ილჰამ ალიევმა ქ. შუშა აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქად გამოაცხადა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 06 იანვარი 2021 11:10

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მდებარე ქალაქი შუშა აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქად გამოაცხადა. ამის შესახებ მან კულტურის მინისტრად ანარ ქარიმოვის დანიშვნასთან დაკავშირებული ვიდეო-კონფერენციის მსვლელობის დროს განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო "ინტერფაქსი" ავრცელებს.

პრეზიდენტმა ალიევმა ხაზი გაუსვა, რომ შუშაში დაიწყო სამუშაოები ქალაქის სრულმასშტაბიანად აღსადგენად. „მე ვაცხადებ ქალაქ შუშას აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქად. ქალაქი შუშა ამას იმსახურებს. მივიჩნევ, რომ ქალაქი შუშა შეიძლება ჩაითვალოს არ მხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ რეგიონის კულტურულ დედაქალაქად. შუშას აღდგენაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ჩემი დავალებით, იქ ბევრი თანამშრომელი გააგზავნეს. უნდა ჩატარდეს ისტორიული ძეგლების აღწერა, ზუსტად უნდა დაითვალონ მიყენებული ზიანი და უნდა დავიწყოთ ქალაქ შუშას რესტავრაცია“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

პრეზიდენტმა ალიევმა ასევე განაცხადა, რომ შუშაში უნდა ჩატარდეს ვაგიფის პოეზიის დღეები და "ჰარა ბულბულის" ფესტივალი". "დაგეგმეთ, რომ ეს ორი ღონისძიება - ვაგიფის პოეზიის დღეები და "ჰარა ბულბულის" ფესტივალი წელს შუშაში ჩატარდება”, - დასძინა ქვეყნის მეთაურმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მან დაავალა საერთაშორისო აეროპორტის აშენება აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მყოფ ქალაქ ფიზულიში.

შეგახსენებთ, კონფლიქტის ზონაში მდებარე ქალაქი შუშა აზერბაიჯანის მხარემ 8 ნოემბერს დაიკავა.

წაკითხულია 196 ჯერ

Related items

  • ბაქო და თბილისი დაძმობილებული ქალაქებია, თუმცა, ორ ქვეყანას შორის ყოველთვის მეგობრული ურთიერთობები არსებობდა-კ. კალაძე

    თბილისის მერი კახა კალაძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. როგორც "ნიუს დეი საქართველოს" თბილისის მერიაში განუცხადეს, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
    ხაზი გაესვა თბილისისა და ბაქოს დაძმობილების მნიშვნელობას, რომლის მემორანდუმს გუშინ მოეწერა ხელი. გამოითქვა იმედი, რომ მემორანდუმი ხელს შეუწყობს ორი მეგობარი ქალაქის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას და თანამშრომლობის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით.
    „მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ბაქო და თბილისი დღეიდან დაძმობილებული ქალაქებია, თუმცა, ორ ქვეყანას შორის აქამდეც ყოველთვის ძმური და მეგობრული ურთიერთობები არსებობდა. აზერბაიჯანი პირადად ჩემთვის არის მეგობარი ქვეყანა, აქ ბევრი მეგობარი მყავს. თქვენს დედაქალაქს ენერგეტიკის მინისტრის რანგშიც ხშირად ვსტუმრობდი და როგორც ვხედავ, ის დღითიდღე ლამაზდება. მადლობა მინდა გადაგიხადოთ შესანიშნავი მასპინძლობისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
    შეხვედრაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ისაუბრა ბაქოსა და თბილისის დაძმობილების მნიშვნელობაზე და აღნიშნა კახა კალაძის პირადი წვლილი საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების განმტკიცებაში.
    „მოგესალმებით აზერბაიჯანში. ვიცი, რომ გუშინ ხელი მოაწერეთ მეტად მნიშვნელოვან შეთანხმებას ბაქოსა და თბილისის დაძმობილების შესახებ. ჩვენს ქვეყნებს, ხალხებს შორის ყოველთვის არსებობდა ძმური ურთიერთობები და ამჯერად, ჩვენი დედაქალაქების დაძმობილება ჩვენი ძმობის ბუნებრივი გაგრძელებაა. მსოფლიოში ბევრი ლამაზი ქალაქია, მაგრამ ბაქო და თბილისი გამოირჩევიან მათთვის დამახასიათებელი სილამაზით და კულტურით, იმით, რომ დიდ ყურადღებას უთმობენ ისტორიულ ძეგლებს. ვიცი, რომ თქვენ დიდ ძალისხმევას იჩენთ თბილისის კეთილმოწყობისთვის, ასევე, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებისთვის“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
    თბილისის მერი კახა კალაძე აზერბაიჯანის დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

  • აზერბაიჯანის საგარეო უწყება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან დაძაბულობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან დაძაბულობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    „2020 წლის სამმხრივი განცხადების თანახმად, ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად, აზერბაიჯანის სასაზღვრო ჯარები დისლოცირდება ჩვენი ქვეყნის პოზიციებზე სომხეთთან მოსაზღვრე ლაჩინისა და ქელბაჯარის რაიონებში, რომლებსაც აქვთ რთული მთიანი რელიეფი და კლიმატური პირობები. ეს პროცესი ხორციელდება ჩვეულ რეჟიმში და სისტემატურად“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

    როგორც აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, საზღვრის დაცვის სისტემების გაძლიერების ზომები ხორციელდება მხარეების ხელთ არსებული რუკების საფუძველზე, რომლებიც განსაზღვრავს საზღვარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.

    „დამოუკიდებლობის აღდგენის მომენტიდან ორ ქვეყანას შორის გასაგები მიზეზებით არ ყოფილა სახელმწიფო საზღვარი და ამ მიზეზით ჩვენ ვსაუბრობთ რთულ ტექნიკურ პროცესზე, რომელსაც ამჟამად თან ახლავს მხარეებს შორის უთანხმოება. გაკვირვებას იწვევს, რომ სომხურმა მხარემ ამ პროცესზე არაადეკვატური რეაგირება იქონია და პროვოკაციული განცხადება გააკეთა. მიუღებლად მიგვაჩნია ოფიციალური წრეების მცდელობები, გამოიყენონ ეს საკითხი პოლიტიკური მიზნებისთვის სომხეთში წინასაარჩევნო სიტუაციასთან დაკავშირებით“, – აცხადებენ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

    აზერბაიჯანული მხარის ცნობით, 12 მაისიდან საზღვრის ამ მონაკვეთზე გაგზავნილია აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელობა, მიმდინარეობს მოწინააღმდეგე მხარის მესაზღვრეებთან მოლაპარაკებები და იდგმება ნაბიჯები ვითარების ნორმალიზებისთვის.

    „ვურჩევთ სომხურ პოლიტიკურ და სამხედრო წრეებს, არ ჩავარდნენ პანიკაში, მიიღონ სახელმწიფოთაშორისი სასაზღვრო რეჟიმის რეალობა აზერბაიჯანის ზანგილანის, გუბადლინის, ლაჩინისა და ქელბაჯარის რაიონების გასწვრივ და არ გაამწვავონ ვითარება რეგიონში. ასეთი შემთხვევები შესაძლებელია და უნდა გადაწყდეს ორივე მხარის სამხედროებს შორის ორმხრივი კონტაქტების გზით“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში, რომელსაც ადგილობრივი მედია ავრცელებს.

    შეგახსნებთ, გუშინ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანი სომხეთის სუვერენიტეტის ხელყოფაში და პროვოკაციულ ქმედებებში დაადანაშაულა. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა გადაკვეთეს სომხეთის სახელმწიფო საზღვარი სიუნიქის რაიონში.

    წყარო: https://1tv.ge/news/azerbaijanis-sagareo-uwyeba-somkhet-azerbaijanis-sazghvartan-dadzabulobastan-dakavshirebit-ganckhadebas-avrcelebs/

  • ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებულ რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე ისაუბრეს

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბაქოში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრით დაიწყო. ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს „ზაგულბას" სასახლეში უმასპინძლა.

    მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრულ ურთიერთობებზე და ხაზი გაუსვეს ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებულ რეგიონული მნიშვნელობის წარმატებულ პროექტებს.

    "ბატონო პრემიერ-მინისტრო, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება. ძალიან გვიხარია თქვენი ნახვა. დარწმუნებული ვარ, რომ ვიზიტი ძალიან წარმატებული იქნება და ჩვენს ძმურ ურთიერთობას გააძლიერებს ჩვენს ერებს შორის არსებული ისტორიული საფუძვლიდან. ჩვენი ძმური ურთიერთობა საუკუნეებს ითვლის. ეს კარგ ფუნდამენტად მიგვაჩნია ჩვენი არსებული ურთიერთობის განვითარებისთვის, რაც დინამიკურობით ხასიათდება და მრავალ სფეროს მოიცავს.
    ძალიან მოხარული ვართ, რომ გვსტუმრობთ. ჯანმრთელობას გისურვებთ. ვიცი, რომ კორონავირუსით იყავით ინფიცირებული და ვიზიტის გადაწევა მოგვიწია. მიხარია, რომ მალე გამოჯანმრთელდით.

    ჩვენ ერთობლივი პროექტების განხორციელების ძალიან კარგი ისტორია გვაკავშირებს, მათ შორის ენერგეტიკის და ტრანსპორტის სფეროებში. აღნიშნულმა პროექტებმა შეცვალა რეგიონში არსებული სიტუაცია პოლიტიკური, ეკონომიკური, სატრანსპორტო მიმართულებით.

    ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძლიერი პარტნიორული ურთიერთობების გარეშე ამ პროექტების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა.

    გასული წლის ბოლო დღე სამხრეთის გაზის მილსადენის პროექტის განხორციელების ბოლო დღეს დაემთხვა, რომელსაც უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ კავკასიის, არამედ ფართო რეგიონის განვითარებისთვის, სტაბილურობისთვის, პროგნოზირებადობისა და თანამშრომლობისთვის. ჩვენი თანამშრომლობის გარეშე ყოველივე ეს შეუძლებელი იქნებოდა.

    მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას პროექტების განხორციელების უწყვეტი მხარდაჭერისთვის. ყველა ეს ინიციატივა წარმატებულ ამბავს წერდა ჩვენს ისტორიაში. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც ასევე გაგრძელდება. ახლახან გარკვეულ მონაცემებს გადავავლე თვალი და შევიტყვე, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ეკონომიკაში კვლავ უმსხვილეს ინვესტორებს შორისაა. ეს ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების დამსახურებაა, რითაც დადებითი და ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატი შეიქმნა. ვიცი, რომ ბევრ აზერბაიჯანულ კომპანიას სურს თქვენს ქვეყანაში მუშაობა და იმედი მაქვს, რომ ასეც მოხდება.
    დღეს მიმოვიხილავთ აქამდე მიღწეულ შედეგებს და სამომავლო ნაბიჯებს დავგეგმავთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით აზერბაიჯანში და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ!- აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

    საქართველოს მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და იგი მისთვის ხელსაყრელ დროს, ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მიიწვია.

    „დიდი მადლობა შეხვედრისთვის, ბატონო პრეზიდენტო! ძალიან სასიამოვნოა ბაქოში კვლავ თქვენთან შეხვედრა. მართალია, კორონავირუსით ინფიცირების გამო ვიზიტის გადადება მოგვიწია, მაგრამ გვიხარია, რომ დღეს ბაქოში ვართ.

    თქვენ ბრძანეთ, რომ ბრწყინვალე ურთიერთობა გვაქვს და რომ ეს ძმობა საუკუნეებს ითვლის. თქვენი მამის მიერ თბილისში ნათქვამი სიტყვები მინდა გავიხსენო, რომელმაც ბრძანა, რომ ჩვენ მეზობლობა ბედმა გვარგუნა. ქართველი და აზერბაიჯანელი ერების მეზობლობა ჩვენი ბედისწერაა. ამდენად, ურთიერთდაკავშირებულნი და ურთიერთდამოკიდებულნი ვართ.

    როგორც თქვენ აღნიშნეთ, უმნიშვნელოვანესი და ისტორიული პროექტები გვაქვს განხორციელებული. ამიტომ, მიზანდასახულნი ვართ, რომ ასევე გავაგრძელოთ, მეტი პროექტი განვახორციელოთ ერთად, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ურთიერთობებს. ამიტომ, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ბაქოში ჩვენი ოფიციალური დელეგაციის მიღებისთვის. მინდა, ვისარგებლო შესაძლებლობით და თბილისში მოგიწვიოთ თქვენთვის მოსახერხებელ დროს",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

  • ილჰამ ალიევი - ჩვენ ვახორციელებთ ზანგეზურის დერეფნის გეგმას, თუ სურს ეს სომხეთს, მაშინ უფრო მარტივად გადავწყვეტთ მას

    ჩვენ ვახორციელებთ ზანგეზურის დერეფნის გეგმას, სურს თუ არა ეს სომხეთს, თუ მას სურს, მაშინ ჩვენ უფრო მარტივად გადავწყვეტთ, თუ მას არ სურს, ჩვენ ძალით გადავწყვეტთ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

    ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანელი ხალხი ზანგეზურში დაბრუნდება, რომელიც აზერბაიჯანს 101 წლის წინ წაართვეს.

    ზანგეზურის დერეფნის შექმნა სრულად აკმაყოფილებს ჩვენს ეროვნულ, ისტორიულ და სამომავლო ინტერესებს. ჩვენ ვახორციელებთ ზანგეზურის დერეფნის გეგმას, სურს თუ არა ეს სომხეთს. თუ მას სურს, ჩვენ უფრო მარტივად გადავწყვეტთ, თუ მას არ სურს, ჩვენ ძალით გადავწყვეტთ. ისევე როგორც ომამდე და ომის დროს, მე ვთქვი, რომ ისინი საკუთარი ნებით უნდა გავიდნენ ჩვენი მიწებიდან, თორემ ძალით გავაძევებთ. ასეც მოხდა. იგივე იქნება ზანგეზურის დერეფნის ბედიც. ჩვენი მთავარი კონკურენტი დროა, რადგან რკინიგზისა და მაგისტრალის მშენებლობას დრო სჭირდება. ამიტომ, მობილიზებულია ყველა ძალა ამ პროექტის განსახორციელებლად. ამრიგად, აზერბაიჯანელი ხალხი დაუბრუნდება 101 წლის წინ წართმეულ ზანგეზურს“, – განაცხადა ალიევმა.

    აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებას სომხეთის ხელისუფლების მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. ოფიციალურმა ერევანმა ილჰამ ალიევის განცხადება დაგმო.

    სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ქვეყანა ყველა საჭირო ზომას მიიღებს.

    „ჩვენ მკაცრად ვგმობთ აზერბაიჯანის პრეზიდენტის მისწრაფებებს გამოიყენოს ძალა სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ასეთი განცხადებები სერიოზულად აზიანებს რეგიონალურ მშვიდობას და სტაბილურობას. ისინი ავლენენ აზერბაიჯანის ბოლოდროინდელი განცხადებების სიყალბეს მშვიდობასა და შერიგებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ასეთი საფრთხეები ხორციელდება სომხეთის გენოციდის წლისთავთან დაკავშირებით, რომლის მიზანია სომეხი ხალხისთვის ძალის პოზიციიდან საუბარი. ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვაქვს როგორც ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირესთან, ასევე ყველა ჩვენს პარტნიორთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სამხრეთ კავკასიაში მშვიდობით“, – განაცხდა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ანა ნაღდალიანმა.

    ზანგეზურის დერეფანი აზერბაიჯანს სომხეთის გავლით ნახიჩევანთან აკავშირებს. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აღნიშნულ დერეფანში სარკინიგზო და საავტომობილო კომუნიკაციების გახსნას ითვალისწინებს, რომელიც ომამდე ჩაკეტილი იყო.

    წყარო: https://1tv.ge/news/ilham-alievi-%e2%80%8bchven-vakhorcielebt-zangezuris-derefnis-gegmas-surs-tu-ara-es-somkhets-tu-surs-mashin-chven-ufro-martivad-gadavwyvett-tu-ar-surs-chven-dzalit-gadavwyvett/

  • ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
    ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს ფაიგ გულიევს შეხვდა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს ინფორმაციას.
    მათი მონაცემებით, მხარეებმა კოვიდ-19-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. მინისტრმა დიპლომატს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ისაუბრეს ჯანდაცვის სფეროში 2021 წლის თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე.
    ეკატერინე ტიკარაძემ აზერბაიჯანის ელჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. დიპლომატმა თავის მხრივ ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატა.
    შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია ესწრებოდა.
    შეგახსენებთ, რომ „კოვაქსის“ პლატფორმის ფარგლებში დაგეგმილია 1.4 მილიონი დოზა ვაქცინის შესყიდვა. ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარების სამიზნე ნიშნული მოსახლეობის 60%-ია. შესაბამისად, დამატებითი დოზების მობილიზების მიზნით აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკება მწარმოებელ კომპანიებთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური