საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ევროკავშირის დელეგაციის განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 11 დეკემბერი 2020 11:11
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) საელჩომ და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობამ დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:
"ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკური ლიდერები ინტენსიურ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი საკითხები კვლავ გადაუჭრელი რჩება, მხარეებმა უკვე მოახერხეს ფართო საარჩევნო რეფორმებზე ურთიერთგაგების მიღწევა, რაც მათი მიღების შემდგომ, არსებითად გააუმჯობესებს საქართველოს მომავალ არჩევნებს. ჩვენ ვაფასებთ ყველა პარტიის ლიდერის კონსტრუქციულ მონაწილეობასა და ამ დროისთვის არსებულ მიღწევებს ამ რთულ მოლაპარაკებებში.
დიალოგი მოიცავდა რთულ და მნიშვნელოვან საკითხებს. ამ საკითხებს მხარეები მიუდგნენ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის წინაშე პასუხისმგებლობით. ასეთი ტიპის ღია და პატივისცემაზე დამყარებული დებატები უაღრესად მნიშვნელოვანია, მაშინ, როდესაც საქართველო მიიწევს წინ უფრო პლურალისტური პოლიტიკური ლანდშაფტისკენ, რომელშიც უფრო მრავალფეროვანი შეხედულებები და ინტერესებია წარმოდგენილი. ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, გვჯერა, რომ მხარეები შეძლებენ მკვეთრად განსხვავებული პოზიციების შეჯერებას.
ჩვენი, როგორც ფასილიტატორების როლი, უმთავრესად, პარტიებისთვის ნეიტრალური ფორუმის უზრუნველყოფას გულისხმობდა, რათა მათ ემსჯელათ განსხვავებულ პოზიციებსა და მათი გადაჭრის გზებზე საქართველოს დემოკრატიული დღის წესრიგის გასამყარებლად. ჩვენ ვწუხვართ, რომ ვერ მოხერხდა ფართო შეთანხმების მიღწევა ახლადარჩეული პარლამენტის პირველ შეკრებამდე, მიუხედავად პარტიების ლიდერების ძალისხმევისა.
ახლა, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, საგულდაგულოდ განიხილონ შესაძლებლობები შეთანხმების მისაღწევად, რომელიც საშუალებას მისცემს პარლამენტს, შეასრულოს თავისი სრულყოფილი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი საქართველოს დემოკრატიის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების დასაცავად და გასაძლიერებლად. პარტიების თხოვნის საფუძველზე და შეთანხმების მიღწევის ჭეშმარიტი პოლიტიკური სურვილის არსებობის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ ძალისხმევის მხარდაჭერა", - ნათქვამია აშშ-ს საელჩოსა და ევროკავშირის დელეგაციის ერთობლივ განცხადებაში.
წაკითხულია 312 ჯერ

Related items

  • ნერგების გაშენებიდან ყურძნის კრეფამდე: ევროკავშირმა და FAO-მ ქართველი მეღვინეებისთვის ტრენინგი ჩაატარეს

    ოცდაოთხმა ქართველმა ღვინის მწარმოებელმა კახეთის რეგიონში პროგრამის, EU4Business ფარგლებში გამართულ ტრენინგში მიიღო მონაწილეობა. ტრენინგი ესპანეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსპერტმა ევროკავშირისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით ჩაატარა.

    ტრენინგის სერია ეხებოდა ვენახის მოვლის სრულ პროცესსა და ვაზის წარმოების სრულ ციკლს — ნერგების გაშენებიდან ყურძნის კრეფამდე. სასწავლო სესიები მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა სხვადასხვა ტიპის ვენახების ზოგადი მართვა, გასხვლა, ნიადაგის განოყიერება, სარწყავი სისტემების დაგეგმვა, ვაზის ორგანული წარმოება და მავნებლების ინტეგრირებული მართვა.

    ევროკავშირის ინოვაციური პროექტი, „კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისათვის საქართველოში“, ევროკავშირის და გაეროს ოთხი სააგენტოს ერთობლივი ინიციატივაა. პროექტი 2019 წელს დაიწყო და მისი ბიუჯეტი 5 მილიონი ევროა. ინიციატივის მიზანია მეწარმეობის და ბიზნესის განვითარება საქართველოს მთავრობის და ადგილობრივი უწყებების შესაძლებლობების გაძლიერების გზით.

    წყარო: https://euneighbourseast.eu/ka/news-and-stories/latest-news/nergebis-gashenebidan-qhurdznis-krephamde-evrokavshirma-da-fao-m-kharthveli-meghvineebisthvis-treningi-chaatares/

  • 2021 წელს ევროკავშირში არალეგალურად შესულთა რიცხვი წინა წელთან შედარებით 57 პროცენტით გაიზარდა

    2021 წელს ევროკავშირის საზღვრებში არალეგალურად შესულთა რიცხვი წინა წელთან შედარებით 57 პროცენტით გაიზარდა და 195 ათასს მიაღწია. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება. მათი ინფორმაციით, საზღვრის უსაფრთხოების სააგენტოს Frontex-ის (ევროკავშირის) მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებში უკანონო შესვლამ, სამგზავრო შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, გადააჭარბა იმ დონეს, ვიდრე ახალი ტიპის კორონავირუსის Covid-19-ის ეპიდემიის დაწყამდე იყო.

    საზღვრის უკანონოდ გადამკვეთთა რიცხვი გასულ წელს 2020 წელთან შედარებით 57 პროცენტით, 2019 წელთან შედარებით 36 პროცენტით გაიზარდა.

    გასულ წელს ევროკავშირში შესასვლელად ყველაზე ხშირად გამოყენებული მარშრუტი ცენტრალური ხმელთაშუა ზღვა იყო. ევროკავშირის ქვეყნებში ამ მარშრუტით 65 ათასზე მეტი ადამიანი შევიდა. ცენტრალური ხმელთაშუა ზღვისპირეთიდან შესვლა 2020 წელთან შედარებით 83 პროცენტით გაიზარდა. დასავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონიდან შემოდინებამ 6 პროცენტით მოიმატა და 18 ათასს გადააჭარბა. აღმოსავლეთ ევროპიდან, განსაკუთრებით ბელარუსიდან, ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა ათასი პროცენტით გაიზარდა. 2021 წელს ბელარუსიდან უკანონო შემსვლელთა რაოდენობა დაახლოებით 8000 იყო.

    ევროკავშირის საზღვრებში არალეგალურად ყველაზე მეტად სირიელები შევიდნენ. მათ მოჰყვებიან ტუნისელები, მაროკოელები, ალჟირელები და ავღანელები.

  • საქართველოს პროკურატურის განცხადება!

    საქართველოს პროკურატურამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სს ,,თიბისი ბანკი“-ს კუთვნილი 16 664 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დამნაშავედ ცნო და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ამასთან, სასამართლო არ დაეთანხმა ბრალდების მხარის შეფასებას ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივ კვალიფიკაციაში, რის გამოც ბრალდებულთა ქმედება დაკვალიფიცირდა თაღლითობის მუხლით.
    აღნიშნულ სისიხლის სამართლის საქმეზე, თითოეულ მსჯავრდებულს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე, თაღლითობის დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ისინი გათავისუფლდნენ სასჯელის მოხდისგან.
    საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთანდილ წერეთელს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით.
    ბრალდების მხარე, სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

  • სენატორები აშშ-ის პრეზიდენტს მიმართავენ, არ დაუშვას რუსეთის აგრესია იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ამერიკის მტკიცე მოკავშირეები და პარტნიორები არიან

    ამერიკელი სენატორები აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ღია წერილით მიმართავენ, სადაც აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, როგორც სენატორები აცხადებენ, მიმდინარე კრიზისი ხელოვნურად არის გამოწვეული ვლადიმერ პუტინის მიერ, რომელმაც უკრაინის საზღვართან რუსი ჯარისკაცების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა განალაგა.  სენატორების თქმით, ამით  პუტინი უარს ამბობს პატივი სცეს მეზობელი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

    „აშშ და მისი მოკავშირეები არ შეეგუებიან  უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე აგრესიას, ისევე როგორც არ დაუშვებენ უკრაინაში შეჭრას  ისე, რომ აღნიშნულს არ  მოჰყვეს მძიმე შედეგები“ - ნათქვამია განცხადებაში. 
    სენატორების მიხედვით, რუსეთის მიერ მოთხოვნილი „უსაფრთხოების გარანტიები" რაც უკრაინისთვის ნატოს წევრობაზე უარის თქმასა და ალიანსის შემდგომი გაფართოების შეწყვეტას გულისხმობს, სინამდვილეში წარმოადგენს რუსეთის მცდელობას კვლავ შექმნას გავლენის სფეროები ევროპაში, და მათი მეშვეობით ზეწოლა მოახდინოს და დაჩაგროს ის ქვეყნები, კერძოდ,  უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი და რუმინეთი, რომლებიც ამერიკის მტკიცე მოკავშირეები და პარტნიორები არიან.
    „მნიშვნელოვანია, რომ აშშ-მ უარი თქვას პუტინის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება ჩრდილოატალანტიკური ალიანსის გაფართოებაზე. აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას მხოლოდ ნატო-ს წევრები იღებენ. აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები მხარს უჭერენ პრინციპს, რომ უკრაინის საკითხზე გადაწყვეტილება ან დისკუსია არ შედგება უკრაინის გარეშე. ეს პრინციპი უნდა გავრცელდეს საქართველოზეც. ნატო-ს კარი ღია რჩება იმ ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან და სურთ შეასრულონ ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები, და რომელთა წევრობასაც წვლილი შეაქვს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში“, - წერია განცხადებაში.
    აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სახელზე შედგენილ ღია წერილს ხელს აწერენ როგორც „დემოკრატი“, ასევე „რესპუბლიკელი“ სენატორები, მარკო რუბიო, ჯინ შაჰინი, თომას ტილისი, კრისტოფერ კუნსი, ჯონი ერნსტი, ჯეფრი მერკლი, მაილ რაუნდსი, კორი ბუკერი და ჯონ ბარასსო.

  • აშშ-ის მერილენდის საავადმყოფოში, ღორის გულის ადამიანში გადანერგვის ოპერაცია განხორციელდა

    პირველად მთელს მსოფლიოში, 57 წლის მომაკვდავ პაციენტს როგორც ბოლო საშუალება, აშშ-ის მერილენდის საავადმყოფოში, ღორის გული ადამიანს გადაუნერგეს. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

    მათი ინფორმაციით, მერილენდის ჰოსპიტალის ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერაციიდან 3 დღის გასვლის შემდეგ, რომელიც „პირველად და უკიდურესად ექსპერიმენტულად“ ჩატარდა, პაციენტი კარგ მდგომარეობაში იმყოფება. მართალია ჯერ კიდევ ნაადრევია იმის თქმა, ეფექტური და სარგებლიანი იქნება თუ არა ეს ოპერაცია, მაგრამ სამაგიეროდ, “ეს იქნება დიდი ნაბიჯი ცხოველების ორგანოების ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად გამოყენებაში“, აღნიშნულია ამ განცხადებაში.

    მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ექიმებმა აღნიშნეს, რომ ამ ოპერაციამ დაადასტურა, გენმოდიფიცირებული ცხოველისგან აღებულ გულს შეუძლია ადამიანის ორგანიზმში ფუნქციონირება. “ვიცი, რომ ეს არის გასროლა სიბნელეში, მაგრამ ეს ჩემი ბოლო შანსი იყო და ამიტომ დავთანმხდი ასეთ ოპერაციას", ასეთი შინაარსის განცხადება გააკეთა ოპერაციის წინ მომაკვდავმა დევიდ ბენეტმა.

    გულის გადამნერგავი ჯგუფის ექიმმა მუჰამედ მოჰიუდინმა ასევე აღნიშნა, რომ ასეთი წინა მცდელობები წარუმატებელი იყო, ამიტომაც ამჯერად, მერილენდის ქირურგებმა გამოიყენეს გენშეცვლილი ღორის გული და თუ რამდენად ეფექტურია ასეთი გადანერგვები, უახლოესი მომავალი აჩვენებს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური