“საარჩევნო ადმინისტრაციამ დიდი ძალისხმევა გასწია არჩევნების ორგანიზების კუთხით” - კელი დეგნანი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 31 ოქტომბერი 2020 11:41

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს შეხვდა. თამარ ჟვანიამ ელჩს კენჭისყრის პროცესის დაწყების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა რომ 08:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით, მშვიდ გარემოში გაიხსნა. კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ ცესკომ პანდემიის პირობებში არჩევნების ადმინისტრირებისა და ორგანიზების კუთხით დიდი ძალისხმევა გასწია და საარჩევნო ადმინისტრაციას წარმატებები უსურვა.

„ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მთავარია მშვიდი ატმოსფერო და თავისუფალი არჩევანი ხალხისთვის. საარჩევნო ადმინისტრაციამ გამორჩეულად დიდი ძალისხმევა გასწია არჩევნების ადმინისტრირების და ორგანიზების კუთხით. ვიმედოვნებ, ამომრჩეველი დააფასებს იმ მართლაც მნიშვნელოვან და კარგ სამუშაოს, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ შეასრულა, განსაკუთრებით ამ პერიოდში, იმ გამოწვევების ფონზე, რასაც ქმნის პანდემია. ჩვენ დავაკვირდებით არჩევნების პროცესს, საელჩოდან გვყავს 75-ზე მეტი წარმომადგენელი, რომლებიც სხვადასხვა უბანზე დააკვირდებიან საარჩევნო პროცესებს. მსურს აღვნიშნო, რომ ძალადობის  და დაშინების ადგილი ამ არჩევნებზე არ არის და რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევებს ყურადღებით დავაკვირდებით. გთხოვთ, ატარეთ ნიღბები, დაიცავით სოციალური დისტანცია და ყველას მოგიწოდებთ, მიხვიდეთ არჩევნებზე და მისცეთ ხმა“,-განაცხადა ელჩმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

წაკითხულია 173 ჯერ

Related items

  • 22-ე ქვეითმა ბატალიონმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა დაასრულა
    ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრში (CTC) საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP-T) მე-8 როტაციის დახურვის ცერემონია გაიმართა. მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ქვეითი ბატალიონის პირად შემადგენლობას პროგრამის წარმატებით დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მიულოცეს.
    ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და საბრძოლო მომზადების განვითარების პროცესში GDRP-ის მნიშვნელობაზე გაამახვილა. მინისტრმა ამერიკელ პარტნიორებს მხარდაჭერისა და პროგრამის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
    მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი მე-8 ქვედანაყოფია, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივი პროექტის - GDRP-ის ფარგლებში მომზადდა.
    ქვედანაყოფმა ასეულისა და ბატალიონის დონეზე რეალურ საბრძოლო პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში სხვადასხვა მნიშვნელოვანი სწავლება გაიარა. წვრთნები ქვედანაყოფების მიერ ამოცანით მართვის პირობებში ბრძოლის შესაძლებლობაზე იყო ორიენტირებული. მე-8 როტაციის მომზადების პროცესში საბრძოლო მომზადების ცენტრს მენტორობას აშშ-ის 2-5 კავალერიის, პირველი დივიზიის, პირველი ბრიგადის ტაქტიკური ჯგუფი „ასკალონ“ უწევდა.
    საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) 2018 წელს დაიწყო. GDRP-ის მიზანს საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაზრდა წარმოადგენს. პროგრამის ფარგლებში თავდაცვის ძალების 9 სამანევრო ბატალიონის დაკომპლექტება, აღჭურვა და გაწვრთნაა გათვალისწინებული.
    თავდაცვის უწყების ადმინისტრაციის პრეს-რელიზი
  • ელჩი დეგნანის კომენტარი ეკონომიკის მინისტრ თურნავასთან შეხვედრის შემდეგ

    ეს იყო შესანიშნავი შესაძლებლობა განგვეხილა საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის დივერსიფიკაციის მნიშვნელობა. საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს დამოკიდებულია მრავალფეროვანი და კარგად განვითარებული ენერგეტიკული ბაზრის არსებობაზე. ვფიქრობ, რომ საჭიროა კარგი დიალოგი თემებთან, რომლებზეც გავლენას ახდენს სხვადასხვა ენერგეტიკული პროექტები და ეს არის USAID– ის ერთ – ერთი მნიშვნელოვანი ახალი პროგრამის – „საქართველოს ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფა “ – რომელიც დაიწყება უახლოეს თვეებში. პროგრამის იდეაა დავრწმუნდეთ, რომ საზოგადოებას ესმის, თუ რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარება და დივერსიფიკაცია, მაგრამ ასევე დავრწმუნდეთ, რომ საზოგადოებას კარგად აქვს გააზრებული და გათავისებული საკითხი, და ჩართულია ამ პროცესში. შეხვედრა ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო იმისთვის, რომ მე და მინისტრს გვესაუბრა რამდენიმე პროექტის და ინიციატივის შესახებ, რომელთა განხორციელებას საქართველო განიხილავს, ასევე გესაუბრა იმ გზებზე თუ როგორ შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმაროს საქართველოს ამ მნიშვნელოვანი სექტორის განვითარებაში.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს ენერგოსექტორში მიმდინარე რეფორმებზე, ელექტროენერგეტიკის ბაზრის განვითარებასა და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. ასევე ხაზი გაესვა საკუთარი ენერგორესურსების განვითარების აუცილებლობას, რათა ქვეყანა მზარდი დეფიციტის შემცირებას გაუმკლავდეს. 

    საქართველოში აშშ-ს საელჩოს პრესის განყოფილება

  • ამერიკის ელჩი სახალხო დამცველს შეხვდა

    ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შეხვდა მისი უმნიშვნელოვანესი საქმიანობის მიმართ აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერის გამოსახატად. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" აშშ-ს საელჩოში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, სახალხო დამცველის ოფისი საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, დამოუკიდებელი ინსტიტუტია. "ჩვენ შეშფოთებული ვართ სახალხო დამცველის ოფისზე პოლიტიზირებული თავდასხმებით, რაც აზიანებს ამ მნიშვნელოვან ინსტიტუტს და ძირს უთხრის მის ეფექტურობას. მოვუწოდებთ პარლამენტს, კონქტრუქციულად ჩაერთოს სახალხო დამცველის ოფისის საქმიანობაში და მხარი დაუჭიროს მის როლს საქართველოში თითოეული მოქალაქის უფლებების დასაცავად", - აღნიშნეს საელჩოში.

  • დადასტურდა, რომ ე.წ. დისბალანსზე განცხადების გაკეთებისას ISFED-მა საოქმო მონაცემები სრულად არ გაითვალისწინა

    „სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) დღეს გავრცელებული ინფორმაციით დაადასტურა, რომ მათ მიერ ე.წ. მეტობით დისბალანსების შესახებ არჩევნების შემდეგ გავრცელებული განცხადება იყო მეორე, არასწორად გავრცელებული და დაუსაბუთებელი ინფორმაცია, რომელიც პარალელური დათვლის მეთოდოლოგიას ეყრდნობოდა. სამწუხაროა, რომ არჩევნების პერიოდში ამ დაუზუსტებელი (არასწორი განმარტებებით) მონაცემების გავრცელებამ საზოგადოებაში არასწორი აღქმაც გამოიწვია და შეიძლება ითქვას საზოგადობის ნაწილი შეცდომაშიც შეიყვანა.

    დღეს უკვე, 8 პროცენტიან დისბალანსზე საუბრისას „სამართლიანი არჩევნები“ აცხადებს, რომ ეყრდნობოდა მხოლოდ პირველად შედგენილ ოქმებს და არ ჰქონდა გათვალისწინებული შესწორების ოქმები, რომელიც დგება კანონმდებლობის საფუძველზე და შემაჯამებელი ოქმის განუყოფელი ნაწილია.

    ამასთან დაკავშირებით, ცესკომ, საჯარო განცხადების გარდა, 22  იანვარს მიმართა ორგანიზაციას ოფიციალური წერილით და მოითხოვა კიდეც დამატებითი განმარტებები ამ საკითხთან დაკავშირებით. საარჩევნო ადმინისტრაციამ თავად შესთავაზა ორგანიზაციას დაზუსტება იმისა, დათვლის პროცესში გათვალისწინებული იყო თუ არა შესწორების ოქმები. როგორც დღევანდელი მათი განცხადებიდან იკვეთება ე.წ. 8 პროცენტიანი დისბალანსი არ ეფუძნებოდა ერთიან საოქმო მონაცემებს ანუ მათ არ ჰქონდათ შესწორების ოქმები გათვალისწინებული ამ მონაცემების დამუშავებისას. აღნიშნული სახით არასრული, დაუზუსტებელი და შესაბამისად, არასწორი ინფორმაციის გავრცელება ნამდვილად ეწინააღმდეგება პროფესიულ სტანდარტებს და უკვე მეორედ ტოვებს კითხვის ნიშნებს ჩატარებული პარალელური დათვლის შედეგებიდან გამომდინარე, ორგანიზაციის მიერ აქამდე გავრცელებულ განცხადებებთან მიმართებაში.

    შეგახსენებთ, რომ ცესკომ ჯერ კიდევ 16 დეკემბერს გააკეთა განცხადება, რომ კომისიის მიერ დამუშავებული ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ წარმოდგენილი მონაცემები რადიკალურად განსხვავდება და არსებითად აცდენილია ცესკოს მიერ საუბნო შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე დამუშავებულ ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს.  

    უნდა აღინიშნოს, რომ ყველა სამართლებრივი პროცედურის შემდეგ, ე.წ დისბალანსი, რომელიც უკავშირდება ბიულეტენების მეტობას არჩევნებში მონაწილეთა  რაოდენობასთან მიმართებაში, საბოლოო მონაცემების მიხედვით საქართველოში გახსნილი ძირითადი საარჩევნო უბნების მხოლოდ 19 შემაჯამებელ ოქმში -  0,52%-ში ფიქსირდება.

    მისასალმებელია, რომ „სამართლიანი არჩევნები“ მზად არის ითანამშრომლოს ცესკოსთან, შეხვდეს და დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. თავის მხრივ საარჩევნო ადმინისტრაცია ყოველთვის მზად არის კონსტრუქციულ გარემოში თანამშრომლობისთვის, იქნება ეს შესწორების ოქმებისა და ახსნა-განმარტებების შედგენის პროცესთან, შესაბამის პროცედურულ/საკანონმდებლო საკითხებთან, თუ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის გასაუმჯობესებლად, ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში. 

  • სამართლიანი არჩევნების განმარტება ხმების პარალელური დათვლის (PVT) უბნების შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით

    „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ეხმაურება საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების მიერ დასმულ შეკითხვებს, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგების შესახებ, მათ შორის უბნების 8%-ზე გამოვლენილი დისბალანსების თაობაზე.

    „სამართლიანი არჩევნების“ მმართველი რგოლის ცვლილების შემდეგ, საზოგადოებაში გაჩენილ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხების გასაცემად, ორგანიზაციის თანამშრომლებისა და გამგეობის წევრების მიერ, გადაწყდა შემაჯამებელ ოქმებში გამოვლენილი ხარვეზების ხელახალი, სიღრმისეული შესწავლა. ამ მიზნით, ორგანიზაციის სათაო და რეგიონული ოფისების წარმომადგენლებმა, იანვრის პირველ ნახევარში, გადაამოწმეს ხმების პარალელური დათვლის შერჩევაში შესული ყველა საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი და თანდართული დოკუმენტები (850 უბანი), მათ შორის 25 სპეციალური, ე.წ. COVID-უბნისა და პენიტენციურ დაწესებულებებში გახსნილი სამი საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმები.

    გადამოწმების ფარგლებში “სამართლიანმა არჩევნებმა” გამოავლინა ის შემაჯამებელი ოქმები, რომლებშიც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების და ბათილად მიჩნეული ბიულეტენების ჯამი მეტი, ტოლი ან ნაკლები იყო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე. გადამოწმების პროცესში გაანალიზდა თანდართული დოკუმენტაციაც (შესწორების ოქმები, ახსნა-განმარტებები და განკარგულებები), აგრეთვე, „სამართლიანმა არჩევნებმა“  შეადარა დამკვირვებლებისთვის უბნის დახურვისას გადაცემული შემაჯამებელი ოქმების დამოწმებული ასლები და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ გვერდზე ატვირთული შემაჯამებელი ოქმები.

    გადამოწმების სრული შედეგები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასების შემაჯამებელ ანგარიშში გამოქვეყნდება. საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, წარმოგიდგენთ ინფორმაციას შემაჯამებელ ოქმებში აღმოჩენილი მეტობებისა და ნაკლებობების შესახებ.

    “სამართლიანი არჩევნები” მზად არის, მოთხოვნის შემთხვევაში, დაინტერესებულ მხარეებთან დეტალურად განიხილოს ეს საკითხები.

    მეტობები შემაჯამებელ ოქმებში

    „მეტობით დისბალანსად“ მიჩნეულია ვითარება, როდესაც შემაჯამებელ ოქმში საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმებისა და ბათილად მიჩნეული ბიულეტენების ჯამი აღემატება არჩევნების დღეს, საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულ ამომრჩეველთა ხელმოწერების საერთო რაოდენობას[1]. „მეტობით დისბალანსი“ ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო ყუთის გახსნის შემდეგ მასში იმაზე მეტი ბიულეტენი აღმოჩნდა, ვიდრე საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ უნდა ყოფილიყო გაცემული, რაც მიუთითებს კენჭისყრის დღის ან/და ხმის დათვლის პროცედურების კანონის დარღვევით წარმართვაზე.

    საარჩევნო უბნების პროპორციული კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმების შესწავლისას, საერთო ჯამში, ისეთი შემაჯამებელი ოქმების რაოდენობამ, რომელშიც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების და ბათილად მიჩნეული ბიულეტენების ჯამი აღემატება არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას, PVT შერჩევის 8% შეადგინა, აქედან:

    • საარჩევნო უბნების 3.6%-ზე მეტობით დისბალანსის მქონე პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში, მონაცემები კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს საოლქო საარჩევნო კომისიებში გამოცემული შესწორების ოქმებით, ხოლო მომდევნო დღეებში - საოლქო კომისიების განკარგულებებით დაკორექტირდა;[2]
    • საარჩევნო უბნების 1.3%-ზე პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში მეტობით დისბალანსის განმარტების ან შესწორების მიზნით არ არის გამოცემული შესწორების ოქმი და/ან განკარგულება; დაწერილია მხოლოდ ახსნა-განმარტება ან მონაცემი უშუალოდ შემაჯამებელ ოქმში არის გადასწორებული;
    • საარჩევნო უბნების 0.6%-ზე პროპორციული შემაჯამებელი ოქმები საარჩევნო უბნებზე საეჭვო გარემოებაში შესწორდა. ძირითადად, ეს იმას გულისხმობს, რომ დამკვირვებლის მიერ მიღებული, დამოწმებული ასლის და ცესკოს საიტზე გამოქვეყნებული შემაჯამებელი ან შესწორების ოქმების მონაცემები არ ემთხვევა ერთმანეთს და იძლევა განსხვავებულ შედეგს;
    • საარჩევნო უბნების 1.8%-ზე პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული „მეტობით დისბალანსი“ შესწორდა კენჭიყრის დღესვე საარჩევნო უბანზე, თუმცა შესწორების ოქმები შედგა გარკვეული ხარვეზებით;[3]
    • საარჩევნო უბნების 0.7%-ზე პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული „მეტობით დისბალანსი“ კენჭისყრის დღესვე, საარჩევნო უბანზე შედგენილი შესწორების ოქმების საფუძველზე შესწორდა.

    მეტობით დისბალანსიან PVT შერჩევის საარჩევნო უბნების 46%-ზე “სამართლიანმა არჩევნებმა” საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრები წარადგინა, მათ შორის, საარჩევნო უბნების 41%-ზე გადათვლის მოთხოვნით[4]. აქედან, საოლქო საარჩევნო კომისიებმა არ დააკმაყოფილეს გადათვლის არცერთი მოთხოვნა. საარჩევნო უბნების 7%-ზე საჩივარი განუხილველი დარჩა, 3%-ზე - დაყენებული მოთხოვნის მიუხედავად, კომისიას ამ საკითხზე გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია, ხოლო 9%-ზე - საუბნო კომისიის პასუხისმგებელ წევრებს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრათ.

    ბიულეტენების ნაკლებობა შემაჯამებელ ოქმებში

    „ბიულეტენების ნაკლებობად“ მიჩნეულია ვითარება, როდესაც შემაჯამებელ ოქმში საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების და ბათილად მიჩნეული ბიულეტენების ჯამი ნაკლებია შესაბამის უბანზე არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე. ბიულეტენების ნაკლებობა ნიშნავს იმას,რომ საარჩევნო ყუთის გახსნის შემდეგ, მასში იმაზე ნაკლები ბიულეტენი აღმოჩნდა, ვიდრე კომისიის მიერიყო გაცემული.

    პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში ბიულეტენების ნაკლებობა დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 25.8%-ზე, აქედან:

    • საარჩევნო უბნების 2.9%-ზე პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში, რომელშიც ბიულეტენების ნაკლებობა გამოვლინდა, კენჭისყრის მომდევნო დღეს ან მოგვიანებით შესწორდა, საოლქო საარჩევნო კომისიაში შედგენილი შესწორების ოქმებით ან განკარგულებებით;[5]
    • საარჩევნო უბნების 19.4%-ზე, პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის შესწორების მიზნით, არ შედგენილა შესწორების ოქმი და/ან განკარგულება;
    • საარჩევნო უბნების 3.5%-ზე, პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში გამოვლენილი ბიულეტენების ნაკლებობა კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე შედგენილი შესწორების ოქმით შესწორდა, აქედან: 1.9%-ზე, კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე შესწორების ოქმის მონაცემის გათვალისწინებით, პორპორციულ შემაჯამებელ ოქმში ბალანსი არ შედგა და კვლავ ნაკლებობით დარჩა.

    საარჩევნო კოდექსის თანახმად, საარჩევნო ბიულეტენი სახელმწიფო საკუთრებაა. კენჭისყრის დღეს აკრძალულია კენჭისყრის შენობიდან მისი თვითნებურად გატანა ან განადგურება.[6] შესაბამისად ბიულეტენების ნაკლებობა პროპორციული სისტემის კენჭისყრის შემაჯამებელ ოქმში, სავარაუდოდ, დაკავშირებულია სამართალდარღვევასთან და მათი დაკარგვა გამოწვეულია კომისიის ან ამომრჩევლის მიერ კანონის დარღვევით. ნაკლებობის მიზეზი, შესაძლოა, იყოს ამომრჩეველის მიერ, ბიულეტენის განზრახ ან უნებლიედ, საარჩევნო უბნიდან გატანა. თუმცა, ასეთი შემთხვევები ვერ იქნებოდა მასობრივი, რადგან ამომრჩევლის მიერ, ბიულეტენის კონვერტში მოთავსების პროცესი კონტროლდება კომისიის, დამკვირვებლების და სუბიექტების წარმომადგენლების მიერ. იმის დასადასტურებლად, რომ ბიულეტენები დაიკარგა კენჭისყრის პროცესში და არა დათვლისას, კომისიის წევრთა განზრახვით ან დაუდევრობით, საჭირო იყო შედეგების გადათვლა და რეალური სურათის ამგვარად აღდგენა.

    აღსანიშნავია, რომ ბიულეტენების დანაკლისის შემოწმება საოლქო  საარჩევნო კომისიების  ჯეროვან ყურადღებას არ იქცევს. რიგ შემთხვევებში, საერთოდ არ არის აღიარებული დარღვევად, მაშინაც კი, როცა საუბარია ათეულობით ბიულეტენით ნაკლებობაზე. ამგვარი განსხვავებული დამოკიდებულების გამო, ნაკლებობის მიზეზების შესწავლასა და შედეგების გამოკვლევას არ დაეთმო სათანადო ყურდღებაზე მდგომი საარჩევნო კომისიის მიერ.

    შესწორების ოქმების შედგენა საოლქო საარჩევნო კომისიებში  

    შემაჯამებელი ოქმი არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის განმსაზღვრელი ძირითადი სამართლებრივიაქტია, რომლის შედგენისა და შესწორების წესი მკაცრად არის განსაზღვრული კანონმდებლობით. შესწორების ოქმი უნდა შედგეს საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ, შემაჯამებელ ოქმში შეცდომის დაშვებისთანავე და შესაბამისი მონაცემის გასწვრივ მაშინვე უნდა გაკეთდეს წარწერა „შესწორებულია“. ასევე, შესწორების ოქმი უნდა დამოწმდეს საუბნო კომისიის ბეჭდით და უნდა გატარდეს ჩანაწერთა წიგნში[7].

    საარჩევნო კოდექსის 26-ე მუხლი, შესაბამისი სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას, კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს, საოლქო საარჩევნო კომისიაში საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შესწორების ოქმის გამოცემის შესაძლებლობასაც უშვებს, მაგრამ არა ზოგადი პრაქტიკის სახით, არამედ „საჭიროების შემთხვევაში“ და იქვე უთითებს, რომ ეს უნდა მოხდეს შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ახსნა-განმარტებების ან/და სხვა სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების არსებობისას.

    შესაბამისად, საარჩევნო კოდექსის ნორმებიდან გამომდინარე, ეს მექანიზმი არსებობს შემაჯამებელი ოქმის შედგენისას დაშვებული მექანიკური ან/და ისეთი შეცდომის გამოსწორებისთვის, რაც ძირითადი ოქმის შევსებისას უკვე ცნობილია შემდგენელი საუბნო კომისიისთვის. ამავე ლოგიკით, თუ შეცდომის შესახებ ცნობილია, შესწორებაც მაშინვე, უბანშივე უნდა მოხდეს. ამდენად, ამ მექანიზმის დანიშნულება არაა შემაჯამებელი ოქმის შევსების დასრულების შემდეგ, გამოვლენილი შეუსაბამობების დაბალანსების მიზნით, რომელიმე მონაცემის კორექტირება. 

    ზემოაღნიშნული სტანდარტის საწინააღმდეგოდ, საოლქო კომისიებში შესწორების ოქმების შედგენა არა მხოლოდ გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენდა, არამედ ხშირად  გამოიცემოდა ყოველგვარი ფორმალური თუ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებში შესწორების ოქმების შედგენის პრაქტიკა სანდოობის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებდა. კერძოდ, ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც საოლქო საარჩევნო კომისიებში შედგენილი შესწორების ოქმები შემაჯამებელ ოქმში ასახული მონაცემები გადათვლის გარეშე, წერილობითი ან/და ზეპირი ახსნა-განმარტებების საფუძველზე ზუსტდებოდა, რაც მონაცემების შესწორებისთვის არასაკმარისი საფუძველია.

    შემაჯამებელი ოქმების შესწორება საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით

    საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც მიიღება/გამოიცემა საარჩევნო კოდექსითა და ცესკოს დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში[8]. შემაჯამებელ ოქმში დაშვებული შეცდომის შესწორების უმთავრეს გზას შესწორების ოქმის შედგენა წარმოადგენს, თუმცა ამ მექანიზმის გამოყენება ვადაში შეზღუდულია და იგი არ შეიძლება შედგეს კენჭისყრის დღის მეორე დღეზე გვიან. ამ ვადის გასვლის შემდეგ,  შემაჯამებელ ოქმებში არსებული შეუსაბამობები საოლქო კომისიების განკარგულებით შესწორდა, რომლის საფუძველს კენჭისყრის შედეგების გადასინჯვა ან, ძირითადად, საუბნო კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებები წარმოადგენდა.[9]

    აღსანიშნავია, რომ შემაჯამებელი ოქმების შემოწმების პროცესში, საოლქო საარჩევნო კომისიებმა სათანადოდ ვერ უზრუნველყვეს პირველი დონის საარჩევნო ადმინისტრაციების მიერ კანონის დაცვის ეფექტიანი კონტროლი. მეტიც, ტენდენციის სახე ჰქონდა ოლქში საუბნო კომისიის წევრთა დაბარებას და ახსნა-განმარტებების შედგენას, რაც შემდეგ განკარგულებათა მთავარ საფუძვლად იქნა გამოყენებული. საგულისხმოა, რომ ამ ტიპის დოკუმენტებს ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ავტორის ხელმოწერა ახლდა და არ ჰქონდა ისეთი რეკვიზიტები, როგორიცაა ბეჭედი, შედგენის საათი და ადგილი.  ჩამოთვლილი რეკვიზიტები აუცილებელია, რათა ზუსტად დადგინდეს ახსნა-განმარტების შედგენის კანონიერება და ლეგიტიმური მიზანი.

    PVT უბნებთან დაკავშირებით გამოცემული განკარგულებების ანალიზმა აჩვენა, რომ ისინი არ არის სათანადოდ დასაბუთებული და გამოცემულია საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლის გარეშე. შესწორებების ოქმების მსგავსად, საოლქო კომისიები, უმრავლეს შემთხვევაში, აქაც საარჩევნო კომისიის წევრების ახსნა-განმარტებებს ეყრდნობოდნენ. ამგვარი განკარგულებები ვერ აკმაყოფილებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებისათვის კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტს.

    -----

    [1] შემაჯამებელი ოქმის მეოთხე გრაფის მონაცემი - „არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა ყველა სახის სიაში.“

    [2] საარჩევნო უბნების 2.9%-ზე შემაჯამებელი ოქმები დაბალანსდა; საარჩევნო უბნების 0.7%-ზე შემაჯამებელ ოქმებში მონაცემები არ დაბალანსდა. ოქმში მონაცემები გადათვლის საფუძველზე დაზუსტდა ერთ უბანზე.

    [3] შესწორების ოქმებში აღმოჩენილი ხარვეზებია: აკლია ბეჭედი; შედგენილია მაჟორიტარული სისტემით განკუთვნილი არჩევნების დოკუმენტზე; არასათანადო გრაფებში აქვს მითითებული შესწორებული მონაცემები; შემაჯამებელ ოქმში გადახაზულია/გადაკეთებულია შესწორებული მონაცემი; არ არის გაკეთებული მითითებები შესწორების შესახებ; არასწორად აქვს მითითებული კომისიის ბეჭედი, თარიღი და/ან დრო; აკლია კომისიის წევრის ხელმოწერა, რომელიც ხელს აწერს შესწორების ოქმს; ცარიელი გრაფები არ არის შევსებული X-ით; ბალანსი არ შედგა და ნაკლებობაში აისახა

    [4] რამდენიმე  უბანზე წარდგენილია ერთზე მეტი საჩივარი. კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში ორგანიზაციამ საოლქო კომისიებში 350-მდე საჩივარი წარადგინა, მათ შორის, 135-მდე საჩივრით 160-მდე საარჩევნო უბნების შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით კენჭისყრის შედეგების სრულად ან ნაწილობრივ შემოწმება, სამი გადასატანი ყუთის ბათილობა და პასუხისმგებელი კომისიის წევრების მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრება მოითხოვა. ეს რაოდენობა მოიცავს როგორც  PVT შერჩევის, ასევე შერჩევის გარეთ არსებულ უბნებს.

    [5] საარჩევნო უბნების 2.9%-დან საარჩევნო უბნების 1.6%-ზე შემაჯამებელი ოქმები დაბალანსდა; საარჩევნო უბნების 1.3%-ზე  შემაჯამებელ ოქმებში  ნაკლებობა მაინც დარჩა.

    [6] საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, მუხლი 63.

    [7] საქართველოს ორგანული კანონი “საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, მუხლი 70.

    [8] საქართველოს ორგანული კანონი “საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, მუხ.: 30.1.ბ, 30.4.

    [9] საარჩევნო უბნების 1.9%-ზე საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ გამოიცა განკარგულებები, რომელიც ეხებოდა ბალანსს. აქედან საარჩევნო უბნების 1.1%-ზე შემაჯამებელ ოქმში მონაცემები გადათვლის შედეგად დაზუსტდა, ხოლო საარჩევნო უბნების 0.8%-ზე შემაჯამებელ ოქმში მონაცემები ზეპირი ან წერილობითი ახსნა-განმარტებების საფუძველზე დაკორექტირდა.

     "სამართლიანი არჩევნების" განცხადება

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური