ქართველ მშვიდობისმყოფელთა ასეული ავღანეთში გაემგზავრა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 07 დეკემბერი 2020 10:41

ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად ქართველ მშვიდობისმყოფელთა ასეული ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქართველი სამხედროები უმაღლესმა მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და მისმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ გააცილეს. მათ ქართულ კონტინგენტს კოალიციურ ძალებთან ერთად „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს. 

მშვიდობისმყოფელთა ასეულმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის (RSM) გადასროლისწინა ოთხთვიანი ინტენსიური სწავლების სხვადასხვა ფაზა და დასკვნითი მომზადება საქართველოში გაიარა. აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლებმა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების დონეს მაღალი შეფასება მისცეს. ქართული ასეული საერთაშორისო სამშვიდობო მისიას ავღანეთში აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებს.

თავდაცვის სამინისტროს პრეს-რელიზი

წაკითხულია 137 ჯერ

Related items

  • ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილება, მიმდინარე წლის სექტემბრამდე, ეტაპობრივად დაასრულოს ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია

    როგორც უკვე ცნობილია, ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილება, მიმდინარე წლის სექტემბრამდე, ეტაპობრივად დაასრულოს ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია. შესაბამისად, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები, ნატო-სთან შეთანხმებული გრაფიკით დატოვებენ ავღანეთს. ამის შესახებ ნათქვამია თავდაცვის უწყების განცხადებაში.

    აღნიშნული მიმართულებით, თავდაცვის სამინისტრო აწარმოებს მჭიდრო კონსულტაციებს როგორც ნატოსთან, ასევე ორმხრივად, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-სთან და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნება მათთან კოორდინაციით განხორციელდება.

    როგორც მოგეხსენებათ, ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში საქართველო 2004 წლიდანაა ჩართული და ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის და ერთ სულ მოსახლეზე მისიაში გაგზავნილი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის მიხედვით უმსხვილესი კონტრიბუტორია. ეს ფაქტი მკაფიოდ ცხადყოფს თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველო ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდამხარ გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას. მთელი ამ წლების განმავლობაში, მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვას ათასობით თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურე ემსახურებოდა, რომელთაგან 32 დაიღუპა და არაერთი დაიჭრა.

    1999 წლიდან მოყოლებული, ჩვენმა მშვიდობისმყოფელებმა, ნატო-ს, აშშ-ს და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში, არაერთხელ დაამტკიცეს მაღალი პროფესიონალიზმი, თავდადება და საერთო ღირებულებების დაცვისადმი ერთგულება. საერთაშორისო მისიებში აქტიური ჩართულობით, საქართველომ, გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში, ღირსეული და საიმედო პარტნიორის სახელი დაიმკვიდრა, რაც მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

    თავდაცვის სამინისტრო უდიდეს მადლიერებას გამოხატავს თითოეული სამხედრო მოსამსახურის მიმართ ავღანეთის მისიებში გაწეული სამსახურისთვის. განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ ავღანეთის მისიაში დაღუპულ ჩვენ გმირ სამხედროებს, ვინც თავი შესწირა მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას. თავდაცვის ძალები მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ყველა არსებული თანამშრომლობის ფორმატში, პარტნიორების მხარდამხარ, ეროვნული და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას.

  • ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობით ქართულმა ჯარმა დაამტკიცა, რომ ნატო-სკენ მიმავალ გზას არ გადაუხვევს

    საქართველო მრავალი წელია აქტიურად მონაწილეობს ავღანეთში მიმდინარე ნატო-ს საერთაშორისო მისიაში. ამის შესახებ დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

    მისივე თქმით, მტკიცე მხარდაჭერის მისიის დაწყების დღიდან ქართულმა ჯარმა საგულისხმო წვლილი შეიტანა ავღანეთში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების ურთულეს პროცესში. 

    "საამაყოა ის პროფესიონალიზმი და თავდადება, რითაც ქართველმა სამხედროებმა თავი დაამახსოვრეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს. ქართული ჯარის პროფესიონალიზმი ყოველთვის იმსახურებდა, როგორც ნატო-ს, ისე პარტნიორი ქვეყნების მაღალ შეფასებას. ამ რთული მისიის შესრულებით საქართველომ მრავალგზის დაამტკიცა, თუ რამდენად დიდი და მნიშვნელოვანია მისი როლი მსოფლიო მშვიდობისა და სტაბილურობისათვის. მადლობას ვუხდი ყველა სამხედროს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა შესწირა მშვიდობისათვის ბრძოლას და ღირსეულად ატარა ქართული დროშა. 

    ქართული ქვედანაყოფები ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიას ნატო-სა და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ეტაპობრივად დატოვებენ. აუცილებელია, რომ მომავალში ავღანეთში ხანგრძლივად შენარჩუნდეს უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემო, რომლის ჩამოყალიბებაშიც საქართველო ნატო-სა და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად იღვწოდა. მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობით ქართულმა ჯარმა დაამტკიცა, რომ ნატო-სკენ მიმავალ გზაზე შესწევს უნარი ღირსეულად და პასუხისმგებლობით გაართვას თავი კოლექტიური თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ამოცანებს. ვამაყობთ, რომ საქართველომ, ნატო-ს სანდო და საიმედო პარტნიორმა, ალიანსის წევრებთან ერთად უდიდესი წვლილი შეიტანა მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

    ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, ნატოს მისიაში მყოფი უცხოელი ჯარისკაცები ავღანეთს აშშ-სთან ერთად მიმდინარე წლის 11 სექტემბრისთვის დატოვებენ.

  • 43-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულის საველე სწავლება ვაზიანის პოლიგონზე

    საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 მექანიზებული ბრიგადის 43-ე ქვეითი ბატალიონის „ალფა“ ასეულმა ასეულის დონის სიტუაციური საველე სწავლება დაასრულა. დასკვნითი შემაჯამებელი წვრთნები ვაზიანის პოლიგონზე საბრძოლო სროლებით განხორციელდა. 

    სწავლება ოთხ ფაზად ჩატარდა, რომელიც მომზადებას, გადაადგილებას, აღსრულებას, კონსოლიდაციასა და რეორგანიზაციას მოიცავდა. შემაჯამებელ წვრთნებში ტაქტიკური მარში, თავმოყრის რაიონის დაკავება, პირდაპირი და არაპირდაპირი ცეცხლის ინტეგრირება, ცეცხლით მხარდაჭერა, დაშავებულის ევაკუაცია და ჩასაფრება განხორციელდა. საბრძოლო სროლებში მონაწილეობა 43-ე ბატალიონის ალფა ასეულმა, სატანკო ოცეულმა, 82მმ ნაღმმტყორცნელთა ოცეულმა, ჰაერსაწინააღმდეგო ასეულმა, კავშირგაბმულობისა და სამედიცინო ჯგუფებმა მიიღეს.

    ორკვირიანი წვრთნების მიზანი ქვედანაყოფში საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, საბრძოლო ელემენტების ურთიერთშერწყმა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა იყო.

    თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაცია

  • მე-12 ბატალიონი GDRP-ის წინამოსამზადებელ საველე წვრთნებს გადის

    თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ალფა“ ასეული საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP-T) ჩართვამდე წინამოსამზადებელ ოცეულის დონის სიტუაციურ სწავლება-შეფასებას გადის.

    როგორც თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაცია იტყობინება, მე-12 ბატალიონის სამხედროები ოცეულის დონეზე თავდაცვით, თავდასხმით და ძალთა დაცვის ოპერაციებს ახორციელებენ. სწავლება ბრძანების გაცემას, ტაქტიკურ გადაადგილებას, ჩასაფრებას, თავმოყრის რაიონის დაკავებას, ჩასაფრებაზე რეაგირებას, რეიდს და სხვა საჭირო საკითხებს მოიცავს.

    პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP-T) მაისიდან ჩაერთვება. GDRP-ის მიზანია საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის ამაღლება ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველსაყოფად. პროგრამა ასევე, უზრუნველყოფს მათი დაკომპლექტების, წვრთნისა და აღჭურვის შესაძლებლობების განვითარებას.

     

  • ნატოს მხარემ საქართველოს თავდაცვის ძალებს სატრანსპორტო საშუალებები გადასცა

    ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (Substantial NATO-Georgia Package - SNGP) ფარგლებში, ნატოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების ნდობის ფონდის (Defence Capacity Building Trust Fund) შესაბამისი პროექტის ხელშეწყობით, ნატოს შესყიდვებისა და მომსახურების სააგენტომ (NATO Support and Procurement Organization - NSPA) ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) 5 ერთეული „რენოს“ მარკის მაღალი გამავლობის ავტომანქანა გადასცა. სატრანსპორტო საშუალებების გადაცემა ცენტრის შესაძლებლობების განვითარებას, მობილურობის გაზრდასა და ლოჯისტიკური კომპონენტის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. 

    სატრანსპორტო საშუალებების გადაცემის ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ აზარაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე პირიტ პიკერი და ნატოს შესყიდვებისა და მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

    ნატოს მხარემ JTEC-ს სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებები NSPA-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2017 წელს გაფორმებული გრანტის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა, რომლის საერთო ღირებულება 1,2 მლნ ევროს შეადგენს. JTEC-ს ჯამში 20 სატრანსპორტო საშუალება გადაეცა, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება JTEC-ის ტრანსპორტირების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები, რაც მთლიანობაში გაზრდის JTEC-ის ეფექტური ფუნქციონირებისთვის საჭირო შესაძლებლობებს. პროექტის განხორციელების პროცესში ასევე აქტიურად იყო ჩართული JTEC-ის ნატოს მრჩეველთა ჯგუფი (JTEC NATO Advisory Team).

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური