საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე კვლევის დაწყება იგეგმება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 01 დეკემბერი 2020 11:24

საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით მიზანშეწონილობის კვლევის (feasibility study) დაწყება იგეგმება. აღნიშნული გადაწყვეტილება იქნა მიღებული წინასწარ კონსულტაციებზე, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო კორეის მხრიდან - ვაჭრობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ჟანგ ჰუი კიმი.

კონსულტაციების პროცესში მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და კორეას სავაჭრო პოლიტიკები, ერთმანეთს გააცნეს თავიანთი ხედვა და მიზნები, სავაჭრო რეჟიმები, პრიორიტეტული მიმართულებები, ინტერესის სფეროები და სხვა.

კონსულტაციების დროს აღინიშნა, რომ კორეა საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. ამასთან არსებობს აუთვისებელი სავაჭრო პოტენციალი, რომელიც მხარეთა რწმენით მეტად იქნება გამოყენებული თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის პირობებში. კორეას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 16 შეთანხმება აქვს გაფორმებული მსოფლიოს 56 ქვეყანასთან, მათ შორის ისეთ წამყვან ქვეყნებთან როგორიცაა აშშ, ევროკავშირი და ჩინეთი.

მხარეები შეთანხმდნენ შემდგომ ნაბიჯებზე, რაც კორეასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მიზანშეწონილობის კვლევის ჩატარებაზე გადაწყვეტილების მიღებას გულისხმობს.

ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაცია

წაკითხულია 181 ჯერ

Related items

  • კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩინეთის მოსახლეობისთვის უფასო იქნება

    კორონავირუსის /COVID-19/ საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩინეთის ყველა მაცხოვრებლისთვის უფასო იქნება, განაცხადა ოთხშაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჩინეთის ჯანმრთელობის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილემ ცზენ ისინმა.

    შეგახსენებთ, რომ ჩინეთმა ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ ადგილობრივი წარმოების  COVID-19-ის საწინააღმდეგო ერთ-ერთმა ვაქცინამ პირობითი დადასტურება მიიღო ბაზარზე გასასვლელად.

    ეს ინაქტივირებული ვაქცინა, რომელიც დამტკიცებულია ჩინეთის სახელმწიფო  ადმინისტრაციის წამლის მართვის სააგენტოს მიერ, შეიქმნა პეკინის ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტის /Beijing Biological Products Institute/ შვილობილი კომპანიის ჩინეთის ეროვნული ბიოტექ კორპორაციის /China National Biotec/ მიერ, რომელიც თავის მხრივ გაერთიანებულია სინოფარმის /Sinopharm/ შემადგენლობაში.

    ზემოთ მოცემული ვაქცინის კლინიკური გამოკვლევების მესამე ფაზის შუალედური შედეგები მიუთითებს, რომ მისი ეფექტურობა კორონავირუსისგან დაცვაში არის 79,34 პროცენტი, რაც სრულად შეესაბამება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტებს.

  • ევროკავშირის ინიციატივის ფარგლებში 15 მუნიციპალიტეტის მიერ მომზადებულმა ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების გეგმებმა მსოფლიო ბანკის ექსპერტებისგან საუკეთესო შეფასება მიიღო

    საქართველოს 15 მუნიციპალიტეტის მიერ მომზადებლმა ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების გეგმებმა, რომლებიც ევროკავშირის ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის” (M4EG) ფარგლებში  მომზადდა, საუკეთესო შეფასება მიიღო, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, პროცენტულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

    ინიციატივა, რომელიც საქართველოში 2017 წლიდან ხორციელდება, ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების კატალიზატორი გახდა, როგორებიცაა აგროცენტრი ბოლნისში, ბიზნეს-აქსელერატორი თბილისში, ტურისტული ინფრასტრუქტურა და დაწესებულებები გორში და ა.შ., რამაც თითოეულ რეგიონში ათეულობით სამუშაო ადგილი შექმნა.

    „მერები ეკონომიკური ზრდისთვის”, ადგილობრივი ბიზნესის სტიმულირებისა და სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით, მუნიციპალიტეტებს ეკონომიკური განვითარების გეგმების მომზადებასა და განხორციელებაში ეხმარებოდა. ინიციატივის მნიშვნელოვან კომპონტენტს წარმოადგენს ის, რომ ეკონომიკური განვითარების გეგმები საჯარო მოხელეების, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ერთობლივი მუშაობით შეიქმნა.

    ინიციატივა აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანაში, - საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდავეთსა და უკრაინაში, - პარალელურად ხორციელდება. მათ შორის მუნიციპალიტეტების ყველაზე მაღალი ჩართულობით (75%) საქართველო გამოირჩეოდა, კერძოდ, 64 მუნიციპალიტეტიდან მასში 48 მუნიციპალიტეტი მონაწილეობს.

    ინიციატივა იმითაც არის უნიკალური, რომ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების გეგმებს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები თვითონ წერდნენ, განსხვავებით სხვა პროექტებისგან, სადაც ამას დაქირავებული ექპერტთა ჯგუფი აკეთებს ხოლმე. ზვიად არჩუაძე, პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ კოორდინატორი საქართველოსა და აზერბაიჯანში ამბობს, რომ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების მიერ მომზადებული გეგმების ეფექტიანობას M4EG ინიციატივის ფარგლებში დაქირავებული მსოფლიო ბანკის ექსპერტები აფასებდნენ.

    „საქართველოს 48 მუნიციპალიტეტის მიერ დაწერილი გეგმებიდან 15 მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა შეაფასეს, როგორც საუკეთესო. ამ შემთხვევაში, საქართველო გამორჩეული მაგალითია, რადგან საუკეთესო შეფასების ასეთი მაღალი პროცენტი სხვა არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა”, ამბობს არჩუაძე.

    ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების პროექტების განხორციელებისთვის საქართველოს მუნიციპალიტეტებმა ევროკავშირისგან 1.5 მლნ ევრო კონკურსის გზით მიიღეს. აქედან, თბილისის მუნიციპალიტეტმა ნახევარ მილიონ ევროზე მეტი მიიღო, გორის მუნიციპალიტეტმა - 600 000 ევრო, ბოლნისმა - 320 000 ევრო.

    „ეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მუნიციპალიტეტებისთვის დიდი ფულია”, ამბობს ზვიად არჩუაძე და განმარტავს, რომ მოპოვებული გრანტები მუნიციპალიტეტების მიერ გეგმით გაწერილ ისეთ უნიკალურ პროექტებს მოხმარდა, როგორიცაა, მაგალითად, ადგილობრივი ბიზნესის მხარდამჭერი ცენტრი ბოლნისში.

    აგროცენტრი, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაშია, მცირე და საშუალო მეწარმეებს პროდუქციის გაყიდვაში ეხმარება, კერძოდ კი, მათ სთავაზობს საკონსულტაციო მომსახურებას, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ეტიკიეტირებას, შეფუთვას; ღვინის გაფილტვრისა და ბოთლებში ჩამოსხმის მობილურ სერვისებს. ამასთან, ბოლნისში ადგილობრივი ტურიზმისა და მონიჯნავე სფეროების განვითარების მიზნით, ისტორიული უბნის, კატარინაფილდის რესტავრაცია ჩატარდა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს, მაგალითად მცირე სასტუმროების მფლობელებს, ბარ-რესტორნების მეპატრონეებს, შესაბამისი კონსულტაცია გაეწიათ თავიანთი ბიზნეს-პოტენციალის სრულად ასათვისებლად.

    ინიციატივის შედეგად, გორის მუნიციპალიტეტში ტურიზმისა და მომიჯნავე სფეროების განვითარების მიზნით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა სკვერებს, საგამოფენო სივრცეს, შეიქმნა საფეხმავლო და ველობილიკები, შეიქმნა ტურისტების საინფორმაციო ცენტრი, საკონფერენციო სივრცე, ტრადიციული რეწვის ნიმუშების სავაჭრო სივრცე.

    თბილისში შეიქმნა ბიზნეს-აქსელერატორი „სპარკი“, სადაც უკვე 70-მდე სტარტაპი მუშაობს. „სპარკი“ ადგილობრივ მეწარმეებსა და სტარტაპებს ბიზნსგანვითარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს.

    ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ყოფილი მოადგილე ნინო თვალთვაძე ამბობს, რომ ქუთაისის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის ერთ-ერთ  მთავარ მიმართულებას მოწყვალდი ოჯახების გაძლიერება წარმოადგენდა.

    „შესაბამისად, ჩვენ შევქმენით საქართველოში პირველი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდა მრავალშვილიანი ოჯახების ბიზნესის მხარდაჭერას. [...] მოხდა შერჩეული ოჯახების გადამზადება, შემდგომ, მათი ბიზნეს იდეების შეფასება, რის საფუძველზეც დაფინანსდა 7 ბიზნეს იდეა”, ამბობს თვალთვაძე.

    ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების ხელშესაწყობად მოხდა დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაცია ჩოხატაურში, შეიქმნა ბიზნესმენთა საკონსულტაციო საბჭო რუსთავში, მოეწყო ტურისტული საკემპინგე ადგილები თელავში, ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა გაყიდვებისთვის შეიქმნა ეთნო-სივრცე ზუგდიდში, ჩამოყალიბდა ჩაის სანერგე მეურნეობა და შეიქმნა ხილ-ბოსტნეულის ადმინისტრქაციული ნაკვეთები ოზურგეთში, სადაც ფერმერები კულტურათა მოვლის შესახებ კონსულტაციას იღებენ.

    ზვიად არჩუაძის თქმით, აჭარაში სამმა მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა, ერთობლივი ეკონომიკური განვითარების გეგმა დაეწერათ, რადგან როგორც აღმოჩნდა, აქტივობები, რომლებიც მათ გაწერეს, ერთმანეთის მსგავსი იყო. არჩუაძის თქმით, თანამშრომლობის ეს მოდელიც უნიკალური შემთხვევაა და ინიციატივაში ჩართულ სხვა არც ერთ ქვეყნებში არ გამოვლენილა.

    მუნიციპალიტეტების მიერ შემუშავებული ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების გეგმების მონიტორინგი 6 თვეში ერთხელ ხდება.  

    „დღეს მუნიციპალიტეტებში უკეთ ესმით, თუ რა არის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება და რა ნაბიჯებია ამისთვის გადასადგმელი“, ამბობს ზვიად არჩუაძე.

    საქართველოში ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ მთავარი პარტნიორია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. 

    პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ოფიციალურ ვებგერდზე www.m4eg.eu და ასევე შემგედ ვიდეოებში:

    გორი -  LINK

    ბოლნისი - LINK

    ოზურგეთი - LINK

    ქუთაისი - LINK

    ჩოხატაური - LINK

  • ახალი წლიდან შენგენის რეგულაციით გათვალისწინებული დოკუმენტაცია საქართველოს საზღვარზეც შემოწმდება

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის/შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში უვიზოდ მგზავრობის შესახებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.

    „გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2021 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შედის საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც, შენგენის რეგულაციით გათვალისწინებული დოკუმენტაცია დამატებით საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზეც შემოწმდება.

    საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე თუ მას ეკრძალება ევროკავშირის/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში შესვლა ან ვერ წარადგენს კანონით გათვალიწინებულ საბუთებს“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

    ამასთან, უწყება ავრცელებს ხშირად დასმული კითხვებზე პასუხებს საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით.

    „უვიზოდ გამგზავრება შესაძლებელია ევროკავშირის/შენგენის ზონის წევრ შემდეგ სახელმწიფოებში:

    ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ფინეთი, ჩეხეთი, ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, შვედეთი, შვეიცარია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი და რუმინეთი.

    ნებისმიერი ასეთი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში.

    საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი არიან, დაიცვან: ადგილსამყოფელ ქვეყანაში შესვლის წესები; უვიზო მიმოსვლით დადგენილი 90 დღიანი ვადით სარგებლობის პირობები; ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა (საავტომობილო მოძრაობის წესები, საზოგადოებრივი წესრიგი და ა.შ.).

    90 დღიანი ყოფნის ვადის გადაცილების შემთხვევაში, ევროკავშირის/შენგენის ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად. ასეთი პირი შესაძლოა გაძევებულ იქნას ქვეყნიდან და აეკრძალოს ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა ხუთ წლამდე ვადით. ამასთან ერთად, შესაძლოა, დაეკისროს ჯარიმა 3.000 ევრომდე ოდენობით.

    ნებადართული ყოფნის პერიოდში სხვა სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, რის შემდეგაც გაძევებულ იქნება ქვეყნიდან და შესაძლოა აეკრძალოს ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა ხუთ წლამდე ვადით.

    უვიზოდ გამგზავრება შესაძლებელია შემდეგი მიზნებით: ტურისტული მოგზაურობა; ოჯახის წევრების/ნათესავების/ახლობლების მონახულება; საქმიანი შეხვედრების, მოლაპარაკებების გამართვა; საერთაშორისო სემინარებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და გამოფენებში მონაწილეობა; მოკლევადიანი სასწავლო კურსებსა და ტრენინგებში, გაცვლით სასწავლო/სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობა; სამედიცინო სერვისებით სარგებლობა – მოკლევადიანი სამკურნალო კურსი/ოპერაცია“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

    პანდემიის პირობებში დაწესებულია დამატებითი შეზღუდვები, რის შესახებაც დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

     
  • თურქეთიდან ჩინეთისკენ მიმავალი მეორე საექსპორტო მატარებელი ყარსიდან საქართველოსკენ გააცილეს

    სატვირთო საექსპორტო მეორე მატარებელი, რომელიც თურქეთიდან კერძოდ კი, თექირდაღის ჩერქეზქოიდან დაიძრა და  საქართველოს გავლით ჩინეთში უნდა ჩავიდეს, ყარსიდან საქართველოს მიმართულებით უკვე გააცილეს. მეორე საექსპორტო მატარებელიც პირველის მსგავსად 42 კონტეინერისგან შედგება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

    სატვირთო მატარებელი საქართველო-აზერბაიჯანი-კასპიის ზღვის და ყაზახეთის გავლით ჩინეთის ქალაქ სიანში ჩავა.

    ხსენებული მატარებელი ჩინეთში ჩასვლამდე გაივლის 2 კონტინენტს, 2 ზღვას, 5 ქვეყანას და 12 დღეში დანიშნულების ადგილას ჩააღწევს.

    მარშრუტის საერთო სიგრძეა 8693 კმ (2 კონტინენტი, 2 ზღვა და ხუთი ქვეყანა): თურქეთში 2,323 კმ, საქართველოში 220 კმ, აზერბაიჯანში 430 კმ, კასპიის ზღვიდან 420 კმ, ყაზახეთში 3200 კმ და 2100 კმ - ჩინეთში.

    ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მარშრუტი, რომელიც საქართველოზეც გადის, წარმოადგენს ევროპასა და აზიას დამაკავშირებელი დერეფნის ლოგისტიკურ ნაწილს. რკინიგზის ხაზი საცდელ რეჟიმში მუშაობს 2017 წლიდან. პირველი ასეთი სატვირთო მატარებელი სტამბოლიდან 4 დეკემბერს გაემგზავრა, ხოლო საქართველოში 8 დეკემბერს შემოვიდა.

    შეგახსენებთ, რომ ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, ვინაიდან მანამდე საქონელი ჩინეთიდან ევროპაში სატრანსპორტო დერეფნით იგზავნებოდა.

  • ჩუნცინის ზოოპარკში მსოფლიოში უხუცესი პანდა "სინ სინ"-ი დაიღუპა

    მსოფლიოს უხუცესი გიგანტური პანდა სახელად "სინ სინ"-ი 8 დეკემბერს დაიღუპა ჩუნცინის ზოოპარკში. ის იყო 38 წლის და 4 თვის. ამის შესახებ ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო "სინხუა“ იტყობინება.

    როგორც ცნობილია, 2020 წლის 17 აგვისტოს მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულ პანდას „სინ სინ“-ს 38 წელი შეუსრულდა. პანდა „სინ სინ“-ი ჩუნცინის /ქ. ჩუნცინი, სამხრეთ-დასავლეთი ჩინეთი/ ზოოპარკში ცხოვრობდა და მისი მონახულება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასულ მოქალაქეებს ყოველდღიურად შეუძლოთ.

    პანდა „სინ სინ“-ის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ჩუნცინის ზოოპარკში სადღესასწაულო საღამო მოეწყო და მას ზოოპარკის ადმინისტრაციამ დიდი ტორტი მიართვა.

    შეგახსენებთ, რომ პანდებში ეს ასაკი ადამიანის 110-150 წელს უტოლდება.

    აქვე დავამატებთ, რომ უფრო ადრე, 2016 წლის 17 ოქტომბერს მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული პანდა, რომელიც პოპულარობით სარგებლობდა და რეკორდს ხსნიდა იმ დროისათვის, 38 წლის ასაკში დაიღუპა.

    ის ჰონგ-კონგის პარკში ცხოვრობდა. „ცზია-ცზიას“ სახელით ცნობილი ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ბოლო პერიოდში, არადამაკმაყოფილებელი იყო. ის ჰონ-კონგის პარკში 1999 წელს გადაიყვანეს.

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური