სალომე ზურაბიშვილი - ევროკავშირმა უნდა გამოიყენოს თავისი ძალები რეგიონში მშვიდობისა და სიტუაციის დეესკალაციისთვის

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2020 10:59

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ქართული საზოგადოების სახელით, ღრმა მწუხარება გამოთქვა იმ მსხვერპლის გამო, რომელიც ორ მეზობელ და მეგობარ ქვეყანას შორის კონფლიქტს მოჰყვა.

პრეზიდენტმა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე დასწრების შემდეგ, მიმართა ორი მეგობარი და მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტებს და დიალოგის სწრაფად აღდგენის, დეესკალაციისა და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

,,ეს ჩვენი სამივე ქვეყნის მთავარი და საერთო ინტერესია, რათა ჩვენ დავუბრუნოთ ამ რეგიონს სტაბილურობა, მშვიდობა და მსოფლიოსათვის უზარმაზარი ეკონომიკური როლი. ეს ჩვენი ერთობლივი მონაპოვარია. ეს არის ის, რასაც ჩვენ ერთობლივად უნდა გავუფრთხილდეთ. 

მინდა ასევე, მივმართო მინსკის ჯგუფს და მის თანათავმჯდომარეებს, რომელთაც ამ კონფლიქტის მიმართ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვთ. მინდა გავიმეორო - ჩვენ მზად ვართ, რომ ეს ქვეყანა, თბილისი იყოს ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება გაიმართოს ნებისმიერი მოლაპარკება. ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის, რაც მხარეებისთვის სასურველი იქნება.

ასევე, მინდა მივმართო ევროკავშირს. ჩვენ, ამ რეგიონის სამივე ქვეყანა, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნები ვართ.

თუ ეს რამეს ნიშნავს, თუ სამეზობლო რამეს ნიშნავს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრს ნიშნავს,  ჩვენი სტაბილურობა და რეგიონში მშვიდობა ასევე, ევროკავშირის ინტერესშია. 

ევროკავშირმა უნდა გამოიყენოს თავისი ძალები მშვიდობისა და ამ სიტუაციის დეესკალაციისთვის. 

ეს ჩვენი, სამივე ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეების საერთო მიზანია. სამივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის არაფერია იმაზე უფრო ძვირფასი, ვიდრე მშვიდობა და სტაბილურობაა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახური

წაკითხულია 319 ჯერ

Related items

  • ნერგების გაშენებიდან ყურძნის კრეფამდე: ევროკავშირმა და FAO-მ ქართველი მეღვინეებისთვის ტრენინგი ჩაატარეს

    ოცდაოთხმა ქართველმა ღვინის მწარმოებელმა კახეთის რეგიონში პროგრამის, EU4Business ფარგლებში გამართულ ტრენინგში მიიღო მონაწილეობა. ტრენინგი ესპანეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსპერტმა ევროკავშირისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით ჩაატარა.

    ტრენინგის სერია ეხებოდა ვენახის მოვლის სრულ პროცესსა და ვაზის წარმოების სრულ ციკლს — ნერგების გაშენებიდან ყურძნის კრეფამდე. სასწავლო სესიები მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა სხვადასხვა ტიპის ვენახების ზოგადი მართვა, გასხვლა, ნიადაგის განოყიერება, სარწყავი სისტემების დაგეგმვა, ვაზის ორგანული წარმოება და მავნებლების ინტეგრირებული მართვა.

    ევროკავშირის ინოვაციური პროექტი, „კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისათვის საქართველოში“, ევროკავშირის და გაეროს ოთხი სააგენტოს ერთობლივი ინიციატივაა. პროექტი 2019 წელს დაიწყო და მისი ბიუჯეტი 5 მილიონი ევროა. ინიციატივის მიზანია მეწარმეობის და ბიზნესის განვითარება საქართველოს მთავრობის და ადგილობრივი უწყებების შესაძლებლობების გაძლიერების გზით.

    წყარო: https://euneighbourseast.eu/ka/news-and-stories/latest-news/nergebis-gashenebidan-qhurdznis-krephamde-evrokavshirma-da-fao-m-kharthveli-meghvineebisthvis-treningi-chaatares/

  • 2021 წელს ევროკავშირში არალეგალურად შესულთა რიცხვი წინა წელთან შედარებით 57 პროცენტით გაიზარდა

    2021 წელს ევროკავშირის საზღვრებში არალეგალურად შესულთა რიცხვი წინა წელთან შედარებით 57 პროცენტით გაიზარდა და 195 ათასს მიაღწია. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება. მათი ინფორმაციით, საზღვრის უსაფრთხოების სააგენტოს Frontex-ის (ევროკავშირის) მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებში უკანონო შესვლამ, სამგზავრო შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, გადააჭარბა იმ დონეს, ვიდრე ახალი ტიპის კორონავირუსის Covid-19-ის ეპიდემიის დაწყამდე იყო.

    საზღვრის უკანონოდ გადამკვეთთა რიცხვი გასულ წელს 2020 წელთან შედარებით 57 პროცენტით, 2019 წელთან შედარებით 36 პროცენტით გაიზარდა.

    გასულ წელს ევროკავშირში შესასვლელად ყველაზე ხშირად გამოყენებული მარშრუტი ცენტრალური ხმელთაშუა ზღვა იყო. ევროკავშირის ქვეყნებში ამ მარშრუტით 65 ათასზე მეტი ადამიანი შევიდა. ცენტრალური ხმელთაშუა ზღვისპირეთიდან შესვლა 2020 წელთან შედარებით 83 პროცენტით გაიზარდა. დასავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონიდან შემოდინებამ 6 პროცენტით მოიმატა და 18 ათასს გადააჭარბა. აღმოსავლეთ ევროპიდან, განსაკუთრებით ბელარუსიდან, ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა ათასი პროცენტით გაიზარდა. 2021 წელს ბელარუსიდან უკანონო შემსვლელთა რაოდენობა დაახლოებით 8000 იყო.

    ევროკავშირის საზღვრებში არალეგალურად ყველაზე მეტად სირიელები შევიდნენ. მათ მოჰყვებიან ტუნისელები, მაროკოელები, ალჟირელები და ავღანელები.

  • ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია სამი ადამიანი.

    ავტოსაგზაო შემთხვევა მცხეთა-სტეფანწმინდა ლარსის მონაკვეთზე მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია სამი ადამიანი. დედა-შვილი, რომლებიც არსებული ინფორმაციით, ბულგარეთიდან იყვნენ ჩამოსულები.

    რაც შეეხება მომხდარს არსებული ინფორმაციით, სამგზავრო მიკროავტობუსს მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რის გამოც მიკროავტობუსი გზიდან ხევში გადავარდა.

    წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია 6 ადამიანი, რომლების საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    ცნობილია ასევე, რომ მიკროავტობუსში 9 მგზავრი იმყოფებოდა, ყველა მათგანი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო. შემთხვევის შედეგად დაიღუპულთა შორის ერთი არასრულწლოვანია.

    მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო. ადგილზე შესაბამისი სამსახურებია მობილიზებული.

  • საქართველოს პრეზიდენტი - მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, მზად ვარ ეროვნული თანხმობის პროცესი დავიწყო

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს უმასპინძლა, დამდეგი ახალი წელი მიულოცა და მომავალ წელს საზოგადოებას სიმშვიდე და გაერთიანება უსურვა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი რელიგიურ ლიდერებს ეროვნული თანხმობის შესახებ საკუთარ ინიციატივასთან დაკავშირებით ესაუბრა.

    ,,დღეს საზოგადოება დაიღალა დაპირისპირებით და პოლარიზაციით და სურვილი აქვთ რომ გამოვიდეთ შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან. მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, მზად ვარ ეს პროცესი დავიწყო, მასში ჩემი წვლილი შევიტანო და რამდენადაც შემიძლია მივიყვანო იქამდე, რომ სულ მცირე, პირველ რიგში, ამ ქვეყანაში შევძლოთ ერთმანეთთან საუბარი და შემდგომ შეთანხმება, თუნდაც რიგ საკითხებთან დაკავშირებით. ამიტომ როდესაც ამბობენ, რომ შერიგება ძალიან რთულია, ამაში ვეთანხმები, რომ შერიგება არ არის დღეს - ხვალ რაღაც ზეპროცესი ამას უნდა დიდი მუშაობა, დიდი მოთმინება ყველასგან და პირველ რიგში, ალბათ ჩემგან.

    ამ პროცესში მე თქვენი იმედიც მაქვს, რამეთუ თქვენ ასახავთ სწორედ იმას, რომ ეს ქვეყანა იყო და იმედი მაქვს, მომავალშიც იქნება შემწყნარებლობისა და ტოლერანტობის ქვეყანა, სადაც მრავალი კონფესიები, რელიგიური თუ არარელიგიური შეხედულებები ერთად არსებობდა და ეს თანაარსებობა იყო ამ ქვეყნის საუკუნოვანი ტრადიცია. 

    როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში ხდება დღეს, აქაც არის ამ ტრადიციის დაკარგვის და რაღაც სრულ პოლარიზაციაზე გადასვლის ტენდენცია, რომელიც არცერთ დარგს არ ტოვებს ამ პოლარიზაციის გარეთ. ეს ძალიან რტული პროცესია, რომელიც ჩვენზე ბევრად ძლიერ, დემოკრატიულ ქვეყნებშიც ვრცელდება დღევანდელ დღეს.

    მე არ მაქვს ილუზია იმისა, რომ ეს ადვილი პროცესია, ან ხვალვე რამე შედეგს დავდებთ, მაგრამ თუ არ დავიწყებთ ქვეყანასთან ერთად ჩიხურ სიტუაციაში ჩავიძირებით. ამიტომ, მე მინდოდა თქვენთანაც ამ ინიციატივის გაზიარება და თქვენი მხარდაჭერის იმედის გამოხატვა.

    მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს დღესასწაულები და ვისურვო, რომ ჩვენი ერთად ცხოვრება, რაც ამ პატარა ქვეყნის მთავარი სიმდიდრეა გაგრძელდეს, გაძლიერდეს და იყოს სამაგალითო, როგორც იყო“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
    მიღებას ესწრებოდა ასევე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი.

  • ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი სოფლებში სწრაფი ინტერნეტ კავშირის დანერგვაში ინვესტირებას ახდენენ

    ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროკავშირის ბანკი, განახორციელებს ინვესტიციას 34 მილიონი ევროს ოდენობით მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ქსელის გაფართოებაში, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ და საიმედო ინტერნეტ სერვისებს საქართველოს 1000 სოფელსა და შორეულ დასახლებაში მცხოვრები 500 000 საქართველოს მოქალაქისთვის. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" ევროკავშირის წარმომადგენლობაში განუცხადეს.

    ევროკავშირის ბანკის ინვესტიცია დააფინანსებს 5000 კმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო ქსელის ინსტალაციას და უზრუნველყოფს ღია დაშვების ინფრასტრუქტურის დანერგვას საქართველოს საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებისთვის მათ მიერ სწრაფი ინტერნეტის სერვისების უზრუნველსაყოფად. ევროკავშირმა გარანტია გარე დაკრედიტების მანდატის საფუძველზე გასცა.

    ეს პროექტი მხარს უჭერს გაუმჯობესებულ ციფრულ კავშირს, როგორც საქართველოსთვის ხუთი ფლაგმანური ინიციატივიდან ერთ-ერთს, აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში.

    ევროპის საინვესტიციო ბანკის ეს ახალი ოპერაცია არის ევროპის გუნდის უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილი, რათა საქართველოს მხარი დაუჭიროს ციფრული ტექნოლოგიების დანერგვაში, ეკოლოგიური და მდგრადი სოციალური და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაში და ქვეყნის მასშტაბით სტიქიური უბედურებებისადმი, როგორიცაა COVID-19 პანდემია, მდგრადობის გაზრდაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური