ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2020 16:46

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო), თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას და 13 ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.

„ეს არის მნიშვნელოვანი მემორანდუმი. ცესკოსა და უწყებათაშორისი კომისიის გარდა უკვე 13-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოაწერა მას ხელი და ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენი უკვე წლების განმავლობაში დამკვიდრებული ინიციატივა და ტრადიცია ხელს უწყობს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ საკითხების ერთგვაროვან აღქმას და ზოგადად საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას,“ - განაცხადა თამარ ჟვანიამ მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ.  

მემორანდუმზე ხელმომწერი მხარეები თანხმდებიან, რომ საარჩევნო კოდექსის 45-ე, 48-ე და 49-ე მუხლების ქვემოთ მოყვანილი ნორმები მათ მიერ განმარტებულია მემორანდუმის ტექსტის შესაბამისად და ადმინისტრაციული და სასამართლო წარმოების დროს იხელმძღვანელებენ მემორანდუმში მითითებული განმარტებებით. 

როგორც დღევანდელ ღონისძიებაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა: „მემორანდუმის ხელმოწერის მნიშვნელობა არის ძალიან დიდი და ღირებული იმდენად რამდენადაც ემსახურება არამარტო ერთიანი აღქმის ფორმირებას, არამედ ერთიანი საარჩევნო კულტურის ფორმირებას. მეტი ზიარი გაგება საარჩევნო პროცესში ჩართული აქტორების მხრიდან ეხმარება იმას, რომ მივაღწიოთ მთავარ მიზანს, რაც არის ისეთი საარჩევნო გარემო, რომლის ფარგლებში ნებისმიერ ამომრჩეველს შეუძლია თავისი ნების თავისუფლად გამოხატვა.“

მემორანდუმზე ხელმოწერა და ამით მის პრინციპებთან მიერთება შეუძლია იმ არასამთავრობო სექტორის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ვინც იზიარებს მემორანდუმის მუხლებში მითითებულ განმარტებებს.

ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი საარჩევნო ადმინისტრაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაო შეხვედრების საფუძველზე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან  (IFES) თანამშრომლობით შემუშავდა. IFES-ი მსგავსი მემორანდუმის გაფორმებას უკვე ბოლო რამდენიმე საარჩევნო ციკლია უწევს ფასილიტაციას, რაც საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

როგორც შეხვედრის დასრულებისას საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ხელმძღვანელმა ქეთი მაისურაძემ აღნიშნა - საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით აგრძელებს ამ პროცესის ფასილიტაციას, - „ვიმედოვნებთ, რომ სამომავლოდ არჩევნები ბევრად უფრო თავისუფალი იქნება ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების ფაქტებისგან“, - განაცხადა IFES-ის ხელმძღვანელმა.  

წაკითხულია 272 ჯერ

Related items

  • ლიბერთი მცირე საოჯახო სახლებსა და თავშესაფრებში მცხოვრებთა მხარდაჭერას განაგრძობს

    დღეს, ლიბერთი ბანკსა და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს შორის მორიგი მემორანდუმი გაფორმდა.

    ლიბერთი კვლავ რჩება ზრუნვის სააგენტოს გამორჩეულ პარტნიორად და აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებშიწლების წინ დაწყებულ საქმეს - ქვეყნის მასშტაბით არსებულიმცირე საოჯახო ტიპის სახლებისა და მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრების კომუნალური ხარჯების სრულ ანაზღაურებას მთელი წლის განმავლობაში.

    ლიბერთი სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი მცირე საოჯახო ტიპის 46 სახლისა და მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურს სრულად აფინანსებს, რაც მთელი წლის განმავლობაში საკმაოდ სოლიდურ თანხას შეადგენს.

    2021 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი 298 ბავშვი ცხოვრობს, მათ შორის 70 შშმ ბავშვი. ბოლო მონაცემებით, მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ბათუმის დღის ცენტრის და სადღეღამისო თავშესაფრის მომსახურებით ისარგებლა 261 ბენეფიციარმა. აქედან დღის ცენტრით - 171, სადღეღამისო თავშესაფრით - 90 პირმა.

    „ჩვენი გუნდი,  ახლა უკვე  „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ სტრატეგიის და სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, განაგრძობს ადამიანებზე ზრუნვას.

    ნებისმიერი სახის თანადგომა ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით იმ ბავშვებისა და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

    ლიბერთის ახალი გუნდის მიზანია, გავაუმჯობესოთ და უკეთესობისკენ შევცვალოთ ადამიანების ცხოვრება. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ხელი შევუწყოთ საოჯახო სახლებსა და თავშესაფრებში მცხოვრები ადამიანებისთვის შესაფერისი პირობების შექმნას.“-განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ, თეა ლეშკაშელმა.

    „ამ მასშტაბის კერძო სექტორის მხრიდან სახელმწიფო უწყების მხარდაჭერა და გვერდში დგომა უპრეცედენტოა, მით უფრო როცა ზრუნვის სააგენტოსთან პარტნიორული თანამშრომლობა წლების განმავლობაში უწყვეტად გრძელდება. სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების საცხოვრებელი საოჯახო ტიპის სახლებისა და თავშესაფრების ელექტროენერგიით და ბუნებრივი აირით უზრუნველყოფასა და კომუნალური ხარჯების ანაზღაურებას სრულად ფარავს ლიბერთი ბანკი. 

    ლიბერთიმ დაამტკიცა, რომ აქტიურად მონაწილეობს საზოგადოების განვითარებაში, არის მხარდაჭერის ინიციატორი და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, რისთვისაც ჩვენ კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდით,- აღნიშნა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა, მერი მაღლაფერიძემ.

     

  • საქართველოს ეკონომიკის, ინოვაციებისა და კულტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, Visa-სა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

    Visa-მ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ხელი მოაწერეს ორწლიან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს,  რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტურიზმის, მცირე და საშუალო ბიზნესის, ეკონომიკის, ფინანსური ჩართულობის განვითარების ხელშეწყობასა და ინოვაციების დანერგვას საქართველოში 

    თბილისი, საქართველო – 17 დეკემბერი, 2021 –Visa-მ, ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ხელი მოაწერეს ორწლიანი ურთიერთთანამშრომლობის მემორანუმს, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში, კოვიდ-19-ის შედეგად დაზარალებული მცირე და საშუალო ბიზნესის, ადგილობრივი ტურიზმის, ეკონომიკის, ფინანსური ჩართულობის განვითარებისა და ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობას.

    სამომავლო თანამშრომლობის დოკუმენტს, ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა - ნათია თურნავამ და Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში, დიანა კიღურაძემ. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალი სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შედგა, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ ღირშესანიშნავ ტურისტულ ადგილს.

    მემორანდუმი, მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და Visa-ს შორის თანამშრომლობის პლატფორმის ჩამოყალიბებას, რომელიც უზრუნველყოფს დასახული მიზნების შესრულებას:

    • COVID-19-ის შედეგად დაზარალებული მცირე და საშუალო ბიზნესის (SMEs) მხარდაჭერა, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზების გზით, კერძოდ -  Visa Business Skills პლათფორმის დანერგვა აწარმოე საქართველოსთან ერთად და გაციფრულების პროცესის ხელშეწყობა;
    • ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობა, კერძოდ ერთობლივი აქტივობების განხორციელება როგორც, ლოკალური, ასევე საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის გაზრდის მიზნით;
    • ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობა და საჭიროებებზე მორგებული პროექტების განცხორციელებით ეკონომიკური და ფინანსური ჩართულობის გაძლიერება.

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და  Visa-ს შორის მემორანდუმის გაფორმება ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის დაჩქარებას საქართველოში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ Visa მხარს დაუჭერს, მეწარმეობის წამახალისებელ პროგრამას - „აწარმოე საქართველოში“,  ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას. თანამშრომლობის შედეგად და ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნეს კომპანიების ციფრული ტრანსფორმაციის დაჩქარების მიზნით, იგეგმება ერთობლივი მარკეტინგული კამპანიები, საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა და როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირება Visa-ს სტატისტიკური პლატფორმის  დახმარებით.  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ Visa მხარს უჭერს მცირე და საშუალო ბიზნესს და  საქართველოში ტურიზმის სექტორის განვითარებას.” - განაცხადა ნათია თურნავამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

     

    დღეს, Visa-სა და საქართველოს შორის მემორანდუმის გაფორმება თანამშრომლობის პლათფორმას აყალიბებს, რომლის მიზანია ქყევნის ეკონომიკის შემდგომი განვითარების მხარდაჭერა. ჩვენი თანამშრომლობა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და ყველა ამ პროცესში ჩართულ მხარესთან ერთად,  სამ სტრატეგიულ მიმართულებაზეა ფოკუსირებული, კერძოდ - მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა,ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობადა ინოვაციების დანერგვა და გვჯერა, რომ ერთობლივი მუშაობით, საზოგადოებას დადებით შედეგებს მოვუტანთ. Visa-ში, ასევე მტკიცედ გვწამს, საქართველოს ინოვაციური და ტექნოლოგიური მომავლის, რაც ეროვნული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, განვითარებისა და ქვეყნის, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მიმართულებად წარმოჩენის გარანტია.“- აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.

    ადგილობრივი ტურიზმის განვითარების მხარდაჭერის მიზნით, Visa სამინისტროს კვლევის შედეგებს გაუზიარებს, კერძოდ სიღრმისეულ ანალიზს მიაწვდის მოგზაურთა ტიპებისა და მახასიათებლების შესახებ. აღნიშნული მონაცემების ანალიზის საფუძველზე,  შესაძლებელი  გახდება, ტურისტული გრაფიკის სტიმულირების მიზნით სტრატეგიის დაგეგმვა, სხვადასხვა ხარვეზისა თუ სუსტი წერტილების იდენტიფიცირება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ეფექტურად შესწავლას, არსებული მარშრუტების განვითარებასა და ახალი მიმართულებების დამატებას.  

    ფინანსური ცნობიერების ამაღლების გლობალური ინიციატივითა და მსოფლიოში 50 მილიონი მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების ამბიციური გეგმებით, Visa საქართველოში საგანმანათლებლო ციფრულ პლატფორმას - Practical Business Skills (PBS) დანერგავს. პროგრამა, 50-ზე მეტ ონლაინ სასწავლო მოდულისგან შედგება, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, საჭიროებებიდან გამომდინარე მიაწვდის ინფორმაციას, ბიზნესს მართვის სასურველ ეტაპზე.

    ###

    მსოფლიოს მასშტაბით Visa Inc. (NYSE: V) ციფრული გადახდების სფეროში  ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. ჩვენი მისიაა ინოვაციური, უსაფრთხო და საიმედო გადახდის ქსელის მეშვეობით ერთმანეთთან დავაკავშიროთ მსოფლიო -  რომელიც ინდივიდუალურ პირებს, ბიზნესსა და ეკონომიკას წარმატების მიღწევის საშუალებას აძლევს. ჩვენი დახვეწილი ქსელი - VisaNet 65,000-ზე მეტ ტრანზაქციას ამუშავებს 1 წამის განმავლობაში; კომპანიის მუდმივი აქცენტი ინოვაციებზე, უზრუნველყოფს ქსელში ჩართულ მოწყობილობებზე დაფუძნებული კომერციის ზრდას და უნაღდო მომავლის რეალიზების მამოძრავებელ ძალას - ყველგან და ყველასთვის. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ანალოგურიდან ციფრულ ტექნოლოგიებზე გადადის, ვიზა ცვლის  მომავალის კომერციის კონცეფციას მისი ბრენდის, ხალხის, პროდუქტების და ქსელის გამოყენებით. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ვებგვერდებს: usa.visa.com/about-visa, www.visa.com.ge,  https://www.facebook.com/VisaGeorgiaGE

  • DIBS სკოლასა და იტალიის არმიის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა (ვიდეო)

    თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIBS) და იტალიის არმიის პოსტკონფლიქტური ოპერაციების სწავლების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა და იტალიის არმიის პოსტკონფლიქტური ოპერაციების სწავლების ცენტრის დირექტორმა პოლკოვნიკმა დელ გაუდიო ანტონიომ მოაწერეს. მემორანდუმი მიზნად ისახავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების, პროფესიული და სასწავლო ტრენინგ-კურსების, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, DIBS -ის კვალიფიკაციასა და პროდუქტიულობას გაუსვა ხაზი და იტალიურ მხარეს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და სკოლის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიალს თავდაცვის იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო და თავდაცვის ატაშე ეტორე გაგლიარდი დაესწრნენ. 

     

  • ცესკოს თავმჯდომარის განცხადება ბიულეტენების გადათვლასთან დაკავშირებით

    “საარჩევნო ადმინისტრაცია 3 აგვისტოდან, არჩევნების დანიშვნის დღიდან 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა და მუშაობს იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტის არჩევნები მაღალი სტანდარტებით თავისუფალ და სამართლიან გარემოში, მიუკერძოებლად ჩატარებულიყო. მიუხედავად მცირე დროისა, ადმინისტრაციამ შეძლო და ჯერ კიდევ 2 ოქტომბრისთვის გაითვალისწინა და განახორციელა  საარჩევნო რეფორმის ყველა ის სიახლე და ცვლილება, რაც გათვალისწინებული იყო 19 აპრილის შეთანხმებით - ე.წ. მიშელის დოკუმენტით.  ამის კარგი დასტურია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული შეფასებები, როგორც არჩევნების პირველ, ისე მეორე ტურთან დაკავშირებით” - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

    გიორგი კალანდარიშვილმა საზოგადოებას ბიულეტენების გადათვლის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ სწორედ საარჩევნო რეფორმის ერთ-ერთი ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ  კენჭისყრის დასრულებიდან 6 დღის ვადაში სავალდებულო წესით, უნდა გადაითვალოს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილი 5-5 საარჩევნო უბანი ყოველ საარჩევნო ოლქში. საოლქო საარჩევნო კომისიებმა ზედმიწევნით დაიცვეს კანონის ეს წესი და ორი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, უმოკლეს ვადებში გადათვალეს 360 უბანი. „აქვე აღვნიშნავ რომ საერთო ჯამში, არჩევნების პირველი ტურის შემდეგ სულ გადავითვალეთ 812 უბანი მთელი ქვეყნის მასშტაბით. უახლესი საარჩევნო ისტორიის მანძილზე, ასეთი რაოდენობის საარჩევნო ოქმების შედეგების გადათვლა პირველი და უპრეცედენტო შემთხვევაა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მიუხედავად ოქმების შედეგების გადათვლის დიდი რაოდენობისა, გადათვლებს  საერთო ჯამში შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.

    კანონის ამ მოთხოვნის გათვალისწინებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ, რა თქმა უნდა, მეორე ტურის შემდეგაც, ასევე უმოკლეს ვადებში 201 საარჩევნო უბნის შედეგები გადაითვალა.  ზოგიერთ საარჩევნო უბანზე მცირედით შეიცვალა მონაცემები, თუმცა არჩევნების შედეგზე აღნიშნულს გავლენა არ მოუხდენია.

    საოლქო საარჩევნო კომისიებში საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა გადათვლის პროცესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა,  რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მთავარ მიზანს წარმოადგენს საარჩევნო პროცესი იყოს გამჭვირვალე და ღია, ხოლო არჩევნების შედეგების მიმართ იყოს მაღალი ნდობა.

    მადლობას ვუხდი გადათვლის პროცესში ჩართულ საარჩევნო ადმინისტრატორებს, მედიას, რომელიც ამ ღონისძიებას აქტიურად აშუქებდა, დამკვირვებლებს და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების, რომლებიც ხმის გადათვლის პროცესების გამჭვირვალობას კიდევ უფრო უწყობდნენ ხელს.

    ჩვენ გუშინ ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, მიგვემართა საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის, არჩევნების მეორე ტურზე ვიდეო-ფიქსაციის ჩანაწერების არ არსებობის გამო 2-ზე მეტ საარჩევნო უბანზე, ლოტოტრონის მეშვეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩეს 2-2 უბანი და მოხდეს მათი მონაცემების გადათვლა; ხოლო იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც ასეთი უბნები 2 ან ნაკლებია, ავტომატურად გადაითვალოს ყველა მათგანი. რაც ასევე ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ნდობის გამყარებას საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის მიმართ საზოგადოებაში.

    წარმოგიდგენთ ზოგად სტატისტიკურ მონაცემებს ამ დროისთვის გადათვლილი 201 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების მიხედვით.

    მერის არჩევნების ნაწილში სულ გადაითვალეს 194 უბნის შედეგი, საიდანაც 172 შემთხვევაში შედეგი უცვლელი დარჩა. საერთო ჯამში მერობის კანდიდატებს დააკლდათ 31 ხმა და მოემატათ 53 ხმა.

    რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებს, ამ ნაწილში სულ გადაითვალეს 33 საარჩევნო უბნის შედეგი, საიდანაც 27 შემთხვევაში შედეგი უცვლელი დარჩა. საერთო ჯამში მაჟორიტარ კანდიდატებს დააკლდათ 7 ხმა და მოემატათ - 5 ხმა“, განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

    დეტალური ინფორმაცია იხილეთ ცესკოს ვებგვერდზე.

    დამატებით ინფორმაციას დღეს გადათვლილი საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგის შესახებ მოგაწვდით მოგვიანებით.

  • კენჭისყრის პროცესი დასრულდა

    კენჭისყრის პროცესი დასრულდა. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 025 406-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 49.09%-ია. დედაქალაქში კენჭისყრაში დღის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო 478 642-მა ამომრჩეველმა (47,7%). 
    სრულად იყო დაცული კოვიდუსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეგულაციები. ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა პროცედურული ხარვეზები, თუმცა აღნიშნული არ გამხდარა ხმის მიცემის პროცესის შეწყვეტის საფუძველი. მინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩევლებს აქტიურობისათვის და კენჭისყრის პროცესში კოვიდრეგულაციების დაცვისთვის. ასევე მადლობას ვუხდი ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრსა და თანამშრომლებს კენჭისყრის დღის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. მადლობა ჩართულ მხარეებს, დამკვირვებლებსა და მედიას.
    საარჩევნო ადმინისტრაციისთვის სწორედ ახლა იწყება განსაკუთრებული, საპასუხისმგებლო  - ხმის დათვლის ეტაპი. მინდა მოვუწოდო ყველა დონის საარჩევნო კომისიას დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობით გაწერილი ნორმები.
    საარჩევნო უბნები კანონმდებლობის შესაბამისად, 20:00 საათზე დაიხურა და ახლა უკვე მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცესი.  იმ  საარჩევნო უბნებზე, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა  300-ზე მეტია, ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი გადაეცემა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს,  საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ დასკანერდება და უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge.
    აქვე მოგაწვდით რამდენიმე სტატისტიკურ მონაცემს - ცესკოს კონტაქტ-ჰაბში 07:00 საათიდან 20:00 საათამდე შემოვიდა 1318 სატელეფონო ზარი და 262 ონლაინ შეტყობინება. მათი დიდი ნაწილი ამომრჩევლების მიერ სიაში მონაცემების გადამოწმებას, საარჩევნო უბნის მისამართებისა და საარჩევნო პროცედურების დაზუსტებას შეეხებოდა.
    საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, საკუთარი საქმიანობის განხორციელების პროცესში, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას მშვიდ, სამუშაო ვითარებაში წარმართოს საქმიანობა, რათა ზუსტად აისახოს თითოეული ამომრჩევლის ნება და არ შეფერხდეს ხმის დათვლის პროცესი.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური