თურქეთიდან ჩინეთისკენ მიმავალი მეორე საექსპორტო მატარებელი ყარსიდან საქართველოსკენ გააცილეს
სატვირთო საექსპორტო მეორე მატარებელი, რომელიც თურქეთიდან კერძოდ კი, თექირდაღის ჩერქეზქოიდან დაიძრა და საქართველოს გავლით ჩინეთში უნდა ჩავიდეს, ყარსიდან საქართველოს მიმართულებით უკვე გააცილეს. მეორე საექსპორტო მატარებელიც პირველის მსგავსად 42 კონტეინერისგან შედგება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.
სატვირთო მატარებელი საქართველო-აზერბაიჯანი-კასპიის ზღვის და ყაზახეთის გავლით ჩინეთის ქალაქ სიანში ჩავა.
ხსენებული მატარებელი ჩინეთში ჩასვლამდე გაივლის 2 კონტინენტს, 2 ზღვას, 5 ქვეყანას და 12 დღეში დანიშნულების ადგილას ჩააღწევს.
მარშრუტის საერთო სიგრძეა 8693 კმ (2 კონტინენტი, 2 ზღვა და ხუთი ქვეყანა): თურქეთში 2,323 კმ, საქართველოში 220 კმ, აზერბაიჯანში 430 კმ, კასპიის ზღვიდან 420 კმ, ყაზახეთში 3200 კმ და 2100 კმ - ჩინეთში.
ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მარშრუტი, რომელიც საქართველოზეც გადის, წარმოადგენს ევროპასა და აზიას დამაკავშირებელი დერეფნის ლოგისტიკურ ნაწილს. რკინიგზის ხაზი საცდელ რეჟიმში მუშაობს 2017 წლიდან. პირველი ასეთი სატვირთო მატარებელი სტამბოლიდან 4 დეკემბერს გაემგზავრა, ხოლო საქართველოში 8 დეკემბერს შემოვიდა.
შეგახსენებთ, რომ ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, ვინაიდან მანამდე საქონელი ჩინეთიდან ევროპაში სატრანსპორტო დერეფნით იგზავნებოდა.