საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მოქმედი შეზღუდვები პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 13 იანვარი 2021 11:16

ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების რეჟიმი პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მთავრობის მეთაურის დავალებით, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის დაწყებამდე, ინტენსიური შეხვედრები გაიმართება ბიზნესის წარმომადგენლებთან, რათა შეზღუდვების მოხსნის მომდევნო ეტაპს ისინი მაქსიმალურად მომზადებული შეხვდნენ და უზრუნველყოფილი იყოს ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები როგორც სავაჭრო სფეროში, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ  ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე სამუშაოები და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილა. აღინიშნა, რომ მოქმედი შეზღუდვების შედეგად, შეინიშნება ვირუსით ინფიცირების შემთხვევების სტაბილიზაცია, თუმცა ეს მოდუნების საფუძველი არ უნდა გახდეს და კვლავაც უმნიშვნელოვანეს პრევენციულ ღონისძიებებად რჩება სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადეების ტარება.

საკოორდინაციო საბჭომ კოვიდვაქცინაციის თემაზე პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ გადადგმული ნაბიჯები განიხილა და საგარეო საქმეთა მინისტრისგან განახლებული ინფორმაცია მიიღო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მიერ ამ კუთხით გაწეული სამუშაოს შესახებ. აღინიშნა, რომ ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს მოლაპარაკებები ერთდროულად რამდენიმე მწარმოებელთან, რათა ქვეყანაში ვაქცინა რაც შეიძლება მალე შემოვიდეს, თუმცა ამის უპირველესი წინაპირობა ვაქცინის საერთაშორისო აღიარებაა - ის უნდა იყოს პრეკვალიფიცირებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და ჰქონდეს საერთაშორისო აღიარება. ამასთან, აღინიშნა, რომ ქვეყანაში უკვე არსებობს ვაქცინების შენახვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და არსებული შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით ინტენსიური მუშაობა გრძელდება. ამასთან, სპეციალური კომისია აქტიურად მუშაობს ვაქცინის დანერგვის გეგმაზე, რომელიც შესაბამის სამიზნე ჯგუფებს და ქვეყანაში ვაქცინაციის ჩატარების ეტაპებს განსაზღვრავს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 239 780 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 226 215 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 2 796 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 506 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 722 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 3 929 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

წაკითხულია 165 ჯერ

Related items

  • იაპონია “მოდერნას“ ვაქცინას ბავშვებზეც გამოიყენებს

    იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილმა კოვიდ-19-ის მრჩეველთა საბჭომ, ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Moderna-ს მიერ დამზადებული ახალი ტიპის კორონავირუსის ვაქცინის გამოყენება, 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვისაც დაამტკიცა. ამის შესახებ "TRT-ქართული" წერს.

    იაპონური საინფორმაციო სააგენტო Kyodo–ს ახალი ამბების თანახმად, რომელიც ეყრდნობა ჯანდაცვის სამინისტროს წყაროებს, ამ თვეში მოსალოდნელია ვაქცინის დამტკიცება თვით სამინისტროს მხრიდანაც და ეს მათ საშუალებას მისცემთ ვაქცინის უფასოდ წარმოება, როგორც იმუნიზაციის მთავრობის ეროვნული პროგრამის ნაწილი. გარდა ამისა, მრჩეველთა კომიტეტმა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ასევე დაამტკიცა ანტისხეულების კოქტეილი, რომელიც შედგება აქტიური ნივთიერებების კომბინაციისგან, სახელწოდებით "casirivimab/კაზირივიმაბი" და "imdevimab/ინდევიმაბი". პროტეინის ტიპის ანტისხეულების შემადგენლობა  მონოკლონური ანტისხეულებისგან შესდგება, რომელსაც ეწოდება "კაზირივიმაბი" და "ინდევიმაბი", რომლებიც შექმნილია კონკრეტული სტრუქტურის ამოცნობისა და დამაგრების მიზნით.

  • კოვიდ-19 საწინააღმდეგო "ფაიზერის" ვაქცინის 500,000 დოზა უკვე თბილისშია

    კოვიდ-19 საწინააღმდეგო "ფაიზერის" ვაქცინის 500,000 დოზა უკვე თბილისშია. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაცია აქვეყნებს ინფორმაციას. "ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საჩუქარი ქართველი ხალხისთვის და ნაწილი ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის ძალისხმევისა გლობალური პანდემიის დასამარცხებლად", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა აღიარებული. „ფაიზერით“ იმუნიზაცია მოქალაქეებს 37 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ. „ფაიზერით“ ვაქცინაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვის იქნება შესაძლებელი. „ფაიზერის“ პირველ დოზაზე რეგისტრაცია მოქალაქეებს 24 ივლისიდან 12:00 საათიდან შეეძლებათ, აცრის პროცესი კი 26 ივლისიდან დაიწყება. „ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.

    COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ - 15 22-ს. წინასწარი ჯავშნების შესახებ საბოლოო დასტური მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში, მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიუვათ.

    COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!
    ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

    „ფაიზერმა“ ვაქცინა გერმანულ პარტნიორ კომპანია „ბიონტექთან“ ერთად შექმნა. 

    "ფაიზერით" ვაქცინაციისთის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე - https://booking.moh.gov.ge

     

     

     

  • ევროკავშირი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს COVID-19 მასობრივი ვაქცინაციისთვის მზაობაში ეხმარებიან

    72 მაღალი ხარისხის ლეპტოპი, ვაქცინების სატარებელი 200 ყუთი, ყინულის 300 სამედიცინო მაცივარი და მათი აქსესუარები, 300 თერმომეტრი, სპეციალიზებული ვაქცინაციის ავტომობილი - ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ დახმარებისა, რომელსაც ევროკავშირი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია უწევენ საქართველოს COVID-19-ის მასობრივი ვაქცინაციისთვის მოსამზადებლად.

    დღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ევროკავშირის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე, კატალინ გერმანი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, სილვიუ დომენტე ეწვივნენ, მოწყობილობების ნაწილი გადასცეს და ვაქცინაციის პროცესის წარმატებით განხორციელებისთვის საჭირო საკითხებიც განიხილეს.

    ეს დახმარება მხოლოდ ნაწილია იმ დიდი მხარდაჭერისა, რომელსაც ევროკავშირი და WHO უწევს საქართველოს. პანდემიის დაწყებიდანვე ევროკავშირი და WHO საქართველოს COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის დაძლევასა და ზოგადად, ჯანდაცვის სექტორის მზაობის გაუმჯობესებაში ეხმარებიან. ახლა კი, ვაქცინაციის მხარდაჭერის ინიციატივის ფარგლებში საქართველო იღებს ისეთ დახმარებას, როგორიცაა საჭირო მოწყობილობები, პროგრამებისა თუ აპლიკაციების შექმნა, ვაქცინაციის პროცესში ჩართული პერსონალის ტრენინგი, ვაქცინების ეფექტიანობის მონიტორინგი და საკომუნიკაციო საქმიანობის მხარდაჭერა.

    „ვაქცინები და მათი მიწოდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პანდემიის დასაძლევად. რამდენიმე დღის წინ საქართველომ ავსტრიისგან მიიღო ვაქცინები, ხოლო დღეს კი WHO-სთან ერთად გადავცემთ მოწყობილობებს, რათა ვაქცინების გამოყენება რაც შეიძლება ეფექტურად მოხდეს, მაქსიმალური ზეგავლენის მისაღწევად. ევროკავშირი და ევროპის გუნდი აგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას პანდემიის პერიოდში,“ - ამბობს კატალინ გერმანი, ევროკავშირის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადილე.

    „ველით, რომ მასობრივი ვაქცინაცია საქართველოში ივლისში დაიწყება და იმედი გვაქვს, ეს მოწყობილობები ვაქცინაციის ჯგუფებს საქმიანობის ეფექტურად შესრულებაში დაეხმარება. ასევე, იმედი გვაქვს, რომ სასარგებლო იქნება ის მხარდაჭერა, რომელსაც საქართველო იღებს ევროკავშირის და WHO-ს ერთობლივი ინიციატივების ფარგლებში,“ - ამბობს სილვიუ დომენტე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი.

    ეს დახმარება ევროკავშირისა და ევროპის გუნდის მიერ გაწეული უფრო ფართო მხარდაჭერის პაკეტის ნაწილია, რომლის მოცულობაც ახალი და გადანაწილებული დახმარების სახით 1.5 მილიარდ ლარს შეადგენს და რომლის მიზანია საქართველოს პანდემიასთან გამკლავებაში დაეხმაროს. ეს არის მსოფლიო მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და ამ უპრეცედენტო კრიზისის პერიოდში საქართველოს მიმართ ევროკავშირის ძლიერ სოლიდარობაზე მიანიშნებს.

    გარდა ამისა, ევროკავშირი და ევროპის გუნდი, მათ შორის ევროკომისია, ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერები არიან COVAX-ის პლატფორმისა, რომლის საშუალებითაც საქართველომ ვაქცინის პირველი დოზები მიიღო. ევროკავშირმა და ევროპის გუნდმა განაცხადეს პლატფორმისთვის 870 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის მხარდაჭერის შესახებ.

     

  • "pfizer"-ის ვაქცინა უკვე საქართველოშია!
    საქართველოში საყოველთაო ვაქცინაცია იწყება. ამერიკულ-გერმანული წარმოების "pfizer"-ის ვაქცინა უკვე საქართველოშია. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაცია იტყობინება.
    "pfizer"-ის ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა აღიარებული.
    "pfizer"-ით იმუნიზაცია მოქალაქეებს პირველ ეტაპზე 7 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ.
    "pfizer"-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 საათიდან შეეძლებათ, აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება.
    "pfizer"-ის ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.
    "pfizer"-ით ვაქცინაცია 18 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის იქნება შესაძლებელი.
    "pfizer"-მა ვაქცინა გერმანულ პარტნიორ კომპანია „ბიონტექთან“ ერთად შექმნა.
    უსაფრთხოებიდან გამომდინარე „ფაიზერითა" და "ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია მხოლოდ კლინიკებში იქნება შესაძლებელი. ხოლო ჩინური ვაქცინებით "სინოფარმით" და "სინოვაკით" იმუნიზაცია მოქალაქეებს დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებშიც შეეძლებათ.
    "pfizer"-ით ვაქცინაციისთის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე - https://booking.moh.gov.ge/Hmis/Hmis.Queue.Web/#/
    COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ - 144-3.
    "pfizer"-თან ხელშეკრულების ფარგლებში საქართველო ეტაპობრივად 1 000 350 დოზა ვაქცინას მიიღებს.
    COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!
    ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.
  • ჩინური "ასტრაზენეკას" ვაქცინის 5000 დოზა საქართველოშია

    საქართველოში ავსტრიის საელჩოსა და ავსტრიის მთავრობის ჰუმანიტარული დახმარების სახით, საქართველოს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 5000 დოზა გადმოეცა.
    ავსტრიის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გამოყოფილი ვაქცინა თბილისში ჩამოვიდა.

    ტვირთს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში ავსტრიის ელჩი თომას მიულმანი დახვდნენ. 
    აღსანიშნავია, რომ ვაქცინების გადმოცემის გადაწყვეტილების შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე შალენბერგმა თბილისში ვიზიტის დროს,ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
    ავსტრიელ კოლეგას,საქართველოსთვის ვაქცინის გადმოცემის საკითხში შეტანილი პირადი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა: „მადლიერი ვარ ჩემი ავსტრიელი კოლეგის, ალექსანდრე შალენბერგის,COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში ერთობლივ ძალისხმევასა და თანამშრომლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თქვენი მხარდაჭერა უაღრესად დასაფასებელია!"- წერს საქართველოს ვიცე-პრემიერი "ტვიტერის"ოფიციალურ გვერდზე.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური