აზერბაიჯანელები მთიან ყარაბაღში სომხეთის ოკუპაციის დასრულების შეთანხმებას დიდი ზეიმით შეხვდნენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 10 ნოემბერი 2020 14:30

აზერბაიჯანელები მთიან ყარაბაღში სომხეთის ოკუპაციის დასრულების შესახებ დეკლარაციის ხელმოწერას დიდი ზეიმით შეხვდნენ. პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ერისადმი მიმართვის შემდეგ აზერბაიჯანელები ქუჩაში მოვიდნენ. დედაქალაქი ბაქო დღესასწაულების სცენას დაემსგავსა. ათასობით ბაქოელი ქუჩაში, აზერბაიჯანისა და თურქეთის დროშებით გამოვიდა. აზერბაიჯანლებმა აღნიშნული დეკლარაცია ცეკვით და „მოწამენი არ იღუპებიან, სამშობლოს დანაწევრება არ მოხდება“, „ყველაზე დიდი ჯარისკაცი, ჩვენი ჯარისკაცია“, „ყარაბაღი ჩვენია და  ჩვენი დარჩება“ შეძახილებით აღნიშნეს.

აქვე შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ  რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს. „რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად ხელი მოვაწერე განცხადებას ყარაბაღის ომის შეწყვეტის შესახებ. ეს პირადად ჩემთვის და ყველა ჩვენგანისთვის უკიდურესად მძიმე გადაწყვეტილებაა,“ - აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი.

მეორეს მხრივ სომხეთში  დედაქალაქ ერევნის ჩათვლით მრავალ ქალქში, ფაშინიანის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. აქციის მონაწილეები, რომლებიც მანამდე მთავრობის შენობაში შეიჭრნენ, ამჯერად პარლამენტის შენობაში შევიდნენ და პრემიერ-მინისტრის საწინაააღმდეგო ლოზუნგებს გაიძახოდნენ. მომიტინგეების ნაწილმა, რომლებმაც პარლამენტის ტრიბუნა დაიკავეს, ყარაბაღში შეტაკებების გაგრძელება მოითხოვეს.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში არა მხოლოდ რუსი, არამედ თურქი სამშვიდობოებიც განლაგდებიან.  „ორივე, რუსი და თურქი სამხედრო მოსამსახურეები იქნებიან განლაგებული ყარაბაღის სამშვიდობო ცენტრში“, განაცხადა ერისათვის გაკეთებული მიმართვის დროს ალიევმა. ცნობისთვის, ამავე მიმართვის დროს პრეზიდენტმა ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მოხარულია, რომ ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხს წერტილი დაესვა. ალიევი დარწმუნებულია, რომ ყარაბაღთან დაკავშირებული შეთანხმება ხანგრძლივ მშვიდობას მოიტანს. მან სატელევიზიო მიმართვის დროს, სომხეთთან დაწყებული კონფლიქტის დროს სრული მხარდაჭერისთვის, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსაც გადაუხადა მადლობა.

ცნობისათვის სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ვლადიმერ პუტინთან და ილჰამ ალიევთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. ამასთან რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების განლაგების შესახებ შეთანხმდნენ.

შეთანხმების მიხედვით, აზერბაიჯანს ქალბაჯარი მიმდინარე წლის 15 ნოემბრისთვის,  აღდამის რაიონი  20 ნოემბრისთვის,  ლაჩინი კი 1-ელი დეკემბრისთვის უნდა დაუბრუნდეს.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის არმიამ მთიანი ყარაბაღის, სომხეთის ოკუპაციისგან გათავისუფლების ოპერაციები მიმდინარე წლის 27 სექტემბერს დაიწყო და დღემდე გრძელდება.

ტექსტი მომზადებულია სააგენტო "TRT-ქართულის" მასალებზე დაყრდნობით.

https://www.trt.net.tr/georgian/regioni-da-sak-art-velo/2020/11/10/azerbaijanelebi-mt-ian-qarabag-shi-somxet-is-okupac-iis-dasrulebis-shet-anxmebas-didi-zeimit-shexvdnen-1525134

 

წაკითხულია 245 ჯერ

Related items

  • ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი აზერბაიჯანელი ძმები და აზერბაიჯანის სახელმწიფო ჩვენთვის მხოლოდ მეზობელი ქვეყანა არ არის (ვიდეო)

    ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი აზერბაიჯანელი ძმები და აზერბაიჯანის სახელმწიფო ჩვენთვის მხოლოდ მეზობელი ქვეყანა არ არის - ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ

    ნავთობკომპანია „სოკარს" გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა აქვს; განხორციელებული აქვს ძალიან ბევრი სოციალური მნიშვნელობის პროექტი ჩვენი მოსახლეობისთვის სხვადასხვა რეგიონში და დღევანდელი დღე არის სწორედ ამის დადასტურება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, ახალი სპორტკომპლექსის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

    მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა „სოკარის" ინვესტიციების მნიშვნელობას საქართველოსთვის და აღნიშნა, რომ კომპანიას ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული საქართველოში და ქვეყანაში მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევა.
    „ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა. მე მინდა, ჩვენს განსაკუთრებულ სტუმარს მადლობა გადავუხადო ჩამობრძანებისთვის. ბატონი როვნაგ აბდულაევი არის ჩვენი ქვეყნის მეგობარი. იგი წარმოადგენს კომპანია „სოკარს", რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორი ჩვენს ქვეყანაში. „სოკარს" ასეულობით მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული საქართველოში და ეწევა ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობას ჩვენს ქვეყანაში. ამავდროულად, მინდა აღვნიშნო, რომ „სოკარს" გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა აქვს. განხორციელებული აქვს ძალიან ბევრი სოციალური მნიშვნელობის პროექტი ჩვენი მოსახლეობისთვის სხვადასხვა რეგიონში და დღევანდელი დღე არის სწორედ ამის დადასტურება. ჩვენ ვიმყოფებით მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყიზილაჯლოში და ჩვენ ამ მნიშვნელოვან, ლამაზ საჩუქარს გავხსნით დღეს ოფიციალურად. ეს არის საჩუქარი ადგილობრივი  მოსახლეობისთვის - თანამედროვე ევროპული სტანდარტების სპორტული კომპლექსი, რომელიც ჩვენი ახალგაზრდებისთვის ძალიან ძვირფასი საჩუქარი იქნება, ამიტომ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონ როვნაგს და კომპანია „სოკარს". რა თქმა უნდა, ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ახალგაზრდობაში ჯანსაღი ცხოვრების წესი წავახალისოთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენია. ამას გარდა, მინდა ჩვენს მოსახლეობას, ხალხს ვუთხრა, რომ დღეს ბატონი როვნაგი გახსნის მათი დაფინანსებით სოფელ კაბალში აშენებულ საბავშვო ბაღს. სულ რაღაც ერთი წელია, ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო და დღეს უკვე ვხედავთ, რომ მზად არის. პროექტი 3 მლნ ლარი დაჯდა. ასე, რომ ეს არის ძალიან კარგი მაგალითი ჩვენი ძმობის, მეგობრობის და ურთიერთთანამშრომლობის. ჩვენი აზერბაიჯანელი ძმები და აზერბაიჯანის სახელმწიფო ჩვენთვის მხოლოდ მეზობელი ქვეყანა არ არის. მე ყოველთვის ვამბობ, რომ აზერბაიჯანი და აზერბაიჯანელები არიან ჩვენი ძმები და ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე ურთიერთობა. ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს. „სოკართან" ერთად, საქართველოს მთავრობა ახორციელებს უპრეცედენტო მასშტაბის გაზიფიცირების სამუშაოებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და ჩვენი თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

    სპორტკომპლექსის გახსნის ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა კომპანია „სოკარის" პრეზიდენტმა. როვნაგ აბდულაევმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ყიზილაჯლოს მოსახლეობას აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მოკითხვა გადასცა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ აზერბაიჯანისთვის შექმნილი პირობების შედეგია ის, რომ აზერბაიჯანმა საქართველოში მილიარდ 200 მილიონის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა. მისი შეფასებით, აზერბაიჯანის და საქართველოს მთავრობების მეგობრობა და ერთობა დღემდე არნახულ დონეზეა აყვანილი და სტრატეგიულ და სხვა ფაქტორებშიც ორ ქვეყანას მნიშვნელოვანი თანამშრომლობა აკავშირებს. როგორც „სოკარის" პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოში გაზიფიცირების დონე 90%-ია და აღნიშნული შედეგის მიღწევა, რომელიც მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში ფიქსირდება, საქართველოს მთავრობის აქტიური ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი.

    მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში სპორტული კომპლექსი „სოკარ ენერჯი ჯორჯიამ" ააშენა და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. 

    კომპლექსი წარმოადგენს დახურულ მულტიფუნქციურ სპორტულ სივრცეს სხვადასხვა სახეობებისათვის, როგორიცაა კალათბურთი, მინი-ფეხბურთი, ხელბურთი, ფრენბურთი და ჭიდაობა. სპორტულ კომპლექსში განთავსდება ტრიბუნები მაყურებელთათვის, გასახდელები, საშხაპე და სანიტარული ფართები, ინვენტარის შესანახი საწყობი და ადმინისტრაციული სივრცე. შენობის ჯამური ფართი 1157 კვადრატული მეტრია. პროექტის ღირებულება 3 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. სპორტული კომპლექსის მიმდებარედ „სოკარმა" სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა საფეხბურთო სტადიონს.

    ღონისძიებას სოფელ ყიზილაჯლოში „სოკარის" პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, „სოკარ ენერჯი ჯორჯიას" გენერალური დირექტორი მაჰირ მამედოვი, აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში შოთა რეხვიაშვილი დაესწრნენ.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

     

  • ბაქო და თბილისი დაძმობილებული ქალაქებია, თუმცა, ორ ქვეყანას შორის ყოველთვის მეგობრული ურთიერთობები არსებობდა-კ. კალაძე

    თბილისის მერი კახა კალაძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. როგორც "ნიუს დეი საქართველოს" თბილისის მერიაში განუცხადეს, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
    ხაზი გაესვა თბილისისა და ბაქოს დაძმობილების მნიშვნელობას, რომლის მემორანდუმს გუშინ მოეწერა ხელი. გამოითქვა იმედი, რომ მემორანდუმი ხელს შეუწყობს ორი მეგობარი ქალაქის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას და თანამშრომლობის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით.
    „მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ბაქო და თბილისი დღეიდან დაძმობილებული ქალაქებია, თუმცა, ორ ქვეყანას შორის აქამდეც ყოველთვის ძმური და მეგობრული ურთიერთობები არსებობდა. აზერბაიჯანი პირადად ჩემთვის არის მეგობარი ქვეყანა, აქ ბევრი მეგობარი მყავს. თქვენს დედაქალაქს ენერგეტიკის მინისტრის რანგშიც ხშირად ვსტუმრობდი და როგორც ვხედავ, ის დღითიდღე ლამაზდება. მადლობა მინდა გადაგიხადოთ შესანიშნავი მასპინძლობისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
    შეხვედრაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ისაუბრა ბაქოსა და თბილისის დაძმობილების მნიშვნელობაზე და აღნიშნა კახა კალაძის პირადი წვლილი საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების განმტკიცებაში.
    „მოგესალმებით აზერბაიჯანში. ვიცი, რომ გუშინ ხელი მოაწერეთ მეტად მნიშვნელოვან შეთანხმებას ბაქოსა და თბილისის დაძმობილების შესახებ. ჩვენს ქვეყნებს, ხალხებს შორის ყოველთვის არსებობდა ძმური ურთიერთობები და ამჯერად, ჩვენი დედაქალაქების დაძმობილება ჩვენი ძმობის ბუნებრივი გაგრძელებაა. მსოფლიოში ბევრი ლამაზი ქალაქია, მაგრამ ბაქო და თბილისი გამოირჩევიან მათთვის დამახასიათებელი სილამაზით და კულტურით, იმით, რომ დიდ ყურადღებას უთმობენ ისტორიულ ძეგლებს. ვიცი, რომ თქვენ დიდ ძალისხმევას იჩენთ თბილისის კეთილმოწყობისთვის, ასევე, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებისთვის“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
    თბილისის მერი კახა კალაძე აზერბაიჯანის დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

  • აზერბაიჯანის საგარეო უწყება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან დაძაბულობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან დაძაბულობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    „2020 წლის სამმხრივი განცხადების თანახმად, ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად, აზერბაიჯანის სასაზღვრო ჯარები დისლოცირდება ჩვენი ქვეყნის პოზიციებზე სომხეთთან მოსაზღვრე ლაჩინისა და ქელბაჯარის რაიონებში, რომლებსაც აქვთ რთული მთიანი რელიეფი და კლიმატური პირობები. ეს პროცესი ხორციელდება ჩვეულ რეჟიმში და სისტემატურად“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

    როგორც აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, საზღვრის დაცვის სისტემების გაძლიერების ზომები ხორციელდება მხარეების ხელთ არსებული რუკების საფუძველზე, რომლებიც განსაზღვრავს საზღვარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.

    „დამოუკიდებლობის აღდგენის მომენტიდან ორ ქვეყანას შორის გასაგები მიზეზებით არ ყოფილა სახელმწიფო საზღვარი და ამ მიზეზით ჩვენ ვსაუბრობთ რთულ ტექნიკურ პროცესზე, რომელსაც ამჟამად თან ახლავს მხარეებს შორის უთანხმოება. გაკვირვებას იწვევს, რომ სომხურმა მხარემ ამ პროცესზე არაადეკვატური რეაგირება იქონია და პროვოკაციული განცხადება გააკეთა. მიუღებლად მიგვაჩნია ოფიციალური წრეების მცდელობები, გამოიყენონ ეს საკითხი პოლიტიკური მიზნებისთვის სომხეთში წინასაარჩევნო სიტუაციასთან დაკავშირებით“, – აცხადებენ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

    აზერბაიჯანული მხარის ცნობით, 12 მაისიდან საზღვრის ამ მონაკვეთზე გაგზავნილია აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელობა, მიმდინარეობს მოწინააღმდეგე მხარის მესაზღვრეებთან მოლაპარაკებები და იდგმება ნაბიჯები ვითარების ნორმალიზებისთვის.

    „ვურჩევთ სომხურ პოლიტიკურ და სამხედრო წრეებს, არ ჩავარდნენ პანიკაში, მიიღონ სახელმწიფოთაშორისი სასაზღვრო რეჟიმის რეალობა აზერბაიჯანის ზანგილანის, გუბადლინის, ლაჩინისა და ქელბაჯარის რაიონების გასწვრივ და არ გაამწვავონ ვითარება რეგიონში. ასეთი შემთხვევები შესაძლებელია და უნდა გადაწყდეს ორივე მხარის სამხედროებს შორის ორმხრივი კონტაქტების გზით“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში, რომელსაც ადგილობრივი მედია ავრცელებს.

    შეგახსნებთ, გუშინ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანი სომხეთის სუვერენიტეტის ხელყოფაში და პროვოკაციულ ქმედებებში დაადანაშაულა. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა გადაკვეთეს სომხეთის სახელმწიფო საზღვარი სიუნიქის რაიონში.

    წყარო: https://1tv.ge/news/azerbaijanis-sagareo-uwyeba-somkhet-azerbaijanis-sazghvartan-dadzabulobastan-dakavshirebit-ganckhadebas-avrcelebs/

  • სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო.

    სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

    საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უმასპინძლა.

    შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები.

    სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

  • ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებულ რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე ისაუბრეს

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბაქოში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრით დაიწყო. ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს „ზაგულბას" სასახლეში უმასპინძლა.

    მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრულ ურთიერთობებზე და ხაზი გაუსვეს ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებულ რეგიონული მნიშვნელობის წარმატებულ პროექტებს.

    "ბატონო პრემიერ-მინისტრო, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება. ძალიან გვიხარია თქვენი ნახვა. დარწმუნებული ვარ, რომ ვიზიტი ძალიან წარმატებული იქნება და ჩვენს ძმურ ურთიერთობას გააძლიერებს ჩვენს ერებს შორის არსებული ისტორიული საფუძვლიდან. ჩვენი ძმური ურთიერთობა საუკუნეებს ითვლის. ეს კარგ ფუნდამენტად მიგვაჩნია ჩვენი არსებული ურთიერთობის განვითარებისთვის, რაც დინამიკურობით ხასიათდება და მრავალ სფეროს მოიცავს.
    ძალიან მოხარული ვართ, რომ გვსტუმრობთ. ჯანმრთელობას გისურვებთ. ვიცი, რომ კორონავირუსით იყავით ინფიცირებული და ვიზიტის გადაწევა მოგვიწია. მიხარია, რომ მალე გამოჯანმრთელდით.

    ჩვენ ერთობლივი პროექტების განხორციელების ძალიან კარგი ისტორია გვაკავშირებს, მათ შორის ენერგეტიკის და ტრანსპორტის სფეროებში. აღნიშნულმა პროექტებმა შეცვალა რეგიონში არსებული სიტუაცია პოლიტიკური, ეკონომიკური, სატრანსპორტო მიმართულებით.

    ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძლიერი პარტნიორული ურთიერთობების გარეშე ამ პროექტების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა.

    გასული წლის ბოლო დღე სამხრეთის გაზის მილსადენის პროექტის განხორციელების ბოლო დღეს დაემთხვა, რომელსაც უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ კავკასიის, არამედ ფართო რეგიონის განვითარებისთვის, სტაბილურობისთვის, პროგნოზირებადობისა და თანამშრომლობისთვის. ჩვენი თანამშრომლობის გარეშე ყოველივე ეს შეუძლებელი იქნებოდა.

    მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას პროექტების განხორციელების უწყვეტი მხარდაჭერისთვის. ყველა ეს ინიციატივა წარმატებულ ამბავს წერდა ჩვენს ისტორიაში. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც ასევე გაგრძელდება. ახლახან გარკვეულ მონაცემებს გადავავლე თვალი და შევიტყვე, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ეკონომიკაში კვლავ უმსხვილეს ინვესტორებს შორისაა. ეს ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების დამსახურებაა, რითაც დადებითი და ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატი შეიქმნა. ვიცი, რომ ბევრ აზერბაიჯანულ კომპანიას სურს თქვენს ქვეყანაში მუშაობა და იმედი მაქვს, რომ ასეც მოხდება.
    დღეს მიმოვიხილავთ აქამდე მიღწეულ შედეგებს და სამომავლო ნაბიჯებს დავგეგმავთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით აზერბაიჯანში და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ!- აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

    საქართველოს მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და იგი მისთვის ხელსაყრელ დროს, ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მიიწვია.

    „დიდი მადლობა შეხვედრისთვის, ბატონო პრეზიდენტო! ძალიან სასიამოვნოა ბაქოში კვლავ თქვენთან შეხვედრა. მართალია, კორონავირუსით ინფიცირების გამო ვიზიტის გადადება მოგვიწია, მაგრამ გვიხარია, რომ დღეს ბაქოში ვართ.

    თქვენ ბრძანეთ, რომ ბრწყინვალე ურთიერთობა გვაქვს და რომ ეს ძმობა საუკუნეებს ითვლის. თქვენი მამის მიერ თბილისში ნათქვამი სიტყვები მინდა გავიხსენო, რომელმაც ბრძანა, რომ ჩვენ მეზობლობა ბედმა გვარგუნა. ქართველი და აზერბაიჯანელი ერების მეზობლობა ჩვენი ბედისწერაა. ამდენად, ურთიერთდაკავშირებულნი და ურთიერთდამოკიდებულნი ვართ.

    როგორც თქვენ აღნიშნეთ, უმნიშვნელოვანესი და ისტორიული პროექტები გვაქვს განხორციელებული. ამიტომ, მიზანდასახულნი ვართ, რომ ასევე გავაგრძელოთ, მეტი პროექტი განვახორციელოთ ერთად, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ურთიერთობებს. ამიტომ, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ბაქოში ჩვენი ოფიციალური დელეგაციის მიღებისთვის. მინდა, ვისარგებლო შესაძლებლობით და თბილისში მოგიწვიოთ თქვენთვის მოსახერხებელ დროს",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური