2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 21 იანვარი 2021 15:04
2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლომ დღეს გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.
 
· სასამართლოს დიდი პალატის მიერ ამ დარღვევების აღიარებით დასტურდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა.
· სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის.
· სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა სამოქალაქო პირების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევისათვის.
· სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობისათვის და სხვა არაერთი დარღვევისათვის.
ეს ისტორიული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი ბერკეტია საქართველოსათვის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით კონფლიქტების მოწესრიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის, ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
 
შეგახსენებთ, რომ თავის მხრივ, რუსეთი ყველა ამ ბრალდებას დაუსაბუთებლად მიიჩნევს, რომელთაც, მათი თქმით, საქმის არსებითი განხილვისთვის საჭირო მტკიცებულებები არ ახლავს. რუსეთი აცხადებს, რომ თავდასხმები მის სამხედრო ძალებს არ დაუწყიათ და რომ მისი შეიარაღებული ძალები სამხრეთ ოსეთის მშვიდობიან მოსახლეობას საქართველოს თავდასხმისგან იცავდნენ.

2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული ამ სახელმწიფოთაშორისი სარჩელის გარდა, სტრასბურგის სასამართლოში განხილვის დაწყების მოლოდინშია, დაახლოებით, ორი ათასამდე ინდივიდუალური სარჩელი, რომლებიც ამავე ომს უკავშირდება.

წაკითხულია 116 ჯერ

Related items

  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველო-რუსეთის დავასთან დაკავშირებული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საკითხზე იმსჯელეს

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე ასამბლეის წევრებმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხზე იმსჯელეს.

    აღნიშნულ თემაზე დელეგატებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, კახაბერ კუჭავამ და დელეგაციის წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.

    ქართველმა პარლამენტარებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველო-რუსეთის დავასა და სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების საკითხზე.

    „საქართველოს ხელისუფლება ერთგულია ყველა ძალისხმევისა, რათა სრულყოფილად და ეფექტურად აღსრულდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები - ორივე სახელმწიფოთაშორისი გადაწყვეტილების აღსრულება ევროსაბჭოს თითოეული წევრის საერთო პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

    დეპუტატის თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული დემოკრატიული რეფორმების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების რაოდენობა.

    მარიამ ქვრივიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მმართველი პარტია მოვიდა, საჩივრების რაოდენობა რვაჯერ არის შემცირებული.

    „სტატისტიკური მონაცემები ნათლად ცხადყოფს, რომ მოქალაქეთა უფლებების დაცვის ხარისხი და ადგილობრივი ინსტიტუტებისა და მართლმსაჯულების მიმართ ნდობა გაიზარდა ეროვნულ დონეზე, რამაც საქართველო ევროპულ სტანდარტებს კიდევ უფრო დაახლოვა.

    ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ღირებულებებზე დაყრდნობილი, ევროპული ინტეგრაციის არჩევანთან დაკავშირებული პროგრესისთვის მუშაობას. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მკაფიოდ განაცხადა თავისი გადაწყვეტილების შესახებ, რომ 2024 წელს საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის განაცხადს გააკეთებს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა.

    მისივე თქმით, მიმდინარე თვის დასაწყისში, საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საგარეო პოლიტიკის შესახებ, რომელიც ახალარჩეული პარლამენტის მიერ დამტკიცებული პირველი რეზოლუციაა.

    მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, დოკუმენტში წარმოდგენილია ახალი პუნქტი რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო დავებთან დაკავშირებით ძალისხმევის კიდევ უფრო მეტად გააქტიურების შესახებ, რაც, დეპუტატის განცხადებით, არის საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი.

    საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ორი სახელმწიფოთაშორისი დავა მოიგო: დეპორტაციის საქმე და საქმე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხება და რომელიც, მისი შეფასებით, ჭეშმარიტად ისტორიული გამარჯვებაა ჩვენი ქვეყნისთვის.

    „ორივე სახელმწიფოთაშორისი გადაწყვეტილების აღსრულება ევროსაბჭოს თითოეული წევრის საერთო პასუხისმგებლობაა.

    საქართველოს ხელისუფლება ერთგულია ყველა ძალისხმევისა, რათა სრულყოფილად და ეფექტურად აღსრულდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები.

    საქართველო ეყრდნობა ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მხარდაჭერას სახელმწიფოთაშორისი დავების შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების საქმეში“, - მიმართა ასამბლეის წევრებს მარიამ ქვრივიშვილმა.

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახაბერ კუჭავას განცხადებით, საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებისთვის მყარი სამართლებრივი საფუძველია.

    „საქართველოს მიერ შეტანილი საჩივრების წარმატებული გადაწყვეტა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მოქალაქეების დარღვეული უფლებების აღდგენის ყველაზე ეფექტური საშუალებაა და ემსახურება ადამიანის უფლებებსა და საერთაშორისო სამართალზე დაყრდნობით, ევროპული წესრიგის კონსოლიდაციას“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

    საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არის ისტორიული გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევები ადასტურებს, რომ აგვისტოს ომის დროს რუსეთმა ქართველთა ეთნიკური წმენდა განახორციელა და რომ საქართველო და ქართველი ხალხი 2008 წელს რუსული აგრესიის მსხვერპლი გახდა.

    „ცოტა ხნის წინ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებამ საოკუპაციო ძალა, რუსეთი, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა.

    საქართველომ სასამართლოს წარუდგინა, დაახლოებით, 700 უტყუარი მტკიცებულება და განაცხადა, რომ რუსეთმა კონვენცია უხეშად დაარღვია.

    ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლების დარღვევა, დარღვევა მუხლისა, რომელიც უკავშირდებოდა წამების აკრძალვას, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, გადაადგილების თავისუფლება და ვალდებულება, ეთანამშრომლა სასამართლოსთან.

    სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი ახორციელებდა „ეფექტურ კონტროლს“ სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონში, აფხაზეთსა და „ბუფერულ ზონაში“. ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის წარმომადგენლობა და რუსეთზე დამოკიდებულება ადასტურებს, რომ რუსეთი ინარჩუნებს „ეფექტურ კონტროლს“ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში.

    სასამართლომ დაადგინა, რომ მოვლენები, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მოჰყვა, რუსეთის იურისდიქციაში შედის.

    აღნიშნული გადაწყვეტილება არის ისტორიული, რომლის თანახმადაც, რუსეთმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მთელი რიგი მუხლები დაარღვია. ეს დარღვევები ადასტურებს, რომ აგვისტოს ომის დროს რუსეთმა ქართველთა ეთნიკური წმენდა განახორციელა. საქართველო და ქართველი ხალხი 2008 წელს რუსული აგრესიის მსხვერპლი გახდა“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

    დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა ისიც, რომ სასამართლოს მიერ ამ გადაწყვეტილების გამოტანა დაემთხვა ევროპარლამენტის ანგარიშს საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ, რომელშიც ევროპარლამენტარებმა გამოხატეს შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის სამხედრო ძალები კვლავ ახორციელებენ უკრაინისა და საქართველოს დიდი ნაწილის ოკუპაციას და რომ რუსეთი აგრძელებს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების დესტაბილიზაციას.

    „ხვალ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხს დააყენებს. რუსეთის დელეგაციის წევრები განაცხადებენ, რომ ისინი იმსახურებენ ამ ასამბლეის წევრები იყონ, მაგრამ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ისინი პატივს სცემენ ამ ან ნებისმიერ სხვა ევროპულ ინსტიტუტს?!

    განცხადებები, რომელიც გუშინ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა მათი ქვეყნის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით გააკეთა, არის ნათელი დემონსტრირება იმ უპატივცემულო დამოკიდებულებისა, რომელსაც ისინი კანონზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ იჩენენ“, - მიმართა ასამბლეის წევრებს კახაბერ კუჭავამ.

  • ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

    სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე საქართველოს დელეგაციის წევრი, ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად კიდევ ერთხელ დაამტკიცეს.

    ამასთან, სესიაში ქართული დელეგაციის მონაწილეობის პარალელურად, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ორმხრივი შეხვედრები აქვს დაგეგმილი სტრასბურგში. ის პირისპირ შეხვდება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს რიკ დაემსს, რომელიც დღევანდელ სესიაზე პრეზიდენტად კიდევ ერთხელ აირჩიეს. დაემსის გარდა, ირაკლი კობახიძე ასევე შეხვდება დუნია მიატოვიჩს, ადამიანთა უფლებების საკითხებში ევროკომისარს.

    ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია სტრასბურგში დღეს გაიხსნა და 28 თებერვლამდე გაგრძელდება.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 25-29 იანვარს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მონაწილეობს. ეს არის საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტი, რომელიც მე-10 მოწვევის პარლამენტის ფარგლებში განხორციელდება.

     

  • საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში გაემგზავრა

    საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 25-29 იანვარს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღებს მონაწილეობას. ეს არის საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტი, რომელიც მე-10 მოწვევის პარლამენტის ფარგლებში განხორციელდება.

    საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, სესიაზე მსჯელობის მთავარი თემა გლობალური პანდემია და „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების საკითხი იქნება. დელეგატებს სიტყვით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი მიმართავს.

    მათივე ცნობით, სასესიო და საკომიტეტო მუშაობის პარალელურად, დელეგაციის წევრები მაღალი დონის შეხვედრებს გამართავენ.

    „ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი ირაკლი კობახიძე, დეპუტატებთან ერთად, ასამბლეის პრეზიდენტ რიკ დაემსს, გენერალურ მდივან მარია პეიჩნოვიჩ ბურიჩს, ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარ დუნია მიატოვიჩს, ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს და კომისიის მდივან სიმონა მენგინი-გრანატას, ასევე, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული მთავრობების კონგრესის გენერალურ მდივანს, ანდრეას კლეფერს შეხვდება.

    „2020 წელს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაცია გამართავს პირველ ვიზიტს, ზამთრის სესიაზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ვიზიტის განხორციელება, რადგან არის ბევრი აქტუალური საკითხი, ანგარიში, რომელიც საქართველოს ეხება. ჩვენ ვაპირებთ, ძალიან აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა ამ განხილვებში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც პირველივე დღეს იქნება წარმოდგენილი, გახლავთ ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიის ანგარიში 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით. სადამკვირვებლო მისიის ის მიგნებები, რომელიც მათ დააფიქსირეს. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია მონიტორინგის ანგარიში და ის დადებითი შეფასებები, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს მიმართ“, – განაცხადა სტრასბურგში გამგზავრებამდე დელეგაციის ხელმძღვანელმა, კახა კუჭავამ.

    საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ირაკლი კობახიძე, მარიამ ქვრივიშვილი, გივი მიქანაძე, ირაკლი ჩიქოვანი, თამარ ტალიაშვილი და ფრიდონ ინჯია შედიან.

  • PACE-ს დამკვირვებლები პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებენ დაიკავონ თავიანთი ადგილები პარლამენტში

    სტრასბურგი, 23.11.2020 - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის /PACE/ თანამომხსენებლებმა საქართველოს მონიტორინგის საკითხებზე ტიტუს კორლატეანმა (რუმინეთი) და კლოდ კერნმა (საფრანგეთი) ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდეს პარლამენტში ადგილები დაიკავონ. ამის შესახებ PACE-ს პრეს-სამსახური იუწყება სტრასბურგიდან.

    განცხადებაში კერძოდ ნათქვამია, რომ დარღვევებთან დაკავშირებით ბრალდებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. მიუხედავად ამისა: ”ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ ჩატარებულ დასკვნებსა და შეფასებას, რომლის წევრიც იყო PACE. ამავდროულად, ჩვენ ასევე აღვნიშნეთ დარღვევების მნიშვნელოვანი რაოდენობა, მათ შორის მუდმივი ბრალდებები საარჩევნო გადაცდომის შესახებ, ადმინისტრაციული რესურსები და ზეწოლა ამომრჩევლებსა და პარტიის აქტივისტებზე. ეს ბრალდებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და პასუხისმგებლობის ორგანოებმა დამაკმაყოფილებლად და გამჭვირვალედ უნდა გამოიკვლიონ”, - აღნიშნულია PACE-ს თანამომხსენებლების განცხადებაში.

    წყარო: https://pace.coe.int/en/news/8107/georgia-pace-monitors-call-on-all-political-parties-to-take-up-their-seats-in-parliament

  • ევროსაბჭო მაყურებელს ქართული ფილმების კვირეულს ონლაინ რეჟიმში სთავაზობს

    ახალი კორონავირუსის /COVID-19/ პანდემიის გამო, ევროპის საბჭო მაყურებელს ქართული ფილმების ონლაინ-კვირეულს სთავაზობს. ამ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

    „2019 წლის 27 ნოემბერს საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ამასთან დაკავშირებით სტრასბურგმა არაერთ კულტურულ ღონისძიებას უმასპინძლა. მათ შორის იყო ქართული ფილმების რეტროსპექტივა, რომელიც მარტის თვეში კინოთეატრ „ოდისეში“ გაიმართა.

    ამჯერად, COVID-19-ის პანდემიის გამო, ევროპის საბჭო მაყურებელს ქართული ფილმების კვირეულს ონლაინ რეჟიმში სთავაზობს“, – აცხადებენ ეროვნულ კინოცენტრში.

    მათივე ინფორმაციით, 15 მაისის ჩათვლით მოცემულ ვებგვერდზე კინომოყვარულები შემდეგი ქართული ფილმების ნახვას შესძლებენ:

    ლანა ღოღობერიძის „ოქროს ძაფი“
    ზაზა ხალვაშის „ნამე
    ნუცა ალექსი-მესხიშვილის „კრედიტის ლიმიტი“
    ნინო ჟვანიას „აღლუმი“
    ლევან თუთბერიძის „მოირა
    ლევან კოღუაშვილის „შემთხვევითი პაემნები“
    დიმიტრი ცინცაძის „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე
    სალომე ჯაშის „დაისის მიზიდულობა“
    რატი ონელის „მზის ქალაქი“

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური