პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსის პირობებში კენჭისყრის ახალი წესები დადგინდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 10 ოქტომბერი 2020 19:19

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, პენიტენციურ დაწესებულებებში საარჩევნო უბნების შექმნის, საუბნო საარჩევნო კომისიების/სპეცჯგუფების დაკომპლექტების, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების/ვადის განსაზღვრისა და სანიტარულ-ჰიგიენური წესები ცესკომ ახალი დადგენილებით განსაზღვრა.

დადგენილების შინაარსი „საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №43/2020

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 23-ე მუხლის, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 199-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ” ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში – „პენიტენციური სამსახური“) პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომში – „პენიტენციური დაწესებულება“) კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-19 დღისა (12 ოქტომბერი) ცესკო განკარგულებით ქმნის საარჩევნო უბნებს. პენიტენციურ დაწესებულებაში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა არ ტარდება.

მუხლი 2

პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს/სპეცჯგუფის წევრებს ირჩევს/ნიშნავს ცესკო არჩევნების დღემდე არაუადრეს 16 დღისა (15 ოქტომბერი) და არაუგვიანეს 15 დღისა (16 ოქტომბერი). კონკურსის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში შესაძლებელი იქნება საკონკურსო საბუთების წარდგენა ცესკოში, საუბნო საარჩევნო კომისიების/სპეცჯგუფების 6-6 წევრის ვაკანტური ადგილების დასაკავებლად.

მუხლი 3

უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრის დანიშვნის შესახებ წარედგინება ცესკოს პენიტენციურ დაწესებულებაში საარჩევნო უბნის შექმნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-15 დღისა (16 ოქტომბერი).

მუხლი 4

ცესკოს განკარგულებას/პარტიის გადაწყვეტილებას პენიტენციური დაწესებულებაში შექმნილი საარჩევნო უბნის საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრთა არჩევის/დანიშვნის შესახებ თან უნდა დაერთოს: ამ პირის ორი ფოტოსურათი, მისი თანხმობა ამ დადგენილებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების თაობაზე და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის/საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი.

მუხლი 5

ცესკოს მდივანს ცესკოს მიერ დადგენილი ფორმით, არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-16 დღისა (15 ოქტომბერი):

ა) საარჩევნო სუბიექტებმა/პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებმა უნდა წარუდგინოს პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილ საარჩევნო უბნების საუბნო საარჩევნო კომისიებში (სპეცჯგუფებში) 1 წარმომადგენლის დანიშვნის/აკრედიტაციის შესახებ განცხადება. აღნიშნულ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს წარმომადგენლის გვარი, სახელი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, რეგისტრაციის ადგილი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (თუ აქვს). განცხადებას უნდა ერთოდეს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოასლები;

ბ) ცესკოს მიერ რეგისტრირებულმა საერთაშორისო/ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ უნდა წარუდგინოს იმ დამკვირვებელთა სია (სახელის, გვარის, საარჩევნო უბნის ნომრის, საკონტაქტო ტელეფონის ნომრის (ასეთი არსებობის შემთხვევაში), საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერისა და რეგისტრაციის ადგილის/ადგილობრივი დამკვირვებლის შემთხვევაში/ მითითებით), რომლებიც არჩევნებს დააკვირდებიან მხოლოდ პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილ საარჩევნო უბნებში. სიას უნდა ერთოდეს დამკვირვებელთა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” გათვალისწინებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოასლები.

მუხლი 6

ცესკოს მდივანი ამ დადგენილების მე-5 მუხლით გათვალისწინებული განცხადების/დამკვირვებელთა სიის წარდგენიდან 1 დღის ვადაში წყვეტს დამკვირვებელთა/წარმომადგენელთა რეგისტრაციის/აკრედიტაციის საკითხს და რეგისტრირებულ/აკრედიტებულ დამკვირვებლებს/წარმომადგენლებს გადასცემს სათანადო მოწმობას, ხოლო რეგისტრაციაზე/აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში იმავე ვადაში გადასცემს სათანადო განკარგულებას (განკარგულებაში უარი დასაბუთებული უნდა იყოს).

მუხლი 7

ცესკო საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და ამ დადგენილების შესაბამისად გადმოცემული მონაცემებისა და საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრების/ადგილობრივი დამკვირვებლების/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლების, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების მონაცემების საფუძველზე არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-3 დღისა (28 ოქტომბერი) ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს ამომრჩევლების სპეციალურ სიას. ცესკოს ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეჰყავს:

ა) პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილი საარჩევნო უბნის საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრები;

ბ) პენიტენციური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები და სპეციალური წოდების მქონე პირები, რომელთა სამსახურის პირობები ან ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს არჩევნების დღეს მათ ყოფნას სამუშაო ადგილას;

გ) პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილ საარჩევნო უბნებში ამ დადგენილების მე-5 მუხლის შესაბამისად, აკრედიტირებული/დანიშნული/ადგილობრივი დამკვირვებლები/საარჩევნო სუბიექტის/პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლები, თუ ისინი სპეციალური სიის შედგენის მომენტში იმყოფებიან საკარანტინე სივრცეში.

მუხლი 8

საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრზე/ადგილობრივ დამკვირვებელზე და საარჩევნო სუბიექტის/პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელზე საარჩევნო ბიულეტენების სახეობები გაიცემა იმავე წესით, რომელიც საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრულია სპეციალურ სიაში შეყვანილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის.

მუხლი 9

ცესკოს უფლება აქვს, საჭიროებისამებრ, გამოითხოვოს და მოთხოვნიდან 3 დღის ვადაში მიიღოს მონაცემები პენიტენციური სამსახურისგან საარჩევნო უფლების მქონე პირთა შესახებ.

მუხლი 10

საუბნო საარჩევნო კომისიების/სპეცჯგუფის პირველი სხდომები იმართება არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-14 დღისა (17 ოქტომბერი). პირველ სხდომას იწვევს ცესკოს თავმჯდომარე. საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის პირველი სხდომა იმართება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე.

მუხლი 11

საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრები/დამკვირვებლები/საარჩევნო სუბიექტების/პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლები ვალდებული არიან 2020 წლის 18 ოქტომბრის დილის 10 საათიდან საარჩევნო უბნის გახსნამდე გაიარონ სავალდებულო კარანტინი შესაბამის საკარანტინე სივრცეში „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების შესაბამისად. აღნიშნული პირები საკარანტინე სივრციდან ტრანსპორტით პირდაპირ უნდა გამოცხადნენ პენიტენციურ დაწესებულებაში არჩევნების დღის დილის 7 საათზე.

მუხლი 12

საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრები და ამ დადგენილების მე-5 მუხლში მითითებული პირები ვალდებული არიან 2020 წლის 29 ოქტომბერს ჩაიტარონ ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციაზე (COVID-19) PCR ტესტი. ისინი პენიტენციურ დაწესებულებაში დაიშვებიან მხოლოდ სავალდებულო კარანტინის გავლისა და PCR ტესტის ჩატარების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.

მუხლი 13

საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრების სავალდებულო კარანტინის გავლისა და PCR ტესტის ჩატარების ხარჯები ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. პენიტენციური დაწესებულებაში შექმნილი საარჩევნო უბნის საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრად არჩევის/დანიშვნის შემდგომ, არასაპატიო მიზეზით წევრობაზე/წევრის ფუნქციის შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ბიუჯეტიდან მასზე გაწეული ხარჯები ანაზღაურდება ამ პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ დადგენილების მე-5 მუხლში მითითებული პირების სავალდებულო კარანტინის გავლისა და PCR ტესტის ჩატარების ხარჯები ანაზღაურდება თვით ამ  პირთა მიერ.

მუხლი 14

იმ შემთხვევაში, თუკი საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუგის წევრი, დამკვირვებელი/საარჩევნო სუბიექტის/პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელი კენჭისყრის დღეს დატოვებს კენჭისყრის შენობას (პენიტენციურ დაწესებულებას), იგი განმეორებით აღნიშნულ კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება. აღნიშნული პირები აგრეთვე არ დაიშვებიან ნებისმიერ სხვა კენჭისყრის შენობაში. ამ დადგენილებაში მითითებულ დაწესებულებებში არ შეიძლება დამკვირვებლებს და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლებს შეენაცვლონ მისი წარმდგენი ორგანიზაციის სხვა რეგისტრირებული წარმომადგენლები/დამკვირვებლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

მუხლი 15

ამ დადგენილებაში მითითებული პირები ვალდებული არიან პენიტენციურ დაწესებულებამდე ტრანსპორტირებისას და პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას დაიცვან ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედი შესაბამისი ჰიგიენური ნორმები და აღჭურვილი იყვნენ/ატარებდნენ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს.

მუხლი 16

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის არ გამოიყენება ცესკოს 2012 წლის 13 ივლისის №75/2012 განკარგულებით განსაზღვრული პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხმის მიცემის უფლების მქონე პატიმრების ინფორმირების პირობები და წესი.

მუხლი 17

ხმისა დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურები ტარდება ამ განკარგულებით შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის მიერ, შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 18

საუბნო საარჩევნო კომისია/სპეცჯგუფი ვალდებულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი დაუყოვნებლივ, ოქმის შევსებისთანავე, თავის ხელთ არსებული ელექტრონული საშუალებებით გაუგზავნოს შესაბამის ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას.

მუხლი 19

დაევალოს ცესკოს საფინანსო დეპარტამენტს პენიტენციურ დაწესებულებებში არჩევნების მომზადებასა დაჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება.

მუხლი 20

დაევალოს ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-14 დღისა (17 ოქტომბერი), ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრთა/დამკვირვებელთა/წარმომადგენელთა ვინაობის შესახებ გადაუგზავნოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და პენიტენციურ სამსახურს.

მუხლი 21

საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრების საკარანტინე სივრცეში განთავსებას, PCR ტესტის ჩატარებასა და პენიტენციურ დაწესებულებამდე ტრანსპორტირებას ორგანიზებას უწევს ცესკო.

მუხლი 22

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 23

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დოკუმენტს ხელს აწერენ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია და კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი.

წაკითხულია 82 ჯერ

Related items

  • დაგვიკავშირდით 26 ოქტომბრის 22:00 საათამდე! - ცესკო აგრძელებს თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ინფორმირებას

    ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), კონსტიტუციური უფლების რეალიზების მიზნით, სამკურნალო სტაციონარულ დაწესებულებებსა და საკარანტინო სივრცეებში, მათ შორის თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის, უზრუნველყოფს 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას.  

    საარჩევნო ადმინისტრაციამ როგორც პოლიტიკურ პარტიებთან, ისე სამოქალაქო სექტორთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინაციით მიიღო დადგენილება, რომლითაც რეგულირდება თუ როგორ ჩაერთვებიან კენჭისყრის პროცესში აღნიშნული მოქალაქეები.

    იმისათვის, რომ თვითიზოლაციაში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ცესკოში უკვე მეორე დღეა ამოქმედდა სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი. 25 ოპერატორი, რომლებმაც გაიარეს შესაბამისი სწავლება, 24-25-26 ოქტომბრის დილის 10:00 საათიდან 22:00 საათამდე უპასუხებენ თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების ზარებს და დააფიქსირებენ მათ მოთხოვნას.

    თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში, ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრისთვის მომართვის შემთხვევაში, ისარგებლებენ გადასატანი საარჩევნო ყუთის მომსახურებით.  

    თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მაქსიმალურად ინფორმირების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციამ აწარმოა აქტიური საინფორმაციო კამპანია. ამ დრომდე, ცესკომ შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით რეგისტრირებულ 3000-მდე ამომრჩეველს გაუგზავნა სატელეფონო შეტყობინებები და გრძელდება სმს-ების დაგზავნის პროცესი აღნიშნულ ყველა მოქალაქესთან.

    ამასთან, როგორც რეგიონულ და ადგილობრივ მედიაში, ისე სოციალური ქსელების საშუალებით ვრცელდება საინფორმაციო ვიდეო რგოლები თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ინფორმირებისთვის.

    გაცნობებთ, რომ მოცემული დროისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს მომართა 900-მდე ამომრჩეველმა, თუმცა გარკვეული რაოდენობის ზარები არ შეესაბამებოდა გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის კრიტერიუმებს.

    საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, იაქტიურონ, 26 ოქტომბრის 22:00 საათამდე მომართონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს ტელეფონის ნომერზე 2-51-00-51 (0)  და დროულად მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება.

  • საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო

    დღეს საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო. ამასთან დაკავშირებით  ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. როგოც ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ბიულეტენები იბეჭდება 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, საკრებულოების შუალედური, მერების რიგგარეშე და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის.

    ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდება და მას ცესკოს წევრებთან ერთად დააკვირდება 15 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 16 დამკვირვებელი.

    საერთო ჯამში, თბილისის 7 სტამბაში 3 725 საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება 7 102 600 ბიულეტენი. მათგან 3 160 900 განკუთვნილია საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის პროპორციული საარჩევნო სისტემით, 3 097 800 საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით,  40 100 - საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის, მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის - 219 800, ხოლო აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის, ჯამში - 584 000 ბიულეტენი.

    „ამომრჩევლებს კენჭისყრის დღეს, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისათვის, გადაეცემათ ორი ბიულეტენი როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული საარჩევნო სისტემით. იქ, სადაც ასევე ტარდება საკრებულოს შუალედური არჩევნები, კერძოდ, თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტების 39 საარჩევნო უბანზე, ამომრჩევლები მიიღებენ 3 ბიულეტენს; კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში, ჯამში 255 საარჩევნო უბანზე, ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის არჩევნების ბიულეტენთან ერთად ასევე მიიღებენ მუნიციპალიტეტის მერის ასარჩევ ბიულეტენს. აღსანიშნავია, რომ ონის მუნიციპალიტეტის მხოლოდ ერთ საარჩევნო უბანზე, ვინაიდან იქ საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად, ასევე ტარდება საკრებულოს შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები, ამომრჩევლები მიიღებენ 4 ბიულეტენს. რაც შეეხება აჭარას, ვინაიდან 31 ოქტომბერს იმართება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც, ამომრჩევლები მიიღებენ 4 ბიულეტენს - ორს საქართველოს პარლამენტის, ხოლო ორს - აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის“,-განაცხადა მიქელაძემ.

    მისივე თქმით, კანონმდებლობის თანახმად, ზუსტი აღრიცხვის მიზნით, საარჩევნო ბიულეტენები თანმიმდევრობით დაინომრება და 50-50 ცალად აიკინძება ბლოკნოტების სახით. თითოეულ საარჩევნო უბანს ამომრჩეველთა რაოდენობიდან გამომდინარე, გადაეცემა 50-ის ჯერადი ოდენობის ბიულეტენი.

    აღსანიშნავია, რომ ბიულეტენები ასევე დაიბეჭდება ეთნიკური უმცირესობების ენებზე: ქართულ-აზერბაიჯანული ბიულეტენები მიეწოდება 213 საარჩევნო უბანს, ხოლო ქართულ-სომხური - 135 საარჩევნო უბანს.

    ცენტრალური საარჩევნო კომისია კანონით განსაზღვრულ ვადებში (არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა), საოლქო საარჩევნო კომისიებს გადასცემს ბიულეტენებს. საოლქო საარჩევნო კომისიები კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათისა უზრუნველყოფენ ბიულეტენების მიწოდებას საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის.

    საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ასევე იბეჭდება როგორც ამომრჩეველთა სამაგიდო (ფოტოსურათიანი), ისე სიის საჯარო (კედლის) ვერსია და ამომრჩეველთა ბარათები.

    საბოლოო მონაცემებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში საერთო ჯამში რეგისტრირებულია 3 526 022 ამომრჩეველი.

     

  • ცესკოს თავმჯდომარე უკრაინის ელჩს შეხვდა

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანია უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში  იგორ  დოლგოვს შეხვდა.

     შეხვედრა დღეს ცესკოში გაიმართა. იგორ დოლგოვი მიმდინარე საარჩევნო პროცესებითა და პანდემიიდან გამომდინარე არსებული გამოწვევებით დაინტერესდა. თამარ ჟვანიამ მას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა არჩევნებისთვის მზადებისა და საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე საქმიანობის შესახებ. თამარ ჟვანიამ ასევე ისაუბრა პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებასთან დაკავშირებით მიღებული დადგენილებების თაობაზე. მან აღნიშნა, რომ ცესკომ ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე მიიღო დადგენილებები, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა როგორც კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი, ისე კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების კენჭისყრაში მონაწილეობისთვის აუცილებელი რეგულაციები.

     დღევანდელ შეხვედრაზე თამარ ჟვანიამ ყურადღება გაამახვილა კიბერუსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაზე. ასევე, საუბარი შეეხო გენდერულ წარმომადგენლობას საარჩევნო სუბიექტების პარტიულ სიებში და აკრედიტებული დამკვირვებლებისა და მედიის არჩევნებში მონაწილეობის საკითხებს. 

     ცესკოს თავმჯდომარის თქმით, ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ჩართულობა და  მათი დაკვირვება 31 ოქტომბრის არჩევნებზე, ვინაიდან აღნიშნული დემოკრატიულობის, გამჭვირვალობისა და სანდოობის ხარისხს ამაღლებს.

  • ცესკოს თავმჯდომარე სახალხო დამცველს შეხვდა
    ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანია სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას შეხვდა. შეხვედრაზე პანდემიის პირობებში 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. სახალხო დამცველი მიმდინარე საარჩევნო პროცესებითა და პანდემიიდან გამომდინარე არსებული გამოწვევებით, არჩევნების დღისთვის მიღებული უსაფრთხოების რეგულაციებით დაინტერესდა. თამარ ჟვანიამ დეტალურად ისაუბრა პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებასთან დაკავშირებით მიღებული კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლის შესახებ და აღნიშნა, რომ შესაბამისი დადგენილება ცესკომ ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე შეიმუშავა. მისივე თქმით, ასევე ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე, უკვე შემუშავებულია დადგენილების პროექტი, რომლის მიხედვითაც საარჩევნო ადმინისტრაცია კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფ ამომრჩევლებს სთავაზობს არჩევნებში მონაწილეობა, საარჩევნო კომისიის ფუნქციების მქონე სპეციალური ჯგუფების მომსახურებით მიიღონ. „ყველა იმ კატეგორიის ამომრჩევლებს, რომლებიც არიან კოვიდინფიცირებული, კარანტინსა თუ თვითიზოლაციაში, ჩვენი შეთავაზებით ექნებათ შესაძლებლობა საკუთარი კონსტიტუციური უფლება განახორციელონ. ამავდროულად, შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ უსაფრთხოების იმ ზომებზე, რომელიც ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე საჭიროა ქვეყანაში. ცესკოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები უსაფრთხოების კუთხით იყო დადებითად შეფასებული და ჩვენ, ცხადია, ყველა უწყებასთან ვითანამშრომლებთ იმისთვის, რომ უსაფრთხო არჩევნები ჩავატაროთ და დაცული იყოს როგორც ჯანმრთელობის უსაფრთხოება, ისე მოქალაქეების უფლებები იყოს მაქსიმალურად რეალიზებული“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ჟვანიამ. „როგორც ვხედავ ტექნიკურად და რეგულირების თვალსაზრისით ყველაფერი მზად არის. იმედი მაქვს, რომ არჩევნების დღეს, ყველა, როგორც კომისიის წევრები და დამკვირვებლები, ისე ამომრჩევლები, დაიცავენ უსაფრთხოების ზომებს. თუ ყველა დავიცავთ იმ წესებს, რაც იმოქმედებს, რა თქმა უნდა, არჩევნების დღეს ინფექციის გავრცელების რისკები იქნება ნაკლები. მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო დონეზეც გაიწერება პროცედურები, რაც მისცემს საშუალებას ყველა პირს, მიუხედავად იმისა არის თუ არა კოვიდინფიცირებული, იმყოფება სტაციონარულ დაწესებულებაში თუ თვითიზოლაციაში, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. პანდემიის მიუხედავად ვფიქრობ, რომ ყველა მოქალაქეს ექნება საშუალება ხმა მისცეს არჩევნებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იყო საფრთხე რომ შეუძლებელი იქნებოდა, თუმცა დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მე მრჩება განცდა, რომ ცესკო აკეთებს ყველაფერს, რომ არცერთი მოქალაქის ხმა არ დაიკარგოს არჩევნებზე“,-განაცხადა ნინო ლომჯარიამ. შეხვედრა დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა და მას ასევე ესწრებოდნენ ცესკოს წევრი გიორგი ძაგანია, საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე და სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე.
  • საარჩევნო ადმინისტრაცია სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ყველა ჯგუფს შესაბამის მომსახურებას სთავაზობს

    საარჩევნო ადმინისტრაცია სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ყველა ჯგუფს შესაბამის მომსახურებას სთავაზობს 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფისა და მათი საყოველთაო საარჩევნო უფლების რეალიზების მიზნით.

     აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ცესკოს ინიციტივით შექმნილმა სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, გამართეს შეხვედრები და იმსჯელეს იმ რეკომენდაციებზე, რომელთა გათვალისწინებითაც აღნიშნულ პირებს, ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების და სანიტარულ-ჰიგიენური წესების მაქსიმალური დაცვით ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა.

     სამუშაო ჯგუფის წევრებთან კონსულტაციების შედეგად ცესკომ შეიმუშავა დოკუმენტი, რომელიც უკვე გადაგზავნილია დამატებითი მოსაზრებების გასაზიარებლად ჯგუფის წევრებთან და რომელზეც ცესკო უახლოეს სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას. ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაცია მადლობას უხდის სამუშაო ჯგუფის წევრებს კონსტრუქციული მუშაობისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის.  

     საარჩევნო ადმინისტრაცია სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს სთავაზობს არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა საარჩევნო კომისიის ფუნქციების მქონე სპეციალური ჯგუფების მომსახურებით. კერძოდ, ცესკო მუნიციპალიტეტებში საოლქო საარჩევნო კომისიების მოქმედების საზღვრებში შექმნის არანაკლებ ერთ საარჩევნო უბანს და დააკომპლექტებს სპეციალურ ჯგუფებს.

     სპეციალური ჯგუფის წარმომადგენელები უზრუნველყოფენ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინში მყოფ ამომრჩევლებთან საარჩევნო ყუთის მიტანას. ამასთან, თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში, ექნებათ შესაძლებლობა საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურების მოთხოვნით.

     აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის შეთავაზება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის ცალკე საარჩევნო უბნების გახსნასა და სპეციალური ჯგუფების საშუალებით, მობილური ყუთებით მომსახურების შესახებ, უზრუნველყოფს ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურ უსაფრთხოებას.  სპეციალური ჯგუფის თითოეული წევრი, მათ შორის საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილე აღჭურვილი იქნება შესაბამისი ეკიპირებით, კერძოდ, ერთჯერადი ხალათით, ნიღბით, ხელთათმანით, დამცავი ფარითა და სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით. სრულად იქნება დაცული ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები, რაც ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების პრევენციას.

     სპეციალურ უბნებსა და მის წევრებს არ ექნებათ შეხება ჩვეულებრივ საარჩევნო უბნებთან და შესაბამის პროცესთან, რაც უზრუნველყოფს მეტ უსაფრთხოებას, პროცესის დაცულობას და ამასთან, ჩართული მხარეებისთვის მონაწილეობის შესაძლებლობას.

     ნიშანდობლივია, რომ ხმების დათვლა განხორციელდება არა საკარანტინო სივრცეებსა თუ სამედიცინო დაწესებულებებში, არამედ ცალკე, სპეციალურად შექმნილ საარჩევნო უბნებში, რაც ხელს შეუწყობს პროცესის მეტ გამჭვირვალობას.  

     რა თქმა უნდა, კანონმდებლობის თანახმად, შესაბამისი წესების დაცვით დამკვირვებლებს, მედიას და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა გაყვნენ გადასატან საარჩევნო ყუთს, დააკვირდნენ კენჭისყრის დღის მიმდინარეობას და ხმების დათვლის პროცესს.

     აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია დადგენილი პროცედურების უზრუნველსაყოფად მოახდენს როგორც სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების, ისე არჩევნებში ჩართული მხარეების დროულ ინფორმირებას, რაც ხელს შეუწყობს პროცესის ყველა მონაწილის კონსტიტუციური უფლების რეალიზებას.

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური