აზერბაიჯანი, საფრანგეთის სენატის მიერ მიღებულ რეზოლუციას პროვოკაციულს უწოდებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 30 ნოემბერი 2020 14:13

აზერბაიჯანმა, საფრანგეთის სენატის მიერ მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია შეაფასა და მას „პროვოკაციული“ ქმედება უწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „საფრანგეთის სენატის მიერ აბსოლუტურად მიკერძოებული რეზოლუციის მიღება მხოლოდ პროვოკაციად შეიძლება შეფასდეს. როგორც ჩანს, საფრანგეთში მცხოვრები სომხები ფართოდ იყენებენ კონფლიქტის თემას წინასაარჩევნო მიზნებისთვის. თითქოს და შუამავლის როლში გამოსულ  ქვეყნის მიერ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება სერიოზულ ეჭვებს იწვევს მისი ნეიტრალიტეტის შესახებ. ეს გადაწყვეტილება ასევე ძირს უთხრის საფრანგეთის, როგორც სამართლიანი შუამავლის რეპუტაციას, აზერბაიჯანის საზოგადოებაში.“

შეგახსენებთ, რომ გუშინ საფრანგეთის სენატმა  მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მთავრობას მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ  აღიარებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულ რეზოლუციას მხარი 305-მა სენატორმა დაუჭირა, ერთი  კი წინააღმდეგი იყო.

„სენატი საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიაროს და მდგრადი მშვიდობის მიღწევის მიზნით, ეს აღიარება მოლაპარაკებების ინსტრუმენტად გამოიყენოს“ - ნათქვამია საფრანგეთის სენატის მიერ მიღებულ რეზოლუციაში.

სენატორები ასევე აცხადებენ, რომ „აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სამხედრო ოპერაციის ფარგლებში დაკავებული ტერიტორიები უნდა დატოვონ“.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთი, რომელიც გახლავთ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ნეიტრალიტეტის დაკარგვისა და სომხეთის მხარდაჭერის გამო ხშირად ხდებოდა კრიტიკის საგანი.

 

წაკითხულია 134 ჯერ

Related items

  • აზერბაიჯანში COVID-19 -ის ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

    18 იანვარს აზერბაიჯანში COVID-19 -ის ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ამის შესახებ სააგენტო „სინხუა“ იუწყება.

    მათი ინფორმაციით, ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

    აზერბაიჯანის ჯანდაცვის მინისტრი ოქტაი შირალიევი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ორშაბათს აიცრა და ეს მან ყველას თვალწინ გააკეთა.

    როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს,  აზერბაიჯანმა 2 მილიონი ადამიანისთვის 4 მილიონი დოზა ჩინური წარმოების ვაქცინა Sinovac Biotech-ი შეიძინა. ერთი ადამიანი მიიღებს ვაქცინის ორ დოზას. ვაქცინის მეორე დოზის გაკეთება მოხდება პირველი დოზის მიღებიდან 21 დღის შემდეგ.

  • აზერბაიჯანის, რუსეთის და სომხეთის ერთობლივი დეკლარაცია

    აზერბაიჯანის, რუსეთის და სომხეთის ერთობლივი დეკლარაცია მთიან ყარაბაღში ეკონომიკური კავშირებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დამყარების შესახებ.  ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

    რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტნმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კრემლის სასახლეში გამართული 4 საათიანი პირისპირი შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

    პუტინმა განაცხადა, რომ ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას მთიანი ყარაბაღის ეკონომიკური კავშირებისა და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელების შესახებ.

    პუტინი: „ამ მიზნით რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერების თავმჯდომარეობით  სპეციალური სამმხრვი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.“

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც სამმხრივი შეხვედრის შემდეგ, ვლადიმერ პუტინთან გამართული პირისპრი შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში ერთობლივი დეკლარაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა: „აზერბაიჯანი, 30 წლის შემდეგ სომხეთის გავლით სატრანსპორტო გზით დაუკავშირდება ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას. სომხეთს ასევე ექნება სარკინიგზო კავშირები აზერბაიჯანის ტერიტორიების გავლით,  რუსეთთან და ირანთან. აზერბაიჯანს ასევე ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკის გავლით თურქულ ბაზარზე წვდომის შესაძლებლობა და ამით ასევე, თურქეთ-რუსეთს შორის სარკინიგზო კავშირის დამყარების საშუალებაც იქნება.“

    შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს უმასპინძლა. ეს პირველი ერთობლივი შეხვედრა იყო მას შემდეგ რაც, 9 ნოემბერს ხელი მოეწერა შეთანხმებას მთიანი ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის პირობებისა და სამშვიდობო მისიით რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალის განლაგების შესახებ.

    სამმხრივი შეხვედრის პარალელურად სომხეთში მოქალაქეები და ოპოზიცია კვლავ აპროტესტებს სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიერ შეთანხმებაზე ხელისმოწერას და მის გადადგომას ითხოვს.

  • ილჰამ ალიევმა ქ. შუშა აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქად გამოაცხადა

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მდებარე ქალაქი შუშა აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქად გამოაცხადა. ამის შესახებ მან კულტურის მინისტრად ანარ ქარიმოვის დანიშვნასთან დაკავშირებული ვიდეო-კონფერენციის მსვლელობის დროს განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო "ინტერფაქსი" ავრცელებს.

    პრეზიდენტმა ალიევმა ხაზი გაუსვა, რომ შუშაში დაიწყო სამუშაოები ქალაქის სრულმასშტაბიანად აღსადგენად. „მე ვაცხადებ ქალაქ შუშას აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქად. ქალაქი შუშა ამას იმსახურებს. მივიჩნევ, რომ ქალაქი შუშა შეიძლება ჩაითვალოს არ მხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ რეგიონის კულტურულ დედაქალაქად. შუშას აღდგენაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ჩემი დავალებით, იქ ბევრი თანამშრომელი გააგზავნეს. უნდა ჩატარდეს ისტორიული ძეგლების აღწერა, ზუსტად უნდა დაითვალონ მიყენებული ზიანი და უნდა დავიწყოთ ქალაქ შუშას რესტავრაცია“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

    პრეზიდენტმა ალიევმა ასევე განაცხადა, რომ შუშაში უნდა ჩატარდეს ვაგიფის პოეზიის დღეები და "ჰარა ბულბულის" ფესტივალი". "დაგეგმეთ, რომ ეს ორი ღონისძიება - ვაგიფის პოეზიის დღეები და "ჰარა ბულბულის" ფესტივალი წელს შუშაში ჩატარდება”, - დასძინა ქვეყნის მეთაურმა.

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მან დაავალა საერთაშორისო აეროპორტის აშენება აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მყოფ ქალაქ ფიზულიში.

    შეგახსენებთ, კონფლიქტის ზონაში მდებარე ქალაქი შუშა აზერბაიჯანის მხარემ 8 ნოემბერს დაიკავა.

  • საქართველოს ხელისუფლებას კორპორაცია „სოკართან" ბუნებრივი აირის სფეროში წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის" პრეზიდენტს, როვნაგ აბდულაევს შეხვდა.

    საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველო-აზერბაიჯანის კეთილმეზობლურ ურთიერთობასა და პარტნიორობის სხვადასხვა მიმართულებაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა „სოკარის" მიერ საქართველოში განხორციელებულ საინვესტიციო პროექტებზე და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.

    აღინიშნა, რომ საქართველოს კორპორაცია „სოკართან" ბუნებრივი აირის სფეროში წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს, რისი კიდევ ერთი შედეგია შეთანხმება, რომლითაც ქვეყანაში სოციალური გაზის ფასის ოპტიმიზაცია მოხდა.

    კერძოდ, საქართველოს მთავრობის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ნავთობისა და გაზის კორპორაციისა და კომპანია „სოკარის" მოლაპარაკებით, საქართველო აზერბაიჯანისგან ე.წ. სოციალურ გაზს 200 მლნ კუბური მეტრის მოცულობით შემცირებული ტარიფით მიიღებს. სოციალური გაზით მომარაგების 2016 წლიდან მოქმედ კონტრაქტში ცვლილებას ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბახტაძემ და „სოკარის" პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა პრემიერ-მინისტრთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მოაწერეს.

    აღნიშნული შეთანხმების შედეგად, საქართველოს მთავრობა შეძლებს, უფრო ხანგრძლივად შეინარჩუნოს მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის ფასის სტაბილურობა.

    ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ „სამხრეთის გაზის კორიდორის" მეოთხე ეტაპის დასრულების შემდეგ, რომელიც „შაჰ-დენიზის" გაზის ევროპის ბაზარზე მიწოდებას ითვალისწინებს, საქართველოზე მეტი მოცულობის აზერბაიჯანული გაზი გაივლის. ამასთან, ქვეყანა შეძლებს, უფრო შეღავათიან ფასად შეიძინოს აზერბაიჯანული გაზი საკუთარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

    პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას და შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიას აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფაიგ გულიევი, SOCAR ENERGY GEORGIA-ის გენერალური დირექტორი მაჰირ მამედოვი, SOCAR-ის პრეზიდენტი ინვესტიციებისა და მარკეტინგის მიმართულებით ელშად ნასაროვი და SOCAR-ის ინვესტიციების განყოფილების ხელმძღვანელი ვაგიფ ალიევი დაესწრნენ.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

  • დავით ზალკალიანი ეუთოს მინისტრთა საბჭოს 27-ე შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

    მინისტერილიაზე სიტყვით გამოსვლისას, დავით ზალკალიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველო-რუსეთის კონფლიქტზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებულ რთულ ვითარებაზე და ეუთოს რეგიონში არსებული გამოწვევების დასაძლევად ეუთოს ეფექტიანობის გაზრდის მნიშვნელობაზე.
    „გლობალური პანდემიის  დროს, ჩვენ ვხედავთ, რომ ეუთოს ტერიტორიაზე არსებულმა კონფლიქტებმა მოწყვლადი საზოგადოებები განსაკუთრებით რთულ პირობებში ჩააყენა. სამწუხაროდ, ჩვენ კვლავ ვხედავთ ჰელსინკის დასკვნით აქტსა და პარიზის ქარტიაში წარმოდგენილი პრინციპების უხეშ დარღვევას. საგანგაშოა, რომ ეუთოს ერთ-ერთი წევრი სახელმწიფო - რუსეთის ფედერაცია - კვლავ განაგრძობს დესტრუქციულ და აგრესიულ ქმედებებს საქართველოსა და უკრაინაში.“ - განაცხადა მინისტრმა.
    ზალკალიანმა შეხვედრის მონაწილეების ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე უკანონო სამხედრო ქმედებებზე, ასევე ოკუპაციის შედეგად წარმოქმნილი უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ რთულ გამოწვევებზე; ხაზი გაუსვა, რომ ოკუპირებული რეგიონების მაცხოვრებლები, ფაქტობრივად იქცნენ ამ უკანონო პოლიტიკის მძევლებად; კვლავ გრძელდება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხელოვნური ბარიერების აღმართვა, უკანონო დაკავებები და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მინისტრმა ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებისა და დამკვირვებელთა მექანიზმების არსებობის  მნიშვნელობას.
    „რამდენიმე დღის წინ, რუსეთსა და  ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს შორის, ე.წ.  ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამის მიღება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს რუსეთის მცდელობებს, მოახდინოს საქართველოს განუყოფელი რეგიონების მის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემებში სრულად გაერთიანება.“ - განაცხადა მინისტრმა.
    ზალკალიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ  საქართველო არ იშურებს ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზაზე პროგრესის მისაღწევად და მუდმივად აწარმოებს შერიგების და ნდობის აღდგენის პოლიტიკას. ამასთან, აღინიშნა, რომ  საქართველომ სრულად შეასრულა ევროკავშირის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და მრავალჯერ დაადასტურა ძალის არგამოყენების ვალდებულება. ხაზი გაესვა, რომ  საქართველო აღნიშნულთან დაკავშირებით, კვლავ ითხოვს რუსეთის მხრიდან საპასუხო ვალდებულების აღებას.
    „კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარების საფუძველი, რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებაში მდგომარეობს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევები და დაუშვას ადამიანის უფლებათა დაცვისა და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები ორივე რეგიონში, გაიყვანოს სამხედრო ძალები რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონებიდან და დაიცვას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები და პრინციპები.“ - განაცხადა ზალკალიანმა.
    საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის მხრიდან გააქტიურებულ, როგორც ჰიბრიდულ ომზე, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ფართომასშტაბიან კამპანიაზე, ისე გახშირებულ კიბერთავდასხმებზე საქართველოს მთავრობის, სასამართლო სისტემის, მედიისა და კერძო სექტორის წინააღმდეგ. ხაზი გაესვა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის - რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის დისკრედიტირების მიზნით, მის წინააღმდეგ რუსეთის მიერ მიმდინარე მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას.
    გასმოსვლის დასასრულს, საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ყველა არსებული სირთულის მიუხედავად, საქართველო დემოკრატიული ტრანსფორმაციის გზაზე მტკიცედ დგას და ერთგულად ახორციელებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.
    „ცოტა ხნის წინ, საქართველოში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ შეაფასა, როგორც კონკურენტუნარიანი, სადაც მთლიანობაში ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო.“ - აღნიშნა ზალკალიანმა.

    საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-რელიზი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური