საარჩევნო ადმინისტრაცია სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ყველა ჯგუფს შესაბამის მომსახურებას სთავაზობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 19 ოქტომბერი 2020 13:14

საარჩევნო ადმინისტრაცია სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ყველა ჯგუფს შესაბამის მომსახურებას სთავაზობს 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფისა და მათი საყოველთაო საარჩევნო უფლების რეალიზების მიზნით.

 აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ცესკოს ინიციტივით შექმნილმა სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, გამართეს შეხვედრები და იმსჯელეს იმ რეკომენდაციებზე, რომელთა გათვალისწინებითაც აღნიშნულ პირებს, ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების და სანიტარულ-ჰიგიენური წესების მაქსიმალური დაცვით ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა.

 სამუშაო ჯგუფის წევრებთან კონსულტაციების შედეგად ცესკომ შეიმუშავა დოკუმენტი, რომელიც უკვე გადაგზავნილია დამატებითი მოსაზრებების გასაზიარებლად ჯგუფის წევრებთან და რომელზეც ცესკო უახლოეს სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას. ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაცია მადლობას უხდის სამუშაო ჯგუფის წევრებს კონსტრუქციული მუშაობისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის.  

 საარჩევნო ადმინისტრაცია სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს სთავაზობს არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა საარჩევნო კომისიის ფუნქციების მქონე სპეციალური ჯგუფების მომსახურებით. კერძოდ, ცესკო მუნიციპალიტეტებში საოლქო საარჩევნო კომისიების მოქმედების საზღვრებში შექმნის არანაკლებ ერთ საარჩევნო უბანს და დააკომპლექტებს სპეციალურ ჯგუფებს.

 სპეციალური ჯგუფის წარმომადგენელები უზრუნველყოფენ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინში მყოფ ამომრჩევლებთან საარჩევნო ყუთის მიტანას. ამასთან, თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში, ექნებათ შესაძლებლობა საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურების მოთხოვნით.

 აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის შეთავაზება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის ცალკე საარჩევნო უბნების გახსნასა და სპეციალური ჯგუფების საშუალებით, მობილური ყუთებით მომსახურების შესახებ, უზრუნველყოფს ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურ უსაფრთხოებას.  სპეციალური ჯგუფის თითოეული წევრი, მათ შორის საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილე აღჭურვილი იქნება შესაბამისი ეკიპირებით, კერძოდ, ერთჯერადი ხალათით, ნიღბით, ხელთათმანით, დამცავი ფარითა და სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით. სრულად იქნება დაცული ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები, რაც ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების პრევენციას.

 სპეციალურ უბნებსა და მის წევრებს არ ექნებათ შეხება ჩვეულებრივ საარჩევნო უბნებთან და შესაბამის პროცესთან, რაც უზრუნველყოფს მეტ უსაფრთხოებას, პროცესის დაცულობას და ამასთან, ჩართული მხარეებისთვის მონაწილეობის შესაძლებლობას.

 ნიშანდობლივია, რომ ხმების დათვლა განხორციელდება არა საკარანტინო სივრცეებსა თუ სამედიცინო დაწესებულებებში, არამედ ცალკე, სპეციალურად შექმნილ საარჩევნო უბნებში, რაც ხელს შეუწყობს პროცესის მეტ გამჭვირვალობას.  

 რა თქმა უნდა, კანონმდებლობის თანახმად, შესაბამისი წესების დაცვით დამკვირვებლებს, მედიას და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა გაყვნენ გადასატან საარჩევნო ყუთს, დააკვირდნენ კენჭისყრის დღის მიმდინარეობას და ხმების დათვლის პროცესს.

 აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია დადგენილი პროცედურების უზრუნველსაყოფად მოახდენს როგორც სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების, ისე არჩევნებში ჩართული მხარეების დროულ ინფორმირებას, რაც ხელს შეუწყობს პროცესის ყველა მონაწილის კონსტიტუციური უფლების რეალიზებას.

წაკითხულია 119 ჯერ

Related items

  • არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა მედიას არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გააცნო. მან მედიას ასევე მიაწოდა ინფორმაცია მონაცემების გასაჯაროების პროცესში მცირე დროით არსებული ტექნიკური/პროგრამული ხარვეზის თაობაზე.

    21 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, დაიწყო შემაჯამებელი ოქმების საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის გადაცემის პროცესი; რის შემდეგაც, ოქმები იტვირთებოდა შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში.  21 ნოემბრის ღამის ათის ნახევრიდან დაიწყო ოქმების განთავსება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge

    „მიუხედავად იმისა, რომ მონაცემების გასაჯაროების პროცესში მცირე დროით დაფიქსირდა ტექნიკური/პროგრამული ხარვეზი, საარჩევნო ადმინისტრაციამ დროული რეაგირება მოახდინა და უმოკლეს ვადებში ყველასათვის ხელმისაწვდომი იყო მეორე ტურის წინასწარი შედეგები ალტერნატიული ფორმატით. აღსანიშნავია, რომ ჩვეულ ფორმატში შედეგები მალევე გახდა ხელმისაწვდომი. თუმცა, აღნიშნულის მიზეზები დამატებით დგინდება.

    უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა შემაჯამებელი ოქმების ატვირთვის და მონაცემების დამუშავების პროცედურები; ამ პროცესის ტრანსლირება კი როგორც ცესკოს ვებგვერდზე (cesko.ge), ისე კომისიის სოციალური ქსელების მეშვეობით ხორციელდებოდა. თითოეული შემაჯამებელი ოქმი ასახულია ვებგვერდზე და ამ დეტალურ მონაცემებზე წვდომა აქვს ყველას,“ განაცხადა ნათია იოსელიანმა.

    საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები ყველა, - 2003 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით:

     

    მაჟორიტარულისაარჩევნოოლქი

    მეორე ტურში მონაწილე კანდიდატები

    №1 - მთაწმინდა, კრწანისი

    №2 - შალვა შავგულიძე - 8.43% (1 727)

    №41 - ბექა ოდიშარია - 91.57% (18 769) 

    №2 - ვაკე

     

    №2 - ელენე ხოშტარია -6.28% (1 378)

    №41 - ნოდარ ტურძელაძე -93.72% (20 549) 

    №3 - საბურთალო

     

    №24 - ალექსანდრე ელისაშვილი-10.08% (2 770)

    №41 - დავით სერგეენკო-89.92% (24 697) 

    №4 - ისანი

     

    №5 - ხატია დეკანოიძე - 7.85% (1879)

    №41 - კახა კახიშვილი -92.15% (22 055) 

    №5 - სამგორი

     

    №5 - ლევან ხაბეიშვილი - 11.32% (3 573)

    №41 - სოზარ სუბარი -88.68% (27 993) 

    №6 - დიდუბე, ჩუღურეთი

     

    №36 - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 10.05% (3 188)

    №41 - გიორგი ვოლსკი 89.95% (28 522) 

    №7 - ნაძალადევი

     

    №10 - შალვა ნათელაშვილი -8.6% (2 223)

    №41 - მიხეილ ყაველაშვილი - 91.4% (23 629) 

    №8 - გლდანი

     

    №5 - ნიკანორი მელია - 10.64% (3 032)

    №41 - ლევან კობიაშვილი - 89.36% (25 474) 

    №10 - თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი

     

    №5 - გიორგი ბოტკოველი -11.17% (5 608)

    №41 - ირაკლი ქადაგიშვილი - 88.83% (44 616)

    №11 - მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი

     

    №5 - ცეზარი ჩოჩელი - 7.47% (2 076)

    №41 - შალვა კერესელიძე -92.53% (25 728) 

    №12 - რუსთავი, გარდაბანი

     

    №5 - დავით კირკიტაძე- 10.21% (4 012)

    №41 - ნინო ლაცაბიძე - 89.79% (35 297) 

    №16 - ხაშური, ქარელი

     

    №5 - ნატო ჩხეიძე -8.28% (2 763)

    №41 - ზაალ დუგლაძე - 91.72% (30 602) 

    №21 - ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი

    №5 - კახა გეწაძე - 8.06% (3 488)

    №41 - ბეჟან წაქაძე - 91.94% (39 810) 

    №23 - ქუთაისი

     

    №5 - გრიგოლ ვაშაძე - 8.08% (2 626)

    №41 - ზაზა ლომინაძე - 91.92% (29 866) 

    №27 - ზუგდიდი

    №5 - მალხაზ ჯალაღონია - 6.12% (2 064)

    №41 - ირაკლი ჩიქოვანი - 93.88% (31 678) 

    №28 - ბათუმი  

     

    №5 - ლევან ვარშალომიძე -12.19% (4 172)

    №41 - რესან კონცელიძე - 87.81% (30 057) 

    №30 - ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო

    №5 - მიშა ბოლქვაძე -11.81% (4 293)

    №41 - ანზორ ბოლქვაძე - 88.19% (32 062) 

     

    ქუთაისში მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები:

     

     საარჩევნოოლქი

     

    მეორეტურშიგასულიკანდიდატები

    №59 - ქუთაისი

    №5 - გრიგოლი შუშანია - 7.98% (2 595)

    №41 - იოსები ხახალეიშვილი - 92.02% (29 911) 

  • ცესკოს განცხადება შედეგების ვებგვერდთან დაკავშირებით

    შედეგების სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge მიმდინარეობდა შედეგების გამოქვეყნების პროცესი, რა დროსაც, შიდა მოხმარების პროგრამიდან მონაცემების გასაჯაროებისას დაფიქსირდა ტექნიკური/პროგრამული ხარვეზი, რისი მიზეზებიც დგინდება. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პროცესში რაიმე სახის გარე ჩარევას.

    აღსანიშნავია, რომ ვებგვერდზე გრძელდება შემაჯამებელი ოქმების ატვირთვა, ყველა ოქმი საჯაროა და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.

    ამ ეტაპზე ალტერნატიული ფორმატით გასაჯაროებულია წინასწარი შედეგები შემდეგ ბმულზე:

    results.cec.gov.ge

  • ცესკოს საინფორმაციო ბრიფინგი

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა მედიას ხმის დათვლის პროცედურების მიმდინარეობისა და შემაჯამებელი ოქმების დამუშავების პროცესის შესახებ ინფორმაცია გააცნო.

    „როგორც თქვენთვის ცნობილია 20:00 სთ-ზე დაიხურა საარჩევნო უბნები და დაიწყო ხმის დათვლის პროცესი.  კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დასრულებისთანავე, ოქმები მიეწოდება საოლქო საარჩევნო კომისიებს და ისინი იტვირთება შესაბამის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში.

    შემაჯამებელი ოქმები ეტაპობრივად შემოდის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, დაუყოვნებლივ ქვეყნდება შედეგების სპეციალურ ვებგვერდზე და ცხადია, საჯაროდ ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის. აღსანიშნავია, რომ ოქმების განთავსება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ღამის ათის ნახევრიდან დაიწყო და ამასთან, ტრადიციულად ხორციელდება შედეგების შეჯამების პროცესის პირდაპირი ტრანსლირება ცესკოს ვებგვერდის, „ფეისბუქის“ და „იუთუბის“ მეშვეობით; ტრანსლირება 360 გრადუსიანი ვიდეო კამერის საშუალებით მიმდინარეობს და ყველას გაქვთ საშუალება თვალი ადევნოთ ამ პროცესს“-განაცხადა ნათია იოსელიანმა.

    მისივე თქმით, ამ ეტაპზე, წინასწარ შედეგებში ასახვის მიზნით,  ოპერატორებმა დაამუშავეს შემაჯამებელი ოქმების საერთო რაოდენობის 52%, 1043 საარჩევნო უბნის მიხედვით და ამ წუთებში results.cec.gov.ge -ზე მიმდინარეობს წინასწარი შედეგების გამოქვეყნების პროცესი. რაც შეეხება ქუთაისის მერის რიგგარეშე არჩევნებს, დამუშავებულია შემაჯამებელი ოქმების  27 %, 35 საარჩევნო უბნის მიხედვით. 

    „შედეგები მთელი ღამის განმავლობაში მუდმივად განახლდება ცესკოს ვებგვერდზე და ჩვენ, მას შემდეგ, რაც თითქმის ყველა უბნის შედეგი 17-ვე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დაითვლება, წარმოგიდგენთ საბოლოო ინფორმაციას წინასწარი შედეგების თაობაზე. 

    კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ამომრჩევლებს, იმისათვის, რომ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და მიიღეს მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში. მადლობას ვუხდი საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, იმისათვის, რომ ხელი შეუწყვეს კენჭისყრის პროცესის მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში წარმართვას და მინდა მადლობა გადაგიხადოთ მედიის წარმომადგენლებს დღის განმავლობაში თქვენს მიერ გაწეული საქმიანობისთვის“,-განაცხადა პრეს-სპიკერმა.  

  • კენჭისყრის პროცესი დასრულდა

    კენჭისყრის პროცესი დასრულდა. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა მედიას განუცხადა, კანონმდებლობის შესაბამისად, 20:00 საათზე საარჩევნო უბნები დაიხურა.

    „რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის შექმნილ 80 სპეციალურ უბანს, 145-ვე გადასატანი საარჩევნო ყუთი 21:00 საათისთვის, დროულად დაბრუნდა სპეციალურად შექმნილ საარჩევნო უბნებზე. არსებითი ხარვეზები არ გამოვლენილა და მთელი დღის განმავლობაში კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა“,-განაცხადა იოსელიანმა.

    მისივე ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 20:00 საათის მდგომარეობით შეადგინა 26.29% - კენჭისყრაში 562 664-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა აჭარის რეგიონში - 39.29 %, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა ნაძალადევში, №7-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში - 20.04%.

    დღის განმავლობაში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა 12 საჩივარი. მათი უმრავლესობა ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება.

    „საუბნო შემაჯამებელი ოქმების შედგენის შემდგომ, საარჩევნო უბნებზე კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დასრულებისთანავე, ოქმები მიეწოდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც თავის მხრივ უმოკლეს ვადებში ატვირთავენ სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში. შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბანზე ყველა სახის დოკუმენტაცია ილუქება და ამის შემდეგ უკვე შემაჯამებელი ოქმების დამოწმებული ასლები გადაეცემათ უფლებამოსილ პირებს.

    როგორც უკვე გითხარით, ცესკო საუბნო შემაჯამებელ ოქმებს მიღებისთანავე ეტაპობრივად განათავსებს სპეციალურ ვებ-გვერდზე - results.cec.gov.ge

    მინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩევლებს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის“,- განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ბრიფინგის დასასრულს.

  • საინფორმაციო ბრიფინგი

    ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა მედიას ამომრჩეველთა აქტივობის, კენჭისყრის მიმდინარეობისა და ამ დროისათვის არსებული საჩივრების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

    „წარმოგიდგენთ ამომრჩეველთა აქტივობას 17:00 საათის მდგომარეობით. ამ დროისათვის ამომრჩეველთა აქტივობა 20.74% -ია (443 963 ამომრჩეველი). ყველაზე მაღალი აქტივობა  აჭარის რეგიონში დაფიქსირდა, 30-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რომელშიც შედის ქედის, შუახევის, ხელვაჩაურის და ხულოს მუნიციპალიტეტები, მისული ამომრჩევლების რაოდენობა რეგიონში - 30 162-ია.  ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა ნაძალადევში (№7 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი) - 16% (21. 641 ამომრჩეველი)“, - განაცხადა პრეს -სპიკერმა.

    მისივე თქმით, თუ შევადარებთ ამომრჩეველთა აქტივობას 2016 წლის არჩევნების მეორე ტურს, 2016 წელს  დაფიქსირდა 30.99% (767 907 ამომრჩეველი).

    რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 5 საჩივარი. 3 საჩივარია ზუგდიდში და ეხება პროცედურულ ხარვეზებს: რეგისტრატორის ფუნქციის არაჯეროვნად შესრულებას, გადასატანი ყუთის საკითხს და წილისყრის პროცედურების დარღვევას. ბათუმში ფიქსირდება ერთი საჩივარი ხმის მიცემის პროცედურის დარღვევის თაობაზე; ისანშიც ასევე ერთი საჩივარია წარდგენილი, რომელიც ეხება დამკვირვებლის უფლებებს. ყველა საოლქო საარჩევნო კომისია შეისწავლის საჩივრებს და რა თქმა უნდა, საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება.

    შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნები დაიხურება 20:00 საათზე და დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები. შემაჯამებელი ოქმების შედგენის შემდეგ, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებისთანავე, ოქმები გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც თავის მხრივ შემაჯამებელ ოქმებს ატვირთავენ სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში. საუბნო შემაჯამებელი ოქმები მიღებისთანავე აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge

    „ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს Facebook-ზე, Youtube-სა და საიტზე მოხდება.

    კენჭისყრის პროცესის დასრულებამდე დაახლოებით 2 საათი რჩება. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, - იაქტიურეთ და მიიღეთ პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა“,- განაცხადა ნათია იოსელიანმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური