საქართველო 0:1 ჩრდ. მაკედონია

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 13 ნოემბერი 2020 10:55

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა. თბილისის "დინამო არენაზე" გამართული მატჩი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.  მატჩის ერთადერთი გოლი 56-ე წუთზე გავიდა. საკუთარი გუნდის სწრაფი კონტრშეტევა შედეგიანი დარტყმით გორან პანდევმა დაასრულა. აღნიშნული გამარჯვებით ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება ისტორიაში პირველად მოიპოვა.

მატჩის დასრულების შემდეგ განვლილი შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შეაფასა:

ვლადიმირ ვაისი: "ძალიან ვწუხვარ ასეთი თამაშის გამო, დღეს არ იყო ჩვენი დღე. ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვარ, მაგრამ ეს ფეხბურთია. ცხოვრება უნდა გაგრძელდეს. ჩვენ გვინდოდა, რომ ყველა ქართველი გაგვეხარებინა, მაგრამ დავმარცხდით. ბოდიში ფეხბურთელებს, ფედერაციას, ჟურნალისტებს, გულშემატკივრებს.

დღეს მაკედონიამ გაიტანა გოლი, ჩვენზე ოდნავ უკეთესი გუნდი იყო და მინდა მივულოცო მათ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. ჩვენ შინ ვრჩებით. ყველასთვის უიღბლო დღე გამოდგა და ძალიან სამწუხაროა. ჩვენ ახლა გვაქვს ერთა ლიგის ორი თამაში და ამ ორი თამაშის შემდეგ შეგიძლიათ დაელოდოთ ახალ მთვარ მწვრთნელს, რომელიც მოიტანს ახალ იმედს და სულისკვეთებას.

ჩემი დრო ამოიწურა, მადლობა მინდა გადავუხადო ყველას. სრულდება ჩემთვის ძალიან კარგი ხუთწლიანი პერიოდი, რომელიც ნამდვილად არ იყო იოლი.

სამწუხაროდ, დღეს ყველა აცრემლებული და სევდიანია. ყველას უკეთესი შედეგი გვინდოდა, მაგრამ ეს ფეხბურთია. მეტოქემ გამოიყენა ერთი შანსი და ჩვენ ვერაფერი. ვერ ვაჩვენეთ უფრო მეტი ხარისხი შეტევაში."

საქართველოს ეროვნული ნაკრების მორიგ შეხვედრას 15 ნოემბერს ერთა ლიგის ეგიდით გამართავს. მეხუთე ტურის მატჩში ჩვენი გუნდი "დინამო არენაზე" სომხეთის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს. 18 ნოემბერს ქართველი ფეხბურთელები წლის დასკვნის შეხვედრაში ესტონეთს დაუპირისპრიდებიან.

ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური

წაკითხულია 273 ჯერ

Related items

  • PSP-სა და ა(ა)იპ სპორტის მართვის მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

    PSP-სა და ა(ა)იპ სპორტის მართვის მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა შემდგომი სტაბილური თანამშრომლობის გაგრძლების შესახებ. სპორტულ ცენტრ „იმედში“ მემორანდუმის გაფორმებას თან ახლდა მინი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ახალგაზრდული ნაკრების ახალი ფორმის პრეზენტაცია; ამასთან, კოპმანია PSP-მ ნაკრების წევრებს სასაჩუქრე ნაკრებები გადასცა და მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა.

    ახალგაზრდული ნაკრები ,,მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის’’ ბაზაზე ჩამოყალიბდა და მსოფლიოს მინი ფეხბურთის ახალგაზრდულ (U23) ჩემპიონატში პირველად მიიღებს მონაწილეობას. ჩემპიონატი უკრაინის დედაქალაქ კიევში, მიმდინარე წლის 12-15 აგვისტოს ტადრება.   

    „მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგაში“ წელს თბილისის 100-მდე სკოლის 1000-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა; ჩემპიონატი 4 თვის მანძილზე მიმიდნარეობდა  და 450-ზე მეტი მატჩი ჩატარდა. „მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგა“ 2019 წელს ა(ა)იპ სპორტის მართვის მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების ასოციაციის მიერ დაარსდა კამპანიის ,,როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს’’ ფარგლებში და ამ დროიდან PSP მისი მხარდამჭერია, რადგან პროექტის მიზანი მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა და სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. მოხარულები ვართ რომ წელს ბევრად მეტმა სკოლამ და მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა და ამ გუნდების ბაზაზე დაარსებული ნაკრები პირველად მიემგზავრება მინი ფეხბურთის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად. ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ნაკრებს ჩემპიონატზე და გვჯერა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა უკვე დიდი გამარჯვებაა“ - აცხადებენ PSP-ში.

    ,,მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგა’’ 2019 წელს ა(ა)იპ სპორტის მართვის მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების ასოციაციამ, ქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და კომპანია PSP-ს მხარდაჭერით, კამპანიის ,,როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს’’ ფარგლებში დააფუძნა.

  • ქუთაისის „ტორპედოს“ სერიოზული ინვესტორი გამოუჩნდა!

    „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“–ს მიზანი: „ტორპედო“ აღმოსავლეთ ევროპის ტოპ10-ში!

    ერთის მხრივ, ქუთაისის „ტორპედო“ ვალებშია, გუნდი დატოვეს იტალიელმა ინვესტორებმა და გავრცელებული ინფორმაციით, დავალიანების გამო ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები შემდეგი ტურის თამაშზე, რომელიც 4 ივლისს საბურთალოსთან უნდა გაიმართოს, მოედანზე გასვლას არ აპირებენ. თუმცა, გამოჩნდა ფანტასტიური ინფორმაცია და დიდია იმის ალბათობა, რომ „ტორპედოს“ არა მხოლოდ ყველა არსებულ პრობლემებს მოეღოს ბოლო, არამედ კლუბი რეალურად დადგეს განვითარების შეუქცევად გზაზე და არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც სერიოზულ წარმატებებს მიაღწიოს. „ტორპედოში“ ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესდა  „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“, რომელიც ცნობილია, როგორც მძლავრი ფინანსური საინვესტიციო კომპანია. ამ ჯგუფს  საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების გზით უცხოელ პარტნიორებთან ერთად უკვე დაბანდებული აქვს 700 მილიონ დოლარზე მეტი კაპიტალი. ინვესტიციები გაკეთდა საბანკო-საფინანსო, ტექნოლოგიურ, კომუნიკაციების, უძრავი ქონების, ტურისტულ, ენერგეტიკის და განათლების სექტორებში.  როგორც აღმოჩნდა, სპორტი და კონკრეტულად ფეხბურთი ახალი სფეროა, სადაც „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“ შესვლას და ბიზნესის წარმოებას გეგმავს.

    აიეტ კუკავა („ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი): „ჩვენ უკვე ნახევარ წელზე მეტია ქუთაისის „ტორპედოს“ ირგვლივ ინფორმაციების მოძიების, თემის შესწავლის და ანალიზის პროცესში ვართ. ამ დროის განმავლობაში საფუძვლიანად შევისწავლეთ ეს საკითხი, მოვამზადეთ კონცეფცია და ბიზნესგეგმა, რომელიც წარვუდგინეთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. მათი მხრიდან ამ თემის მიმართ დიდი ინტერესი გაჩნდა და ამ ინტერესის სერიოზულობაში რომ დაგარწმუნოთ, საკმარისია ითქვას, რომ სადეპოზიტო ანგარიშზე საგარანტიო თანხად 7 მილიონი დოლარიც კი დაგვიდეს.  მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ  დავიწყოთ მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან კლუბის მმართველობაში ჩვენი შესვლის თაობაზე. პირველ რიგში, შევხვდით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს, რომელსაც გავაცანით ჩვენი გეგმები. შეხვედრამ ძალზე კეთილგანწყობილ ვითარებაში ჩაიარა და ბატონმა ლევანმა ყოველგვარი დახმარების პირობა მოგვცა. ამას გარდა, უკვე დავუფიქსირეთ ჩვენი ინტერესი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს და საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს. ორივე ამ უწყებაში პირველი პირების დონეზე არიან ინფორმირებულები. გვქონდა შეხვედრები რეგიონის ხელმძღვანელობასთანაც, რომლებიც ასევე მიესალმნენ ჩვენს ინიციატივას.

    მოკლედ გეტყვით, რომ ჩვენი სტრატეგიაა, რაც შეიძლება სწრაფად შევიდეთ კლუბის მართვაში, რათა ეტაპობრივად გადავწყვიტოთ ყველა პრობლემა და დავიწყოთ სწრაფი განვითარება. ჩვენი მიზანია, გავისტუმროთ ყველა დავალიანება და ამ სეზონშივე, სექტემბრამდე მოვიყვანოთ ისეთი ფეხბურთელები, რომელთა დახმარებითაც „ტორპედო“ იბრძოლებს ევროზონის ადგილისათვის. მესმის, რომ ვიღაცას ეს შეიძლება ძალზე ხმამაღალ ნათქვამად მოეჩვენოს, რადგან ამ ეტაპზე გუნდი გასავარდნ ზონასთან ახლოსაა და ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, მაგრამ წინ კიდევ ნახევარი სეზონია და ჩვენ სიტყვებს ჰაერში ნამდვილად არ ვისვრით. პირველ ეტაპზე ჩვენი ინვესტიციების მოცულობა 2 ათეულ მილიონ დოლარამდე იქნება და ქართულ საფეხბურთო რეალობაში ამ ფინანსებით რისი გაკეთებაცაა შესაძლებელი, ამას ყველას დავანახვებთ. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა - 5 წლიან პერსპექტივაში გავიყვანოთ ქუთაისის „ტორპედო“ აღმოსავლეთ ევროპის „ტოპ10-ში და ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ამ სიტყვებზე. მთავრობისგან მხოლოდ ერთ დახმარებას ვითხოვთ - დროზე გადმოგვცენ კლუბი და დანარჩენს ყველაფერს ჩვენ გავაკეთებთ!“

    მიხეილ აბაიშვილი

  • საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა რუმინეთი 2:1 დაამარცხა

    საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფრანგი მწვრთნელის ვილი სანიოლის თავკაცობით, ეროვნულმა ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა - ქართველმა ფეხბურთელებმა ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთის ეროვნული ნაკრები 2:1 დაამარცხეს! ეს საქართველოს ისტორიაში პირველი გამარჯვებაა რუმინეთთან. აქამდე ჩატარებულ შვიდ შეხვედრაში საქართველოს რუმინეთთან 6 წაგება და 1 ფრე ჰქონდა.

    ამ გამარჯვებით ასევე შეწყდა ქართველების 8 მატჩიანი მოუგებელი სერია, რომელიც გუნდს 2020 წლის ერთა ლიგის ნახევარფინალის შემდეგ მოსდევდა.

    საფრანგეთში დაბადებულმა ჟორჟ (გიორგი) მიქაუტაძემ ნაკრების მაისურით პირველი სრულყოფილი მატჩი ჩაატარა და ეს ფაქტი გოლით აღნიშნა. აქამდე ახალგაზრდა ფორვარდს ნაკრებში მხოლოდ 6 წუთი ჰქონდა ნათამაშები, დღეს კი 80+ წუთი ითამაშა და შესანიშნავი გოლის გატანაც შეძლო.

    აქედან მალევე საქართველოს ნაკრების კარში პენალტი დაინიშნა, რომლის გატანაც რუმინელებმა საბედნიეროდ ვერ მოახერხეს.

    გიორგი აბურჯანიას გოლმა კი საქართველოს ნაკრებს ორბურთიანი უპირატესობა მისცა, რომლის აღმოფხვრაც მეტოქემ ვეღარ შეძლო. 78-ე წუთზე რუმინელებმა მხოლოდ ერთი ბურთის გატანა მოახერხეს და მატჩი ქართველების გამარჯვებით - 2:1 დასრულდა.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები რუმინეთის ნაკრებს სტუმრად ქალაქ პლოიეშტიში დაუპირისპირდა.

  • საქართველოს არჩევანი: თურქეთი ევრობასკეტზე თბილისის ჯგუფში იასპარეზებს

    ევროპის მომავალ საკალათბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ჯგუფის მეორე წევრი ცნობილია. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" კალათბურთის ფედერაციის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    ეს გახლავთ თურქეთის ეროვნული გუნდი, რომელიც 2022 წლის სექტემბერში თბილისში გასამართ ჯგუფში საქართველოსთან ერთად იასპარეზებს. ეს ამბავი ოფიციალურად დღეს, მას შემდეგ გადაწყდა, რაც ფიბა-მ საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ევრობასკეტის მასპინძელი ქვეყნების – საქართველოსა და იტალიის არჩევანი, რომლებმაც შესაბამისად თურქეთი და ესტონეთი აირჩიეს.

    პარტნიორი ფედერაციების არჩევის პრაქტიკა 2015 წლის ევრობასკეტიდან მომდინარეობს და მისი მიზანი ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მასპინძელი ქვეყნებისთვის ღონისძიების მარკეტინგული და სპორტული მხარის უკეთესად დაგეგმვაა, ასევე შესაძლებელია, მასპინძელმა მომავალი მეტოქე სიძლიერის მიხედვით შეარჩიოს.

    შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ 2022-ს 4 ქვეყანა – გერმანია, საქართველო, იტალია და ჩეხეთი მასპინძლობენ. გერმანიამ და ჩეხეთმა არჩევანი წინა თვეში გააკეთეს. პირველმა ლიეტუვა აირჩია, ხოლო ჩეხებმა პარტნიორად პოლონეთი დაასახელეს. დღეს საკალათბურთო სამყარომ  საქართველოსა და იტალიის არჩევანია შესახებაც შეიტყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი ჩემპიონატისთვის თითო ჯგუფის 2-2 წევრი უკვე ცნობილია.

     

  • თურქმენეთის დიპლომატიურმა მისიამ თბილისში მინიფეხბურთის ტურნირი ჩაატარა

    5 აპრილს, თურქმენეთის საელჩომ საქართველოში ჩაატარა მინიფეხბურთის ტურნირი, რომელიც მიეძღვნა ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს. შეჯიბრი თბილისში გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე ქართველი სპორტსმენები.

    ტურნირის გახსნის დღესასწაულზე აღინიშნა, რომ 2021 წელი, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის შესაბამისი რეზოლუციის თანახმად, მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლად არის გამოცხადებული და ფართოდ აღინიშნება თურქმენეთშიც. აღნიშნული ღონისძიება თურქმენეთში ტარდება დევიზით „თურქმენეთი - მშვიდობისა და ნდობის სამშობლო”.

    აქვე ხაზი გაესვა იმასაც, რომ თურქმენეთში ამჟამად მიმდინარეობს ყოვლისმომცველი სამუშაოები ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის, ელიტური სპორტის განვითარებისა და ამ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცების მიზნით.

    ტურნირის დასრულების შემდეგ, გამარჯვებულებს სამახსოვრო პრიზები და საჩუქრები გადაეცათ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური