საკოორდინაციო საბჭომ ვაქცინაციის სამოქმედო გეგმა და ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა განიხილა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 18 იანვარი 2021 13:52

ვაქცინაციის სამოქმედო გეგმა, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა განიხილა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

საბჭომ დეტალურად იმსჯელა ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გეგმასა და იმ სამიზნე ჯგუფების შესახებ, რომელთა ვაქცინაცია პირველ რიგში განხორციელდება. როგორც ცნობილია, გეგმა ასევე მოიცავს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ თუ საოპერაციო საკითხებს. 

საბჭოს სხდომაზე ისაუბრეს იმ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოში ვაქცინის შემოსვლის მიმართულებით იდგმება. როგორც ცნობილია, კოვიდვაქცინაციის თემაზე პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისია ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, როგორც ვაქცინის დროული მიღების, ისე ქვეყანაში შესაბამისი გამართული ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის კუთხით. აღსანიშნავია, რომ საქართველოში სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინის პირველი დოზების მიღებასთან დაკავშირებით COVAX პლატფორმის მზაობის დადასტურების პარალელურად, მოლაპარაკებები ერთდროულად რამდენიმე მწარმოებელთან ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში ვაქცინის შემოსვლის უპირველესი წინაპირობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაცია და მისი საერთაშორისო აღიარებაა. 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ მოქმედი შეზღუდვების შედეგად, შეინიშნება ვირუსით ინფიცირების შემთხვევების სტაბილიზაცია და დადებითობის მაჩვენებელი საშუალოდ ბოლო ერთ კვირაში 8,3%-ია, თუმცა ეს მოდუნების საფუძველი არ უნდა გახდეს და კვლავაც უმნიშვნელოვანეს პრევენციულ ღონისძიებებად რჩება სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადეების ტარება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 75%-ია და ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის პროგნოზით, თუ ის 95%-ს მიაღწევს, მაისში ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევები 10-77-ის ფარგლებში იქნება. საბჭომ ასევე იმსჯელა გლობალურად ინფექციის გავრცელების კუთხით არსებულ ვითარებაზე. აღინიშნა, რომ მსოფლიოში, მათ შორის ევროპაში სიტუაცია კვლავ მძიმე რჩება და არაერთმა ქვეყანამ შეზღუდვების გახანგრძლივების თუ გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. 

მსოფლიოში არსებული ტენდენციებისა და ზოგადი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი საქართველოში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის აუცილებლობას. აღინიშნა, რომ აუცილებელია გადაიდგას მაქსიმალურად ფრთხილი ნაბიჯები და თითოეული შეზღუდვის მოხსნა ეფუძნებოდეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების მკაცრ მონიტორინგს, რათა არსებული სტაბილიზაციის შემდეგ, ინფიცირების მაჩვენებლები კვლავ მნიშვნელოვნად არ გაიზარდოს. პრემიერ-მინისტრის დავალებით, შემუშავდება ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა, რომელიც საზოგადოებას უახლოეს პერიოდში წარედგინება. 

ამასთან, მთავრობის მეთაურის დავალებით, ინტენსიურად გრძელდება ერთობლივი მუშაობა კერძო სექტორთან, რადგან ბიზნესმა ვირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული დაცვის მექანიზმების და დამატებითი კომპონენტების გათვალისწინებით, გახსნის ეტაპზე უზრუნველყოს კოვიდუსაფრთხოების მაღალი სტანდარტი.  

გარდა ამისა, შესაბამისი უწყებების მხრიდან აქტიურად კონტროლდება ქვეყნის მასშტაბით დღეს მოქმედი შეზღუდვების აღსრულება. სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 107 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, 121 ფიზიკური პირი დააჯარიმა. მათ  შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00-დან 05:00 საათამდე მოქმედი გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე კი ბოლო 24 საათის განმავლობაში 986 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებით აკრძალული საქმიანობის განხორციელების  საფუძვლით დაჯარიმდა 3 ობიექტი, რომელიც მათ შორის გასართობ დაწესებულებაში, ხალხმრავალი სოციალური ღონისძიების ორგანიზებას გულისხმობდა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სანქციის გარდა, ობიექტებს საქმიანობა შეუჩერდათ. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 247 915 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 234 636 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 2 958 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 460 ადამიანი,  კლინიკურ სასტუმროებში - 634 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 3 670 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

წაკითხულია 96 ჯერ

Related items

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაკავებული თანამდებობიდან საკუთარი სურვილით გადადგა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დაკავებული თანამდებობიდან საკუთარი სურვილით გადადგა. ამის შესახებ გ. გახარიამ განცხადება რამდენიმე წუთის წინ პირდაპირ ეთერში გააკეთა.

    გ. გახარიას თქმით, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის დიდი საფრთხე.

    მისივე განცხადებით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან საერთო შეთანხმებას ვერ მიაღწია.

    „იქიდან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ, ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ჩემს გუნდთან ერთად ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ დარწმუნებული ვარ, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება ჩვენს შორის ჩვენი ქვეყნის მომავლის ყველაზე დიდი რისკია“, - აღნიშნა გ. გახარიამ პირდაპირ ეთერში გამოსვლისას.

    შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრს გადადგომისთანავე უფლებამოსილება უწყდება. გადამდგარია მთავრობაც, რომელიც მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე განაგრძობს.

    პარლამენტს კი, ორკვირიანი ვადა აქვს, რომ ნდობა ახალ პრემიერ- მინისტრს და მის მიერ შეთავაზებულ კაბინეტს გამოუცხადოს. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.

    თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.

  • დღეიდან საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საჰაერო საზღვარზე შემოსვლის განახლებული რეჟიმი ამოქმედდა

    პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საჰაერო საზღვარზე შემოსვლის განახლებული რეჟიმი შეიმუშავა, რომელიც პირველი თებერვლიდან ამოქმედდა.

    კერძოდ, საჰაერო საზღვრის კვეთის ახალი რეჟიმით, პირველი თებერვლიდან, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ არჩევანის უფლება, შემოვიდნენ ქვეყანაში PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით და გადაინაცვლონ 8-დღიან თვითიზოლაციაში, ან თვითიზოლაციის ნაცვლად, მესამე დღეს, საკუთარი ხარჯით კიდევ ერთი PCR-ტესტი ჩაიტარონ, რა შემთხვევაშიც თვითიზოლაციიდან თავისუფლდებიან. ხოლო, საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც საჰაერო საზღვრით შემოსვლისას თან არ ექნებათ ნეგატიური PCR-ტესტი, დღეს მოქმედი 12-დღიანი თვითიზოლაციის ვადა 8 დღემდე მცირდება.

    რაც შეეხება უცხო ქვეყნების ვიზიტორებს, ისინი ნებისმიერი ტიპის კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების, რაც ორ სრულ დოზას გულისხმობს, დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, საქართველოში უპირობოდ შემოსვლას შეძლებენ.

    თვითიზოლაციის ვალდებულება უქმდება არავაქცინირებული ვიზიტორებისთვის, რომლებიც არიან - ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების და ბაჰრეინის მოქალაქეები ან რეზიდენტები. აღნიშნული ქვეყნებიდან საქართველოში, მათ შორის ტრანზიტულად შემოსვლის შემთხვევაში, მოქალაქე ან რეზიდენტმა ვიზიტორებმა უნდა წარადგინონ 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, მესამე დღეს, საკუთარი სახსრებით სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR-ტესტი.

    ამ ეტაპზე მოქმედი რეჟიმი შენარჩუნდება სახმელეთო საზღვრებთან მიმართებაში.

    საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაცია

  • ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე რეგიონში არსებული ვითარება და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები განიხილეს

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მუჰამედ ჯავად ზარიფს შეხვდა.

    საუბრის მთავარი თემები იყო რეგიონში არსებული ვითარება, მათ შორის ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და საქართველოს მნიშვნელოვანი როლი, როგორც რეგიონის ეკონომიკური განვითარების, ასევე რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

    შეხვედრაზე ორმხრივ და რეგიონულ ურთიერთობებთან  დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ორმხრივი ურთიერთობის კონტექსტში, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების, ორი ქვეყნის სატრანზიტო, სატრანსპორტო კომუნიკაციის განმტკიცებას და ამ კუთხით არსებული პოტენციალის გამოყენებას, ასევე ამ სფეროებში არსებული სირთულეების დროულად მოგვარების მნიშვნელობას.

    საუბარი ასევე შეეხო პანდემიის მხრივ ორივე ქვეყანაში არსებულ ვითარებას და სამომავლო გეგმებს.

    ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დაესწრო.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

  • აზერბაიჯანში COVID-19 -ის ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

    18 იანვარს აზერბაიჯანში COVID-19 -ის ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ამის შესახებ სააგენტო „სინხუა“ იუწყება.

    მათი ინფორმაციით, ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

    აზერბაიჯანის ჯანდაცვის მინისტრი ოქტაი შირალიევი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ორშაბათს აიცრა და ეს მან ყველას თვალწინ გააკეთა.

    როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს,  აზერბაიჯანმა 2 მილიონი ადამიანისთვის 4 მილიონი დოზა ჩინური წარმოების ვაქცინა Sinovac Biotech-ი შეიძინა. ერთი ადამიანი მიიღებს ვაქცინის ორ დოზას. ვაქცინის მეორე დოზის გაკეთება მოხდება პირველი დოზის მიღებიდან 21 დღის შემდეგ.

  • თურქეთის პრეზიდენტი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

    თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) ბოლო 24 საათში 170 ადამიანი გარდაიცვალა და ამით დაღუპულთა მთლიანი რიცხვი 23 ათას 495 გახდა.  ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

    იმავე პერიოდში ჩატარებული იქნა 169 ათას 847 ტესტირება. დღიური მთლიანი შემთხვევების რაოდენობა 8 ათას 962 არის და აქედან სიმპტომები აღენიშნება და ავად არის 958 ადამიანი.

    საავადმყოფოებიდან გაწერილი იქნა 9 ათას 11 ადამიანი, რითაც გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 2 მილიონ 236 ათას 938-მდე გაიზარდა.

    მეორეს მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარის საქალაქო საავადმყოფოში კოვიდ -19-ის ვაქცინა ტელე-კამერების წინ გაიკეთა.

    რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, სოციალურ ქსელ Telegram–ით გაკეთებულ გზავნილში აღნიშნა: ”ვაქცინა მეც გავიკეთე.“

    ვაქცინაციის პირველ დღეს, პრიორიტეტულ ჯგუფში შემავალი სამედიცინო პერსონალიდან 285 ათას ადამიანს გაუკეთდა ვაქცინა. ჯანდაცვის მუშაკების შემდეგ სხვა პრიორიტეტული ჯგუფების ვაქცინაცია მოხდება.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური