მე-13 ბატალიონის პირველი ნაკადი ავღანეთიდან დაბრუნდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 20 იანვარი 2021 13:03

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საერთაშორისო სამშვიდობო მისია დაასრულა. ამის შესახებ თავდაცვის უწყების ადმინისტრაცია იუწყება.

მათი მონაცემებით, ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის დაბრუნების პროცესი უკვე დაიწყო. მშვიდობისმყოფელების პირველ ასეულს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე და პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ზაზა შალამბერიძე დახვდნენ. მათ ჯარისკაცებს ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს, სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითი ბატალიონი ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიას” 6 თვის განმავლობაში, ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებდა. ქვედანაყოფის ძირითად ამოცანას ბაზის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენდა.

ქვედანაყოფის მისიიდან დაბრუნების პროცესი ეტაპობრივად ხორციელდება. მე-13 ქვეითი ბატალიონი როტაციის წესით 32-ე ქვეითმა ბატალიონმა ჩაანაცვლა და უფლებამოსილება ოფიციალურად გადაიბარა.

წაკითხულია 91 ჯერ

Related items

  • „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ქართული კონტინგენტის მორიგი როტაცია განხორციელდა

    ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საერთაშორისო სამშვიდობო მისიის შესრულების მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალების მორიგი ქვედანაყოფი გაემგზავრა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" თავდაცვის სამინისტროს პრესის დეპარტამენტში განუცხადეს.

    მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულის პირადი შემადგენლობა კაპიტან შოთა გიორგაძის მეთაურობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ, დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ლარს უკერვიცმა და ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მიხეილ გოგნაძემ გააცილეს. მათ სამხედრო მოსამსახურეებს მისიის წარმატებით შესრულება და მშვიდობით დაბრუნება უსურვეს.

    ქართველი მშვიდობისმყოფელები ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიას“ გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ შეასრულებენ. ქვედანაყოფი როტაციის წესით აღმოსავლეთ სარდლობის ნაკრებ ასეულს ჩაანაცვლებს და 6 თვის განმავლობაში მისი პასუხისმგებლობა სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულება იქნება. მშვიდობისმყოფელებმა ხუთთვიანი გადასროლისწინა მომზადება გერმანიაში გაიარეს. მათ ბუნდესვერის სამხედრო ბაზებზე ასეულის დონეზე ტაქტიკური, საცეცხლე, სამედიცინო და კავშირგაბმულობის საკითხები შეისწავლეს. გერმანიაში სამხედრო სწავლებამდე კი, შესაბამისი მომზადება საქართველოში ჩაუტარდათ.

     

  • მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონი ავღანეთში გაემგზავრა

    ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიის” შესასრულებლად 32-ე ქვეითი ბატალიონი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა. ქვედანაყოფი მე-13 ქვეით ბატალიონს შეცვლის და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე უფლებამოსილებას ოფიციალურად გადაიბარებს. 

    ქართველი მშვიდობისმყოფელები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ გააცილეს. თავდაცვის ძალების მეთაურმა სამხედრო მოსამსახურეებს მისიის წარმატებით განხორციელება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. 

    მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითმა ბატალიონმა ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის (RSM) გადასროლისწინა მომზადების ყველა ეტაპი საქართველოში გაიარა. 32-ე ქვეითი ბატალიონი მეორე ქართული ქვედანაყოფია, რომელსაც მისიაში გამგზავრებამდე გადასროლისწინა მომზადების დასკვნითი ეტაპი (ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება) გერმანიის ნაცვლად საქართველოში ჩაუტარდა. შეფასება ქართველ ინსტრუქტორებთან ერთად აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლებმა ჩაატარეს და  ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების დონეს მაღალი შეფასება მისცეს. 

    ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ვიცე-პოლკოვნიკ ტარიელ მახარაშვილის მეთაურობით საერთაშორისო სამშვიდობო მისიას 6 თვის განმავლობაში ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებენ. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაგრამის სამხედრო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება.

    თავდაცვის სამინისტროს პრეს-რელიზი

  • ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთში ახალი წელი აღნიშნეს

    ახალი წელი ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღნიშნეს. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს ინფორმაციას.

    მათი მონაცემებით, საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვლადიმერ ნათენაძემ, ბატალიონის კაპელანმა მამა იოანე გელაშვილმა და მმართველმა რგოლმა პირად შემადგენლობას ახალი წლის დადგომა მიულოცეს. ბატალიონის მეთაურმა სამხედრო მოსამსახურეებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. 

    ბატალიონის მეთაური და კაპელანი ბაზის ტერიტორიაზე გამშვებ პუნქტებსა და სათვალთვალო კოშკებზე განწესში მყოფ მშვიდობისმყოფელებთანაც მივიდნენ და ჩურჩხელებითა და ტკბილეულით ახალი წლის დადგომა მიულოცეს. 

    პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის" მისიას ივლისის თვიდან ასრულებს. ბატალიონის ამოცანას ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.

     

  • ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ

    საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის ნაკრებმა ასეულმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია დაასრულა. ქვედანაყოფის ასეული, მაიორ ანტონ ქუთათელაძის მეთაურობით, ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნდა. 

    ქართველ მშვიდობისმყოფელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე - გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი და აღმოსავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე დახვდნენ. მათ მშვიდობისმყოფელებს მისიის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადეს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს. 
    ნაკრები ასეული ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში (RSM) ექვსი თვის განმავლობაში მონაწილეობდა. ასეული ქალაქ ქაბულში ბაზის უსაფრთხოებისა და ძალთა დაცვის ამოცანებს აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა.

  • ქართველ მშვიდობისმყოფელთა ასეული ავღანეთში გაემგზავრა

    ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად ქართველ მშვიდობისმყოფელთა ასეული ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქართველი სამხედროები უმაღლესმა მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და მისმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ გააცილეს. მათ ქართულ კონტინგენტს კოალიციურ ძალებთან ერთად „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს. 

    მშვიდობისმყოფელთა ასეულმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის (RSM) გადასროლისწინა ოთხთვიანი ინტენსიური სწავლების სხვადასხვა ფაზა და დასკვნითი მომზადება საქართველოში გაიარა. აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლებმა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების დონეს მაღალი შეფასება მისცეს. ქართული ასეული საერთაშორისო სამშვიდობო მისიას ავღანეთში აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებს.

    თავდაცვის სამინისტროს პრეს-რელიზი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური