აღჭურვაა.

    აღნიშნულმა წვრთნებმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-ის მტკიცე პარტნიორობასა და თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში.

     

  • აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოს თავდაცვის ძალები ახალი ტიპის შეიარაღებით აღიჭურვა

    საქართველოს თავდაცვის ძალებში შეიარაღების მოდერნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოს თავდაცვის ძალებმა ახალი ტიპის ტყვიამფრქვევები და ყუმბართმტყორცნები მიიღო. უკვე მიმდინარეობს ქვედანაყოფების აშშ-ის წარმოების ნატოს M2 ტიპის 12.7 მმ მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებითა და MK 19 ტიპის ახალი ავტომატური ყუმბართმტყორცნებით აღჭურვის პროცესი. საქართველოს თავდაცვის ძალებს დამატებით გადმოეცა 5,56 მმ კალიბრის M249 ტიპის ხელის მსუბუქი ტყვიამფრქვევებიც.

    საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ვაზიანში იმყოფებოდნენ, სადაც თანამედროვე, ნატოს სტანდარტის იარაღით ქვედანაყოფების დაკომპლექტების პროცესს პირადად გაეცნენ და საცდელ სროლებს დაესწრნენ. ვაზიანის სასროლეთზე, საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) ქართველმა და ამერიკელმა ინსტრუქტორებმა აღნიშნული იარაღით საჩვენებელი სროლები განახორციელეს.

    აღნიშნული ტიპის შეიარაღება ზრდის ქვედანაყოფის საცეცხლე ზემოქმედების შესაძლებლობებს და ბრძოლის ველზე მათ ეფექტიანად მოქმედებას უზრუნველყობს. საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ახალი ტიპის ტყვიამფრქვევებითა და ყუმბართმტყორცნებით დაკომპლექტება, შეიარაღებისა და აღჭურვილობის განახლებისა და მოდერნიზაციის პროცესის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც თავდაცვის ძალების შესაძლებლობების ზრდას და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესებას ემსახურება.

  • საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტი წარადგინეს

    საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, კონგრესმენებმა ადამ კინზინგერმა და გერი კონოლიმ წარმომადგენელთა პალატაში კვლავ წარადგინეს საქართველოს მხარდამჭერი აქტი.

    როგორც წარმომადგენელთა პალატის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კანონპროექტი ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის გაგრძელებას საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ, აღიარებს საქართველოს ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებებისადმი, მათ შორის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების კუთხით და მტკიცედ ადასტურებს აშშ-ის წინააღმდეგობას რეგიონში რუსეთის აგრესიის მიმართ.

    დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონებში, რუსეთი აღვივებს არეულობას, დახმარებას უწევს სეპარატისტულ მოძრაობებს და სჩადის ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებს, მათ შორის, დაკავებებსა და მკვლელობებს. რუსული ძალები განაგრძობენ სამოქალაქო თემების შევიწროებას ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ და აფერხებენ იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნების უფლებას. საქართველოს მხარდამჭერი აქტი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ზემოაღნიშნულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი ან მათთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებით.

    „უკვე 12 წელზე მეტი გავიდა, რაც რუსული ძალები შეიჭრნენ და მოახდინეს საქართველოს მიწების ოკუპაცია. თუმცა, მიუხედავად ამისა, რუსეთის მიერ ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევების პირობებშიც კი, საქართველო დაუღალავად მუშაობდა დემოკრატიის განვითარებისა და თავისი ხალხის დამოუკიდებლობისთვის. ამ მიზეზებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ხელახლა წარვადგენთ ამ კანონპროექტს. მე, როგორც საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე, მტკიცედ ვდგავარ ჩვენი ქართველ მეგობრების გვერდში, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგას, კონგრესმენ კონოლის, თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსადმი თავდადებისთვის“, – განაცხადა ადამ კინზინგერმა.

    კონგრესმენ კონოლის თქმით, დოკუმენტი განამტკიცებს აშშ-საქართველოს პარტნიორობას.

    „მეამაყება, რომ კვლავ წარვადგენ საქართველოს მხარდამჭერ აქტს, რომელიც განამტკიცებს აშშ-საქართველოს უმნიშვნელოვანეს პარტნიორობას, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ურთიერთობას მსოფლიოს კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაწილში. ეს კანონპროექტი კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დემოკრატიული განვითარების გაგრძელებასა და უსაფრთხოებას, განსაკუთრებით რუსული აგრესიის პირობებში. როგორც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მოხარული ვარ, რომ მოცემული დოკუმენტი ადასტურებს იმას, რომ საქართველო დიდი ხანია ნატოს ასპირანტი ქვეყანაა“, – განაცხადა კონგრესმენმა კონოლიმ.

    დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებში საქართველოსთან პროგრესს უნდა მიაღწიოს.

    წყარო: https://1tv.ge/news/ashsh-is-warmomadgenelta-palatashi-adam-kinzingerma-da-geri-konolim-saqartvelos-mkhardamcheri-aqti-waradgines/

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური