ჩინეთმა მაგნიტურ ბალიშებზე მოძრავი მატარებელი წარადგინა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 20 იანვარი 2021 14:52

ჩინეთში წარადგინეს თანამედროვე სატრანსპორტო საშუალების პროტოტიპი, რომელიც გადაადგილდება მაგნიტურ ბალიშებზე. მისი შემქმნელების განცხადებით, ინოვაციურ მატარებელს შეუძლია გახდეს უფრო იაფი და ამავდროულად უფრო სწრაფი ახალი თაობის გადაადგილების საშუალება, რომელიც გადაადგილების სიჩქარით შეიძლება თვითმფრინავებსაც კი შევადაროთ. როგორც გაზეთი South China Morning Post წერს, ნოვატორული მატარებელი ცზიაოტუნის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ქალაქ ჩენდუში წარმოადგინეს.

ულტრათანამედროვე პროტოტიპს შეუძლია 620 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილება, თუმცა მისი შემქმნელები მუშაობენ სიჩქარის 800 კმ/სთ-მდე გასაზრდელად.

მატარებლის კონსტრუქტორებმა ადგილობრივ მედიას განუცხადეს, რომ სანამ ახალი ტექნოლოგია გახდება კომერციულად რენტაბელური, მას აქვს პრობლემები, რომელიც გადასაჭრელია. მათივე შეფასებით ამ პროცესს შესაძლოა, დასჭირდეს 6 წელი. პროექტის მთავარი ინჟინერის განცხადებით, 1 კმ მაგნიტური ხაზის მშენებლობას 250 მლნ იუანი (38,6 მლნ დოლარი) სჭირდება, მაშინ როცა მაღალსიჩქარიანი ლიანდაგის მშენებლობას 200 მლნ იუანი. ეს ღირებულება კი შესაძლოა, შემცირდეს, თუ მასიურად დაიწყება მაგნიტური ხაზების მშენებლობა. კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც მუშაობენ პროექტის ავტორები, ეს ხმაურია, რომლის შემცირებას ინჟინრები აეროდინამიკის გაუმჯობესების შემთხვევაში მიაღწევენ.

წყარო: https://www.bpn.ge/article/77831-620-km-saatshi-chinetma-magnitur-balishebze-mozravi-matarebeli-caradgina/

წაკითხულია 111 ჯერ

Related items

  • ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებში პროფესიონალები ჩაერთვებიან

    ქართული ღვინის ჩინეთის ბაზარზე პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის ღონისძიებებში სერტიფიცირებული პროფესიონალები ჩაერთვებიან.

    ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Meiburg Wine Media” მიერ „ქართული ღვინის საგანმანათლებლო პროგრამის“ ფარგლებში ხუთი ღვინის პროფესიონალი შეირჩა, რომლებიც, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით,  სემინარებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებს ჩაატარებენ. ღვინის ეროვნული სააგენტოსა და  კომპანიის  „Meiburg Wine Media” პირველ ერთობლივ ოფიციალურ საგანმანათლებლო პროგრამას ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა.

    სერტიფიკატები მიიღეს შემდეგმა ღვინის პროფესიონალებმა: ღვინის მაგისტრი ჟულიენ ბულარი (Julien Boulard MW, კომპანია Zhullian Wines დამფუძნებელი); დორიან ტენგი (Dorian Tang, კომპანია ASC Fine Wines ნაციონალური განათლების დირექტორი; ლინგზი ჰე (Lingzi He, გრაპეას ინსტიტუტის დირექტორი);  ტანგ ზუ (Tang Zhu, საკონსულტაციო კომპანია Dragon Phoenix-ის ღვინის ლექტორი); რაინტრე ჯუნ ვეი (Raintree Jun Wei,  ღვინისა და სპირტიანი სასმელების საკონსულტაციო კომპანია Tasting Annex-ის დამფუძნებელი, დირექტორი და მთავარი კონსულტანტი). მათ  პროგრამის ფარგლებში შეისწავლეს ქართული ღვინის წარდგენა, თეორია, დეგუსტაცია და პრაქტიკა, ქართული ღვინის 8000-წლიანი ისტორია, კულტურა და ტრადიციები.

    ჩინეთი რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრად, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2021 წელს, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება გაიმართება.

    სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო

  • გიგანტური პანდის 10-მა ბელმა ჩინელ ხალხს გაზაფხულის ფესტივალის /ჩინური ახალი წელი/ დადგომა მიულოცა

    ჩინეთის პანდას დაცვისა და შესწავლის ცენტრის თანამშრომლებმა დღეს საზოგადოებას წარუდგინეს გიგანტური პანდის 10 ბელი, რომლებიც დაიბადნენ 2020 წლის განმავლობაში ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში /სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთი/, ვოლუნის ბუნებრივი ნაკრძალის შენშუპინის ბაზაზე. 

    ამრიგად, პანდას ბელებმა შეძლეს თავიანთი საუკეთესო სურვილების გადაცემა მთელი ჩინელი ხალხისთვის მომავალი „ჩუნცზეს“, ჩინური მთვარის კალენდრის მიხედვით ტრადიციული ჩინური ახალი წლის დღესასწაულის დადგომასთან დაკავშირებით.

    წყარო: http://russian.news.cn/2021-02/04/c_139719997_4.htm

  • 2020 წელს ჩინეთში 18 489 უკანონო ვებ-გვერდი დაიხურა, ხოლო გაფრთხილება გაცემული იქნა 4551-ზე

    ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინტერნეტ ინფორმაციის სახელმწიფო კანცელარიის მონაცემების თანახმად, 2020 წელს ჩინეთში დაიხურა 18 489 უკანონო ვებ-გვერდი, ხოლო გაფრთხილება გაცემული იქნა 4551-ზე. ამის შესახებ სააგენტო „სინხუა“ წერს.

    ზოგი ვებ-გვერდი გათიშულია ონლაინ კურსების საფარქვეშ არსებული ონლაინ თამაშების ან სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, ზოგი კი დაისაჯა უკანონო მასალის, პორნოგრაფიული და ძალადობრივი შინაარსის კონტენტის გავრცელების გამო.

    2020 წელს, სხვადასხვა დონის ინტერნეტ – საინფორმაციო სააგენტოებმა ასევე წამოიწყეს მთელი რიგი კამპანიები კიბერ-სივრცის გაწმენდის პლატფორმებისაგან, რომლებიც ხელს უწყობენ უკანონო ქმედებებს, უარყოფით გავლენას ახდენენ საზოგადოებაზე და შეიცავენ არასრულწლოვნებისთვის საზიანო ინფორმაციას.

    ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინტერნეტ ინფორმაციის სახელმწიფო კანცელარიის  ოფისი გააგრძელებს უკანონო ვებ-გვერდებისა და ონლაინ პლატფორმების წინააღმდეგ ბრძოლას და მასთან დაკავშირებული სამართალდამცავი ღონისძიებების გაძლიერებას.

  • ჩინეთმა კოსმოსში გაუშვა ჩინეთის სატელიტური დისტანციური ზონდირების ახალი თანამგზავრი

    ჩინეთმა გუშინ კოსმოსში გაუშვა ჩინეთის სატელიტური დისტანციური ზონდირების მეორე ჯგუფის თანამგზავრი "იაოგან-31" /Yaogan-31/. ამის შესახებ სააგენტო „სინხუა“ აქვეყნებს ინფორმაციას.

    მათი მონაცემებით, რაკეტის გაშვება მოხდა პარასკევს, პეკინის დროით 12:47 საათზე, კოსმოდრომ „ცზიუციანიდან“ /სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთი/.

    დანიშნულ ორბიტებში შესვლის შემდეგ, თანამგზავრები ჩაატარებენ გარემოს ელექტრომაგნიტურ კვლევებს და განახორციელებენ შესაბამის ტექნოლოგიურ ტესტირებას.

    თანამგზავრების გაშვება მოხდა თანმხლები რაკეტის „ჩანჩჟენ-4ბ“ /Long March-4C/ გამშვები დანადგარიდან. ეს იყო „ჩანჩჟენ“-ის სერიის გამშვები საფრენი აპარატის 359-ე ფრენა, აღნიშნულია ინფორმაციაში.

    შეგახსენებთ, რომ ჩინეთმა  სატელიტური დისტანციური ზონდირების პირველი ჯგუფის თანამგზავრი „იაოგან-31“, 2018 წელს გაუშვა კოსმოსში.

  • ჩინეთი გააგრძელებს საქართველოს დახმარებას და ჩინეთ-საქართველოს მეგობრულ ურთიერთობებს კიდევ უფრო განამტკიცებს-აცხადებს ჩინეთის ელჩი

    კოვიდ-19-ის ეპიდემიის ფონზე სულ უფრო წარმატებით ვითარდება ჩინურ-ქართული ურთიერთობები. ამ საქმეში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში და მის აღმატებულებას, ქალბატონ ელჩს ლი იენს. ჩვენ ვთხოვეთ მას ესაუბრა ჩინეთის პოლიტიკური ცხოვრების და ქართულ-ჩინური ურთიერთობების შესახებ, რაზეც  ქალბატონი ლი იენი სიამოვნებით დაგვთანხმდა. გთავაზობთ ჩინეთის ელჩთან ექსკლუზიურ ინტერვიუს.

     

    ქალბატონო ელჩო, ბოლო პერიოდში ჩინეთის ტერიტორიაზე დაფიქსირდა კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატება. არის თუ არა ეპიდემიის განმეორების საშიშროება? რა საწინააღმდეგო ზომებს მიმართა ჩინეთის ხელისუფლებამ?

    მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში ეპიდსიტუაცია ზოგადად ეფექტურად კონტროლდება, მძიმე გლობალური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე, იმპორტირებული და სპორადული შემთხვევები გაიზარდა, ბოლო პერიოდში ჩინეთის ზოგიერთ რეგიონში ნაწილობრივ ისევ იჩინა ეპიდემიამ თავი, რაც ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლისათვის საჭირო სამუშაოების გრძელვადიან ხასიათსა და სირთულეებს ცხადყოფს. ჩინეთის მთავრობამ სწრაფი რეაგირება მოახდინა, მყისიერად გაზარდა საინსპექციო და ტესტირების მასშტაბები და პრევენციისა და კონტროლის სხვადასხვა ზომები გააძლიერა, რითაც ეპიდემიის გავრცელების შეჩერება მოკლე დროში მოხერხდა.

    ჩინეთი პრაქტიკაში ამტკიცებს, რომ თანადგომითა და ძალების გაერთიანებით, მეცნიერული ღონისძიებების გატარებით, ეპიდემია კონტროლირებადი და განკურნებადია. ეს გლობალური პანდემიის პრევენციისა და კონტროლის საქმეში ნდობასა და სტიმულს აჩენს. ჩინეთი მტკიცედ განახორციელებს ეპიდემიის ნორმალიზებულ პრევენციასა და კონტროლს, გააგრძელებს  "საერთო მომავლის მქონე საზოგადოების" კონცეფციის მხარდაჭერას, მსოფლიოს ხალხებთან ერთად იბრძოლებს ეპიდემიის წინააღმდეგ და ამ ბრძოლაში საბოლოო გამარჯვების მალე მოპოვებას შეეცდება.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი გაემგზავრა ჩინეთში ახალი კორონავირუსის წარმოშობის წყაროსთან დაკავშირებული სამეცნიერო კვლევის ჩასატარებლად. როგორც საერთაშორისო მედია იუწყება, მათი კვლევა შეფერხებულია, ჩინური მხარე როგორ ახსნის ამ ფაქტს?

    14 იანვარს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცამეტკაციანი ექსპერტთა ჯგუფი ქალაქ უხანში ჩავიდა, სადაც ისინი თოთხმეტდღიან კარანტინს გადიან. ჯანმოს ექსპერტები ჩინელ მეცნიერებთან კოვიდ-19-ის წყაროს საპოვნელად ერთობლივ სამეცნიერო კვლევას ჩაატარებენ, რათა მომავალში უკეთ მოხდეს რეაგირება და შესაძლო საზოგადოებრივი კრიზისის თავიდან აცილება. ჯანმოს შესაბამისი პასუხისმგებელი პირების თქმით, ეს ექსპერტთა ჯგუფი სხვადასხვა ქვეყნის დარგის საუკეთესო ექსპერტებს აერთიანებს. მათი კვლევის მიზანს ვირუსის წარმოშობის გასაგებად მეცნიერული პასუხების მოძიება, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა და მომავალ შესაძლო პანდემიებზე რეაგირება წარმოადგენს.

    კოვიდ 19-ის წარმოშობის წყაროს რაც შეეხება, ამ საკითხზე ჩინეთი ყოველთვის ღიად, გამჭვირვალედ და მაღალი პასუხისმგებლობით ახორციელებდა სამეცნიერო თანამშრომლობას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან. გასული წლის თებერვალსა და ივლისში, როდესაც ჩინეთი ქვეყნის შიგნით ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის მძიმე ამოცანის წინაშე იდგა, ჩინეთმა ორჯერ მიიწვია ჯანმოს ექსპერტები და მხარეებმა კოვიდ 19-ის გლობალური სამეცნიერო თანამშრომლობის გეგმის ჩინურ ნაწილზე ერთად იმუშავეს. ჩინელი ექსპერტები ხშირ კონტაქტში იყვნენ ჯანმოსა და საერთაშორისო ექსპერტებთან ვიდეო შეხვედრების, სემინარებისა და სხვა საშუალებებით, სადაც მეცნიერული სულისკვეთებით, ღიად აცნობდნენ ჩინური მხარის მიერ წარმოშობის წყაროს მოკვლევასთან დაკავშირებულ შედეგებს. ჩინეთი პატივს სცემს მეცნიერებას, პატივს სცემს ფაქტებს, მხარს უჭერს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელობით, მეცნიერებმა და ეპიდემიოლოგებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩაატარონ სამეცნიერო კვლევა წყაროს მისაკვლევად, რათა რაც შეიძლება მალე გაირკვეს სიმართლე და მომავალში შესაძლო საზოგადოებრივი ჯანდაცვის მსგავს კრიზისს უკეთ ვუპასუხოთ.

    როგორ შეაფასებთ ამ ეტაპზე საქართველოში ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს?

    ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლისათვის გატარებულმა მეცნიერულმა და ეფექტურმა  ზომებმა დადებითი შედეგები გამოიღო და ბოლო დროს კოვიდ 19-ის გავრცელებამ სტაბილურად იკლო. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობის ძლიერი ხელმძღვანელობითა და საზოგადოების ფართო ჩართულობითა და ერთობლივი ძალისხმევით, საქართველო ეპიდემიას მალე დაამარცხებს, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა აღდგება და ხალხი ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება.

    ჩინეთი ქართულ მხარეს აქტიურად უზიარებს პრევენციისა და კონტროლის გამოცდილებას. ჩინეთმა საქართველოს სამედიცინო ნივთები და აღჭურვილობა არაერთხელ აჩუქა. ჩინეთი "საერთო მომავლის მქონე საზოგადოების" კონცეფციის მიხედვით მოქმედებს. შემდეგ ეტაპზე, ჩინეთი ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში სხვადასხვა საშუალებით საქართველოს დახმარებას გააგრძელებს და ჩინეთ-საქართველოს მეგობრულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააძლიერებს.

    ესაუბრა გიორგი ოთინაშვილი

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური