სასიხარულოა, რომ საქართველოს ძალისხმევა ევროინტეგრაციის კუთხით უცვლელი რჩება - პ. სიიარტო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 04 ნოემბერი 2020 10:45

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. პ. სიიარტომ ქართველ კოლეგას საქართველოში ახალი საარჩევნო სისტემით საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა. აღნიშნულის შესახებ უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საკუთარ Facebook გვერდზე წერს.

„სასიხარულოა, რომ საქართველოს ძალისხმევა ევროინტეგრაციის კუთხით უცვლელია. უნგრეთი კვლავ განიხილავს აღმოსავლეთ პარტნიორობას ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტად, რომელშიც ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მხარდაჭერას“, – აღნიშნავს პ. სიიარტო.

მისივე განცხადებით, კოლეგებმა ისაუბრეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხზეც.

„ჩვენ ასევე განვიხილეთ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხი, სადაც აღვნიშნე, რომ ვაფასებ საქართველოს განზრახვას, შუამავლობა გასწიოს დაპირისპირებულ მხარეებს შორის“, – ნათქვამია მიმართვაში.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

 
წაკითხულია 188 ჯერ

Related items

  • აშშ-ის კონგრესმენების ჯგუფის ვიზიტი საქართველოში

    2021 წლის 7 სექტემბერს საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტად მყოფ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრების ჯგუფთან, რომლის შემადგენლობაში შედიან კონგრესმენები ალექს მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან სტილი (ვისკონსინი), კელი არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონ ესტესი (კანზასი). დელეგაციაში შემავალი კონგრესმენების უმრავლესობა 2021 წლის თებერვალში წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ თანასპონსორია. ვიზტი საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მასპინძლობით იმართება.
    სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრისას განხილულ იქნა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხების ფართო სპექტრი და ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე და დინამიური თანამშრომლობ ყველა პრიორიტეტული მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება იქნა გამახვილებული აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ვაჭრობისა და ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
    მხარეებმა, ასევე, განიხილეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარება, აშშ-ის კონგრესის განსაკუთრებული როლი დეოკუპაციისა და კონფლიქტის მოგვარების პროცესში და შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების საკითხები. დავით ზალკალიანმა კონგრესმენებს მადლობა გადაუხადა საქართველოს მიმართ აშშ-ის კონგრესის მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერისთვის.
    საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში კონგრესმენების ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების რთული გარემოს ფონზე და განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ წარმომადგენელთა პალატაში თანასპონსორობის გამო, რომელიც საკანონმდებლო დონეზე ამყარებს საქართველოსადმი აშშ-ის მხარდაჭერას და თვისობრივად ახალ დონეზე აჰყავს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა. ასევე, მადლიერებით აღინიშნა აშშ-ის თანმიმდევრული მხარდაჭერა და აქტიური ჩართულობა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი კონსოლიდაციის პროცესში. დავით ზალკალიანმა შეხვედრისას კონგრესმენებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების შესახებ.
    მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, მცოცავი ანექსიისა და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტებზე. ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და დეოკუპაციის საქმეში. კონგრესმენებმა, რომელთაც ვიზიტის ფარგლებში უკვე მოინახულეს საოკუპაციო ხაზი, კიდევ ერთხელ დაადასტურეს აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. შეხვედრაზე, ასევე, განხილულ იქნა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და ხაზი გაესვა აშშ-ის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში. აღინიშნა საქართველოს მონაწილეობა და მნიშვნელოვანი როლი ავღანეთში უსაფრთხოების გარემოს გაუარესების ფონზე ქაბულიდან გადაუდებელი ევაკუაციის პროცესში. თავის მხრივ, კონგრესმენებმა შეხვედრაზე მადლიერება გამოხატეს საქართველოს წვლილისთვის საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში .
    კონგრესმენებთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აშშ-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობის გაღრმავებაზე და საქართველოში მეტი ამერიკული ინვესტიციის მოზიდვის მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა აშშ-ის კონგრესის მხარდაჭერისა და ჩართულობის მნიშვნელობას ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების წახალისების კუთხით.
    მხარეებმა დაადასტურეს მზაობა განაგრძონ მუშაობა აშშ-საქართველოს სტარტეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისა და გაფართოების მიზნით.

    საგარეოს პრეს-რელიზი

  • დავით ზალკალიანსა და იაირ ლაპიდს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

    საქართველოს ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ალტერნატიულ პრემიერ-მინიტრ იაირ ლაპიდს (Alternate Prime Minister) შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

    როგორც "ნიუს დეი საქართველოს" საგარეოს ადმინისტრაციაში განუცხადეს, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ქართველი და ებრაელი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციული მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს.
    სატელეფონო საუბრისას განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და ხაზი გაესვა დიდ პოტენციალს ეკონომიკური მიმართულებით, რომელიც მოიცავს ორმხრივი ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტურიზმის სფეროებს.
    მხარეებმა მიმოიხილეს გლობალური პანდემიის გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლის გზები და ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების  განვითარების დინამიკა. იაირ ლაპიდმა ქართველი კოლეგა ოფიციალური ვიზიტით მიიწვია ისრაელში და იმედი გამოთქვა, რომ მხარეებს მიეცემათ შესაძლებლობა მომავალი ვიზიტის ფარგლებში უფრო დეტალურად განიხილონ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი.
    დავით ზალკალიანმა ისრაელელ კოლეგას მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა, უსურვა წარმატება მომავალ საქმიანობაში და თავის მხრივ დაუდასტურა მზადყოფნა მისთვის ხელსაყრელ დროს უმასპინძლოს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით.

  • დავით ზალკალიანმა და ოლივერ ვარეიმ ევროკავშირის 2022 წლის საინვესტიციო გეგმა განიხილეს

    2021 წლის 7 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარეის შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალურ მიმართულებებზე. ორივე მხარის მიერ აღინიშნა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების ინტერესი და მზაობა. ამის შესახებ საგარეოს პრეს-სამსახური იუწყება.
    შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის 2022 წლის საინვესტიციო გეგმაზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომ მიზნებს განსაზღვრავს და რომლის შესახებაც ვიზიტის ფარგლებში განაცხადა ვარეიმ. მხარეებმა განსაკუთრებით დადებითად შეაფასეს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, რომელიც პარტნიორი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი დახმარების მობილიზებას ითვალისწინებს კოვიდ-პანდემიის უარყოფითი შედეგების აღმოფხვრისა და სოციალურ-ეკონომიკური გაჯანსაღებისთვის. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ევროკომისარს პირადი წვლილისთვის, რის შედეგადაც დოკუმენტში აისახა საქართველოსთვის პრიორიტეტული ინიციატივები. მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ დოკუმენტი მნიშვნელოვან აქცენტს აკეთებს დიფერენციაციასა და პარტნიორ ქვეყნებთან ინდივიდუალურ ინტერესებზე მორგებული თანამშრომლობის განვითარებაზე. მხარეებმა ისაუბრეს საინვესტიციო გეგმის ფარგლებში საქართველოსთვის იდენტიფიცირებულ საფლაგმანო ინიციატივებზე, რომლებიც სრულად ეხმიანება საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტებს. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა შავ ზღვაზე ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ციფრული დაკავშირებადობის საფლაგმანო ინიციატივებს, რომელთა განხორციელება სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირისთვის.
    საუბარი ასევე შეეხო მოლოდინებს 2021 წლის დეკემბერში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის, რომელზეც დამტკიცდება პარტნიორობის 2020 წლის შემდგომი მიზნები და მიღებულ იქნება ერთობლივი დეკლარაცია. 
    შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების საჭიროებაზე და ამ კონტექსტში საქართველოს მნიშვნელოვან როლზე. ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და ევროკავშირის ჩართულობაზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში.

  • ლევილის მამულში სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ფაზის დასრულების შემდეგ პროექტის განხორციელებას კულტურის სამინისტრო გააგრძელებს
    ლევილის (საფრანგეთი) მამულში სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ფაზის დასრულების შემდეგ პროექტის განხორციელებას კულტურის სამინისტრო გააგრძელებს. როგორც "ნიუს დეი საქართველოს" კულტურის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან ერთად საფრანგეთს სამუშაო ვიზიტით ეწვია.
    ვიზიტის ფარგლებში მინისტრები ქალაქ ლევილ სურ-ორჟს ესტუმრნენ, პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენელთა შთამომავლებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრა და ლევილის მამულის მმართველი საბჭოს სხდომა ჩაატარეს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად, სხდომაზე ლევილის მამულში კულტურის კერის შექმნის პროექტის შემდგომი ხელმძღვანელობა საგარეო საქმეთა სამინისტრომ დარგობრივ უწყებას - კულტურის სამინისტროს გადასცა.
    ამასთან, თეა წულუკიანმა და დავით ზალკალიანმა ლევილის მამულში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარმატებით განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი - ე.წ. ორანჟერეის განახლებული შენობა დაათვალიერეს.
    აღსანიშნავია, ლევილის მამულში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირება-განხორციელება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით 2017 წლიდან მიმდინარეობს. ამ ეტაპზე დასრულდა სამუშაოების პირველი ნაწილი, ე.წ. „ორანჟერეის პროექტი“, რის შედეგადაც ორანჟერეის ტერიტორიაზე კეთილმოეწყო 150 კვ. მეტრი საცხოვრებელი ფართი, მოპირკეთდა ეზო, მისასვლელი და მისი მიმდებარე ტერიტორია. მეორე - „დიდი პროექტი“ ითვალისწინებს ლევილის შატოს და სხვა ძირითადი შენობა-ნაგებობების განახლება/მოწყობას, რომლის დასრულებაც 2026 წელს იგეგმება. 
    მამულის ბაზაზე მოეწყობა ლევილის ქართული აკადემია, სამუზეუმო და საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, მედიათეკა, ქართული კუთხე - ქართული ოდა, ვენახი, ქვევრი და ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის აუცილებელი კომპონენტები. შესაბამისად, საქართველო ევროპაში შეიძენს მრავალპროფილურ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს - აკადემიას, სადაც საქართველოს კულტურული, პოლიტიკური, სამეცნიერო, ასევე, დიასპორული პროექტების და პროგრამების რეალიზება იქნება შესაძლებელი.
    ინფორმაციისთვის, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამული 25-წლიანი უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ 2016 წელს საქართველოს დაუბრუნდა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ გელა დუმბაძის დიდი ძალისხმევის შედეგად.
    მამულში განსახორციელებელ პროექტს ოფიციალურად ეწოდა „პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი. ლევილის ქართული აკადემია“ და საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, რომ მამულის სრული რეაბილიტაცია 10 წლის ვადაში უნდა განხორციელდეს.
  • ასოცირებული ტრიოს მინისტრებმა დაადასტურეს მზაობა გააგრძელონ აქტიური მონაწილეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში

    ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ასოცირებული ტრიოს საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.
    შეხვედრაზე სამი ქვეყნის პირველი დიპლომატების მიერ აქცენტი გაკეთდა ასოცირებული ტრიოს შექმნის მნიშვნელობასა და მიზნებზე და აღინიშნა, რომ ტრიოს ფორმატის დაფუძნება ლოგიკური და დროული განვითარებაა იმ პროცესებისა, რომლებიც ამ ქვეყნებს აერთიანებთ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვის გზაზე.
    ამავდროულად, შეხვედრებისას მინისტრებმა დაადასტურეს მზაობა გააგრძელონ აქტიური მონაწილეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, განსაკუთრებით 2021 წლის დეკემბერში დაგეგმილი სამიტის გათვალისწინებით.
    ევროკომისართან  შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს იმ კონკრეტულ მიმართულებებსა და პრიორიტეტულ სფეროებზე, რომლებშიც ასოცირებული ქვეყნები დაინტერესებულები არიან ევროკავშირთან დიალოგის ფორმატების ჩამოყალიბებით. მინისტრების განცხადებით, ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ეკონომიკურ და სექტორულ ინტეგრაციას, რაც მიიღწევა ევროკავშირის რეგულაციებსა და სექტორულ პოლიტიკასთან მეტი თავსებადობის გზით.
    შეხვედრისას ქართული მხრიდან განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ევროკავშირთან დაკავშირებულობის გაძლიერებასა და კონკრეტულად შავ ზღვაზე სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაზე, ციფრულ სფეროში ევროკავშირთან დაახლოებაზე, ასოცირებულ ქვეყნებში მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობაზე და ა.შ. საუბარი ასევე შეეხო უსაფრთხოების გარემოს რეგიონში, ოკუპაციის და რუსეთის აგრესიის შედეგად არსებულ გამოწვევებს და უსაფრთხოების უზრუნველყოფის და კონფლიქტის დარეგულირების პროცესში ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობას.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური