ილჰამ ალიევმა გიორგი გახარიას საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 02 ნოემბერი 2020 12:17

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა.

ილჰამ ალიევსა და გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

საუბრისას ხაზი გაესვა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და მრავალწლიან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

წაკითხულია 212 ჯერ

Related items

  • ბაქო და თბილისი დაძმობილებული ქალაქებია, თუმცა, ორ ქვეყანას შორის ყოველთვის მეგობრული ურთიერთობები არსებობდა-კ. კალაძე

    თბილისის მერი კახა კალაძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. როგორც "ნიუს დეი საქართველოს" თბილისის მერიაში განუცხადეს, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
    ხაზი გაესვა თბილისისა და ბაქოს დაძმობილების მნიშვნელობას, რომლის მემორანდუმს გუშინ მოეწერა ხელი. გამოითქვა იმედი, რომ მემორანდუმი ხელს შეუწყობს ორი მეგობარი ქალაქის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას და თანამშრომლობის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით.
    „მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ბაქო და თბილისი დღეიდან დაძმობილებული ქალაქებია, თუმცა, ორ ქვეყანას შორის აქამდეც ყოველთვის ძმური და მეგობრული ურთიერთობები არსებობდა. აზერბაიჯანი პირადად ჩემთვის არის მეგობარი ქვეყანა, აქ ბევრი მეგობარი მყავს. თქვენს დედაქალაქს ენერგეტიკის მინისტრის რანგშიც ხშირად ვსტუმრობდი და როგორც ვხედავ, ის დღითიდღე ლამაზდება. მადლობა მინდა გადაგიხადოთ შესანიშნავი მასპინძლობისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
    შეხვედრაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ისაუბრა ბაქოსა და თბილისის დაძმობილების მნიშვნელობაზე და აღნიშნა კახა კალაძის პირადი წვლილი საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების განმტკიცებაში.
    „მოგესალმებით აზერბაიჯანში. ვიცი, რომ გუშინ ხელი მოაწერეთ მეტად მნიშვნელოვან შეთანხმებას ბაქოსა და თბილისის დაძმობილების შესახებ. ჩვენს ქვეყნებს, ხალხებს შორის ყოველთვის არსებობდა ძმური ურთიერთობები და ამჯერად, ჩვენი დედაქალაქების დაძმობილება ჩვენი ძმობის ბუნებრივი გაგრძელებაა. მსოფლიოში ბევრი ლამაზი ქალაქია, მაგრამ ბაქო და თბილისი გამოირჩევიან მათთვის დამახასიათებელი სილამაზით და კულტურით, იმით, რომ დიდ ყურადღებას უთმობენ ისტორიულ ძეგლებს. ვიცი, რომ თქვენ დიდ ძალისხმევას იჩენთ თბილისის კეთილმოწყობისთვის, ასევე, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებისთვის“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
    თბილისის მერი კახა კალაძე აზერბაიჯანის დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

  • ბიძინა ივანიშვილის განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ იგი არსად არ წასულა-კახა ოქრიაშვილი

    „ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი საგანგებო განცხადება არის შეშინებული, წაგებული ადამიანის  სასოწარკვეთილი წერილი. ამის შესახებ ნათქვამია პარტიის „პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერის კახა ოქრიაშვილის განცხადებაში, რომელიც მან დღეს გაავრცელა.

    განცხადებაში კერძოდ აღნიშნულია, რომ "გიორგი გახარიამ უღალატა საკუთარ გუნდს და ასევე, უღალატა ქვეყანას. გამოდის, რომ ვინც „ქართული ოცნების“ არასწორ და ქვეყნისთვის დამაზარალებელ პოლიტიკას ემიჯნება, ის ქვეყნის მტერია - ანუ, ბატონი ივანიშვილის წარმოდგენაში, ქვეყანა და ბიძინა ივანიშვილი ერთი და იგივეა ცნებაა.

    2012 წლიდან დღემდე, იმ ყველა წინასაარჩევნო ტყუილს, როგორიც იყო იაფი ფული, დენი, გაზი, საამური ცხოვრება და ა.შ. ბატონმა ივანიშვილმა კიდევ ერთი სიცრუე დაუმატა - მან თქვა, რომ 2011 წლიდან არ უკადრებია სატელიტი ფსევდოპარტიების შექმნა. ეს სატელიტი ფსევდოპარტიებია: „მოქალაქე“, „გირჩი“, „პატრიოტთა ალიანსის“ განაყარი „ევროპელი სოციალისტები“ და ასევე, საზოგადოებაში ჩნდება კითხვები ე.წ. შარლ მიშელის სახელობის ახლადშექმნილ ფრაქციასთან დაკავშირებითაც.

    ეს განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რონ ბატონი ივანიშვილი არსად წასულა. იგი აკონტროლებს სასამართლოს, პროკურატურას, სუს-ს და მათი მეშვეობით, ცდილობს მალულად შეინარჩუნოს ძალაუფლება“, - აცხადებს კ. ოქრიაშვილი.

     კახა ოქრიაშვილი, პარტიის „პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერი

     

  • პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ყოფილი თავმჯდომარის ბ. ივანიშვილის განცხადება

    პარტია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" ყოფილი თავმჯდომარე მისი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ პირველ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:
    "როგორც საზოგადოებას მოეხსენება, პოლიტიკიდან ჩემი გასვლის შემდეგ არ გამიკეთებია არცერთი პირდაპირი თუ ირიბი განცხადება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ. მაშინაც კი, როდესაც მიმდინარე წლის თებერვალში სახელმწიფო და ხელისუფლება სერიოზული პოლიტიკური გამოწვევის წინაშე დადგა, არ გამომიხატავს ჩემი პოზიცია, რათა ვინმესთვის ჩემი პოლიტიკური ინტერესის შესახებ სპეკულირების საბაბიც კი არ მიმეცა.
    პოლიტიკიდან გასვლის ფონზე, ბუნებრივია, არ შემიწყვეტია ურთიერთობა საზოგადოების წარმომადგენლებთან. ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან, ახლობლებისგან, ნაცნობებისგან ვიღებ ინფორმაციას საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. მათგან შევიტყვე მოარული თუ შეგნებულად გავრცელებული ხმების შესახებ იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, გიორგი გახარიას პარტია ჩემი ე.წ. პოლიტიკური პროექტია. რადგან ვხედავ მცდელობას, პოლიტიკიდან გასვლის მიუხედავად, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, ჩემი სახელი კვლავაც ქართულ პოლიტიკას დაუკავშირონ, თავს ვალდებულად მივიჩნევ, საზოგადოებას მივცე მცირე განმარტება ამ თემასთან დაკავშირებით.
    საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სატელიტი ფსევდოპარტიების შექმნა საქართველოში წლების მანძილზე ფართოდ დანერგილი მანკიერი პრაქტიკა იყო. თუმცა, ამგვარი რამ ჩემი ხელწერა არასოდეს ყოფილა და 2011 წლიდან პოლიტიკიდან ჩემს საბოლოოდ გასვლამდე ქართული საზოგადოებისთვის არცერთი ფსევდოპარტიის შექმნა არ მიკადრებია. მით უფრო გამორიცხულია, ამგვარი რამ საკუთარ თავს ან საზოგადოებას პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ ვაკადრო.
    გარდა იმისა, რომ ფსევდოპარტიის შექმნა თავისთავად არასწორი მოვლენაა, გიორგი გახარიასთან პოლიტიკური თანამშრომლობა ჩემთვის ისედაც ყოვლად მიუღებელი იქნებოდა. მთელი ამ წლების მანძილზე, ქართულ პოლიტიკაში უამრავი პოლიტიკური გადაცდომის მომსწრე გავხდით და მეგონა, რომ ამ თვალსაზრისით, აღარაფერი და ვეღარავინ გამაოცებდა. თუმცა, რაც გიორგი გახარიამ მიმდინარე წლის თებერვალში გააკეთა, ამ ფონზეც კი, გაკვირვებას იწვევს.
    მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა და ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე სახელმწიფო თანამდებობის პირმა სრულიად გაუგებარ დროს, ყოვლად გაუგონარი მიზეზით დატოვა თანამდებობა - იგი გადადგა იმ მიზეზით, რომ არ სურდა კანონის უზენაესობის დაცვა და კანონის აღსრულება, რისკენაც მას მთელი პოლიტიკური გუნდი მოუწოდებდა. ის ითხოვდა კანონის აღსრულების ორი დღით გადავადებას, რის შესახებაც ჩვენ დღემდე ვერავითარი დამაჯერებელი განმარტება ვერ მოვისმინეთ. გახარიას ეს პოზიცია მით უფრო გაუგებარი იყო იმ ფონზე, რომ რამდენიმე დღით ადრე ის საკუთარი გუნდისგან მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას დაჟინებით მოითხოვდა. უმაღლესი თანამდებობის პირის ამგვარ მოქმედებას, გაუგებრობის ხარისხით, მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაშიც კი ძნელად შეიძლება მოეძებნოს ანალოგი.
    თებერვალში გიორგი გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდის ღალატი. და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს იყო საკუთარი სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი. სამართლისა და კანონის უზენაესობა არის ნებისმიერი სახელმწიფოს ქვაკუთხედი. უპირველეს ყოვლისა, სწორედ კანონის უზენაესობის მიმართ დამოკიდებულებით უნდა შეფასდეს და გაიზომოს ნებისმიერი პოლიტიკოსისა და სახელმწიფო თანამდებობის პირის საქმიანობა და მოღვაწეობა. როდესაც უმაღლესი რანგის თანამდებობის პირი კანონის უზენაესობის წინააღმდეგ გამოდის და ამ საბაბით თანამდებობას ტოვებს, ამაზე დიდი პოლიტიკური დანაშაული ძნელი წარმოსადგენია. მინდა მწუხარებით აღვნიშნო, რომ ამ ყველაფერმა ჩემი მძიმე იმედგაცრუება გამოიწვია.
    ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება იყო გიორგი გახარიას მიერ პოლიტიკური პარტიის დაფუძნება. მის პარტიას არა აქვს არავითარი იდეოლოგიური თუ კონცეპტუალური საფუძველი და იგი, აშკარად, მოაზრებულია როგორც სიტუაციური ინსტრუმენტი მმართველი გუნდისთვის საარჩევნო ხმების თუნდაც მცირე რაოდენობის წასართმევად.
    ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გამონათქვამია - ზოგი ჭირი მარგებელია. იყო გათვლა, რომ გახარიას გადადგომით დადგებოდა მძიმე პოლიტიკური კრიზისი. თუმცა, როგორც ვხედავთ, მმართველი პარტიის ძლიერმა, პროგრესულმა და გამოცდილმა გუნდმა მარტივად შეძლო სირთულეების დაძლევა და სახელმწიფო ინსტიტუტების გამყარება. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკიდან ჩემი გასვლის შემდეგ ორი წამყვანი სახელმწიფო თანამდებობის პირი შეიცვალა, სახელმწიფო აგრძელებს სტაბილურ ფუნქციონირებას.
    მნიშვნელოვანია, რომ მმართველი პარტია არ არის დამოკიდებული ცალკეულ პიროვნებებზე და იგი ძლიერია, როგორც ერთიანი გუნდი, რომელსაც უყვარს ქვეყანა, აქვს ღირებულებები და მყარად იცავს სახელმწიფო ინტერესებს. ამ თვალსაზრისით, „ქართული ოცნების“ სრული ანტიპოდია „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც, თავიდან ბოლომდე, მძიმე კრიმინალური წარსულის მქონე მის ერთპიროვნულ ლიდერზე არის დამოკიდებული. საკმარისია, ეს ლიდერი საჯარო სივრცეს ჩამოშორდეს და მისი პარტია მყისიერად ჩამოიშლება.
    ერთ-ერთი მთავარი შედეგი, რასაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩემთან ერთად და პოლიტიკიდან ჩემი გასვლით მიაღწია, სწორედ საქართველოში პიროვნების კულტისა და მესიანიზმის მანკიერი ტრადიციის დასრულებაა.
    ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩემს მიერ დაფუძნებული პარტია მომავალშიც წარმატებით უზრუნველყოფს სახელმწიფოს სიმტკიცეს, დემოკრატიული ინსტიტუტების, სამართლისა და კანონის უზენაესობის დაცვას, რაც სახელმწიფოს განვითარების აუცილებელი პირობაა" - აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

  • ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებულ რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე ისაუბრეს

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბაქოში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრით დაიწყო. ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს „ზაგულბას" სასახლეში უმასპინძლა.

    მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრულ ურთიერთობებზე და ხაზი გაუსვეს ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებულ რეგიონული მნიშვნელობის წარმატებულ პროექტებს.

    "ბატონო პრემიერ-მინისტრო, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება. ძალიან გვიხარია თქვენი ნახვა. დარწმუნებული ვარ, რომ ვიზიტი ძალიან წარმატებული იქნება და ჩვენს ძმურ ურთიერთობას გააძლიერებს ჩვენს ერებს შორის არსებული ისტორიული საფუძვლიდან. ჩვენი ძმური ურთიერთობა საუკუნეებს ითვლის. ეს კარგ ფუნდამენტად მიგვაჩნია ჩვენი არსებული ურთიერთობის განვითარებისთვის, რაც დინამიკურობით ხასიათდება და მრავალ სფეროს მოიცავს.
    ძალიან მოხარული ვართ, რომ გვსტუმრობთ. ჯანმრთელობას გისურვებთ. ვიცი, რომ კორონავირუსით იყავით ინფიცირებული და ვიზიტის გადაწევა მოგვიწია. მიხარია, რომ მალე გამოჯანმრთელდით.

    ჩვენ ერთობლივი პროექტების განხორციელების ძალიან კარგი ისტორია გვაკავშირებს, მათ შორის ენერგეტიკის და ტრანსპორტის სფეროებში. აღნიშნულმა პროექტებმა შეცვალა რეგიონში არსებული სიტუაცია პოლიტიკური, ეკონომიკური, სატრანსპორტო მიმართულებით.

    ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძლიერი პარტნიორული ურთიერთობების გარეშე ამ პროექტების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა.

    გასული წლის ბოლო დღე სამხრეთის გაზის მილსადენის პროექტის განხორციელების ბოლო დღეს დაემთხვა, რომელსაც უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ კავკასიის, არამედ ფართო რეგიონის განვითარებისთვის, სტაბილურობისთვის, პროგნოზირებადობისა და თანამშრომლობისთვის. ჩვენი თანამშრომლობის გარეშე ყოველივე ეს შეუძლებელი იქნებოდა.

    მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას პროექტების განხორციელების უწყვეტი მხარდაჭერისთვის. ყველა ეს ინიციატივა წარმატებულ ამბავს წერდა ჩვენს ისტორიაში. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც ასევე გაგრძელდება. ახლახან გარკვეულ მონაცემებს გადავავლე თვალი და შევიტყვე, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ეკონომიკაში კვლავ უმსხვილეს ინვესტორებს შორისაა. ეს ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების დამსახურებაა, რითაც დადებითი და ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატი შეიქმნა. ვიცი, რომ ბევრ აზერბაიჯანულ კომპანიას სურს თქვენს ქვეყანაში მუშაობა და იმედი მაქვს, რომ ასეც მოხდება.
    დღეს მიმოვიხილავთ აქამდე მიღწეულ შედეგებს და სამომავლო ნაბიჯებს დავგეგმავთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით აზერბაიჯანში და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ!- აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

    საქართველოს მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და იგი მისთვის ხელსაყრელ დროს, ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მიიწვია.

    „დიდი მადლობა შეხვედრისთვის, ბატონო პრეზიდენტო! ძალიან სასიამოვნოა ბაქოში კვლავ თქვენთან შეხვედრა. მართალია, კორონავირუსით ინფიცირების გამო ვიზიტის გადადება მოგვიწია, მაგრამ გვიხარია, რომ დღეს ბაქოში ვართ.

    თქვენ ბრძანეთ, რომ ბრწყინვალე ურთიერთობა გვაქვს და რომ ეს ძმობა საუკუნეებს ითვლის. თქვენი მამის მიერ თბილისში ნათქვამი სიტყვები მინდა გავიხსენო, რომელმაც ბრძანა, რომ ჩვენ მეზობლობა ბედმა გვარგუნა. ქართველი და აზერბაიჯანელი ერების მეზობლობა ჩვენი ბედისწერაა. ამდენად, ურთიერთდაკავშირებულნი და ურთიერთდამოკიდებულნი ვართ.

    როგორც თქვენ აღნიშნეთ, უმნიშვნელოვანესი და ისტორიული პროექტები გვაქვს განხორციელებული. ამიტომ, მიზანდასახულნი ვართ, რომ ასევე გავაგრძელოთ, მეტი პროექტი განვახორციელოთ ერთად, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ურთიერთობებს. ამიტომ, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ბაქოში ჩვენი ოფიციალური დელეგაციის მიღებისთვის. მინდა, ვისარგებლო შესაძლებლობით და თბილისში მოგიწვიოთ თქვენთვის მოსახერხებელ დროს",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

  • ილჰამ ალიევი - ჩვენ ვახორციელებთ ზანგეზურის დერეფნის გეგმას, თუ სურს ეს სომხეთს, მაშინ უფრო მარტივად გადავწყვეტთ მას

    ჩვენ ვახორციელებთ ზანგეზურის დერეფნის გეგმას, სურს თუ არა ეს სომხეთს, თუ მას სურს, მაშინ ჩვენ უფრო მარტივად გადავწყვეტთ, თუ მას არ სურს, ჩვენ ძალით გადავწყვეტთ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

    ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანელი ხალხი ზანგეზურში დაბრუნდება, რომელიც აზერბაიჯანს 101 წლის წინ წაართვეს.

    ზანგეზურის დერეფნის შექმნა სრულად აკმაყოფილებს ჩვენს ეროვნულ, ისტორიულ და სამომავლო ინტერესებს. ჩვენ ვახორციელებთ ზანგეზურის დერეფნის გეგმას, სურს თუ არა ეს სომხეთს. თუ მას სურს, ჩვენ უფრო მარტივად გადავწყვეტთ, თუ მას არ სურს, ჩვენ ძალით გადავწყვეტთ. ისევე როგორც ომამდე და ომის დროს, მე ვთქვი, რომ ისინი საკუთარი ნებით უნდა გავიდნენ ჩვენი მიწებიდან, თორემ ძალით გავაძევებთ. ასეც მოხდა. იგივე იქნება ზანგეზურის დერეფნის ბედიც. ჩვენი მთავარი კონკურენტი დროა, რადგან რკინიგზისა და მაგისტრალის მშენებლობას დრო სჭირდება. ამიტომ, მობილიზებულია ყველა ძალა ამ პროექტის განსახორციელებლად. ამრიგად, აზერბაიჯანელი ხალხი დაუბრუნდება 101 წლის წინ წართმეულ ზანგეზურს“, – განაცხადა ალიევმა.

    აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებას სომხეთის ხელისუფლების მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. ოფიციალურმა ერევანმა ილჰამ ალიევის განცხადება დაგმო.

    სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ქვეყანა ყველა საჭირო ზომას მიიღებს.

    „ჩვენ მკაცრად ვგმობთ აზერბაიჯანის პრეზიდენტის მისწრაფებებს გამოიყენოს ძალა სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ასეთი განცხადებები სერიოზულად აზიანებს რეგიონალურ მშვიდობას და სტაბილურობას. ისინი ავლენენ აზერბაიჯანის ბოლოდროინდელი განცხადებების სიყალბეს მშვიდობასა და შერიგებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ასეთი საფრთხეები ხორციელდება სომხეთის გენოციდის წლისთავთან დაკავშირებით, რომლის მიზანია სომეხი ხალხისთვის ძალის პოზიციიდან საუბარი. ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვაქვს როგორც ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირესთან, ასევე ყველა ჩვენს პარტნიორთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სამხრეთ კავკასიაში მშვიდობით“, – განაცხდა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ანა ნაღდალიანმა.

    ზანგეზურის დერეფანი აზერბაიჯანს სომხეთის გავლით ნახიჩევანთან აკავშირებს. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აღნიშნულ დერეფანში სარკინიგზო და საავტომობილო კომუნიკაციების გახსნას ითვალისწინებს, რომელიც ომამდე ჩაკეტილი იყო.

    წყარო: https://1tv.ge/news/ilham-alievi-%e2%80%8bchven-vakhorcielebt-zangezuris-derefnis-gegmas-surs-tu-ara-es-somkhets-tu-surs-mashin-chven-ufro-martivad-gadavwyvett-tu-ar-surs-chven-dzalit-gadavwyvett/

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური