უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 05 იანვარი 2021 15:09

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ქვეყანაში დადასტურებული ახალი შტამი, ინტენსიური ტესტირებისა და ვაქცინაციის ეტაპისთვის მზადების პროცესი განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

საბჭოს სხდომაზე დეტალურად იმსჯელეს საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. აღინიშნა, რომ გასული დღეების განმავლობაში, ტესტირება მცირე რაოდენობით ჩატარდა, შემთხვევების გამოვლენაც იყო დაბალი და შესაბამისად, დღეს გამოვლენილი 2 316 შემთხვევა უკავშირდება იმ ინფიცირებულებს, ვინც გასული 3 დღის განმავლობაში არ გამოვლინდა.

საუბარი შეეხო კორონავირუსის ახალ შტამს, რომლის 1 შემთხვევა დადასტურდა საქართველოში. აღინიშნა, რომ ის კლინიკურად იგივე სახით მიმდინარეობს, როგორც მანამდე არსებული ცნობილი შტამი, თუმცა ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, ახალი შტამი შედარებით სწრაფი გავრცელებით ხასიათდება და უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო.

სხდომაზე ასევე განიხილეს ინტენსიური ტესტირების პროცესის მიმდინარეობა და საუბარი შეეხო, იმ დამატებით ნაბიჯებს, რაც მათ შორის, სისტემური მიზნობრივი ჯგუფების გაფართოების კუთხით იდგმება, რათა აღნიშნული პროცესი კიდევ უფრო მეტად ეფექტიანი იყოს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ყურადღება გამახვილდა კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე სამუშაოებსა და ამ თემაზე პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. აღინიშნა, რომ სახელმწიფო, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ჩართულობით, აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს საერთაშორისო პარტნიორებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან, რათა ქვეყანამ, ვაქცინის პირველი დოზები, რაც შეიძლება ადრე მიიღოს.

კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების ეფექტიანი აღსრულების აუცილებლობას და ყველა რეკომენდაციის დაცვას - მათ შორის სოციალურ დისტანციას და პირბადეების ტარებას.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 232 079 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 222 787 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 2 646 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 377 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 763 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4 012 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

წაკითხულია 152 ჯერ

Related items

  • პრემიერ-მინისტრის ინიციატივის შესაბამისად შეიქმნა ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო

    საქართველოს მთავრობის დადგენილებით, შეიქმნა ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს, რომელიც, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის შესაბამისად, ქვეყნის განვითარების ათწლიან გეგმას შეიმუშავებს. 
    ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოს საქართველოს მთავრობის მეთაური უხელმძღვანელებს. 
    განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრები იქნებიან მინისტრები, დეპუტატები და სხვა ოფიციალური პირები. განვითარების და რეფორმების საბჭო უფლებამოსილია შექმნას სამუშაო ჯგუფები და ქვეჯგუფები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მიიწვიოს სხვა უწყებების წარმომადგენლები თუ შესაბამისი სფეროს სპეციალისტები, ექსპერტები და კერძო სექტორის წარმომადგენლები. 
    განვითარების და რეფორმების საბჭოს მიზანია, არა უგვიანეს 2021 წლის 31 მაისისა, საქართველოს მთავრობას წარუდგინოს ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის პირველადი დოკუმენტი. 
    ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური 

  • ჩინურ ვაქცინა „სინოფარმს“ უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის ძალიან მაღალი დონე გააჩნია - აცხადებს ჩინეთის ელჩი

    ჩინურ ვაქცინა „სინოფარმს“ უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის ძალიან მაღალი დონე გააჩნია. ამის შესახებ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჩინეთის ელჩმა საქართველოში ლი იენმა განაცხადა. პრესს-კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილი. 

    როგორც ელჩმა ვაქცინის წარდგენისას ბრიფინგზე განაცხადა, „სინოფარმის“ ვაქცინა ტრადიციული და სანდო მეთოდითაა წარმოებული და მისი უსაფრთოხება საერთაშორისო საზოგადოების მიერ ფართოდანაა აღიარებული.

    „ჩვენ საქართველოს მივაწოდეთ კომპანია „სინოფარმის“ მიერ წარმოებული ვაქცინა, რომელიც ტრადიციული, სანდო, ვირუსის ინაქტივირების მეთოდით არის დამზადებული. ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის დონე ძალიან მაღალია. ეს ვაქცინა ამ მომენტისთვის არა მხოლოდ ჩინეთში გამოიყენება ფართოდ, არამედ მისი ექსპორტი მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება. მსოფლიოში გამოყენებულია 100 მლნ-ზე მეტი დოზა, - აღნიშნა ჩინელმა დიპლომატმა.

    მისივე თქმით, ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა საერთაშორისო საზოგადოების მიერ ფართოდანაა აღიარებული და მოწოდებული. ჩინური მხარე იმედოვნებს, რომ ჩინური ვაქცინა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს მიერ ეპიდემიის დამარცხების და ქართველის ხალხის სიცოცხლის, უსაფრთოხებისა და ჯანმრთელობის დაცვის საქმეში.

    "შემდეგ ეტაპზე ჩინეთი მზადაა, გააგრძელოს ქართულ მხარესთან ეპიდემიის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამშრომლობა, მათ შორის ვაქცინების მიმართულებით. მთელი გულით ვიმედოვნებ, რომ ჩინური ვაქცინა საქართველოს კოვიდ 19- ის ეპიდემიის მალე დამარცხებაში და სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისა და განვითარების და ნორმალური ცხოვრების რეჟიმის აღდგენაში დაეხმარება“, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა.

    მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ვაქცინა ვირუსის საწინაააღმდეგო იარაღი და სიცოცხლის გადარჩენის იმედია. „კოვიდ 19-ის გლობალური პანდემიის დაწყებიდან ჩინეთი და საქართველო მუდამ ეხმარებიან და მხარში უდგანან ერთმანეთს. როგორ იტყვიან, „მეგობარი გასაჭირში იცნობაო“. 

    ლი იენის სიტყვებით, ვაქცინა ვირუსის საწინაააღმდეგო იარაღი და სიცოცხლის გადარჩენის იმედია. ჩინეთი მსოფლიოში ვაქცინის კვლევის, განვითარების და წარმოების და ვაქცინების კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობის პირველი ეშელონი იყო. "ჩინური ვაქცინების ეპიდემიის წინააღმდეგ გლობალურ ომში უაღრესად მნიშვნელოვან როლს თამაშობს“, - დასძინა ჩინელმა დიპლომატმა.

    თავის მხრივ, ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჩინური ვაქცინა „სინოფარმის“ სანდოობაზე კითხვები არ არსებობს. როგორც მან ვაქცინის წარდგენისას აღნიშნა, საქართველოს ინტენსიური მიმოწერა აქვს ჯანდაცის მსოფლიო ორგანიზაციასთან, რომ ავტორიზაციის მინიჭების შემდეგ, დაიწყოს მსჯელობა, თუ როდის დაიწყება ჩინური ვაქცინით ვაქცინაცია საქართველოში.

    „როგორც იცით, უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან არის აღიარებული „სინოფარმი“, რის საფუძველზეც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „სინოფარმი“ შეიძლება დაშვებული ყოფილიყო საქართველოს ბაზარზე. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ უკვე 40 მილიონზე მეტი ადამიანი არის აცრილი „სინოფარმის“ ვაქცინით. შესაბამისად, მის სანდოობაზე კითხვები არ ისმის. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან ის ელოდება ავტორიზაციას. ამასთან დაკავშირებიოთ ჩვენ გვაქვს ინტენსიური მიმოწერა ჯანდაცის მსოფლიო ორგანიზაციასთან, რის შედეგადაც საბჭოებთან მსჯელობის შემდეგ, მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როდის იქნება ჩინური ვაქცინით ვაქცინაცია საქართველოში უკვე შესაძლებელი“, - განაცხადა ე. ტიკარაძემ.

    ავთანდილ ოთინაშვილი

  • კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინა უკვე საქართველოშია
    კორონავირუსის /COVID-19/ საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინა /29250 დოზა/ უკვე საქართველოშია. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას.
    მათი მონაცემებით, საქართველოში მხოლოდ ჯანმოს ან მის მიერ აღიარებული მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან ავტორიზებული ვაქცინები გამოიყენება, რაც ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გარანტიაა.
    25 მარტიდან მედპერსონალთან ერთად ვაქცინაციის შესაძლებლობა 65 წელს ზემოთ პირებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.
    მოქალაქეებს „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების საშუალება ექნებათ.
    COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან დაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!
    ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას! აცრა უფასო და ნებაყოფლობითია.
    Pfizer-ით ვაქცინაცია თბილისში- 4 კლინიკაში, აჭარაში-ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ქუთაისის 2 კლინიკაში მოხდება.
    მედპერსონალთან ერთად ვაქცინით ყველა ის პირი აიცრება, რომელზეც უფლება იმუნიზაციის ექსპერტთა და ვაქცინაციის საკოორდინაციო საბჭომ გასცა.
    უკვე ხვალიდან კი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, ასევე 65 წელს ზემოთ მოქალაქეებს, საშუალება ექნებათ არჩევანი AstraZeneca-სა და Pfizer-ს შორის გააკეთონ და რეგისტრაციაც შესაბამისად გაიარონ. ამ ეტაპზე ვაქცინაციის პროგრამაში 26-მდე მრავალპროფილური კლინიკაა ჩართული. გარდა ამისა, ვაქცინაციის შემდეგ დაყოვნების ოთახში მოცდის დრო, როგორც „ასტრაზენეკას“ ასევე „ფაიზერის“ შემთხვევაში, 30-დან 45 წუთამდე იზრდება.
    შეგახსენებთ, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი - 15 22 ამოქმედდა. ცხელი ხაზი ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს.

     

  • საქართველოს პრეზიდენტი - აუცილებელია, გამოვიყენოთ ეს საშუალება - დავიცვათ საზოგადოება და ქვეყანა

    საქართველოს პრეზიდენტი ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება.

    აცრის შემდეგ პრეზიდენტმა საქართველოს მოსახლეობას ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდა. 

    „ამ ეტაპზე, ჯერ ექიმების, ექთნების და მედპერსონალის რიგია, მათი, ვინც ეს თვეები ძალიან მძიმედ გაიარა.
    ნამდვილად საჭიროა, რომ ისინი დღეს აიცრან, არ იყვნენ გადამდებნი და იყვნენ დაცულები, რამეთუ მათზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული. მომდევნო ეტაპზე დაიწყება შემდეგი ჯგუფების აცრა.

    ჩვენ თუ გვინდა, რომ ძალიან მძიმე ეკონომიკური შედეგებიდან გამოვიდეთ, რომელიც მთელ მსოფლიოში კოვიდპანდემიას მოჰყვა, აუცილებელია, რომ ეს საშუალება, რაც მოგვეცა და მოგვეცემა, გამოვიყენოთ - დავიცვათ საზოგადოება, ქვეყანა და გამოვიდეთ ამ კრიზისიდან. 

    ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ გამოწვევასაც გადავლახავთ“- აღნიშნა პრეზიდენტმა. 

    პრეზიდენტს ცენტრში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ და სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ უმასპინძლეს.

     

  • საქართველოში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დიწყო

    საქართველოში კორონავირუსის /კოვიდ-19/ საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალის აცრა მოხდება.

    კორონავირუსის ვაქცინით პირველი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე 09:00 საათზე ღია ეთერში აიცრა. ასევე, კორონავირუსზე ერთ-ერთი პირველები აიცრენ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია, ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე, ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი დავით გადელია და ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებული პირველი მედიკოსი, ლუგარის ცენტრის თანამშრომელი თამარ გიორგაძე.

    თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, დღეს ვაქცინაცია დაიწყება როგორც თბილისში, ისე ქვეყნის 29 რეგიონულ ცენტრში, ხოლო 17 მარტიდან პრაქტიკულად ყველა რაიონში. მისივე განმარტებით, ჯამში ვაქცინაცია 89 რაიონში განხორციელდება.

    ელექტრონულ სისტემაში სამედიცინო პერსონალის რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 14 მარტის 23:00 საათის მონაცემებით, ელექტრონულ პორტალზე BOOKING.MOH.GOV.GE უკვე რეგისტრირებულია ჯანდაცვის სექტორის 2 067 მუშაკი.

    საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ექვემდებარება ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირი – ექიმი, ექთანი, სანიტარი, ლაბორანტი, სტომატოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი, ადმინისტრაციული მუშაკები (მენეჯერი, მძღოლი, რეგისტრატორი და ა.შ).

    „თუ ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული პირი დამსაქმებელს რეგისტრირებული ჰყავს დასაქმებულად სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში და მას ბოლო 120 დღის მანძილზე არ უფიქსირდება კორონავირუსზე ინფიცირების სტატუსი, მას შეუძლია „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის დარეგისტრირდეს მისთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებაში“, – აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.

    ამასთან, უწყებაში განმარტავენ, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან დაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა.

    „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ „კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ერთი კვირის განმავლობაში აცრის პროცესი გაიშლება ქვეყნის ყველა მუნიციპალურ ცენტრში, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა იქნება მაქსიმალური, რათა შემოსული 43 200 დოზის ადმინისტრირება მოხდეს რაც შეიძლება მოკლე ვადებში.

    „ეს ვაქცინა კეთდება ორჯერადად, ანუ მეორე აცრა, რევაქცინაცია იქნება რვიდან 12 კვირის ფარგლებში. ამისთვის შესაბამისი დადასტურებაა უკვე, რომ 86 000 დოზა შემოვა აპრილის მეორე ნახევარში, იგივე „ასტრაზენეკა“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

    მისივე ცნობით, აცრილ ადამიანთა რაოდენობა ყოველდღიურად გამოქვეყნდება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პორტალზე. ამასთან, ამირან გამყრელიძის თქმით, თითოეულ აცრილ ადამიანს მიეცემა ორენოვანი დამადასტურებელი ცნობა.

    ამასთან, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საქართველო 22 მარტის კვირაში ასევე მიიღებს 14 500 ადამიანის ვაქცინაციისთვის საჭირო „ფაიზერის“ ვაქცინის დოზებს, რომელიც ორჯერადი აცრისთვის იქნება საკმარისი.

    კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია, კერძოდ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზა საქართველომ 13 მარტს მიიღო, რომელიც თბილისსა და რეგიონებში შესაბამის სამედიცინო ცენტრებში გადანაწილდა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური