32-ე ბატალიონმა მტკიცე მხარდაჭერის მისიის გადასროლისწინა მომზადება დაასრულა

გამოქვეყნებულია სამხედრო
ორშაბათი, 16 ნოემბერი 2020 13:59

საქართველოს თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონმა ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის (RSM) გადასროლისწინა მომზადება დაასრულა. ქვედანაყოფმა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) დასკვნითი სწავლება ჩაატარა, სადაც აშშ-ის საზღვაო ქვეითების მეკავშირე ჯგუფთან ერთად, ასეულის დონის კორდონისა და ჩხრეკის ოპერაცია ჩაატარა.
ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საერთაშორისო მისიისთვის მზადების ბოლო ეტაპს გერმანიაში, ჰოჰენფელსის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე გადიოდნენ, სადაც მათი საბოლოო შეფასება ხდებოდა. აღნიშნული წვრთნები კი, საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა. თავდაცვის ძალებმა საკუთარი შესაძლებლობებისა და საშუალებების ინტეგრირებით, მაქსიმალურად რეალური გარემოს შესაქმნელად მოაწყო ავღანური სოფლები და ქალაქები, ასევე სხვადასხვა როლის გასათამაშებლად მიზიდული იქნა სამოქალაქო რესურსებიც.
დასკვნით წვრთნებში, რომელიც 4 თვიანი ინტენსიური მომზადების ბოლო კომპონენტია, მონაწილეობა 600-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. დღემდე გადასროლისწინა პროგრამის ფარგლებში შესაბამისი წვრთნა, დაახლოებით 18 000 ქართველმა სამხედრომ გაიარა. ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა აშშ-ის საზღვაო ქვეითების მეკავშირე ჯგუფთან ერთად, ISAF-ის და RSM-ის ოპერაციებში მიიღო მონაწილეობა.

თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური

წაკითხულია 227 ჯერ

Related items

  • შავ ზღვაში ნატო-საქართველოს ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩატარდა (ვიდეო)

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და ნატოს საზღვაო შენაერთის ხომალდებმა შავ ზღვაში ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს.

    სწავლება ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) საპორტო ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა.
     
    ერთობლივ საზღვაო მანევრებში მონაწილეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სადარაჯო ხომალდი "სოხუმი" და ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის ხომალდები: ESPS RAYO (ესპანეთი), ROS LT LUPU DINESCU (რუმინეთი), BGS SHKVAL (ბულგარეთი), TCG EDINCIK (თურქეთი) და ITS VIAREGGIO (იტალია).
    სწავლება მიზნად ისახავდა საქართველოს და ნატოს საზღვაო ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას და ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა გაძლიერებას.
    ნატოს საზღვაო შენაერთის ვიზიტები საქართველოს პორტებში რეგულარულ ხასიათს ატარებს და, შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი ხელშესახები შედეგია. 2021 წელს ნატოს ხომალდები საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობენ.

  • სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი საქართველოში ნატოს 5 ხომალდს მასპინძლობს (ვიდეო)

    საქართველოში ტერიტორიულ წყლებში ნატოს ხომალდები შემოვიდნენ. ნატოს მუდმივმოქმედ მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთს (SNMCMG2) შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი მასპინძლობს. შენაერთის შემადგენლობაშია: ესპანეთის (ფლაგმანი), იტალიის, ბულგარეთის, რუმინეთისა და თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდები. შენაერთს პირველი რანგის კაპიტანი ხავიერ ნანეზ დე პრადო მეთაურობს.

    ბათუმის პორტში ნატოს ხომალდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი - რამაზ პაპიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - თორნიკე რიჟვაძე, პოლონეთის ელჩი საქართველოში - მარიუშ მაშკიევიჩი და ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი - პოლკოვნიკი რუშენ აბიდინოღლუ დახვდნენ.
    ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ვიზიტი ნათლად ადასტურებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერას საქართველოს ნატოში გაწევრიანების კურსისადმი. საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ნატოსთან აძლიერებს შავი ზღვის უსაფრთხოებას და ხელს უწყობს სტაბილურობას რეგიონში.
    ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტისა და ნატოს საზღვაო შენაერთის ხომალდების მონაწილეობით, შავ ზღვაში ერთობლივი წვრთნები გაიმართება. სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს და ნატოს საზღვაო ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას და ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა გაძლიერებას. ასევე, დაგეგმილია სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფების ნატოს სერტიფიცირების მეორე დონის შეფასების მეორე საფეხურის [NEL-2] გავლა, რაც შეფასების 4-წლიანი პროცესის ბოლო ფაზას წარმოადგენს.
    ნატოს საზღვაო შენაერთის ვიზიტები საქართველოს პორტებში რეგულარულ ხასიათს ატარებს და, შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი ხელშესახები შედეგია. 2021 წელს ნატოს ხომალდები საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობენ.
     

  • ქართველი ოფიცრები უკრაინაში მიმდინარე საერთაშორისო სწავლებაში Rapid Trident 2021 მონაწილეობენ

    უკრაინაში, ლვოვის ოლქში, იავორივის სამხედრო პოლიგონზე მდებარე საერთაშორისო სამშვიდობო და უსაფრთხოების ცენტრში, ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PFP) ფორმატის ფარგლებში, მრავალეროვნული სწავლება Rapid Trident 2021 მიმდინარეობს. როგორც "ნიუს დეი საქართველოს" თავდაცვის უწყებაში განუცხადეს, საერთაშორისო სწავლებაში საქართველოს თავდაცვის ძალები 6 ოფიცრითაა ჩართული, რომლებიც სწავლების საშტაბო კომპონენტში მონაწილეობენ. ქართველი სამხედროები მრავალეროვნული ბრიგადის შტაბში საჰაერო თავდაცვისა და საცეცხლე მხარდაჭერის ოფიცრებით, ხოლო სწავლების კონტროლის ჯგუფში (EXCON) გამოცდილების გაზიარებისა და საერთაშორისო დამკვირვებელ-მაკონტროლებელი ოფიცრებით არიან წარმოდგენილი.   

    საერთაშორისო სწავლების მიზანი ნატოს წევრი და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ფორმატში მონაწილე ქვეყნების ურთიერთთავსებადობის გაზრდა და სწრაფი რეაგირების ძალების მოქმედებების დახვეწაა.  

    მრავალეროვნული სწავლება Rapid Trident 2021-ში 15 პარტნიორი ქვეყნის 6000 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. სწავლებაში მონაწილეობენ: უკრაინა, აშშ, ბულგარეთი, კანადა, საქართველო, გერმანია, იტალია, იორდანია, ლიეტუვა, მოლდოვა, პაკისტანი, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი და გაერთიანებული სამეფო. 

    Rapid Trident 2021 ყოველწლიური აშშ-უკრაინული სწავლებაა, რომელიც ოფიციალურად 1 ოქტომბერს დასრულდება. საქართველოს თავდაცვის ძალები Rapid Trident-ში 2013 წლიდან სხვადასხვა კომპონენტში მონაწილეობს.

  • საერთაშორისო სწავლება Agile Spirit 2021 ოფიციალურად გაიხსნა

    მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „მტკიცე სული 2021“ (Agile Spirit 2021), რომელიც წელს საიუბილეოა და მას საქართველო უკვე მეათედ მასპინძლობს, ოფიციალურად დღეიდან დაიწყო. საერთაშორისო წვრთნების გახსნის ცერემონიალი სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე გაიმართა. როგორც "ნიუს დეი საქართველოს" თავდაცვის უწყებაში განუცხადეს, სამწყობრო მოედანზე მოწყობილ სწავლებაში მონაწილე ნატოს წევრი 12 და პარტნიორი 3 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მიმართა და აღნიშნა, რომ ერთობლივი წვრთნებით კიდევ უფრო გაღრმავდება მონაწილე ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებს შორის  ურთიერთთავსებადობა და საბრძოლო შესაძლებლობები. მინისტრმა  მრავალეროვნული სწავლებების საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ეს ზრდის ნატოს არსებობას საქართველოში და ხელს უწყობს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.    

    სამწყობრო მოედანზე მოწყობილ 15 ქვეყნის სამხედროებს Agile Spirit 2021-ის ოფიციალური დაწყება თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმაც მიულოცა და წვრთნების წარმატებით აღსრულება უსურვა. სიტყვით გამოსვლისას გენერალმა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებს შორის პარტნიორული შესაძლებლობების გაძლიერებასა და მზადყოფნის შენარჩუნებაზე ისაუბრა, რასაც მრავალეროვნული სწავლება ემსახურება.  

    Agile Spirit 2021-ის გახსნას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, წვრთნებში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ატაშეები, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორი და სენაკის მუნიციპალიტეტის მერი დაესწრნენ. 

    Agile Spirit 2021 საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის ორგანიზებით იმართება, რომელსაც დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია ხელმძღვანელობს. საერთაშორისო წვრთნები საქართველოში 6 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება და ხუთ ლოკაციაზე იქნება გაშლილი. წვრთნები ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწასა და გაძლიერებას, ასევე მრავალეროვნული მზადყოფნისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას ისახავს მიზნად. 

  • საქართველოსა და იტალიის თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა

    საქართველოში ვიზიტით იტალიის თავდაცვის ძალების დელეგაცია იმყოფება, რომელსაც იტალიის თავდაცვის შტაბის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ბრიგადის გენერალი დავიდ მორპურგო ხელმძღვანელობს. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    იტალიის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტისა და თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და იტალიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
    ქართულმა მხარემ დელეგაციის წევრებს იტალიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესს, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ნატოსთან თავსებადობის გაზრდას ისახავს მიზნად.
    ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) წარმატებულ მიმდინარეობაზე. ხაზგასმით აღინიშნა SNGP-ის ინიციატივების - ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) განვითარებაში იტალიის წვლილი. საუბარი შეეხო სამხედრო პოლიციასა და კარაბინიერებისკორპუსს შორის, ასევე სამხედრო განათლების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს. 

    შეხვედრის დასასრულს იტალიისა და საქართველოს თავდაცვის უწყებებს შორის 2021 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა, რომელიც მიმდინარე წლის თანამშრომლობის მიმართულებებს განსაზღვრავს. დოკუმენტს ხელი საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსმა შალვა კვინიხიძემ და იტალიის თავდაცვის შტაბის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა დავიდ მორპურგომ მოაწერეს ხელი. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური