სოციალურ ქსელებში პენიტენციურ დაწესებულებებში ხმის უფლების მქონე პირებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი 2020 19:15

სოციალურ ქსელებში პენიტენციურ დაწესებულებებში საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. საუბარია იმაზე, რომ თითქოს აღნიშნულ დაწესებულებებში იგეგმება ხმის მიცემის უფლების მქონე პირთა რაოდენობის ხელოვნური ზრდა პატიმრების ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანის საშუალებით.

გვინდა განვმარტოთ, რომ საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების შესაბამისად გაიზარდა პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ხმის მიცემის უფლების მქონე პირთა წრე. აღნიშნული ცვლილება წელს პირველად არჩევნებში მონაწილეობის უფლებას აძლევს არა მხოლოდ ნაკლებად მძიმე დანაშაულის მქონე პირებს, არამედ მათაც ვისაც მძიმე დანაშაულისთვის შეეფარდათ სასჯელი. შესაბამისად, ცხადია, აღნიშნული განაპირობებს გასულ წლებთან შედარებით ხმის უფლების მქონე პირთა განსხვავებულ რაოდენობრივ მაჩვენებელს. 

ამასთან აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის მიხედვით იმ ამომრჩეველთა სიას,  რომლებიც კენჭისყრის დღეს პატიმრობაში იმყოფებიან ადგენს და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემს პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი. გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნებამდე დარჩა 16 დღე, ეს მონაცემები ჯერ არ არის გადმოცემული და შესაბამისად ოფიციალურად არ არის ცნობილი.

აქვე განვმარტავთ, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ხმის მიცემის უფლების მქონე პირები, მიუხედავად მათი განთავსების ადგილისა, ხმას აძლევენ პროპორციული საარჩევნო სისტემით. ამასთან, მაჟორიტარის არჩევის შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომელთა რეგისტრაციის მისამართი ემთხვევა იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქს, რომლის ტერიტორიაზეც პენიტენციური დაწესებულება მდებარეობს.

წაკითხულია 209 ჯერ

Related items

  • პარტიულ სიებს, რომლებშიც კანდიდატთა რაოდენობა საარჩევნო კოდექსით დადგენილ მინიმუმზე ნაკლები აღმოჩნდა, შესაძლოა კონკრეტულ შემთხვევაში რეგისტრაცია არ გაუუქმდეთ

    ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) პოლიტიკური პარტიების ხელშეწყობისა და საარჩევნო პროცესის გაჯანსაღების მიზნით დღევანდელ სხდომაზე 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილ პარტიულ სიებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელებს. კერძოდ განიხილება საკითხი, რომლის თანახმადაც პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილ პარტიულ სიებს, რომლებშიც კანდიდატთა რაოდენობა საარჩევნო კოდექსით დადგენილ მინიმუმზე ნაკლები აღმოჩნდა, რეგისტრაცია შესაძლოა არ  გაუუქმდეთ, გარდა იმ შემთხვევებისა თუ:

    • რეგისტრირებულ კანდიდატს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი ოფიციალურად წარედგინა საარჩევნო კომისიას;
    • რეგისტრირებულ კანდიდატს საარჩევნო რეგისტრაციის შემდგომ შეეზღუდა პასიური საარჩევნო უფლება და ამის დამადასტურებელი დოკუმენტი ოფიციალურად წარედგინა საარჩევნო კომისიას;
    • რეგისტრირებული კანდიდატი, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-12 დღისა, კანონით დადგენილი წესით, გაიწვია მისმა წარმდგენმა პარტიამ.

     

  • საარჩევნო ადმინისტრაცია პოლიტიკურ გაერთიანებებს კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

    საარჩევნო ადმინისტრაცია 2 ოქტომბრის არჩევნების ორგანიზებისთვის აქტიურად მუშაობს. 25 აგვისტოდან ეტაპობრივად დაიწყო საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობის პროცესიც. Covid-19-ის სადიაგნოსტიკო სწრაფი  ტესტით შემოწმებისა და შესაბამისი ტრენინგების გავლის შემდგომ, საუბნო საარჩევნო კომისიებში ტარდება პირველი სხდომები, სადაც კანონმდებლობის მიხედვით უნდა აირჩეს თავმჯდომარე, მისი მოადგილე და საარჩევნო კომისიის მდივანი.  ეს არის საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობის პირველი ეტაპი, რითაც ისინი ფაქტობრივად მზადებას იწყებენ, რომ 2 ოქტომბერს ამომრჩევლებს დახვდნენ სრულ მზადყოფნაში.

    „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნული ზოგიერთი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი კი, მისი წარმდგენი პარტიის პოლიტიკური დღის წესრიგის ფარგლებში, საფუძველს მოკლებული ქმედებებით, ამ პროცესის მიმართ უნდობლობის დანერგვას ცდილობს. კერძოდ, - მეორე დღეა საოლქო საარჩევნო კომისიებში შედის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ წევრთა მიმართვები განცხადებების სახით.

    განცხადებებში, რომლებიც ერთნაირი შინაარსისაა, პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლები აპროტესტებენ საქმიანობას, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიებმა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მოთხოვნის შესაბამისად უნდა განახორციელონ. ამავე განცხადებებში მითითებულია, რომ პირველ სხდომებში პარტიის უფლებამოსილი პირების ჩართულობა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს.

    ისინი კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებს (მაგალითად ხელმძღვანელ თანამდებობებზე ასარჩევ პირთა წრე) აპროტესტებენ განცხადებების წარდგენით საოლქო საარჩევნო კომისიებში, რაც სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

    აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს კომისიის საქმიანობაში, ესწრებოდეს კომისიის სხდომებს და მონაწილეობდეს კომისიის მიერ შესასრულებელ საარჩევნო ღონისძიებებში. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის გაუგებარია აღნიშნული პოლიტიკური სუბიექტის  წარმომადგენლების პოზიცია, ვინაიდან კანონმდებლობის მოთხოვნები ხელმძღვანელი პირების არჩევასთან მიმართებაში, მათთვის იმთავითვე ცნობილი იყო. ყველასთვის ცნობილია ის ფაქტიც, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მოქმედებს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, რომლითაც ცალსახადაა დადგენილი საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა არჩევის წესი. აქედან გამომდინარე გაურკვეველია, კანონის ფარგლებში რა რეაგირებას ითხოვს აღნიშნული პოლიტიკური სუბიექტი საარჩევნო ადმინისტრაციისგან.

    ვვარაუდობთ, რომ მიმდინარეობს დისკრედიტაციული კამპანია, რომელიც საზოგადოებაში ამ პროცესის მიმართ უნდობლობის გამოწვევას ემსახურება.

    ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობაში აქტიური ჩართულობისთვის არ არის აუცილებელი  ხელმძღვანელ თანამდებობაზე ყოფნა, საამისოდ კომისიის ყველა წევრს გააჩნია თანაბარი შესაძლებლობა ჩართული იყოს საარჩევნო პროცესში.

    მოვუწოდებთ საუბნო კომისიებში  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნულ წევრებს,  განახორციელონ მათზე კანონმდებლობით დაკისრებული  უფლება-მოვალეობები, იმოქმედონ რეგლამენტის მიხედვით და იყვნენ კონსტრუქციულები. საარჩევნო ადმინისტრაციის ნებისმიერი წევრის მხრიდან კანონშეუსაბამო ქმედებებზე, საარჩევნო ადმინისტრაციას ექნება სათანადო რეაგირება.

  • საუბნო საარჩევნო კომისიების ტრენინგები და პირველი სხდომები კოვიდ უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობს

    მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის, 3 664 საუბნო საარჩევნო კომისიის 63 000-მდე წევრს სასწავლო ტრენინგები უტარდებათ. ტრენინგის პირველი ეტაპი 25 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

    გადამზადების პროცესი ექვს ეტაპად განხორციელდება და მის ჩატარებას სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული 202 ტრენერი და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები უზრუნველყოფენ.

    ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნითა და  მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, სასწავლო პროცესის დაწყებამდე, ტრენინგის ყველა მონაწილე ანტიგენზე დამყარებული Covid-19-ის სადიაგნოსტიკო სწრაფი  ტესტით მოწმდება.

    სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული კონცეფციის შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები დეტალურად მიიღებენ ინფორმაციას კენჭისყრის დღემდე და კენჭისყრის დღეს საარჩევნო კომისიის მიერ განსახორციელებელ საქმიანობებზე.

    ტრენინგების პირველი ეტაპის პარალელურად, საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები გაიმართება, რომელზეც საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს ირჩევენ. საუბნო საარჩევნო კომისიების სხდომები ღიაა ყველა უფლებამოსილი პირისთვის, შესაბამისად, ცესკო  არჩევნებში ჩართულ მხარეებს მიმართავს, რომ აქტიურად დააკვირდნენ საუბნო საარჩევნო კომისიების პირველ სხდომებს, რაც პროცესის გამჭვირვალობას და სანდოობას  კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს.

  • სახალხო დამცველის განცხადება პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით

    გთავაზობთ საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას დღევანდელ საგანგებო განცხადებას პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით:

    2020 წელს, საქართველოს სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ვსაუბრობდით იმაზე, რომ ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებების მართვის მოდელი დაფუძნებულია პატიმართა არაფორმალურ იერარქიაზე, სადაც ე.წ. „ციხის მაყურებლები“ ციხეებში უზრუნველყოფენ მოჩვენებით წესრიგს, რაც მიზნად ისახავს პატიმართა გაჩუმებასა და მათთვის პრობლემებზე საუბრის აკრძალვას.

    აღნიშნული ანგარიშის გამოქვეყნებას მოჰყვა სახალხო დამცველზე საჯარო თავდასხმები და უკანონო ქმედებები იუსტიციის მინისტრისა და პენიტენციური სამსახურის მხრიდან, რაც დასრულდა იმით, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტებისა და მონიტორინგის განხორციელება არამარტო გართულდა, არამედ საფრთხის შემცველი გახდა. კერძოდ, უკანასკნელი თვეების განმავლობაში, დაწესებულებების ადმინისტრაციის და ე.წ. „ციხის მაყურებლების“ მიერ მართული პატიმრების გარკვეული ჯგუფი სისტემატიურად ახორციელებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებზე სიტყვიერ თავდასხმებს, მუქარას და აგრესიას.

    ამ უკანონო ქმედებების მიზანია პატიმრებთან ჩვენი კომუნიკაციისა და ციხის ტერიტორიაზე მონიტორინგის განხორციელების ხელშეშლა. მსგავს შემთხვევებს ადგილი ჰქონდა:

    • 2020 წლის 31 ოქტომბერს და შემდგომ, განმეორებით, 2021 წლის 14 იანვარს ქსნის N15 დაწესებულებაში, სადაც პატიმართა კონკრეტულმა ჯგუფმა სახალხო დამცველის თანამშრომლებს არ მისცა ჯერ საარჩევნო უფლების რეალიზების პროცესზე დაკვირვების, შემდგომ კი დაწესებულების ექიმთან გასაუბრების საშუალება. აღნიშნული განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როდესაც N15 დაწესებულების ერთ-ერთი პატიმარი რამდენიმე დღის წინ კოვიდ-19-ის გართულებებით გარდაიცვალა და არაერთი პატიმრის ოჯახის წევრმა მოგვმართა პატიმრების მონახულების თხოვნით.
    • 2020 წლის 4 დეკემბერს და 2021 წლის 13 იანვარს გლდანის N8 დაწესებულებაში ერთი და იგივე პატიმარი დაემუქრა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს და ციხეში ვიზიტის შეწყვეტა მოთხოვა. N8 დაწესებულება დახურული ტიპის ციხეა და ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული პატიმარი ყოველთვის მაშინ გადაადგილდება ციხის კონკრეტულ ტერიტორიაზე, როდესაც ჩვენი თანამშრომლები დაწესებულებაში ვიზიტს ახორციელებდნენ.
    • რუსთავის N17 დაწესებულებაში 2021 წლის 13 იანვარს სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან აგრესიულად იქცეოდა პატიმართა კონკრეტული ჯგუფი, რომლებიც ასევე მოითხოვდნენ, რომ სახალხო დამცველს შეეწყვიტა ვიზიტები, ვინაიდან ციხეში „ყველაფერი კარგად იყო“.

    გამომდინარე იქიდან, რომ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს ციხეებში ვიზიტების დროს ციხის ადმინისტრაციების მიერ მხარდაჭერილი „არაფორმალური მმართველების“ მხრიდან ექმნებათ რეალური საფრთხე, სახალხო დამცველი განიხილავს პრევენციული მონიტორინგის ვიზიტების მხოლოდ დამატებითი უსაფრთხოების ზომების პირობებში განხორციელების შესაძლებლობას, რაც ბუნებრივია, დააბრკოლებს პატიმართა უფლებების ეფექტიანად დაცვის ღონისძიებებს. ბუნებრივია, აპარატი გააგრძელებს ინდივიდუალურ შეხვედრებს პატიმრებთან.

    ე.წ. კრიმინალური სუბკულტურის გავლენაა ის, რომ, მაშინ როდესაც პატიმართა დაახლოებით ნახევარი სასჯელს ნახევრად ღია (N14, N15 და N17) დაწესებულებებში იხდის, წლიდან წლამდე მცირდება აღნიშნული დაწესებულებებიდან სახალხო დამცველთან შემოსული მომართვები და განცხადებები. მაგალითად, 2020 წელს პატიმრებისგან შემოსული 1384 განცხადებებიდან, მხოლოდ 57 იყო ზემოაღნიშნული სამი ციხის პატიმრების მიერ გამოგზავნილი. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ ე.წ. კრიმინალური სუბკულტურის გავლენით პატიმართა უამრავი პრობლემა სამწუხაროდ, ჩვენამდე არ მოდის და არ ხმაურდება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ჩვენი პროაქტიული მუშაობა ნახევრად ღია დაწესებულებებში.

    შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მივმართავთ:

    • საქართველოს მთავრობას, მიიღოს მყისიერი ზომები ციხეებში კრიმინალური სუბკულტურის მართვის მოდელის შესაცვლელად;
    • საქართველოს იუსტიციის მინისტრს, დაუყონებლივ დააყენოს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორისა და შესაბამისი პენიტენციური დაწესებულებების დირექტორების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი;
    • საქართველოს პარლამენტს, საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმების გამოყენებით, შეისწავლოს ნახევრად ღია დაწესებულებების მართვის უკანონო მოდელი, რათა ყველა პატიმარს ჰქონდეს მათ პრობლემებზე და უფლებადარღვევებზე მიმართვის შესაძლებლობა შესაბამისი დაწესებულებებისთვის ან ორგანიზაციებისთვის;
    • საქართველოს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება სახალხო დამცველის საქმიანობის ხელშეშლისა და მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც წინადადება უკვე წარდგენილია პროკურატურაში.

    გარდა ზემოაღნიშნულისა, სახალხო დამცველი ინფორმაციას მიაწვდის გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტსა (SPT) და ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტს (CPT), რათა მათ განახორციელონ საქართველოში ვიზიტი პატიმართა უფლებების დაცვის მიზნით.

    ამავდროულად, გვსურს მივმართოთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორ ქვეყნებსა და დონორ ორგანიზაციებს, რომლებიც ფინანსურ დახმარებას უწევენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს - კრიმინალური სუბკულტურის გავლენის მასშტაბის, ამ პროცესში ადმინისტრაციის მონაწილეობისა და ადამიანის უფლებების დარღვევების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია დონორული მხარდაჭერა მოხმარდეს ამ სისტემის არსებით გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებას და არა არსებული მანკიერი მართვის მოდელის გაძლიერებას.

  • ცესკო კიდევ ერთხელ მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, დარეკონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთი

    ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) კიდევ ერთხელ მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს იაქტიურონ, დარეკონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება.

    იმისათვის, რომ თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა შეძლონ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და საკუთარი კონსტიტუციური უფლების რეალიზება, ცესკოში უკვე მესამე დღეა გამართულად და სრული დატვირთვით მუშაობს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი და 25 ოპერატორი დილის 10:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე აფიქსირებენ მოქალაქეების მოთხოვნებს.

    შესაბამისი უწყების მიერ გადმოცემული მონაცემების მიხედვით, 25 ოქტომბრის მდგომარეობით დაახლოებით 9000-მდე პირია რეგისტრირებული ბაზაში, რომლებიც არიან საარჩევნო ასაკის მქონე და კენჭისყრის დღისთვის იქნებიან თვითიზოლაციაში. ამასთან, აღნიშნული მონაცემები 26 ოქტომბრის მდგომარეობით დამატებით განახლდება.

    აღსანიშნავია, რომ მოცემული დროისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს მომართა 1500-ზე მეტმა ამომრჩეველმა და ამ წუთებშიც გრძელდება ზარების მიღება.

    შეგახსენებთ, რომ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრისთვის მომართვისა და ოფიციალური მოთხოვნის დაფიქსირების შემთხვევაში, გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობას შეძლებენ თვითიზოლაციაში მყოფი ის ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში.

    შეგახსენებთ, რომ თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მაქსიმალურად ინფორმირების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაცია აწარმოებს აქტიურ საინფორმაციო კამპანიას. ამ დრომდე, ცესკომ შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 7000-მდე ამომრჩეველს გაუგზავნა სატელეფონო შეტყობინებები. აღსანიშნავია, რომ სატელეფონო შეტყობინება ეგზავნება ყველა პირს, რომელთაც მითითებული აქვთ საკონტაქტო ინფორმაცია.

    მნიშვნელოვანია, რომ სპეციალური უბნებისა და მისამართების მიხედვით გადანაწილდებიან თვითიზოლაციაში მყოფი პირები, რომელთა მოთხოვნა შეესაბამება გადასატანი ყუთით მომსახურების კრიტერიუმებს. შემდგომში ცესკოს განკარგულებით მტკიცდება ამომრჩეველთა სპეციალური სიები და აღნიშნული ამომრჩევლებისთვის რაოდენობის შესაბამისად დაიბეჭდება ბიულეტენები, რომლებიც კენჭისყრის დღემდე მიეწოდება საქართველოს მასშტაბით ყველა სპეციალურ უბანს.

    საარჩევნო ადმინისტრაცია შეახსენებს თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნის ვადა დღეს, 22:00 საათზე იწურება. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მივმართავთ მათ, დარეკონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში ტელეფონის ნომერზე 2-51-00-51 (0) და დროულად მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური