აზერბაიჯანელები მთიან ყარაბაღში სომხეთის ოკუპაციის დასრულების შეთანხმებას დიდი ზეიმით შეხვდნენ
აზერბაიჯანელები მთიან ყარაბაღში სომხეთის ოკუპაციის დასრულების შესახებ დეკლარაციის ხელმოწერას დიდი ზეიმით შეხვდნენ. პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ერისადმი მიმართვის შემდეგ აზერბაიჯანელები ქუჩაში მოვიდნენ. დედაქალაქი ბაქო დღესასწაულების სცენას დაემსგავსა. ათასობით ბაქოელი ქუჩაში, აზერბაიჯანისა და თურქეთის დროშებით გამოვიდა. აზერბაიჯანლებმა აღნიშნული დეკლარაცია ცეკვით და „მოწამენი არ იღუპებიან, სამშობლოს დანაწევრება არ მოხდება“, „ყველაზე დიდი ჯარისკაცი, ჩვენი ჯარისკაცია“, „ყარაბაღი ჩვენია და ჩვენი დარჩება“ შეძახილებით აღნიშნეს.
აქვე შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს. „რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად ხელი მოვაწერე განცხადებას ყარაბაღის ომის შეწყვეტის შესახებ. ეს პირადად ჩემთვის და ყველა ჩვენგანისთვის უკიდურესად მძიმე გადაწყვეტილებაა,“ - აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი.
მეორეს მხრივ სომხეთში დედაქალაქ ერევნის ჩათვლით მრავალ ქალქში, ფაშინიანის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. აქციის მონაწილეები, რომლებიც მანამდე მთავრობის შენობაში შეიჭრნენ, ამჯერად პარლამენტის შენობაში შევიდნენ და პრემიერ-მინისტრის საწინაააღმდეგო ლოზუნგებს გაიძახოდნენ. მომიტინგეების ნაწილმა, რომლებმაც პარლამენტის ტრიბუნა დაიკავეს, ყარაბაღში შეტაკებების გაგრძელება მოითხოვეს.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში არა მხოლოდ რუსი, არამედ თურქი სამშვიდობოებიც განლაგდებიან. „ორივე, რუსი და თურქი სამხედრო მოსამსახურეები იქნებიან განლაგებული ყარაბაღის სამშვიდობო ცენტრში“, განაცხადა ერისათვის გაკეთებული მიმართვის დროს ალიევმა. ცნობისთვის, ამავე მიმართვის დროს პრეზიდენტმა ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მოხარულია, რომ ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხს წერტილი დაესვა. ალიევი დარწმუნებულია, რომ ყარაბაღთან დაკავშირებული შეთანხმება ხანგრძლივ მშვიდობას მოიტანს. მან სატელევიზიო მიმართვის დროს, სომხეთთან დაწყებული კონფლიქტის დროს სრული მხარდაჭერისთვის, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსაც გადაუხადა მადლობა.
ცნობისათვის სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ვლადიმერ პუტინთან და ილჰამ ალიევთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. ამასთან რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების განლაგების შესახებ შეთანხმდნენ.
შეთანხმების მიხედვით, აზერბაიჯანს ქალბაჯარი მიმდინარე წლის 15 ნოემბრისთვის, აღდამის რაიონი 20 ნოემბრისთვის, ლაჩინი კი 1-ელი დეკემბრისთვის უნდა დაუბრუნდეს.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის არმიამ მთიანი ყარაბაღის, სომხეთის ოკუპაციისგან გათავისუფლების ოპერაციები მიმდინარე წლის 27 სექტემბერს დაიწყო და დღემდე გრძელდება.
ტექსტი მომზადებულია სააგენტო "TRT-ქართულის" მასალებზე დაყრდნობით.