ახალი წლიდან შენგენის რეგულაციით გათვალისწინებული დოკუმენტაცია საქართველოს საზღვარზეც შემოწმდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 29 დეკემბერი 2020 10:44

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის/შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში უვიზოდ მგზავრობის შესახებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.

„გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2021 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შედის საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც, შენგენის რეგულაციით გათვალისწინებული დოკუმენტაცია დამატებით საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზეც შემოწმდება.

საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე თუ მას ეკრძალება ევროკავშირის/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში შესვლა ან ვერ წარადგენს კანონით გათვალიწინებულ საბუთებს“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

ამასთან, უწყება ავრცელებს ხშირად დასმული კითხვებზე პასუხებს საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით.

„უვიზოდ გამგზავრება შესაძლებელია ევროკავშირის/შენგენის ზონის წევრ შემდეგ სახელმწიფოებში:

ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ფინეთი, ჩეხეთი, ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, შვედეთი, შვეიცარია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი და რუმინეთი.

ნებისმიერი ასეთი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში.

საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი არიან, დაიცვან: ადგილსამყოფელ ქვეყანაში შესვლის წესები; უვიზო მიმოსვლით დადგენილი 90 დღიანი ვადით სარგებლობის პირობები; ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა (საავტომობილო მოძრაობის წესები, საზოგადოებრივი წესრიგი და ა.შ.).

90 დღიანი ყოფნის ვადის გადაცილების შემთხვევაში, ევროკავშირის/შენგენის ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად. ასეთი პირი შესაძლოა გაძევებულ იქნას ქვეყნიდან და აეკრძალოს ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა ხუთ წლამდე ვადით. ამასთან ერთად, შესაძლოა, დაეკისროს ჯარიმა 3.000 ევრომდე ოდენობით.

ნებადართული ყოფნის პერიოდში სხვა სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, რის შემდეგაც გაძევებულ იქნება ქვეყნიდან და შესაძლოა აეკრძალოს ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა ხუთ წლამდე ვადით.

უვიზოდ გამგზავრება შესაძლებელია შემდეგი მიზნებით: ტურისტული მოგზაურობა; ოჯახის წევრების/ნათესავების/ახლობლების მონახულება; საქმიანი შეხვედრების, მოლაპარაკებების გამართვა; საერთაშორისო სემინარებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და გამოფენებში მონაწილეობა; მოკლევადიანი სასწავლო კურსებსა და ტრენინგებში, გაცვლით სასწავლო/სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობა; სამედიცინო სერვისებით სარგებლობა – მოკლევადიანი სამკურნალო კურსი/ოპერაცია“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

პანდემიის პირობებში დაწესებულია დამატებითი შეზღუდვები, რის შესახებაც დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

 
წაკითხულია 147 ჯერ

Related items

  • ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს

    საქართველოს პრეზიდენტის ორბელიანების სასახლეში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს სამომავლო გზა“ ხელმოწერა გაიმართა.

    დოკუმენტზე ხელმოწერები დატოვეს: დავით ბაქრაძემ, ალეკო ელისაშვილმა, ბადრი ჯაფარიძემ, ზურაბ ჯაფარიძემ, მამუკა ხაზარაძემ, ვახტანგ მეგრელიშვილმა, შალვა პაპუაშვილმა, სალომე სამადაშვილმა, ხათუნა სამნიძემ, არჩილ თალაკვაძემ, გიორგი ვაშაძემ.

    ამასთან, ხათუნა სამნიძემ, დავით ბაქრაძემ და სალომე სამადაშვილმა დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერეს, რადგან ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ და „ევროპული საქართველო“ დოკუმენტს არ უერთდებიან.

    ხელმოწერის ცერემონიას პარტიების წარმომადგენლებთან და პრეზიდენტთან ერთად ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი, ასევე ღონისძიებაში დისტანციურად მონაწილეობდა შარლ მიშელი.

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი გუშინ წარუდგინა. კერძოდ, შარლ მიშელის წარდგენილი ახალი დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.

    ამასთან, შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ.

  • პრეზიდენტი - მზად ვარ, მივიღო ჩემთვის ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილება, მხოლოდ ჩემი პირობით

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გაავრცელა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ.

    "გაკვირვებული ვარ მმართველი პარტიის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებით არაერთხელ და ორჯერ, რომელიც ჩემი ნებართვისა და თანხმობის გარეშე ჩემს სახელს იყენებს და აკავშირებს ერთი კონკრეტული შეწყალების თემას.

    ის ვერ გაიგეს მავანმა, რომ გადაწყვეტილებას, მით უმეტეს, ამ საკითხებში და არა მხოლოდ, ვიღებ მოსალოდნელი კრიტიკისა თუ შექების მიუხედავად, იმ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვთვლი საჭიროდ. ეს მგონი, უკვე საქმით დავამტკიცე. 

    მინდა, ყველას შეგახსენოთ, ერთი მარტივი წესი, რომ შეწყალების უფლებამოსილება არის პრეზიდენტის დისკრეცია და არა მოლაპარაკებების საგანი. ისიც მინდა ნათელი იყოს, რომ შეწყალების გადაწყვეტილება როგორც არა ერთხელ მითქვამს, არ ექვემდებარება რაიმე ზეწოლას, მითითებებსა თუ მოთხოვნებს, ეს იქნება ოპოზიციისგან, მმართველი პარტიისგან, თუ სხვისგან. 

    პრეზიდენტი შეწყალების შესახებ წინასწარ პრინციპულად არ საუბრობს და მოტივაციას არ ასაჯაროებს, თუმცა ამ თემით სხვებისგან გაუთავებლად აპელირება და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იძულებული გავხდი, დავარღვიო ეს პრინციპი და მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რათა ყოველგვარი სპეკულაცია შეწყდეს!

    მგონი, არავის გაუკვირდება თუ ვიტყვი, რომ ჩემთვის, როგორც მთელი საზოგადოებისთვის, კარგად ცნობილი წარსულის მქონე პირი, რომელსაც ბევრი რამ შეიძლება დავარქვათ, გარდა პოლიტპატიმარი, არცერთი ნიშნით, ეს იქნება ზნეობრივი, მორალური, თუ პოლიტიკური არ ჯდება შეწყალების რომელიმე კატეგორიაში. 

    ამის მიუხედავად, როგორც ერთხელ უკვე გადავაბიჯე ჩემს თავს და მივიჩნევდი და დღესაც მიიჩნევ - თუ სასწორზე დგას ქვეყნის პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა, სტაბილურობა, წინსვლა და მისი მომავალი, პრეზიდენტის მოვალეობა სწორედ ის არის, რომ საკუთარ შეხედულებებსა და პრინციპულობაზე მაღლა დააყენოს ქვეყანა. 

    ამის გათვალისწინებით, მზად ვარ, მივიღო ჩემთვის ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებას ვიღებ მხოლოდ და მხოლოდ შემდეგი ჩემი პირობით. ანუ, ეს ნაბიჯი, ამ კრიზისის დასრულებისთვის ბოლო აკორდი უნდა იყოს და გზა გაუხსნას იმას, რომ ყოველგვარი სხვა მოთხოვნის გარეშე, ქვეყანა და პარლამენტი შეუდგეს ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს და გამოწვევებთან გამკლავებას. 

    ეს ნიშნავს, რომ ჩემი გადაწყვეტილება განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთი მხრივ, პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში და მეორე მხრივ, ევროკავშირისა და აშშ-ს წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა. ამ განცხადებიდან, ერთი კვირის ვადაში ხელს მოვაწერ შეწყალების აქტს!", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. 

  • ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტის პრესსპიკერისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ერთობლივი განცხადება ევროკავშირის მედიაციასთან დაკავშირებით

    თითქმის ექვსთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებმა მკაფიოდ გამოხატეს თავიანთი აზრი, რომ სურთ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა და ყველა არჩეული წევრის ერთობლივი მუშაობა პარლამენტში ქვეყნის წინაშე არსებული სერიოზული გამოწვევების, მათ შორის, რეგიონული გამოწვევების, კოვიდისა და ეკონომიკური კრიზისის გადასაჭრელად.

    ამ ყოველივეს გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელიც დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ იქნება შეთავაზებული. ეს არის შეთანხმება, რომელსაც ყველა წევრმა კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით უნდა მოაწეროს ხელი. ცალმხრივი განცხადებები ძირს უთხრის ფართო შეთანხმების მიღწევის მიზანს.

    შეთანხმებაში გათვალისწინებული ინსტიტუციური რეფორმები წარმოადგენს მნიშვნელოვან წინსვლას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და არის სარგებლის მომტანი მისი მოქალაქეებისთვის. აღნიშნული რეფორმები ხელს უწყობს შექმნას უფრო დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, უფრო ძლიერი საარჩევნო პროცესები და პარლამენტი, რომელსაც უკეთესად შეუძლია წარმოადგინოს ქართველი ხალხის ხმა.

    ამ კომპრომისზე წასვლით ყველა მხარე წარმოაჩენს კეთილგონიერებასა და მზაობას, რომ საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებს ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ინტერესებზე წინ დააყენებს.

  • ევროკავშირმა საქართველოს სასაზღვრო პოლიციას 30 ავტომობილი გადასცა

    693,000 ევროს (2,700,000 ლარის) ღირებულების ავტომანქანები კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს მთავრობის შესაძლებლობებს უკანონო მიგრაციასთან და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლაში.
    შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამართულ ღონისძიებაზე, ევროკავშირმა პროექტის განმახორციელებელ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) ერთად შსს სასაზღვრო პოლიციას 30 მაღალი გამავლობის ავტომანქანა გადასცა. ავტომანქანები წარმოადგენენ უფრო დიდი 40 ერთეულიანი პაკეტის ნაწილს, რომლის დანარჩენი 10-ის გადაცემა 2020 წლის ნოემბერში უკვე განხორციელდა. ეს სატრანსპორტო საშუალებები ხელს შეუწყობს საზღვრებზე უკანონო აქტივობების გამოვლენას და გააძლიერებს მესაზღვრეების პატრულირებისა და რეაგირების შესაძლებლობებს.
    IOM-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელის სანია ჩელებიჩ ლუკოვაცის თქმით „დღევანდელი ღონისძიება არის იმ მნიშვნელოვანი შესყიდვების პროცესის გაგრძელება, რომელსაც IOM ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს საზღვრის მართვის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით ბოლო 10 წლის მანძილზე ახორციელებს”.
    “ევროკავშირი და საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობენ საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით. ევროკავშირის მიერ დღეს გადაცემული ავტომანქანები საშუალებას მისცემს საქართველოს ხელისუფლებას კიდევ უფრო ეფექტიანად გაუმკლავდეს უკანონო მიგრაციას და დანაშაულს. აღნიშნული წარმოადგენს ევროკავშირის ფართო მხარდაჭერის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში საზღვრების თანამედროვე სტანდარტებით მართვის და საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას“, განაცხადა კარლ ჰარცელმა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.
    აღნიშნული პროექტი, რომლის ბიუჯეტია 6 მილიონი ევრო (24 მილიონი ლარი), წარმოადგენს უფრო ფართო - ევროკავშირის უსაფრთხოების, ანაგრიშვალდებულებისა და საქართველოში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის (SAFE) პროგრამის ნაწილს. უკანასკნელ წლებში, ევროკავშირის მიერ დიდი დახმარება იქნა გაწეული საქართველოსთვის მიგრაციისა და საზღვრის მართვის სფეროში და აღნიშნული საშუალებების გადაცემას ასევე მოყვება მნიშვნელოვანი შესყიდვები და სასწავლო აქტივობები, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს საზღვრის დაცვის შესაძლებლობების შემდგომ განვითარებას.

    იხილეთ ვიდეო: facebook.com/watch/?v=572509934140158

    ევროკავშირის პრეს-რელიზი

  • დავით ზალკალიანი სამხრეთ კავკასიაში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

    საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ტოივო კლაართან. ამის შესახებ საგარე საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაცია იუწყება.

    შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა გახლდათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი რთული მდგომარეობა, რაც პანდემიის პირობებში რუსეთის ფედერაციის მხრიდან გახშირებული პროვოკაციების ფონზე კიდევ უფრო გაუარესდა. აღინიშნა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის პროცესის გააქტიურება, მზარდი მილიტარიზაცია, ე.წ. ბორდერიზაცია, საოკუპაციო ხაზის დაკეტვა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, მათ შორის ახალგორის მცხოვრებთა სამედიცინო ევაკუაციის შეფერხება, რაც სრულ იზოლაციაში აქცევს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, ქმნის ადგილზე ჰუმანიტარული კრიზისს და საფრთხეში აგდებს ადამიანების სიცოცხლეს.
    ამ კონტექსტში განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი საქართველოს მოქალაქეების მდინარე ენგურის გადმოკვეთის მცდელობისას დაღუპვის ფაქტი, რაც წარმოადგენს რუსეთის უკანონო ოკუპაციის მორიგ უმძიმეს ადამიანურ საფასურს. მხარეების მიერ ხაზი გაესვა ე.წ. გადასასვლელების გახსნისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობის უზრუნველყოფის აუცილებლობას.
    ასევე ყურადღება დაეთმო უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ზაზა გახელაძის, გენადის ბესტაევის, ლაშა ხეთერელის და ირაკლი ბებუას დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს.
    დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომლებიც მიმართულია კორონავირუსის პანდემიის დროს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად.
    ადგილზე არსებული გამოწვევების ფონზე, დაისვა გალში ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენის, ისევე როგორც ერგნეთის IPRM-ის შეუფერხებელი ფუნქციონირების საკითხი.
    მხარეებმა განიხილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დინამიკა და პროგრესის მიღწევის გზები, სამომავლო ნაბიჯები რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელების გზაზე და ევროკავშირის ჩართულობა სამშვიდობო პროცესებში.
    მხარეებმა ისაუბრეს ასევე რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე და გამოთქვეს შეშფოთება უკრაინის საზღვრებთან და ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ძალის კონცენტრაციის და აღმოსავლეთ უკრაინაში გააქტიურებული სამხედრო მოქმედებების გამო. სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე საუბრისას, ხაზი გაესვა რეგიონში ევროკავშირის ჩართულობის გაძლიერების აუცილებლობას.
    საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ შიდა პოლიტიკურ ვითარებასაც და აღინიშნა, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე აუცილებელია პოლიტიკური კრიზისის უმოკლეს დროში დაძლევა.
    დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს და მის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის. აღინიშნა, რომ ადგილზე მწვავე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხები მუდმივად მაღალ დონეზე იდგას საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის, ევროკავშირის დღის წესრიგში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური