ნორვეგიამ ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს კომპიუტერული ტექნიკა გადასცა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 03 დეკემბერი 2020 11:54

ნატო საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ეგიდით, დღეს ნორვეგიამ, რომელიც JTEC-ის ინიციატივის განხორციელებაში წამყვან ქვეყანას წარმოადგენს, JTEC-ის პირადი შემადგენლობას კომპიუტერული ტექნიკა საჩუქრად გადასცა. ნორვეგიული მხარდაჭერა ორგანიზაციის მოქნილობისა და არსებული შესაძლებლობების უფრო მეტად გაზრდას ემსახურება. ნორვეგიულმა მხარემ ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი ამჯერად პერსონალური კომპიუტერებით, ლეპტოპებითპრინტერებითა და მოტოროლას რადიოსადგურებით, ასევე ინტერნეტის დაცვის სისტემით და კომუნიკაციების სხვა აღჭურვილობებით უზრუნველყო. ახალი კომპიუტერული ტექნიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნატო-საქართველოს 2022-ი წლის სწავლების დაგეგმვისა და სრულყოფილად აღსრულებისთვის.
JTEC-ის შტაბში გამართულ ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ელენ სენდ ანდერსენი დაესწრნენ. კომპიუტერული ტექნიკის გადაცემის ცერემონიალზე იმყოფებოდნენ ასევე, თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია, SNGP-ის ძირითადი ჯგუფის ლიდერი, პოლკოვნიკი ნორბერტ ჰესი, JTEC-ის ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი კენეტ ბაკენი და თავდაცვის უწყების წარმომადგენლები.  
ნორვეგიამ დიდი წვლილი შეიტანა JTEC–ის ჩამოყალიბებასა და დაარსების დღიდან ამ ორგანიზაციაში დასახული მიზნის მიღწევაში - გამხდარიყო მოწინავე ცენტრი როგორც წვრთნების, ისე შეფასების მიმართულებით საქართველოს თავდაცვის ძალების მასშტაბით. 

თავდაცვის სამინისტროს პრეს-რელიზი

წაკითხულია 136 ჯერ

Related items

  • აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოს თავდაცვის ძალები ახალი ტიპის შეიარაღებით აღიჭურვა

    საქართველოს თავდაცვის ძალებში შეიარაღების მოდერნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოს თავდაცვის ძალებმა ახალი ტიპის ტყვიამფრქვევები და ყუმბართმტყორცნები მიიღო. უკვე მიმდინარეობს ქვედანაყოფების აშშ-ის წარმოების ნატოს M2 ტიპის 12.7 მმ მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებითა და MK 19 ტიპის ახალი ავტომატური ყუმბართმტყორცნებით აღჭურვის პროცესი. საქართველოს თავდაცვის ძალებს დამატებით გადმოეცა 5,56 მმ კალიბრის M249 ტიპის ხელის მსუბუქი ტყვიამფრქვევებიც.

    საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ვაზიანში იმყოფებოდნენ, სადაც თანამედროვე, ნატოს სტანდარტის იარაღით ქვედანაყოფების დაკომპლექტების პროცესს პირადად გაეცნენ და საცდელ სროლებს დაესწრნენ. ვაზიანის სასროლეთზე, საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) ქართველმა და ამერიკელმა ინსტრუქტორებმა აღნიშნული იარაღით საჩვენებელი სროლები განახორციელეს.

    აღნიშნული ტიპის შეიარაღება ზრდის ქვედანაყოფის საცეცხლე ზემოქმედების შესაძლებლობებს და ბრძოლის ველზე მათ ეფექტიანად მოქმედებას უზრუნველყობს. საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ახალი ტიპის ტყვიამფრქვევებითა და ყუმბართმტყორცნებით დაკომპლექტება, შეიარაღებისა და აღჭურვილობის განახლებისა და მოდერნიზაციის პროცესის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც თავდაცვის ძალების შესაძლებლობების ზრდას და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესებას ემსახურება.

  • ამერიკის სამხედრო დახმარება საქართველოს თავდაცვის ძალებს
    ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) - საქართველოს სამხედრო პარტნიორობისადმი მტკიცე მხარდაჭერის ფარგლებში საქართველომ მიიღო ლაზერული ზემოქმედების მრავალჯერადი ინტეგრირებული სისტემა MILES-ი, რომელიც ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს გადაეცემა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს საელჩოს ადმინისტრაცია ავრცელებს.
    მათი მონაცემებით, აღნიშნულ სისტემას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის რეალისტური საბრძოლო მომზადების გაუმჯობესებისთვის გამოიყენებენ.
    $4.3 მილიონი დოლარის ღირებულების ეს პროგრამა მოიცავს წვრთნის სრულ კომპლექტს, აღჭურვილობასა და ადმინისტრირების ხარჯებს, აცხადებენ აშშ-ს საელჩოში.
     
  • ქართველ მშვიდობისმყოფელთა ასეული ავღანეთში გაემგზავრა

    ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად ქართველ მშვიდობისმყოფელთა ასეული ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქართველი სამხედროები უმაღლესმა მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და მისმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ გააცილეს. მათ ქართულ კონტინგენტს კოალიციურ ძალებთან ერთად „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს. 

    მშვიდობისმყოფელთა ასეულმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის (RSM) გადასროლისწინა ოთხთვიანი ინტენსიური სწავლების სხვადასხვა ფაზა და დასკვნითი მომზადება საქართველოში გაიარა. აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლებმა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების დონეს მაღალი შეფასება მისცეს. ქართული ასეული საერთაშორისო სამშვიდობო მისიას ავღანეთში აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებს.

    თავდაცვის სამინისტროს პრეს-რელიზი

  • 32-ე ბატალიონმა მტკიცე მხარდაჭერის მისიის გადასროლისწინა მომზადება დაასრულა

    საქართველოს თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონმა ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის (RSM) გადასროლისწინა მომზადება დაასრულა. ქვედანაყოფმა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) დასკვნითი სწავლება ჩაატარა, სადაც აშშ-ის საზღვაო ქვეითების მეკავშირე ჯგუფთან ერთად, ასეულის დონის კორდონისა და ჩხრეკის ოპერაცია ჩაატარა.
    ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საერთაშორისო მისიისთვის მზადების ბოლო ეტაპს გერმანიაში, ჰოჰენფელსის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე გადიოდნენ, სადაც მათი საბოლოო შეფასება ხდებოდა. აღნიშნული წვრთნები კი, საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა. თავდაცვის ძალებმა საკუთარი შესაძლებლობებისა და საშუალებების ინტეგრირებით, მაქსიმალურად რეალური გარემოს შესაქმნელად მოაწყო ავღანური სოფლები და ქალაქები, ასევე სხვადასხვა როლის გასათამაშებლად მიზიდული იქნა სამოქალაქო რესურსებიც.
    დასკვნით წვრთნებში, რომელიც 4 თვიანი ინტენსიური მომზადების ბოლო კომპონენტია, მონაწილეობა 600-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. დღემდე გადასროლისწინა პროგრამის ფარგლებში შესაბამისი წვრთნა, დაახლოებით 18 000 ქართველმა სამხედრომ გაიარა. ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა აშშ-ის საზღვაო ქვეითების მეკავშირე ჯგუფთან ერთად, ISAF-ის და RSM-ის ოპერაციებში მიიღო მონაწილეობა.

    თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური

  • გიორგი გახარია ნატოს შტაბ-ბინაში იენს სტოლტენბერგს შეხვდა

    საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი და შავი ზღვის უსაფრთხოება იყო ძირითადი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრაზე, რომელიც დღეს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა. 

    შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბოლო წლებში, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა ძალიან დინამიურად ვითარდება, მაღალი დონის შეხვედრები და ერთობლივი წვრთნების წარმატებით ჩატარება კი ნატოს მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებს. 
    გიორგი გახარიამ და იენს სტოლტენბერგმა განიხილეს გლობალური პანდემიის პირობებში, ნატო-საქართველოს დინამიური თანამშრომლობის და ინტეგრაციის პროცესის შენარჩუნების გზები. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გადახალისებას.

    საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების მხრივ თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს, როგორც შავი ზღვის ფართო რეგიონის ნაწილს, შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და უსაფრთხოების მიმართულებით. 

    შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ნატოს ღია კარის პოლიტიკასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და განხორციელებულ დემოკრატიულ  რეფორმებზე. ამ კუთხით განსაკუთრებით გაესვა ხაზი საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობას, რომელიც უზრუნველყოფს არჩევნების ჩატარებას მეტად პროპორციული სისტემით. აღინიშნა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
    კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს განსაკუთრებული წვლილი ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. 
    მთავრობის მეთაურმა იენს სტოლტენბერგს მადლობა გადაუხადა ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. 

    გიორგი გახარიამ ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში მოიწვია.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური