ადამიანის უფლებათა დაცვა პანდემიის შემდგომი აღდგენის საფუძველია

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
ოთხშაბათი, 09 დეკემბერი 2020 13:48

ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ევროკავშირი იწყებს 3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტს გაეროს განვითარების პროგრამასთან და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობასთან ერთად
 
თბილისი. 9 დეკემბერი 2020 – კორონავირუსის პანდემია კიდევ უფრო ამძაფრებს საზოგადოებაში არსებულ უთანასწორობას და საფრთხის წინაშე აყენებს მოწყვლადი და მარგინალური ჯგუფების უფლებების დაცვას. ამის გათვალისწინებით, ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობა (OHCHR) ერთად იწყებენ 2.5 მილიონი ევროს (3 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების პროგრამას, „ადამიანის უფლებები ყველასთვის“, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვას ემსახურება.

სამწლიანი ინიციატივის ხელმოწერა ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გაიმართა.

პროგრამა განხორციელდება გაეროს სააგენტოების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ ინსტიტუტებთან, საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და საქართველოს მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში.

„ინვესტიცია ადამიანის უფლებებში, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაში აუცილებელია უფრო სამართლიანი, უფრო მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოების მისაღწევად. ევროკავშირისთვის ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა, ისევე როგორც გენდერული თანასწორობა, ყოველთვის წამყვანი იქნება პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევისა და შემდგომი აღდგენის საქმეში“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

„საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში აღწერილი პრინციპების განხორციელების გზაზე. თუმცა, პანდემიამ ამ პროცესის სუსტი მხარეებიც გამოავლინა და დაგვანახა ის საფრთხე, რომელიც ადამიანის უფლებებს ემუქრება. ჩვენი ახალი პროგრამა პასუხს გასცემს ამ გამოწვევას და თავისუფლებისა და თანასწორობის ღირებულებებს პოსტ-პანდემიური აღდგენის ცენტრში დააყენებს“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.

„დღეს ხაზს ვუსვამთ, რომ ადამიანის უფლებების დაცვა პანდემიის შემდგომი აღდგენის იმპერატივია. საერთო მიზნების მიღწევას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, როდესაც ყველა ადამიანისთვის თანაბარ შესაძლებლობებს უზრუნველვყოფთ, პანდემიის მიერ გამოვლენილ ჩავარდნებს მივხედავთ, ხოლო დამკვიდრებული, სისტემატური და თაობათაშორისი უთანასწორობის, გარიყულობისა და დისკრიმინაციის მოსაგვარებლად ადამიანის უფლებათა სტანდარტებს გამოვიყენებთ“, -  განაცხადა ვლადიმირ შკოლნიკოვმა, OHCHR-ის უფროსმა მრჩეველმა.

ევროკავშირის, UNDP-სა და OHCHR-ის ერთობლივი პროგრამა ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებათა დაცვის პოლიტიკისა და შესაბამისი პრაქტიკის განმტკიცებას საქართველოში. პროგრამის განხორციელებისას, განსაკუთრებული ყურადღება იმ საკითხებსა და გამოწვევებს მიექცევა, რომლებიც აღნიშნულია ევროკავშირისა და გაეროს მიერ 2019 წელს გამოქვეყნებულ დამოუკიდებელ შეფასებაში.  

ახალი პროგრამა ხუთი ძირითადი მიმართულებით წარიმართება:

  1. ადამიანის უფლებათა დაცვის პოლიტიკის შექმნაზე, მონიტორინგსა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი საჯარო უწყებების გაძლიერება.
  2. სამართალდამცავი ორგანოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების ხელშეწყობა.
  3. უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის მხარდაჭერა.
  4. ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე.  
  5. საქართველოს მოქალაქეთა ინფორმირება ადამიანის უფლებებისა და მათი დაცვის მექანიზმების შესახებ.

პროგრამა „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ ეყრდნობა ევროკავშირისა და გაეროს ოთხწლიან თანამშრომლობას ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. ამ თანამშრომლობის ახალი ეტაპი მომავალი სამი წლის მანძილზე, 2023 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ევროკავშირის წარმომადგენლობის პრეს-რელიზი

წაკითხულია 326 ჯერ

Related items

  • ნერგების გაშენებიდან ყურძნის კრეფამდე: ევროკავშირმა და FAO-მ ქართველი მეღვინეებისთვის ტრენინგი ჩაატარეს

    ოცდაოთხმა ქართველმა ღვინის მწარმოებელმა კახეთის რეგიონში პროგრამის, EU4Business ფარგლებში გამართულ ტრენინგში მიიღო მონაწილეობა. ტრენინგი ესპანეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსპერტმა ევროკავშირისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით ჩაატარა.

    ტრენინგის სერია ეხებოდა ვენახის მოვლის სრულ პროცესსა და ვაზის წარმოების სრულ ციკლს — ნერგების გაშენებიდან ყურძნის კრეფამდე. სასწავლო სესიები მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა სხვადასხვა ტიპის ვენახების ზოგადი მართვა, გასხვლა, ნიადაგის განოყიერება, სარწყავი სისტემების დაგეგმვა, ვაზის ორგანული წარმოება და მავნებლების ინტეგრირებული მართვა.

    ევროკავშირის ინოვაციური პროექტი, „კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისათვის საქართველოში“, ევროკავშირის და გაეროს ოთხი სააგენტოს ერთობლივი ინიციატივაა. პროექტი 2019 წელს დაიწყო და მისი ბიუჯეტი 5 მილიონი ევროა. ინიციატივის მიზანია მეწარმეობის და ბიზნესის განვითარება საქართველოს მთავრობის და ადგილობრივი უწყებების შესაძლებლობების გაძლიერების გზით.

    წყარო: https://euneighbourseast.eu/ka/news-and-stories/latest-news/nergebis-gashenebidan-qhurdznis-krephamde-evrokavshirma-da-fao-m-kharthveli-meghvineebisthvis-treningi-chaatares/

  • 2021 წელს ევროკავშირში არალეგალურად შესულთა რიცხვი წინა წელთან შედარებით 57 პროცენტით გაიზარდა

    2021 წელს ევროკავშირის საზღვრებში არალეგალურად შესულთა რიცხვი წინა წელთან შედარებით 57 პროცენტით გაიზარდა და 195 ათასს მიაღწია. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება. მათი ინფორმაციით, საზღვრის უსაფრთხოების სააგენტოს Frontex-ის (ევროკავშირის) მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებში უკანონო შესვლამ, სამგზავრო შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, გადააჭარბა იმ დონეს, ვიდრე ახალი ტიპის კორონავირუსის Covid-19-ის ეპიდემიის დაწყამდე იყო.

    საზღვრის უკანონოდ გადამკვეთთა რიცხვი გასულ წელს 2020 წელთან შედარებით 57 პროცენტით, 2019 წელთან შედარებით 36 პროცენტით გაიზარდა.

    გასულ წელს ევროკავშირში შესასვლელად ყველაზე ხშირად გამოყენებული მარშრუტი ცენტრალური ხმელთაშუა ზღვა იყო. ევროკავშირის ქვეყნებში ამ მარშრუტით 65 ათასზე მეტი ადამიანი შევიდა. ცენტრალური ხმელთაშუა ზღვისპირეთიდან შესვლა 2020 წელთან შედარებით 83 პროცენტით გაიზარდა. დასავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონიდან შემოდინებამ 6 პროცენტით მოიმატა და 18 ათასს გადააჭარბა. აღმოსავლეთ ევროპიდან, განსაკუთრებით ბელარუსიდან, ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა ათასი პროცენტით გაიზარდა. 2021 წელს ბელარუსიდან უკანონო შემსვლელთა რაოდენობა დაახლოებით 8000 იყო.

    ევროკავშირის საზღვრებში არალეგალურად ყველაზე მეტად სირიელები შევიდნენ. მათ მოჰყვებიან ტუნისელები, მაროკოელები, ალჟირელები და ავღანელები.

  • პარტნიორობა გენდერული თანასწორობისათვის - FAO-ს, UNDP-ს, UNFPA-ს, და ლიბერთის ინიციატივა

    ლიბერთი ბანკის,     გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და  გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ერთობლივი ინიციატივით, სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებისა და გაძლიერებისათვის, საქართველოს რეგიონებში შეხვედრების ახალი სერია რაჭაში გაგრძელდა.

    ამბროლაურში გამართულ  შეხვედრას  დაესწრნენ  რაჭასა და ლეჩხუმში  მცხოვრები ქალები, რომლებიც  FAO-ს ,,სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროექტში’’ არიან ჩართულნი. მათ ლიბერთის დირექტორის მოადგილემ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით   ირაკლი აბაშიძემ გააცნო ინფორმაცია  ბიზნესის და სოფლის მეურნეობის განვითარებაში გენდერული თანასწორობის როლის, ფინანსურ დაგეგმვასა და იმ საბანკო სერვისებზე, რომელსაც ლიბერთი  სოფლის მეურნეობაში ჩართულ ქალებს სთავაზობს.

    შეხვედრების მიზანია აამაღლოს სოფლად მცხოვრები ქალების ცნობიერება გენდერული თანასწორობის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების, სათემო მონაწილეობის შესახებ, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, ასევე იმ საბანკო სერვისების შესახებ, რაც სოფლის მეურნეობაში ჩართულ ქალებს გამოადგებათ.

    უკვე ორი წელია შეხვედრები ლიბერთი  ბანკთან პარტნიორობით ხორციელდება.

    ,,ლიბერთი სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებისა და გაძლიერებისათვის  რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს გაეროს მოსახლეობის ფონდის  საქართველოს ოფისთან და გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან ერთად.

    ჩვენი ახალი სტრატეგია „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“,  მომხმარებლისთვის არაერთი სიახლის შეთავაზებას გულისხმობს. ჩვენ  განვაგრძობთ  ქალების მხარდაჭერას  და მათი  გაძლიერებისათვის  ხელმისაწვდომი პროდუქტების შექმნას.

    ასევე, ლიბერთის ახალი სტრატეგიის  ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენი ყველაზე დიდი საბანკო ინფრასტრუქტურის გამოყენება, მომხმარებლისთვის  მარტივი მომსახურების   შეთავაზება და რეგიონში  აგრობიზნესის განვითარებაა- განაცხადა ლიბერთი ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის მოადგილემ, ირაკლი აბაშიძემ.

    „მოხარული ვარ, რომ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, გაეროს სააგენტოებმა ძალისხმევა გააერთიანეს და,  კერძო სექტორთან პარტნიორობით, საინფორმაციო შეხვედრები დაგეგმეს. ეს ღონისძიებები ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და  გენდერული თანასწორობის  საკითხებში  მამაკაცების მეტი ჩართულობისკენაა მიმართული“, - განაცხადა  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენდერული საკითხების კოორდინატორმა ია მირაზანაშვილმა.

    სოფლად მცხოვრებ ქალებთან ლიბერთის,     გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და  გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მორიგი, ერთობლივი შეხვედრები 2022 წელს  ახალ სამიზნე რეგიონებში გაიმართება.

  • ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი სოფლებში სწრაფი ინტერნეტ კავშირის დანერგვაში ინვესტირებას ახდენენ

    ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროკავშირის ბანკი, განახორციელებს ინვესტიციას 34 მილიონი ევროს ოდენობით მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ქსელის გაფართოებაში, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ და საიმედო ინტერნეტ სერვისებს საქართველოს 1000 სოფელსა და შორეულ დასახლებაში მცხოვრები 500 000 საქართველოს მოქალაქისთვის. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" ევროკავშირის წარმომადგენლობაში განუცხადეს.

    ევროკავშირის ბანკის ინვესტიცია დააფინანსებს 5000 კმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო ქსელის ინსტალაციას და უზრუნველყოფს ღია დაშვების ინფრასტრუქტურის დანერგვას საქართველოს საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებისთვის მათ მიერ სწრაფი ინტერნეტის სერვისების უზრუნველსაყოფად. ევროკავშირმა გარანტია გარე დაკრედიტების მანდატის საფუძველზე გასცა.

    ეს პროექტი მხარს უჭერს გაუმჯობესებულ ციფრულ კავშირს, როგორც საქართველოსთვის ხუთი ფლაგმანური ინიციატივიდან ერთ-ერთს, აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში.

    ევროპის საინვესტიციო ბანკის ეს ახალი ოპერაცია არის ევროპის გუნდის უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილი, რათა საქართველოს მხარი დაუჭიროს ციფრული ტექნოლოგიების დანერგვაში, ეკოლოგიური და მდგრადი სოციალური და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაში და ქვეყნის მასშტაბით სტიქიური უბედურებებისადმი, როგორიცაა COVID-19 პანდემია, მდგრადობის გაზრდაში.

  • პოლიტიკური დაპირისპირება არჩევნების მედია გაშუქებაზე აისახება

    ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა ადგილობრივი არჩევნების მედიამონიტორინგის საბოლოო შედეგებს აქვეყნებენ

    თბილისი. 14 დეკემბერი 2021 – ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების მედიამონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნეს, რომელიც 5 ივლისიდან 14 ნოემბრამდე პერიოდს მოიცავს. ანგარიშში შესულია არჩევნების გაშუქების რაოდენობრივი მონაცემები და თვისებრივი ანალიზი 54 მედია-საშუალების მიხედვით (27 ეროვნული და 27 რეგიონული). მედიამონიტორინგი ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა განახორციელეს - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, ინტერნიუს საქართველომ და CRRC-საქართველომ.
    მედიამონიტორინგის შედეგების თანახმად, ქართული მედია საკმაოდ ეფექტიანად აშუქებდა საარჩევნო მოვლენებს. მედია-საშუალებები დროულად აქვეყნებდნენ მიმდინარე ინფორმაციას და მრავალფეროვან კომენტარებსა და მოსაზრებებს სთავაზობდნენ ამომრჩევლებს.
    ცვალებადი წინასაარჩევნო გარემო და მწვავე პოლიტიკური დაპირისპირება არჩევნების გაშუქებაზე საგრძნობლად აისახა. მედიის დღის წესრიგს განსაზღვრავდა პოლიტიკურ და სოციალურ მოვლენათა მთელი რიგი, მათ შორის ივლისში განვითარებული ჰომოფობიური გამოსვლები და ჟურნალისტების მიმართ აგრესია, ხოლო შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავება და ამის გარეშემო განვითარებული მოვლენები.
    სხვადასხვა სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედია-საშუალებები ამ ფაქტებს სრულიად განსხვავებულ ინტერპრეტაციასა და შეფასებას აძლევდნენ.
    მედია-ბანაკებს შორის დაპირისპირება განსაკუთრებით მწვავე იყო სამაუწყებლო მედიის შემთხვევაში (ტელევიზია და რადიო). მედია-საშუალებათა უმრავლესობა მიკერძოებულ ინფორმაციას ავრცელებდა და ცდილობდა, რომ მიმდინარე მოვლენები ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოეჩინა.
    საარჩევნო ტელედებატები ორი ტელევიზიის ეთერში გაიმართა, რაც საქართველოს პოლარიზებულ საარჩევნო გარემოს პირობებში, საკმაოდ დიდი მიღწევაა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დებატების მსვლელობისას, ჟურნალისტები კრიტიკული კითხვების დასმას ერიდებოდნენ, ხოლო ზოგიერთი კანდიდატის მიერ გაკეთებულ ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ გამონათქვამებზე სათანადო რეაგირება არ მოუხდენიათ.
    წინასაარჩევნო პერიოდში, მედია-საშუალებები მეტ-ნაკლებად იცავდნენ ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს, თუმცა არჩევნების დღისა და მეორე ტურების მოახლოებასთან ერთად, დაძაბულობა გაიზარდა და ეთიკის სტანდარტების დარღვევაც გახშირდა.
    გადაუმოწმებელი ინფორმაციისა და დისკრიმინაციული თუ შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიის გამოყენება განსაკუთრებით ეროვნულ ბეჭდურ მედიაში შეინიშნებოდა, ხოლო რეგიონული და ადგილობრივი ბეჭდური გამოცემები მოვლენებს შედარებით მიუკერძოებლად აშუქებდნენ და მკითხველს მოსაზრებებისა და პოზიციების მრავალფეროვნებას სთავაზობდნენ.
    სხვა არჩევნებთან შედარებით, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენება საგრძნობლად შემცირდა მედიის ყველა სექტორში.
    პოლიტიკური მიკერძოება ნაკლებად შეიმჩნეოდა ონლაინ მედიის სექტორში. როგორც ეროვნული, ისე რეგიონული მედია-საშუალებები ცდილობდნენ სარედაქციო დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინათ და არჩევნები ინფორმაციულობისა და მრავალფეროვნების სტანდარტების დაცვით გაეშუქებინათ. ამასთან ერთად, ონლაინ მედიაში გაშუქების ზედაპირულობა და ფრაგმენტულობაც შეიმჩნეოდა.
    „პლურალისტური მედია-გარემოს არსებობის მიუხედავად, საქართველოში არჩევნების გაშუქება მძაფრი პოლარიზებით ხასიათდება. სანდო და დაბალანსებულ ინფორმაციას საკვანძო მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ ამომრჩევლებმა საარჩევნო ყუთებთან ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ“, - განაცხადა ასუნსიონ სანჩეს-რუისმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ და პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა.
    „ქართული მედია მრავალფეროვანი და სწრაფად მზარდი გარემოა. ის ხელს უწყობს საზოგადოებრივ მსჯელობას და დემოკრატიულ პროცესს, მათ შორის, არჩევნებს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური მიკერძოება, არაეთიკური გაშუქება და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამოყენება კვლავ შეიმჩნევა მედიის რამდენიმე სექტორში“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა.
    ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მედიამონიტორინგი 2022 წლის მარტამდე, პოსტ-საარჩევნო პერიოდშიც გაგრძელდება.

    ყველა ანგარიში ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: mediamonitor.ge

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური