საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე კვლევის დაწყება იგეგმება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
სამშაბათი, 01 დეკემბერი 2020 11:24

საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით მიზანშეწონილობის კვლევის (feasibility study) დაწყება იგეგმება. აღნიშნული გადაწყვეტილება იქნა მიღებული წინასწარ კონსულტაციებზე, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო კორეის მხრიდან - ვაჭრობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ჟანგ ჰუი კიმი.

კონსულტაციების პროცესში მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და კორეას სავაჭრო პოლიტიკები, ერთმანეთს გააცნეს თავიანთი ხედვა და მიზნები, სავაჭრო რეჟიმები, პრიორიტეტული მიმართულებები, ინტერესის სფეროები და სხვა.

კონსულტაციების დროს აღინიშნა, რომ კორეა საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. ამასთან არსებობს აუთვისებელი სავაჭრო პოტენციალი, რომელიც მხარეთა რწმენით მეტად იქნება გამოყენებული თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის პირობებში. კორეას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 16 შეთანხმება აქვს გაფორმებული მსოფლიოს 56 ქვეყანასთან, მათ შორის ისეთ წამყვან ქვეყნებთან როგორიცაა აშშ, ევროკავშირი და ჩინეთი.

მხარეები შეთანხმდნენ შემდგომ ნაბიჯებზე, რაც კორეასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მიზანშეწონილობის კვლევის ჩატარებაზე გადაწყვეტილების მიღებას გულისხმობს.

ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაცია

წაკითხულია 300 ჯერ

Related items

  • ციმბირის სანაპიროზე ჩინეთმა და რუსეთმა ერთობლივი საზღვაო სწავლება ჩაატარეს

    გაზეთ, Global Times-ის  მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ციმბირის სანაპიროზე ჩინეთმა და რუსეთმა ერთობლივი საზღვაო სწავლება, სახელწოდებით „საერთო ზღვა 2021“, გამართეს. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    ამავე ინფორმაციით, სწავლება მიზნად ისახავს საზღვაო სამიზნეების ერთობლივი მანევრირებისა და სხვა საბრძოლო შესაძლებლობების გაუმჯობესებას ჩინეთისა და რუსეთის საზღვაო ძალების საკომუნიკაციო, ნაღმებისგან დაცვის, საზენიტო და წყალქვეშა ნავების გამოყენებით.

    მეორეს მხრივ, აღსანიშნავია, რომ ორმა ქვეყანამ, რომლებიც აკრიტიკებენ შეერთებული შტატების გლობალურ, რეგიონულ და სამხედრო პოლიტიკას, ატარებენ ერთობლივ წვრთნებს ისეთ დროს, როდესაც ვაშინგტონის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ ავსტრალიას დაეხმარება წყნარი ოკეანეში ბირთვული წყალქვეშა ფლოტის ჩამოყალიბებაში, AUKUS-ის ალიანსის ფარგლებში, რომელიც შეიქმნა გაერთიანებულ სამეფოსა და ავსტრალიასთან ერთად.

     

  • გაეროს წარმომადგენლის განცხადებით, ჩინეთი გლობალური ბიომრავალფეროვნების ძლიერი დამცველი ხდება

    2021 წლის 11 სექტემბერს გადაღებულ ფოტოზე ჩანს 30-დღიანი ცერემონიის დაწყებამდე საკონფერენციო დარბაზი, სადაც გაეროს  ბიომრავალფეროვნების კონვენციის მე-15 სხდომა უნდა გაიმართოს კუნმინში. ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთი, იუნანის პროვინცია. (ლიან ცჟიქიანის ფოტო/სინჰუა)

     

    ჩინეთი მხარს უჭერს და წვლილიც შეაქვს ბიომრავალფეროვნების დაცვის საქმეში და მისი ფილოსოფია ეკოლოგიურ ცივილიზაციაში „ყველა სახელმწიფოსთვის გარდამტეხია გლობალურ ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული მიზნების მიღწევის გზაზე“ - ვკითხულობთ გაეროს მიერ  გამოქვეყნებულ განცხადებაში.

    „ეკოლოგიური ცივილიზაცია საინტერესო ცნებაა. და რატომაა საინტერესო? იმიტომ, რომ ის საზოგადოებასა და ბუნებას შორის ურთიერთობას აკვირდება“, - აცხადებს ელიზაბეთ მარუმა მრემა, ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის აღმასრულებელი მდივანი.

    ეს ცნება წარმოადგენს „ბიომრავალფეროვნების ძირითად მიმართულებას სექტორებსა და განყოფილებებს შორის, რაც ყველა სახელმწიფოსთვის გარდამტეხია გლობალურ ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული მიზნების მიღწევის გზაზე“, - აღნიშნა მან „სინჰუასთან“ ამასწინანდელ ინტერვიუში.

    ელიზაბეთ მარუმა მრემა ბიომრავალფეროვნების კონვენციის გაეროს წევრების მეთხუთმეტე კონფერენციაში (COP15) მონაწილეობის მისაღებად, სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, ქალაქ კუნმინში ჩავიდა.

    მისი თემაა: „ეკოლოგიური ცივილიზაცია - საერთო მომავლის მშენებლობა დედამიწაზე სიცოცხლის ყველა ფორმისთვის“. შეხვედრა პირველი გლობალური კონფერენციაა, რომელიც ეკოლოგიური ცივილიზაციის საკითხზე გაერომ მოაწყო.

    შეხვედრის პირველი ნაწილი 11 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც მონაწილეებმა განიხილეს „2020-ის შემდგომ გლობალური ბიომრავალფეროვნების ჩარჩო-ხელშეკრულება“, რათა მომავალში ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებელი გეგმა დეტალურად შეიმუშაონ. მეორე ნაწილში, რომელიც საკუთრივ 2022 წლის პირველ ნახევარში შედგება, ღრმა და ყოვლისმომცველი მოლაპარაკებები გაიმართება ამბიციური და პრაქტიკული გეგმების გახორციელების თაობაზე.  

     

    2021 წლის 26 აგვისტოს გადაღებულ ფოტოსურათზე ჩანს ძედუნის ტბა, გუან ეგოის ეროვნულ ტყე-პარკში. ლუნანის ტანჩანის ოლქი, ჩრდილო-დასავლეთი ჩინეთი, განსუს პროვინცია. (სინჰუა/მა ქსიპინ)

     

    „ჩარჩო-ხელშეკრულება „ბიომრავალფეროვნების კონვენციის“ მიზნებს ჩაანაცვლებს, რომლითაც ბოლო 10 წელიწადი ვხელმძღვანელობდით, - აღნიშნა მან.

    ელიზაბეთ მარუმა მრემას იმედი აქვს, რომ შეხვედრის პირველსავე ნაწილში კუნმინის დეკლარაციას მიიღებენ, რომელიც, მისივე თქმით, „ბიომრავალფეროვნების დაცვის მნიშვნელობას იმპულსს მისცემს“ და წარმოაჩენს, რომ „ბიომრავალფეროვნების დაკარგვა არ მოგველის“.

    გასული ათწლეულების განმავლობაში ჩინეთი ბიომრავალფეროვნების ძლიერი დამცველი იყო და დღის წესრიგში სერიოზული წვლილიც შეჰქონდა, - დასძინა ელიზაბეთ მარუმა მრემამ.

    მისივე განცხადებით, ჩინეთი ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელიც ბიომრავალფეროვნების კონვენციის მონაწილე გახდა. მან კონვენციის ორი პროტოკოლის - კარტახენის ბიოუსაფრთხოების პროტოკოლისა და ნაგოიის მოგების ერთობლივი გამოყენების პროტოკოლის - რატიფიცირებაც მოახდინა.

    მეტიც, ჩინეთი ერთ-ერთი უმსხვილესი დონორი ქვეყანაა კონვენციის და პროტოკოლების ბიუჯეტებისთვის, განსაკუთრებით, 2019 წლიდან, - ამბობს ელიზაბეთ მარუმა მრემა.

    COP15 კონფერენციის მასპინძლობით ჩინეთმა კიდევ ერთხელ მოახდინა დემონსტრირება, რომ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების საქმეში მას ლიდერის პოზიცია უკავია, - ხაზი გაუსვა მან.

    ელიზაბეთ მარუმა მრემა ასევე აღიარებს ჩინეთის მიერ ბოლო ათწლეულებში გატარებული ღონისძიებების მნიშვნელობას, რომელთა მიზანსაც ბიომრავალფეროვნების დაცვა და შენარჩუნება წარმოადგენდა, და ამბობს, რომ გაწეული საქმიანობა შესანიშნავი მაგალითია იმისა, რომლის მიბაძვაც ურიგო არ იქნებოდა სხვა ქვეყნების მხრიდან და რომლიდანაც ბევრი რამის სწავლა შეიძლება.

    „ჩინეთის მთავრობა არ ცვლის გრძელვადიან მიდგომას ბიომრავალფეროვნების დაკარგვის შეჩერებისა და უკან შემობრუნების საქმეში. ამ მხრივ ის მრავალფეროვან დისციპლინურ მიდგომებს იყენებს, რაც სოციალურ-ეკონომიკურ სირთულეებთან გასამკლავებლად ნაცადი ხერხია; იყენებს პოლიტიკურ მიმართულებასაც, მათ შორის, ეკოლოგიურ წითელ ხაზებს და ქმნის მოქნილ გარემოს, რომელსაც მომავალში ზეგავლენებთან და შოკებთან გამკლავების უნარი ექნება“, - ამბობს ელიზაბეთ მარუმა მრემა.

     


    ამ ანტილოპების (ტიბეტური) ერთ-ერთი სახეობა ასევე შემჩნეულია კუკუშილის ეროვნულ ნაკრძალში, ჩრდილო-დასავლეთი ჩინეთი, ცინხაის პროვინცია. 2021 წლის 20 აპრილი. (სინჰუა/უ განი)

     

    „და ჩინელების წარმოდგენა ბუნებისა და ადამიანის ერთიანობაზე, იმედი გვაქვს, სხვა ქვეყნებისთვის კარგი მაგალითი იქნება მისაბაძად, - დასძენს იგი.

    ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე საუბრისას ელიზაბეთ მარუმა მრემა აღნიშნავს, რომ მიმდინარე კოვიდპანდემია უმთავრესია, რომელიც გავლენას ჩვენს ჯანმრთელობაზეც ახდენს და ბიომრავალფეროვნებაზეც.

    2019 წელს გამოქვეყნებულ გაეროს ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ბიომრავალფეროვნების დაკარგვას ხუთი პირდაპირი ფაქტორი განაპირობებს: ზღვისა და მიწის შემადგენლობის ცვლილება, ორგანიზმების პირდაპირი გამოყენება, დაბინძურება და უცხო სახეობების ინვაზია.

    ბიომრავალფეროვნების დაკარგვის აღსაკვეთად, ელიზაბეთ მარუმა მრემას აზრით, მთელმა მსოფლიომ ქმედითად უნდა დაიცვას ხმელეთი და ოკეანეები, უზრუნველყოს მტკიცე მოხმარება და წარმოება, უზრუნველყოს ყველა სექტორის ჩართულობა გარემოსდაცვით საქმიანობაში და გააძლიეროს თანამშრომლობა ხელისუფლებებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის.

    „ბუნებასთან ჰარმონიული ურთიერთობის დასამყარებლად ჩვენ გვეკისრება პასუხისმგებლობა გარდამტეხ ქმედებებზე. ისღა დაგვრჩენია, რომ ბუნებასთან მიდგომა შევცვალოთ, - დასძინა ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის აღმასრულებელმა მდივანმა ელიზაბეთ მარუმა მრემამ.

    სტატია მომზადებულია ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო „სინჰუას“ მასალის მიხედვით.

     

     

  • ჩინეთი მწვანე მომავლის შესახვედრად ემზადება

    2021 წლის 7 ივლისს გადაღებულ აეროფოტოზე ჩანს ცაოჰაის ეროვნული ნაკრძალი ი-ჰუი-მიაო-უეინინის ავტონომიურ ოლქში, ჩინეთის სამხრეთით, გუიჯოუს პროვინციაში (სინჰუა/დაო ლიანი) 

     

    ჩინეთმა განაცხადა, რომ დაასრულა ეკოლოგიის დაცვის მიზნით „წითელი ხაზების“ გავლება მთელი ქვეყნის მასშტაბით; ამ ხაზებში გარემოს დაცვითი საქმიანობისთვის სახელმწიფოს თითქმის 25 პროცენტი ტერიტორიაა მოქცეული.

    დასაცავად გამოყოფილი არეალი მოიცავს ეკოლოგიურად ფუნქციურ, მგრძნობიარე ზონებსა და მოწყვლად ტერიტორიებს, ასევე ბიომრავალფეროვნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რეგიონებს.

    გარემოს დაცვის თვალსაზრისით, ჩინეთის ერთ-ერთი ინსტიტუციური ხასიათის ინოვაცია, ეროვნული მასშტაბის ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპის სტრატეგია 2017 წელს იქნა წარმოდგენილი, რომელიც ეკოლოგიური ცივილიზაციის განვითარებას ისახავს მიზნად.

     

    ეკოუსაფრთხოების სამაშველო რგოლი

    სახელმძღვანელო პრინციპის მიხედვით, დამცავ წითელ ხაზში მოქცეული ზონა იმ არეალს მიეკუთვნება, რომელსაც ეკოლოგიურად სასიცოცხლო ფუნქციები აკისრია და საიმედოდ უნდა იყოს დაცული.

    სახელმძღვანელო პრინციპში ხაზგასმულია, რომ ამ წითელ ხაზებს „არსებითად, სამაშველო რგოლის ფუნქცია აკისრია“ ჩინეთის ეკოუსაფრთხოებისთვის.

    ხაზგასმულია, რომ წითელი ხაზებით შემოსაზღვრული ზონები მოიაზრებს წყალსაცავებს, დაცულ ბიომრავალფეროვნებას, წყლისა და მიწის დაცვას, უდაბნოს ქვიშის გამყარებას და სანაპირო ეკოლოგიის სტაბილიზაციას. ასევე მოიცავს ეკოლოგიურად მგრძნობიარე და მყიფე რეგიონებს, სადაც ნიადაგის ეროზია და გაუდაბნოება მიმდინარეობს.

    ჩინეთი წითელი ხაზების სხვადასხვა სტრატეგიას ხშირად აღნიშნავს და ეს სტრატეგია მას ჩართული აქვს ერთიანი ხუთწლედის საერთო გეგმაში.

    განვითარების გეგმის თანახმად, წითელი ხაზების გავლება ქვეყანაში ეკოუსაფრთხოების ბარიერების ქსელის გაუმჯობესების ნაწილია. გეგმა ასევე მოიაზრებს ეროვნული მასშტაბის გატყიანების კამპანიის დაწყებასა და „სატყეო მეურნეობის უფროსის“ სქემის დანერგვას.  

     

    2021 წლის 27 ივნისს გადაღებულ აეროფოტოზე ჩანს საიჰანბას ეროვნული ტყე-პარკი ჩენდეში, ჩრდილოეთ ჩინეთის ხებეის პროვინციაში. (სინჰუა/იან შიივაო)

     

    უფლებები და ვალდებულებები

    სახელმძღვანელო პრინციპი წითელი ხაზების მართვისა და რეგულაციის წესების მკაცრად დაცვისკენ მოგვიწოდებს. ის ადგილობრივი ხელისუფლებისგან დაჟინებით მოითხოვს გარემოს დაცვასა და აღდგენას ადგილობრივი ეკოპირობების გათვალისწინებით და ამ წესების დანერგვისას მნიშვნელოვანი სახეობებისთვის პრიორიტეტის მინიჭებას.

    სახელმძღვანელო პრინციპის თანახმად, წითელ ხაზებში სამშენებლო და სამრეწველო საქმიანობა აკრძალულია, თუკი ამით ადგილობრივ ეკოლოგიას ზიანი მიადგება. ის ასევე კრძალავს მიწის გამოყენების წესში თვითნებურ ცვლილებებს.

    წითელი ხაზები კონცენტრირებულია ჩინეთის ეკომგრძნობიარე და მოწყვლად რეგიონებში, მათ შორის, ცინხაი-ტიბეტის მთიანეთში, ცინლინის მთებში, მდინარეების იანძისა და ხუანხეს აუზებში.

    ჩინეთის ჩრდილოეთში მდებარე უდიდესმა ეკოფუნქციურმა მხარემ, შიდა მონღოლეთის ავტონომიურმა რეგიონმა, თავისი ტერიტორიის ნახევარზე მეტი ეკოდაცვით ზონად გამოაცხადა და წითელ ხაზებში მოაქცია.   

    ეს 596,900 კმ² ზონა, რეგიონის ეროვნული რესურსების მართვის ბიუროს  ცნობით, სათიბ-საძოვრებს, ტყეებსა და ჭარბტენიან ტერიტორიებს უჭირავს.

    ბუნებრივი რესურსებით მდიდარმა შიდა მონღოლეთმა 182 სხვადასხვა დონის ბუნებრივი ნაკრძალი შექმნა და კიდევ მიწისა და გარემოს აღდგენის 24 გეგმა შეიმუშავა, რომლის მეშვეობითაც, ნახშირბადის შთანთქმა უნდა გაძლიერდეს და რესურსების ეკოლოგიური ღირებულება გაიზარდოს.   

     

    ბიომრავალფეროვნების გაუმჯობესება

    ეკოსისტემისა და საფრთხის წინაშე მდგარი ცხოველების დასაცავად, სახელმწიფომ ეროვნული პარკების სისტემის მოწყობა დაიწყო. შესაბამისად, უკვე მოწყობილია ათი საპილოტე ეროვნული პარკი გიგანტური პანდებისა და ციმბირული ვეფხვებისთვის. პარკებისთვის, საერთო ჯამში, 220,000 კმ² გამოიყო.

     

    2021 წლის 28 მაისს გადაღებულ ფოტოზე ჩანს გიგანტური პანდა გარეული ცხოველების დასაცავად შექმნილ, ახალგახსნილ სამეცნიერო პარკში. ჩჟოუჩჟის მხარე, სიანი, შენსის პროვინცია ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში. (სინჰუა/ლი იბო)

     

    ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის დამლევს ჩინეთში უკვე 11 800 სხვადასხვა ტიპის ბუნებრივი ნაკრძალი იყო მოწყობილი, რაც ქვეყნის ტერიტორიის 18 პროცენტს მოიცავს და, ბიომრავალფეროვნების კონვენციის თანახმად, ხმელეთის 17 პროცენტის ნაადრევად დაცვას ისახავს მიზნად.

    ბიომრავალფეროვნების დაცვისა და გარემოს აღდგენის საკითხებში    ქვეყნის მტკიცე ძალისხმევის წყალობით, გაიშვიათებული და გადაშენების საფრთხის წინაშე აღმოჩენილი პოპულაცია თანდათანობით აღდგა. ციმბირული ვეფხვების, აზიური სპილოებისა და ჩინური ივეოსების რაოდენობა სწრაფად გაიზარდა.

    ისეთი იშვიათი და გადაშენების პირას მისული სახეობები, როგორებიცაა გარეული გიგანტური პანდა, ორონგო და ირემი მილუ გაუმჯობესებულ გარემოში ბინადრობენ. სამინისტროს ინფორმაციით, გიგანტური პანდა გადაშენების პირას მისული სახეობების სიიდან უკვე ამოღებულია; ამ სახეობის 1800 წარმომადგენელი ველურ ბუნებაში ბინადრობს.

    სტატია მომზადებულია ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო „სინჰუას“ მასალის მიხედვით.

     

     

  • ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის შედეგებს აქვეყნებენ

    2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებს შორის პერიოდში, კიდევ უფრო გაღრმავდა მძაფრი დაპირისპირება ქართულ მედიაში, რომელიც ყოველთვის შეიმჩნეოდა საარჩევნო გარემოში. ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საარჩევნო მედიამონიტორინგის წინასწარი  შედეგების მიხედვით, ის მედია საშუალებებიც კი, რომლებიც შარშან საარჩევნო პროცესის შედარებით დაბალანსებულ გაშუქებას სთავაზობდნენ საზოგადოებას, წელს პოლიტიკური მიკერძოებით გამოირჩევიან. წინასაარჩევნო პერიოდში (2021 წლის ივლისი-სექტემბერი), პოლარიზება განსაკუთრებით მძაფრი იყო ეროვნულ მედიაში, თუმცა ნაწილობრივ, რეგიონულ და ადგილობრივ მედიაზეც ვრცელდებოდა.

    ტელევიზიების  შემთხვევაში, წინასაარჩევნო პერიოდში, პოლიტიკური დაპირისპირება განსაკუთრებით მძაფრი იყო ივლისში, როდესაც ჰომოფობიური გამოსვლები და ჟურნალისტების მიმართ აგრესია მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ეს მოვლენები ყველა ეროვნულმა ტელევიზიამ აქტიურად გააშუქა, თუმცა მათი უმეტესობა პოლიტიკურად მიკერძოებულ ინფორმაციას ავრცელებდა და ცდილობდა, რომ მიმდინარე მოვლენები ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოეჩინა. იგივე ტენდენცია შეიმჩნეოდა ტელევიზიების სოციალურ ქსელებში, მეტწილად, ფეისბუკ გვერდებზე.

    პოლარიზება და პოლიტიკური მიკერძოება გაიზარდა რადიო სექტორშიც, რომელიც წინა წლებში, მედიის სხვა სეგმენტებთან შედარებით, დაბალანსებული და მიუკერძოებელი გაშუქებით გამოირჩეოდა. პოლიტიკური მიკერძოება და პოლარიზება განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო ეროვნული რადიოების შემთხვევაში. რეგიონული რადიო სადგურები უფრო დაბალანსებულად აშუქებდნენ მიმდინარე მოვლენებს, თუმცა მსმენელს კრიტიკულ ანალიზს ვერ სთავაზობდნენ და ხშირად, გადაუმოწმებელ ინფორმაციას ავრცელებდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც ეროვნული, ისე რეგიონული და ადგილობრივი რადიო სადგურები, ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს იცავდნენ და თავს იკავებდნენ დისკრიმინაციული ან შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიის გამოყენებისგან.

    ისევე როგორც წინა წლებში, ეროვნულ ბეჭდურ მედიაში კვლავ  შეიმჩნეოდა გადაუმოწმებელი ინფორმაციისა და დისკრიმინაციული თუ შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიის  გამოყენება. ამის საპირწონედ, რეგიონული და ადგილობრივი ბეჭდური გამოცემები მოვლენებს შედარებით მიუკერძოებლად და პროფესიულად აშუქებდნენ და მკითხველს მოსაზრებებისა და პოზიციების მრავალფეროვნებას სთავაზობდნენ.

    საპირისპიროდ განვითარდა მოვლენები ონლაინ მედიის სექტორში. აქ, ეროვნული მედია საშუალებები ჟურნალისტური ეთიკის, ინფორმაციულობისა და მრავალფეროვნების სტანდარტების დაცვით აშუქებდნენ მოვლენებს, ხოლო რეგიონული და ადგილობრივი ონლაინ გამოცემები პოლიტიკური ფავორიტიზმისა და მიკერძოებისკენ იხრებოდნენ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას ეყრდნობოდნენ. მიუხედავად ამისა, პოლიტიკური პოლარიზება და მიკერძოება მაინც ნაკლებად  შესამჩნევი იყო  ონლაინ მედიის სექტორში ტელევიზიებისგან განსხვავებით.

    2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქებასთან შედარებით, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენებამ მნიშვნელოვნად იკლო მედიის ყველა სექტორში. წინასაარჩევნო მონიტორინგის პერიოდში, მსგავსი შემთხვევა სულ რამდენჯერმე დარეგისტრირდა.

    ევროკავშირისა (EU) და UNDP-ის მედიამონიტორინგმა ასევე შეისწავლა, თუ როგორ იყენებენ პოლიტიკური მოთამაშეები სოციალურ ქსელებს, კერძოდ, ფეისბუკს, ამომრჩეველთან ურთიერთობისთვის. წლევანდელი კვლევის ფარგლებში, მედიამონიტორები თვალს ადევნებდნენ პოლიტიკური პარტიების, პოლიტიკოსების, სამთავრობო უწყებებისა და მუნიციპალიტეტების 500-ზე მეტ ფეისბუკ გვერდსა და ღია ჯგუფს. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ საჯარო უწყებების, მათ შორის, მუნიციპალიტეტებისა და მერების ფეისბუკ გვერდებზე ნაკლებად ვრცელდებოდა პოლიტიკურ პროპაგანდასთან ან საარჩევნო დაპირისპირებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ცალკეული პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები თავის ფეისბუკ გვერდებს ოპონენტთა კრიტიკისთვის იყენებდნენ, თუმცა მთლიანობაში, ეს წინასაარჩევნო კამპანიის ჩარჩოებში ჯდებოდა და ეთიკის ნორმებს არ სცდებოდა. საარჩევნო ინფორმაციის გაზიარება ხდებოდა ღია ფეისბუკ ჯგუფების სივრცეშიც, თუმცა მსგავსი პოსტები საკმაოდ დაბალი ინტერაქციით გამოირჩეოდა.

    ისევე როგორც 2020 წელს, მედიამონიტორინგის ფარგლებში მომზადდა სპეციალური ანგარიში იმის შესახებ, თუ როგორ აშუქებს ქართული მედია უცხოურ გავლენებს საქართველოს არჩევნებზე. ამერიკის შეერთებული შტატებთან, ევროკავშირთან და რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია განსაკუთრებით ხშირად შუქდებოდა წინასაარჩევნო პერიოდში.  ამ მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის გაშუქება ძირითადად პოზიტიურ ხასიათს ატარებდა. მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა ისეთი პოლიტიკური მოვლენები, როგორებიცაა ეგრეთ წოდებული „შარლ მიშელის შეთანხმება“, ავღანეთში განვითარებული მოვლენები და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ბელარუსსა და  უკრაინასთან. განსხვავებული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედია საშუალებები ამ მოვლენებს ან საქართველოს საგარეო პოლიტიკის წარმატებად წარმოაჩენდნენ, ან პირიქით, ხაზს უსვამდნენ საქართველოს მთავრობის ანტი-დასავლურ კურსს.

    „მედია გარემო საქართველოს საზოგადოებაში არსებული პოლარიზების ანარეკლია, რაც განსაკუთრებით მძაფრად ვლინდება არჩევნების პერიოდში. ამ მხრივ, მედიის კვლევა ის კრიტიკული ხელსაწყოა, რომელიც ეხმარება ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და ამომრჩეველს მათი სამოქალაქო მოვალეობის შესრულებაში“, - განაცხადა  ევია კოტანმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილემ.

    „ამომრჩევლებისთვის მედია სანდო ინფორმაციის წყაროა, რომელიც მათ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში ეხმარება. მისასალმებელია, რომ ქართული მედია მრავალფეროვანია და განსხვავებულ მოსაზრებებს აშუქებს. თუმცა, პოლიტიკური მიკერძოება, არაეთიკური გაშუქება და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამოყენება კვლავ პრობლემას წარმოადგენს“, - აღნიშნა ანნა ჩერნიშოვამ, UNDP-ის ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში.

    ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საარჩევნო მედიამონიტორინგი ხორციელდება სამ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით  - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინტერნიუს საქართველო და CRRC-საქართველო.

    2021 წლის საარჩევნო მედიამონიტორინგი 54 ეროვნულ და რეგიონულ მედია-საშუალებას მოიცავს, რომელთა შორისაა 14 ტელევიზია (5 ეროვნული, 9 რეგიონული), 12 რადიო (6 ეროვნული, 6 რეგიონული), 11 ბეჭდური გამოცემა (7 ეროვნული, 4 რეგიონული) და 17 ონლაინ გამოცემა (9 ეროვნული, 8 რეგიონული).

    მედიამონიტორინგის წინასწარი შედეგები 2021 წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდს მოიცავს. მედიამონიტორინგი სრული საარჩევნო ციკლის მანძილზე გაგრძელდება და არჩევნების შემდგომ პერიოდზეც გავრცელდება (2021 წლის ივლისიდან 2022 წლის მარტამდე). ყველა ანგარიში ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: mediamonitor.ge 

  • “მსოფლიო დღე ავტომობილების გარეშე”- კარლ ჰარცელის, საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადება

    მიუხედავად ბოლო დღეების მოვლენებისა, მინდა შეგახსენოთ, რომ “მსოფლიო დღეს ავტომობილების გარეშე” აღვნიშნავთ. ეს ყოველწლიური ღონისძიება ევროპის მრავალ ქალაქში აღინიშნება!
    ამ დღის დაწესების იდეა იმაში მდგომარეობს, რომ დაგვაფიქროს პატარა თუ დიდი ქალაქების მომავალზე, იმაზე, თუ როგორ გარდავქმნათ ისინი უფრო მწვანე, მშვიდ და ჯანსაღ საცხოვრებელ ადგილებად.
    საქართველოში ჰაერის დაბინძურების 70%–ს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების გამონაბოლქვი იწვევს.  თბილისში, ეს მონაცემი კიდევ უფრო მაღალია და მთლიანი დაბინძურების დაახლოებით 90% -ს შეადგენს.
    ჰაერის დაბინძურება უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზე, რაც ზრდის რესპირატორული ინფექციების, დაღლილობის, გულისა და ფილტვების დაავადებათა რისკს.
    ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება  ევროკავშირის მთავარი მიზანია, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ისე აქ, საქართველოში.
    ამ მიზნის მისაღწევად საქართველოში მრავალი წელია   ვმუშაობთ  და გვაქვს დიდი მოლოდინი, ასევე გეგმა, რომ მოხდეს დამატებითი აღჭურვილობის შეძენა და ჰაერის დაბინძურების უკეთ გაკონტროლება.  
    ასევე, გავაგრძელებთ უფრო მდგრად სატრანსპორტო ალტერნატივებში ინვესტირებას, რომ ყველას მოგვეცეს შესაძლებლობა ვისუნთქოთ უფრო სუფთა ჰაერით და ვიცხოვროთ უფრო   ჯანსაღად. 
    იმედი მაქვს, შემოგვიერთდებით! ნება მიბოძეთ, ყველას გისურვოთ დღე ავტომობილების გარეშე!
     
    იხილეთ ვიდეო: https://bit.ly/2XD20pg

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური