უეფას-ს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო იქნება

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 04 დეკემბერი 2020 12:30

უეფას-ს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო იქნება. უეფა-ს გადაწყვეტილებით, 2023 წლის 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის 24-ე ჩემპიონატი ორ ქვეყანაში გაიმართება. ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელებს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 3 დეკემბერს გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღო.

16 ევროპული ნაკრები ოთხ ჯგუფში გადანაწილდება. თითოეული ქვეყანა ორ-ორ ჯგუფს უმასპინძლებს. ჩემპიონატის დებულების თანახმად, ორივე მასპინძელი ქვეყანა - საქართველო და რუმინეთი ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე ითამაშებს. 

ევრო 2023-ის ახალგაზრდულ ნაკრებთა ფინალური მატჩი ბათუმის სტადიონზე შედგება, ხოლო გახსნით მატჩს რუმინეთი უმასპინძლებს. 

ჯგუფური შეხვედრები 4 სტადიონზე გაიმართება: მათ შორის ბათუმშიფოთსა და თბილისში (ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი).

ლევან კობიაშვილი - სფფ-ის პრეზიდენტი: „ნამდვილად სასიხარულო ინფორმაცია მივიღეთ დღეს უეფასგან, 2023 წელს საქართველო რუმინეთთან ერთად 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემიონატს უმაპინძლებს. პირველ რიგში, მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით, ქართულ ფეხბურთის გულშემატკივარს. მსგავსი მასშტაბის ტურნირი ჩვენ ქვეყანაში ჯერ არ ჩატარებულა.  ასევე, ვულოცავ ჩვენ რუმინელ კოლეგებს მასპინძლობის უფლების მოპოვებას.

სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ისევე როგორც რუმინეთის ახალგაზრდული ნაკრები, ჩვენი გუნდი ავტომატურად მიიღებს ფინალურ ეტაპზე მონაწილეობას. ტურნირის მასპინძლობა პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მოხდება საქართველოში ფეხბურთის უფრო მეტად პოპულარიზაცია და ხელშეწყობა. ჩვენი ახალგაზრდებისთვის კი ეს იქნება უდიდესი გამოცდილება, რასაც სამომავლოდ გამოიყენებენ ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემპიონატის ფინალური მატჩი საქართველოში გაიმართება. ბათუმის არაჩვეულებრივი ახალი სტადიონი ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩენს. ეს არის კიდევ ერთხელ დასტური ჩვენი და უეფას წარმატებული თანამშრომლობისა და მხარდაჭერის ჩვენი და ზოგადად ქართული ფეხბურთის მიმართ.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ქართული ფეხბურთის თითოეულ გულშემატკივარს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ქართული ფეხბურთის ისტორიაში, რადგან მსგავსი დონის ტურნირისთვის ჩვენ ქვეყანას არ უმასპინძლია.“ 

სფფ-ს პრეს-რელიზი

წაკითხულია 325 ჯერ

Related items

  • საქართველო მზის ენერგიის განვითარების პროექტს იწყებს

    „დღეს ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან შეთანხმებას - საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი და არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო ფონდი „მასდარი“ საქართველოში ერთად იწყებენ მზის ენერგიის განვითარებას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს დელეგაციის დუბაიში „ექსპო-2020“-ის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ. 

    Dubai Expo 2020-ზე საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა და ABU DHABI FUTURE ENERGY COMPANY PJSC – MASDAR შორის შეთანხმებაზე ხელმოწერა გაიმართა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დაესწრო. შეთანხმება შეეხება საქართველოში მზის ელექტროსადგურის (solar PV project) პროექტის ერთობლივ განვითარებას. 

    შეთანხმების თანახმად, მხარეებმა, მზის ელექტროსადგურის პროექტის შემდგომ განვითარების მიზნით, უნდა განახორციელონ ქმედებები ტექნიკური, კომერციული და ფინანსური მიმართულებებით. საბოლოო გადაწყვეტილება პროექტის დაფინანსების თაობაზე მიღებული იქნება კვლევების ეტაპის დასრულების შემდგომ (ხელმოწერიდან 6 თვის ვადაში). ამ მიზნით, კომპანია „მასდარმა“ გამოხატა საქართველოში 100 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის განვითარების ინტერესი. 

    როგორც ნათია თურნავა აღნიშნავს, „მასდარი“ უდიდესი სახელმწიფო ფონდი, გლობალური ლიდერი კომპანიაა, რომელიც ჩვენს რეგიონში განახლებადი ენერგიების მიმართულებით მუშაობს, მათ შორის ავითარებს მზის ენერგეტიკას, საკმაოდ ხელმისაწვდომი ელექტროენერგიის ტარიფებით. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ამან საქართველოს მთავრობის ინტერესი გამოიწვია და ბოლო თვეების განმავლობაში უკვე შედგა ფონდის დელეგაციის რამდენიმე ვიზიტი საქართველოში, შეირჩა პროექტისთვის კონკრეტული ლოკაციები. 

    „ახლა უკვე იწყება ერთობლივი შესწავლა, სადაც საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდიც შემოვა, როგორც პარტნიორი. საუბარი შეეხება 100 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის მზის სადგურს, რომელიც განხორციელდება ამ ორი სახელმწიფო ფონდის თანამშრომლობით. ეს იქნება პირველი პროექტი, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა უკანასკნელი - ასეთივე დიდი ინტერესია გამოთქმული ფონდ „მასდარის“ მხრიდან წყალში აშენებული ქარის ტურბინების პროექტების, ასევე მცურავი მზის ელექტროსადგურების მიმართ და ეს არის უახლესი ტექნოლოგიები, რომლებიც ჩვენი თანამშრომლობის შედეგად საქართველოში მალე წარმოდგენილი იქნება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

  • საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრები ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდნენ

    ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრები, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტის პრეზიდენტ დევიდ მარია სასოლის შეხვდნენ. აღინიშნა ევროპარლამენტის მხარდაჭერის როლი ასოცირებული ტრიოს ფორმატის ჩამოყალიბებაში, რისთვისაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.
    ევროპარლამენტის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტი გააგრძელებს ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მხარდაჭერას ევროპული ინტეგრაციის გზაზე, დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პროცესში, რაც ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის მნიშვნელოვანია.
    შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა ქვეყნების საერთო მისწრაფებებსა და გამოწვევებზე, ტერიტორიების ოკუპაციასა და ჰიბრიდულ საფრთხეებზე.
    საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის დეკლარაციაში ასოცირებული ტრიოს პრიორიტეტების ასახვის მნიშვნელობას, რათა ახალი შესაძლებლობები გაეხსნას პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციის გზაზე.
    ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან სამი სახელმწიფოს პოლიტიკური, ეკონომიკური და დარგობრივი ინტეგრაციის ახალ შესაძლებლობებზე, თანამშრომლობის გაფართოებაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა დაკავშირებადობა, მათ შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ განზომილებებში, სავაჭრო და ეკონომიკური ინტეგრაციის, კლიმატის ცვლილებების, რეგიონული უსაფრთხოების, ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების მიმართულებით.
    პრეზიდენტ დევიდ მარია სასოლისთან შეხვედრის დაწყებამდე, ირაკლი ღარიბაშვილმა, დენის შმიგალმა და ნატალია გავრილიცამ, ევროპარლამენტის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერები გააკეთეს.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური 

  • საქართველოს ფეხბურთელთა 17-წლამდე ნაკრები ელიტ რაუნდში ითამაშებს

    საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი, ესტონეთის ასაკობრივი გუნდის წინააღმდეგ ჩაატარა და დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით - 0:1 დამარცხდა.

    შეხვედრა ჩვენი გუნდის საგრძნობი უპირატესობით დაიწყო. 17-წლამდელებმა რამდენიმე რეალური მომენტის გამოყენება ვერ შეძლეს, თუმცა კონტრ-შეტევის ზუსტად გამოყენება, 33-ე წუთზე ნომინალურ მასპინძელთა შემტევმა - დიმიტრი ეპიჰინმა მოახერხა და ანგარიში გახსნა - 1:0.

    მიუხედავად ამ მარცხისა, საქართველოს ფეხბურთელთა 17-წლამდე ნაკრები ელიტ რაუნდში ითამაშებს. 

    19-წლამდელების მსგავსად, ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში 17-წლამდე ასაკობრივი ნაკრებიც ითამაშებს. გიორგი ჩიტაურის გუნდს, ელიტ რაუნდი გაზაფხულზე ელის. ჯგუფის მონაწილე გუნდები და მასპინძელი ქვეყანა, დეკემბერში გამართული წილისყრის შემდეგ გახდება ცნობილი.

    17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს ისრაელი 2022 წლის 16 მაისიდან, 1 ივნისამდე უმასპინძლებს. 

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი, ისლანდიის ასაკობრივ გუნდთან ფრედ - 1:1 ითამაშა. ხოლო მეორე ტურის შეხვედრაში, მასპინძელი უნგრეთი - 0:1 დაამარცხა და ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა.

  • მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში შეიძლება 2 წელიწადში ერთხელ გაიმართოს

    უეფა-ს ადმინისტრაციის განცხადებით, მსოფლიო ჩემპიონატის ოთხწლიანი ციკლის ნაცვლად ორწლიან ციკლში ჩატარების წინადადება, მათში შეშფოთებას იწვევს და რომ ეს საკითხი მოითხოვს ფართო კონსულტაციებს. ამის შესახებ "TRT-ქართული" იუწყება.

    განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ უეფამ და მისმა 55 წევრმა, 14 სექტემბერს ჩატარებულ სხდომაზე მოითხოვეს, სპეციალური შეხვედრა დაგეგმონ, რომელზედაც თავიანთ შეშფოთებას დააფიქსირებენ ამ ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით, თუმცა, ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით უეფა-ს დღემდე ფიფა-სგან რაიმე პასუხი არ მიუღია.

    გლობალური ფეხბურთის განვითარების დირექტორის არსენ ვენგერის მიერ მამაკაცთა და ქალთა შორის ფეხბურთში დასახული საერთაშორისო მატჩების განრიგის შესაბამისობის განხილვის მიზნით, ფიფა მომავალ ხუთშაბათს, 30 სექტემბერს, სპეციალურ შეკრებას გამართავს.

    როგორც ცნობილია, 1930 წლიდან დაწყებული მამაკაცთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება ოთხ წელიწადში ერთხელ (მხოლოდ 1942 და 1946 წლებში მეორე მსოფლიო ომის გამო გაუქმდა), ხოლო ქალებს შორის კი 1991 წლიდან იმართება.

     

  • რუმინეთში საპარაშუტო მომზადების პროგრამა დასრულდა (ვიდეო)

    რუმინეთის ქალაქ ბრაშოვში რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალებისა და საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში „გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნები“ (Joint Combined Exchange Training/JCET) ჩატარდა.
    წვრთნების ფარგლებში, სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა საპარაშუტო მომზადება გაიარეს, რომელიც 6 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. სწავლების პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდა და მოიცავდა როგორც პარაშუტის დაკეცვის, ასევე სხვადასხვა სიმაღლიდან - 1200-4000 მეტრიდან თავისუფალი ვარდნის პარაშუტით ხტომებს (სტატიკური ხაზით ხტომებსა და პარაშუტის ხელით გახსნის ხტომებს). სწავლების პერიოდში მებრძოლები შეფასდნენ შუალედური და შემაჯამებელი ტესტირებებით, რასაც წარმატებით გაართვეს თავი. 
    საპარაშუტე პროგრამა რუმინელ პარტნიორებთან ერთად უკვე მეორედ განხორციელდა. აღნიშნული წვრთნების ჩატარება ქართველ და რუმინელ სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროებს შორის სამომავლოდაც იგეგმება.

ბიზნეს ნიუსი

საქართველო მზის ენერგიის განვითარების პროექტს იწყებს

საქართველო მზის ენერგიის განვითარების პროექტს იწყებს

„დღეს ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან შეთანხმებას - სა...

პრემიერ-მინისტრ ი. ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

პრემიერ-მინისტრ ი. ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინ...

ახალი ლიბერთის ლოიალობის პროგრამა - ქეშბექის და Visa-ს საახალწლო აქცია

ახალი ლიბერთის ლოიალობის პროგრამა - ქეშბექის და Visa-ს საახალწლო აქცია

ლიბერთის გუნდი მასშტაბური ახალი წლის აქციის შემდეგ...

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური