ეუთო-ს სხდომაზე ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა ვ. პუტინსა და საოკუპაციო რეჟიმის ლიდერ ა. ბჟანიას შორის სოჭში გამართული შეხვედრის გამო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 13 ნოემბერი 2020 11:27

2020 წლის 12 ნოემბერს, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ანგარიშით წარდგნენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები გაეროდან, ეუთოდან და ევროკავშირიდან, ჯიჰან სულთანოღლუ, რუდოლფ მიხალკა და ტოივო კლაარი. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" საგარეო საქმეთა პრეს-სამსახურში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, მომხსენებლებმა ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების და მის ფარგლებში არსებული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) მნიშვნელობაზე და მწუხარება გამოთქვეს, რომ მიმდინარე წელს, პანდემიის გამო, ვერ მოხერხდა მოლაპარაკებების რაუნდის ჩატარება. მათ იმედი გამოთქვეს, რომ პირისპირ შეხვედრა დეკემბერში მოხერხდება.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა ისაუბრეს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, მათ შორის გადაადგილების შეზღუდვაზე.

ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა სამედიცინო სერვისებზე წვდომის შეზღუდვის შემთხვევებზე, რაც ზოგ შემთხვევაში, ტრაგიკულად დასრულდა. საპასუხო განცხადებაში, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთო-ში ქეთევან ციხელაშვილმა დაადასტურა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობა, რომელიც შეიქმნა ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შედეგად, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტიდან მომდინარე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული გამოწვევების გადასაჭრელად.

ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა დისკუსიების მთავარ საკითხებზე - ძალის არგამოყენება, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და ლტოლვითა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება - ხელშესახები პროგრესის არარსებობაზე, რუსეთის დესტრუქციული მიდგომის გამო, რომელიც ახდენს ჰუმანიტარული თემების პოლიტიზირებას.

ქართულმა მხარემ დააფიქსირა შეშფოთება, რომ მიმდინარე წელს ვერ მოხდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების რაუნდის გამართვა და გამოთქვა იმედი, რომ თანათავმჯდომარეების ერთობლივი ძალისხმევით, მორიგი რაუნდი 10-11 დეკემბერს გაიმართება.

საქართველოს ელჩი პოზიტიურად გამოეხმაურა ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მუშაობის აღდგენას და აღნიშნა, გალის შეხვედრების დაუყოვნებლივ და ფუძემდებლურ პრინციპებზე დაყრდნობით აღდგენის აუცილებლობა.

საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს მონაწილე ქვეყნებს მიაწოდა ვრცელი ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით.

ყურადღება გამახვილდა ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციასა და მათი უფლებების უხეშ დარღვევებზე, მათ შორის, საოკუპაციო ხაზის დაკეტვასა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაზე, რასაც ახალგორში 16 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაც ვერ მოახერხეს საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა გადაუდებელი მკურნალობისთვის.

საქართველოს ელჩმა ასევე ისაუბრა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესსა და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე. ამ კონტექსტში მან ხაზი გაუსვა ამა წლის ივლისში, საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო დაკავებას, და მოითხოვა მისი და რეჟიმის უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

მუდმივ საბჭოზე, საქართველოს ელჩმა სთხოვა პარტნიორებს, დამატებით აღმოუჩინონ დახმარება გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას და ითანამშრომლონ ამ მიზნით შექმნილ უწყებათაშორის კომისიასთან.

ელჩმა შეშფოთება გამოთქვა ადგილზე არსებული მძიმე ვითარების ფონზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საოკუპაციო რეჟიმის ლიდერ ასლან ბჟანიას შორის დღეს სოჭში გამართული შეხვედრის გამო, რაც ნათლად მოწმობს, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ უგულვებელყოფას, რითაც ირღვევა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპი.

ქეთევან ციხელაშვილმა გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე. ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას, ძალის არგამოყენების პრინციპის ცალმხრივად დადასტურებას და განხორციელებას, მოლაპარაკებების ფორმატების ეფექტურად გამოყენებისკენ მიმართულ ძალისხმევას.

ელჩმა ისაუბრა ასევე კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენაზე, რაც სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. ამ კუთხით, მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე - ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ კომპონენტს წარმოადგენს და მადლობა გადაუხადა პარტნიორებს ამ ინციატივის მხარდაჭერისთვის.

გამოსვლის დასასრულს ელჩმა ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ თავისი საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას.

სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ს, თურქეთის, შვეიცარიისა და უკრაინის დელეგაციებმა.

გამომსვლელებმა ერთხმად გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და აღნიშნეს, რომ არსებული კონფლიქტის მოგვარება უნდა მოხდეს ხსენებული პრინციპების დაცვით.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულების დადასტურებისა და შესრულების აუცილებლობას.

აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებმა ცალსახად აღნიშნეს, რომ რუსეთი განაგრძობს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. აშშ-ის წარმომადგენელმა თავის განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ აშშ-სთვის მიუღებელია რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და მოუწოდა რუსეთს ამ გადაწყვეტილების გაუქმებისკენ.

წაკითხულია 331 ჯერ

Related items

  • რუსეთის საქართველოში შეჭრის 14 წლისთავი

    სახელმწიფო მდივნის, ენტონი ჯ. ბლინკენის განცხადება

    7 აგვისტო, 2022
    თოთხმეტი წლის წინ, ამ დღეს, რუსეთი შეიჭრა საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე. როგორც აქამდე, 2008 წლიდან მოყოლებული, დღესაც ჩვენ ვიხსენებთ რუსული ძალების მიერ მოკლულ და დაშავებულ ადამიანებს. ათწლეულების მანძილზე საქართველოს მოქალაქეებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის ოკუპაციის ქვეშ უწევთ ცხოვრება, ხოლო ათობით ათასი ადამიანი იძულებით გამოდევნილი და გაღარიბებულია. მათ სიცოცხლე და საარსებო წყარო წაართვეს.

    მიმდინარე წელს, რუსეთის არაპროვოცირებული შემდგომი შეჭრა უკრაინაში ხაზს უსვამს საქართველოსა და უკრაინის ხალხის მიმართ სოლიდარობის საჭიროებას. ქართველმა ხალხმა ძალზედ კარგად იცის, თუ როგორ იწვევს რუსეთის აგრესიული ქმედებები, მათ შორის დეზინფორმაცია, ე. წ. „ბორდერიზაცია“ და მასობრივი იძულებითი გადაადგილება ენით აუწერელ გაჭირვებასა და ნგრევას.

    რუსეთი პასუხისმგებელია იმ ვალდებულებებზე, რომლებიც მან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში აიღო: რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და დაუშვას შეუზღუდავი წვდომა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე. მან უნდა გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარება. ეს აუცილებელია ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირისთვის, რათა მათ შეძლონ საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნება.

    ჩვენი მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ კვლავაც მტკიცეა, ესწრაფიან რა ისინი თავიანთი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვასა და კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას.

    ავტორების მიხედვით  | 8 აგვისტო, 2022 | 
  • საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით

    2022 წლის 7 აგვისტოს, სრულდება 14 წელი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს განხორციელებული ღია სამხედრო ინტერვენციიდან, რასაც მოყვა რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაცია და ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.
    ოკუპაციის მე-14 წლისთავზე, რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და აფართოებს საკუთარ უკანონო კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებში. საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ბარიერების აღმართვით, უკანონო დაკავებებითა და გატაცებებით, ადამიანის უფლებების უხეში შელახვით, ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაციით დარტყმას აყენებს ადგილზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ გარემოს, რითიც, სხვა მიზნებთან ერთად ცდილობს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები იზოლაციაში მოაქციოს დანარჩენი საქართველოსგან და საერთაშორისო საზოგადოებისგან.
    საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში შელახვა, ეთნიკური დისკრიმინაცია და ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის საკუთარ სახლში დაბრუნების უფლების დარღვევა კვლავაც რჩება რუსეთის უკანონო ოკუპაციის მძიმე ჰუმანიტარულ ტვირთად.  დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაუსჯელობის წახალისება კი ზრდის ეთნიკურ ნიადაგზე ძალადობის საფრთხეს.
    ამ ფონზე კიდევ უფრო კრიტიკული ხდება ადგილზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების შეუზღუდავი წვდომა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განლაგება, აგრეთვე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, მისიის მანდატის მიუხედავად, რასაც სამწუხაროდ აბრკოლებს საოკუპაციო ძალა. 
    ამ მძიმე ფონზე, გარდამტეხი როლი ჰქონდა 2021 წლის 21 იანვარს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელშიც სამართლებრივად დადასტურდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და მათზე ეფექტური კონტროლი და სწორედ რუსეთს დაეკისრა პასუხისმგელობა ადგილზე ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე. აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წლის რუსეთის-საქართველოს ომის პირველ სამართლებრივ შეფასებას წარმოადგენს, ცხადყოფს, რომ ამაოა რუსეთის ფედერაციის მრავალწლიანი მცდელობა, თავიდან აირიდოს სამართლებრივი პასუხისმგელობა უკანონო ოკუპაციასა და მის შედეგებზე.
    საქართველო განუხრელად განაგრძობს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას და მოწადინებულია, რომ დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით, საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შესაძლებელი გახადოს ქვეყნის გამთლიანება და მშვიდობიანი განვითარება, საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენა და საერთო ევროპული მომავლის მშენებლობა.
    საქართველო მადლიერია ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევი მხარდაჭერისთვის და  დიდად აფასებს საერთაშორისო პარტნიორების წვლილს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში. აღნიშნული მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დღეს, როდესაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიით, განაგრძობს უხეშ დარღვევას საერთაშორისო სამართლის პრინციპების და ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას.  
    საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვეტოს უკანონო და პროვოკაციული მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ევროკავშირის წინაშე 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და შეცვალოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ უკანონო გადაწყვეტილება.
    საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართვას საერთაშორისო თანამეგობრობას, კონსოლიდირებული ძალისხმევა მიმართოს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებისკენ და ქმედითი ნაბიჯები გადადგას საქართველოსა და მთლიანად რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთოხების უზრუნველსაყოფად.
    საგარეო საქმეთა სამინისტრო სარგებლობს შემთხვევით და კიდევ ერთხელ პატივს მიაგებს 2008 წელს დაღუპულთა ხსოვნას და სამძიმარს უცხადებს მათ ოჯახებს. 

  • ვლადიმერ პუტინი დასავლეთს ემუქრება

    რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, პარლამენტის ქვედა პალატაში, დუმაში, წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების ლიდერებს და სპიკერებს შეხვდა სადაც სიტყვით გამოსვლის დროს დასავლეთს დაემუქრა და განაცხადა: „გვესმის, რომ უნდათ ჩვენი დამარცხება ბრძოლის ველზე, აბა, სცადონ“.

    "ტრტ-ქართულის" ცნობით, პუტინმა განაცხადა, რომ 24 თებერვალს უკრაინაში ომის დაწყებიდან, მსოფლიოში არიან ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ მათ და ასევე არიან, ქვეყნებიც, რომლებიც მათ წინააღმდეგ გამოდიან და მუდმივ პროპაგანდაში არიან ჩართული.  

    „ჩვენ გვყავს ბევრი მხარდამჭერი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპაში და სხვა კონტინენტებზეც. რუსეთის წინააღმდეგ მიღებული უკანონო გადაწყვეტილებები გვიქმნის სირთულეებს. მაგრამ ეს არ არის სანდო მათთვის, ვინც დაიწყო ეკონომიკური დაშინება რუსეთის წინააღმდეგ. მათი მიზანი იყო უთანხმოების გამოწვევა, არეულობა და ადამიანების დემორალიზება ჩვენს საზოგადოებაში. მაგრამ აქაც არასწორად გამოთვალეს. არაფერი გამოვიდა და დარწმუნებული ვარ, არც იქნება. დღეს გვესმის, რომ (დასავლეთს) უნდათ ჩვენი დამარცხება ბრძოლის ველზე. აბა, რა ვთქვა? აბა, სცადონ. ჩვენ უკვე ბევრჯერ გვსმენია, რომ დასავლეთს უნდა ჩვენთან ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე. ეს უკრაინელი ხალხისთვის ტრაგედიაა. მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაფერი აქეთკენ მიდის. თუმცა, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ, ზოგადად, ჯერ არაფერი დაგვიწყია სერიოზულად“.

  • დიდი შვიდეულის ლიდერები პუტინის რეჟიმზე და ბელარუსში მის მოკავშირეებზე ეკონომიკურ და პოლიტიკურ ზეწოლას გააძლიერებენ

    დიდი შვიდეულის ლიდერებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი თავიანთ მზადყოფნას, მხარი დაუჭირონ უკრაინის მთავრობას და ხალხს ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. ისინი ასევე მზად არიან, გააძლიერონ  საერთაშორისო ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის რეჟიმზე და მის მოკავშირეებზე ბელარუსში.

    დიდი შვიდეულის ქვეყნების — კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოს და ამერიკის შეერთებული შტატების შეხვედრა გერმანიაში 26-28 ივნისს ჩატარდა.

    დიდი შვიდეული მიესალმა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნების სტატუსის მინიჭების შესახებ. 

    „ჩვენ გავაგრძელებთ ფინანსურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო და დიპლომატიურ მხარდაჭერას და მხარში დავუდგებით უკრაინას იქამდე, სანამ საჭირო იქნება. ამ პროცესში ვალდებულებას ვიღებთ, გამოვავლინოთ გლობალური პასუხისმგებლობა და სოლიდარობა და შევამციროთ რუსეთის აგრესიის საერთაშორისო გავლენა — განსაკუთრებით, ყველაზე დაუცველ ჯგუფებზე“, — აღნიშნეს დიდი შვიდეულის ლიდერებმა უკრაინის მხარდასაჭერად გაკეთებულ სპეციალურ განცხადებაში.

    გარდა ამისა, დიდი შვიდეულის ლიდერებმა განაცხადეს, რომ გააგრძელებენ ზეწოლას პრეზიდენტ პუტინის რეჟიმზე და მის მოკავშირეებზე ბელარუსში: „ამით რუსეთს მოვუსპობთ ეკონომიკურ ბერკეტებს უკრაინის წინააღმდეგ ომის საწარმოებლად, ჩვენ კი გავაგრძელებთ ჩვენი კოორდინირებული სანქციების მიზნობრივ გამოყენებას მანამ, სანამ საჭირო იქნება“. 

    შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ უახლოესი დღეებისა და კვირების განმავლობაში გამონახავენ რუსეთის საერთაშორისო ბაზრიდან იზოლირების ახალ გზებს, შეამცირებენ მის შემოსავლებს, გააგრძელებენ სანქციებისთვის თავის არიდების წინააღმდეგ ბრძოლას, შეამცირებენ რუსეთის მიერ ენერგეტიკიდან მიღებულ მოგებას, კოორდინაციას გაუწევენ სატარიფო ზომების მიღებას რუსეთიდან იმპორტზე, უფრო მეტად შეზღუდავენ ქვეყნის წვდომას დიდი შვიდეულის ქვეყნებში წარმოებულ ძირითად ინდუსტრიულ რესურსებზე, მომსახურებებსა და ტექნოლოგიებზე და სანქციებს დაუწესებენ მათ, ვინც ომის დანაშაულებზე და სურსათის უსაფრთხოების კრიზისზეა პასუხისმგებელი. 

    დამატებითი ინფორმაცია

    პრესრელიზი

  • ილია დარჩიაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

    2022 წლის 17 ივნისს, გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის შეხვედრა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, მარგარეტა სედერფელტთან.
    შეხვედრისას მხარეები მიესალმნენ   საქართველოსა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას.
    მხარეებმა განიხილეს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული ვითარება. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე და კონსოლიდირებული მხარდაჭერის მნიშვნელობას, მინისტრმა მადლობა გადაუხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და ასამბლეას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, რაც არაერთხელ გამოიხატა სხვადასხვა რეზოლუციებსა და განცხადებებში.  მხარეები შეეხნენ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების საკითხს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს.
    შეხვედრაზე მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება, უკრაინაში მიმდინარე ომი და მისი გავლენა უსაფრთხოების გარემოზე. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს გააცნეს ინფორმაცია საქართველოს მხრიდან უკრაინისთვის გაწეული პოლიტიკური და ჰუმანიტარულ დახმარების შესახებ.
    საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე საუბრისას, ხაზი გაესვა ევროკომისიის რეკომენდაციის მნიშვნელობას, რომლითაც საქართველოს გაეცა გაწევრიანების პერსპექტივა და  აღინიშნა, რომ ქვეყანა მტკიცედ გააგრძელებს ამ მიმართულებით სვლას.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური