საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარი სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 06 ოქტომბერი 2020 17:32

სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩოს გახსნა წარმოადგენს იმ სრულიად უკანონო გადაწყვეტილების გაგრძელებას, რომელიც ასადის რეჟიმმა რუსეთის ზეწოლის შედეგად მიიღო 2018 წელს და ამით კვლავაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.

მოგეხსენებათ ამ უკანონო გადაწყვეტილების შემდეგ საქართველომ სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ, ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა, აშშ-მა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მკაცრად დაგმეს ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილება სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თაობაზე.

ამ არალეგიტიმურ გადაწყვეტილებას მკაფიოდ გაემიჯნენ სირიის ოპოზიციური ძალებიც, რომელთაც არაერთი დამგმობი განცხადება გააკეთეს და ამავდროულად ცალსახად დაუჭირეს მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ ერთ დღესაც, როცა სირიაში დღევანდელი არალეგიტიმური რეჟიმის არსებობა დასრულდება და ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზას დაადგება,  ეს უკანონო გადაწყვეტილებაც გადაიხედება და სირია დაუბრუნდება სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე დაფუძნებული საერთაშორისო სამართლის ჩარჩოს.

წაკითხულია 373 ჯერ

Related items

  • საქართველოს საგარეო უწყება თეა კატუკიას პასუხობს
    საქართველოს ელჩმა საფრანგეთში თეა კატუკიამ თანამდებობა დატოვა და ამასთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა. აღნიშნულ ფაქტს ოპერატიულად გამოეხმაურა საქართველოს საგარეო უწყება და საპასუხო განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ:
    "გაკვირვებული ვართ ქ-ნი თეა კატუკიას მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ წაყენებული ცილისმწამებლური ბრალდებებით. ელჩმა თანამდებობა დატოვა მასთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე, რა დროსაც ქ-ნ თეა კატუკიას განემარტა, რომ უწყება არ იყო კმაყოფილი მისი საქმიანობით საფრანგეთში ელჩად ყოფნის პერიოდში. სამწუხაროდ, მან ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება და ევროპის ამ უმნიშვნელოვანეს ქვეყანაში, საქართველოს ინტერესების სათანადოდ დაცვა. შესაბამისად, უწყებამ ქ-ნ თეასთან კონსულტაციის საფუძველზე მიზანშეწონილად ჩათვალა აღნიშნული პოზიციიდან მისი გამოწვევა.
    მოგეხსენებათ, საფრანგეთთან საქართველოს ურთიერთობები, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის არსებული დღის წესრიგის გათვალისწინებით, გადავიდა უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, რაც მოითხოვს საელჩოში ხელმძღვანელ პოზიციაზე მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე დიპლომატის მივლინებას", - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთან დაკავშირებით

    გუშინ ევროპულმა საბჭომ მიიღო მნიშვნელოვანი ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინისთვის ევროკავშირის  წევრობის პერსპექტივის მინიჭების შესახებ.
    ევროპული საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა დაადასტურეს  რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და საქართველო აუცილებლად გახდება ორგანიზაციის წევრი.  
    ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო, რიგი რეკომენდაციების შესრულების შემდეგ, ავტომატურად მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ხოლო უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ რიგი რეკომენდაციების შესრულების პირობით.
    საქართველოსთვის გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭებით, ევროკავშირმა აღიარა საქართველო, როგორც ევროპული ქვეყანა და აღიარა ის პროგრესი, რომელიც ბოლო წლების მანძილზე არსებობს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. მართლაც, ეს შედეგი საქართველოსთვის მიუღწეველი იქნებოდა, რომ არა ქვეყნის მიერ ბოლო წლების განმავლობაში გატარებული რეფორმები და ძალისხმევა.   
    ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომელიც საფრთხეს უქმნის დასავლურ ფასეულობათა სისტემას და ევროპის უსაფრთხოებას,  რომლის განუყოფელი ნაწილიც საქართველოა.
    საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება  ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას და  წევრი ქვეყნების ლიდერების მხარდაჭერას ამ პროცესში. 
    მიგვაჩნია, რომ საქართველოსთვის ეს არის ისტორიული მომენტი და ამიერიდან ევროპის კარი ცალსახად ღიაა ჩვენი ქვეყნისთვის.
    საქართველო, როგორც  საერთო ფასეულობების ერთგული, ევროკავშირთან ერთად გააგრძელებს რეფორმების  ამბიციური დღის წესრიგის განხორციელებას,  რაც უზრუნველყოფს საქართველოს ევროკავშირში საბოლოო ინტეგრაციას.
    საქართველო აქტიურად იმუშავებს  რეკომენდაციების შესრულების მიზნით, რათა შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში მოიპოვოს დამსახურებული კანდიდატის სტატუსი და დაიბრუნოს კუთვნილი ადგილი საერთო ევროპულ ოჯახში. 
    ვულოცავთ ჩვენს მეგობარ უკრაინას და მოლდოვას ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას მათთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.

  • „ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი გავიდა, ორმხრივ ურთიერთობებში სიმწიფის პერიოდი დადგა“

    ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავთან დაკავშირებით, 15 ივნისს, გაზეთში „გოძი შანგპაო“ საქართველოში ჩინეთის ელჩის - ჭოუ ციენის საავტორო სტატია გამოქვეყნდა.

    „ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი გავიდა, ორმხრივ ურთიერთობებში სიმწიფის პერიოდი დადგა“
    საქართველოში ჩინეთის ელჩი - ჭოუ ციენი
    წელს ჩინეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავი აღინიშნება. მთელი ამ ხნის მანძილზე, ჩინეთი და საქართველო კარგი მეგობრები და პარტნიორები არიან, ერთმანეთს ენდობიან და კეთილსინდისიერად თანამშრომლობენ, ერთმანეთს პატივს სცემენ, ეხმარებიან, ერთად ვითარდებიან, ხელს უწყობენ „სარტყლისა და გზის“ და სხვა მიმართულებით საქმიანი თანამშრომლობის გაღრმავებას; ვაჭრობის, ინვესტიციების და სხვა სფეროებში თანამშრომლობას მნიშვნელოვანი შედეგი მოაქვს, რაც რეგიონსა და მსოფლიოში ეკონომიკის განვითარებას უზრუნველყოფს.
    - პოლიტიკური ურთიერთნდობა მუდმივად იზრდება
    1992 წლის 9 ივნისს, ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ოფიციალურად დამყარდა. ჩინეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. მას შემდეგ, ორივე ქვეყანა მუდამ იცავს თანასწორობის, ურთიერთნდობის, გულწრფელი თანამშრომლობის და ერთობლივი განვითარების პრინციპს; ჩინეთი და საქართველო ერთად იცავენ საერთაშორისო სისტემას, რომლის ბირთვსაც გაერო წარმოადგენს; პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და ძირითად ინტერესებს. ერთად მისდევენ ჭეშმარიტ მულტილატერალიზმს და იცავენ მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას, რომლის ბირთვსაც მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაცია წარმოადგენს; ხელს უწყობენ ინოვაციებს, საერთო შეხების ფაქტორების მოძებნას, მწვანე და დაბალნახშირბადიან ეკონომიკას, დაბალანსებულ განვითარებას, ვაჭრობისა და ინვესტიციების ლიბერალიზაციას, წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვების გაფართოებას, რეგიონულ განვითარებას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, ეკონომიკური გლობალიზაციით მიღებული შედეგების ურთიერთგაზიარებას. საქართველო ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა „სარტყლისა და გზის“ ინიციატივას. ჩინეთი და საქართველო ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური და სავაჭრო ზონების, ენერგეტიკის და სხვა სფეროებში საქმიან თანამშრომლობას აქტიურად ახორციელებენ; ცდილობენ პოლიტიკური კოორდინაციის, ინფრასტრუქტურული კავშირების, თავისუფალი ვაჭრობის, ფინანსური ინტეგრაციის და ხალხთაშორისი კავშირების რეალიზებას. ამ მხრივ, ორმა ქვეყანამ არაერთ წარმატებას მიაღწია. შეიქმნა ურთიერთსარგებლიანი განვითარების მოდელი. ორ მხარეს შორის პოლიტიკური ნდობა დღითიდღე იზრდება. ჩინეთი და საქართველო ერთმანეთის სანდო პარტნიორები არიან.
    - ორმხრივი ვაჭრობა სწრაფად ვითარდება
    ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობებს დიდი ხნის ისტორია აქვს. მრავალი წელია, სავაჭრო ბრუნვა მაღალი ზრდის ტემპს ინარჩუნებს. სტატისტიკური მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობა 1992 წელს სულ რაღაც 3.68 მილიონი აშშ დოლარს შეადგენდა. 2021 წელს ამ მაჩვენებელმა 1.48 მილიარდი აშშ დოლარს მიაღწია და ამ ხნის განმავლობაში დაახლოებით 400-ჯერ გაიზარდა. 2017 წელს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. საქართველო ევრაზიის რეგიონში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო პარტნიორობა დაამყარა. ამით, ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებში ახალი პერიოდი დაიწყო. ორმხრივი ვაჭრობა სტაბილურად იზრდება. იმის მიუხედავად, რომ კოვიდ-19-ის პანდემიამ რეგიონის ეკონომიკას დიდი ზარალი მიაყენა, საერთო ტენდენციის საწინააღმდეგოდ, ჩინეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობამ, პირიქით, კიდევ უფრო მოიმატა. ამან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რეგიონის ეკონომიკის აღდგენაში და ქართული მხარის კმაყოფილება გამოიწვია. 2021 წელს ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო მოცულობა წინა წელთან შედარებით 24.8%-ით გაიზარდა და 1.48 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მათ შორის, საქართველოდან ჩინეთის მიმართულებით ექსპორტი 29%-ით გაიზარდა და 616 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ჩინეთიდან იმპორტი 22%-ით გაიზარდა და 865 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის მესამე ადგილზეა. ორმხრივი ვაჭრობის წილი საქართველოს მთლიან საგარეო ვაჭრობაში 10.3%-ია. ჩინეთი საქართველოს საექსპორტო ბაზრებს შორის პირველ ადგილზეა, ჩინეთში ექსპორტის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 14.5%-ია. ჩინეთი საქართველოს საიმპორტო ბაზრებს შორის მესამე ადგილზეა, ჩინეთიდან იმპორტის წილი მთლიანი მოცულობის 8.6%-ს შეადგენს.
    - თანამშრომლობა უწყვეტად ღრმავდება
    საქართველო, ევროპისა და აზიის გასაყარზე, სტრატეგიულად მნიშველოვან ადგილას მდებარეობს. იგი უძველესი კულტურის და თვალწარმტაცი ბუნების მქონე ქვეყანაა. საქართველო ცნობილია, როგორც „ღვთის ბაღნარი“ და „ღვინის სამშობლო“. ქვეყანაში სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, მაღალი დონის ეკონომიკური თავისუფლება და კარგი საინვესტიციო პირობებია. ბოლო წლებში, ქართული მხარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ინფრასტრუქტურის განვითარებას, უცხოური კაპიტალის გამოყენებით აქტიურად უწყობს ხელს პორტების, ჩქაროსნული მაგისტრალების, რკინიგზის, ელექტროსადგურების, წყალმომარაგების და სადრენაჟე სისტემების და მისთ. მშენებლობას. „გარეთ გასვლის“ სტრატეგიის ფარგლებში, ჩინური კომპანიები საქართველოს შედარებით ღია და სამართლიან ბაზარზე წვდომის შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებენ, აქტიურად მონაწილეობენ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ინვესტიციებს დებენ ინდუსტრიული პარკების, ჰიდროელექტროსადგურების და მისთ. მშენებლობაში, აქტიურ როლს თამაშობენ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში; მათი აქტიურობა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტია. ამავდროულად, ჩემი ქვეყნის შესაბამისი მაღალხარისხოვანი აღჭურვილობა, სპეციალური ტექნოლოგია, მენეჯმენტის გამოცდილება ქართულ ბაზარზე ფეხს იკიდებს და დიდი ნდობით სარგებლობს. ჩინეთი და საქართველო განაგრძობენ საქმიან თანამშრომლობას, მრავალმხრივი და ორმხრივი შესაძლებლობების გამოყენებას, ერთმანეთის მიერ ორგანიზებულ კონფერენციებზე, ფორუმებზე, გამოფენებზე, სემინარებზე დასწრებას; საქართველოს მთავრობა, ორგანიზაციები, ბიზნესასოციაციები და მათი წევრი კომპანიები აქტიურად მონაწილეობენ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ექსპოში, კუანგჭოუს ბაზრობაში, ჩინეთის საერთაშორისო საინვესტიციო და სავაჭრო გამოფენაში, ცენტრალური ჩინეთის ექსპოსა და სხვა ღონისძიებებში, ჩინეთის შესაბამის ასოციაციებთან და კომპანიებთან ამყარებენ კონტაქტებსა და საქმიან თანამშრომლობას, სარგებლობენ ჩინეთის უზარმაზარი ბაზრის დადებითი მხარეებით და მსოფლიო ბიზნეს შესაძლებლობებით.
    სამომავლოდ, ორ ქვეყანას შორის არსებულ თავისუფალ სავაჭრო რეჟიმს უზარმაზარი პოტენციალი აქვს. ეს და „სარტყლისა და გზის“ ინიციატივა ჩინეთ-საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში პრაგმატული თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად ფართო პერსპექტივას აჩენს. ორმხრივ სავაჭრო თანამშრომლობაში განვითარების ახალი პერიოდი იწყება. იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი ჩინური კომპანია გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, ხელს შეუწყობს ჩინეთ-საქართველოს შორის ლოგისტიკის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებას. იმედია, საქართველო დამაკავშირებელი ხიდის როლს ითამაშებს და დაეხმარება ჩინურ კომპანიებს დსთ-ის, აღმოსავლეთ ევროპის და დასავლეთ აზიის ბაზრებზე გასასვლელად, რაც კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყნის ბაზრებსა და მოსახლეობას.

     

  • თურქეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30-ე წლისთავი

    საქართველოს ელჩმა თურქეთში, გიორგი ჯანჯღავამ აღნიშნა, რომ თურქეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დიდი ხნის ისტორიას

    საქართველოს ელჩმა თურქეთში, გიორგი ჯანჯღავამ, თურქეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით ინტერვიუ მისცა საინფორმაციო სააგენტო „Anadolu Ajansı“-ს.

    გიორგი ჯანჯღავამ აღნიშნა, რომ თურქეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დიდი ხნის ისტორიას.

    მან განაცხადა, რომ საქართველოს პირველი საელჩო ანკარაში 1921 წელს გაიხსნა და პირველი ელჩი, სიმონ მდივანი, იყო პირველი უცხოელი ელჩი, რომელმაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელით 1921 წლის 8 თებერვალს რწმუნებათა სიგელი გადასცა თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარეს, გაზი მუსტაფა ქემალ ათათურქს.

    ელჩის თქმით, ანკარაში საქართველოს პირველი საელჩოს გახსნის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 2021 წელს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებთან ერთად სპეციალური საფოსტო მარკა გამოუშვეს.

    საქართველოს ელჩმა აღნიშნა, რომ წელს, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ანკარაში საქართველოს საელჩოსა და თურქეთის ზარაფხანის გენერალური სამმართველოს თანამშრომლობით სამახსოვრო მონეტა მოიჭრება.

    ელჩმა განაცხადა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, რომელმაც საქართველო 1921 წელს დაიპყრო, ქართველი ხალხის ეროვნული ბრძოლის შედეგად, საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 26 მაისს გამოაცხადა და საქართველოსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს აღდგა, 1992 წლის 30 ივლისს კი ხელი მოეწერა მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ შეთანხმებას.

    გიორგი ჯანჯღავამ აღნიშნა, რომ ორმხრივად საელჩოების გახსნის გადაწყვეტილებით, 1994 წელს გაიხსნა საქართველოს საელჩო ანკარაში და გენერალური საკონსულო ტრაპიზონში, ხოლო 1998 წელს ფუნქციონირება დაიწყო სტამბოლში გენერალურმა საკონსულომ. „საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობა არის სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე და იგი ასევე წარმატებით ვითარდება პოლიტიკურ, სავაჭრო, ეკონომიკურ, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურისა და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში“. - თქვა მან.

    საქართველოს ელჩმა ასევე დასძინა: „როგორც 30 წლის წინ, როდესაც ორ ქვეყანას შორის საფუძველი ეყრებოდა დიპლომატიურ ურთიერთობებს, მოვალეობას ვასრულებდი ტრაპიზონში, როგორც საქართველოს პირველი გენერალური კონსული, დღესაც ვამაყობ, როგორც საქართველოს ელჩი თურქეთში, რომ ჩართული ვარ საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების პრეცესში“.

    ელჩის თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების მიზნით 2016 წელს შეიქმნა სტრატეგიული თანამშრომლობის უმაღლესი საბჭო (YDSK) და მისი პირველი შეხვედრა 2016 წლის 19 ივლისს პრემიერ-მინისტრის დონეზე ანკარაში გაიმართა  და ხელი მოეწერა ანკარის დეკლარაციას.

    მან ასევე განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ვიზიტებით გაძლიერდა ურთიერთობები. „თურქეთი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ამავე დროს, თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციის ძალისხმევას“. - თქვა ელჩმა.

    სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები

    გიორგი ჯანჯღავამ აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია, ორ ქვეყანას შორის არსებობს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 2021 წელს ორ მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

    „2007 წლიდან თურქეთი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. 2021 წელს თურქეთში ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, ის მიზნად ისახავს, რომ 2022 წელში საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ 3 მილიარდ დოლარს მიაღწიოს“.  - განაცხადა საქართველოს ელჩმა.

    გიორგი ჯანჯღავამ აღნიშნა, რომ კოვიდ-19-ის ეპიდემიის გამო რეგიონში შექმნილი ყველა სირთულის მიუხედავად, სარფის სასაზღვრო კარმა გააგრძელა მნიშვნელოვანი როლის შესრულება და 2022 წლის 19 თებერვალს  807 ტრაილერის გავლით ახალი რეკორდი დამყარდა.

    თურქეთშ საქართველოს ელჩმა, დასძინა, რომ ორ ქვეყანას შორის 2021 წლიდან ამოქმედდა „დიაგონალური კუმულაციის“ მექანიზმი, რომლითაც თურქული ინდუსტრიული ნედლეულით საქართველოში დამზადებული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გაყიდვა დაიწყო.

    მან ასევე განაცხადა, რომ ამავდროულად გრძელდება მოლაპარაკებები ქართული წარმოების პროდუქციის თურქეთის ბაზარზე გატანის თაობაზე.

    კულტურა და ტურისტული ურთიერთობები

    ელჩმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თურქ და ქართველ ხალხს შორის არსებული კავშირების გასაძლიერებლად თანამშრომლობის განვითარებას და რომ თურქეთის ქართული წარმოშობის მილიონობით მოქალაქე „ხიდის“ როლს ასრულებს კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცებაში.

    მისი თქმით, ორი ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში და თურქეთში შესვლა-გამოსვლა მხოლოდ პირადობის მოწმობით შეუძლიათ და თურქეთიდან საქართველოში ყოველწლიურად 1 მილიონზე მეტი ტურისტი ჩამოდის, ტურისტების ყველაზე დიდ რაოდენობას კი 2019 წელს მიაღწიეს.

    ელჩმა აღნიშნა, რომ პანდემიის გამო 2020 და 2021 წლებში ტურიზმის შემცირება მოხდა, თუმცა მისი გაუმჯობესება დაიწყო. „საქართველოს ტურიზმის სექტორს საკმაოდ განვითარებული ინფრასტრუქტურა აქვს. 2019 წელს ტურისტების რაოდენობამ 9,5 მილიონს მიაღწია. საქართველოში მსოფლიოს 46 წერტილიდან 30 ავიაკომპანია დაფრინავს“.

    გიორგი ჯანჯღავამ თურქეთის ავიახაზებთან ერთად სხვა თურქული ავიაკომპანიებიც დაასახელა და თქვა, რომ კვირაში 53 ავიარეისი სრულდება თურქეთიდან საქართველოში.

    თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობა

    ელჩმა ჯანჯღავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანი ეფექტურად თანამშრომლობენ ისეთ გლობალურ პროექტებში, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენი, ტრანსანატოლიის ბუნებრივი აირის მილსადენი (TANAP), ტრანსადრიატიკის მილსადენი (TAP) და ბაქო-თბილისი-ერზურუმის (BTE) ბუნებრივი აირის გაზსადენი.

    მან ასევე დასძინა, რომ ჩამოაყალიბეს მნიშვნელოვანი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ აზერბაიჯანთან ძლიერი თანამშრომლობის პლატფორმას და ხელს უწყობენ რეგიონში სტაბილურობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას.

    „მრავალმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ჩამოყალიბდა სამმხრივი დიალოგის მექანიზმი თურქეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. პირველი შეხვედრა 2012 წელს გაიმართა, შემდეგ პრეზიდენტების, პარლამენტის საგარეო საქმეთა კომისიების თავმჯდომარეების, თავდაცვის მინისტრების და შესაბამისი ორგანიზაციების ხელმძღვანელების დონეზე თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით კი ხელი მოეწერა „ტრაპიზონის დეკლარაციას“. ამ დეკლარაციის ფარგლებში განსაკუთრებით ეკონომიკური მექანიზმების გაძლიერების მიზნით იდგმება სხვადასხვა ნაბიჯები, როგორიცაა სამმხრივი ბიზნეს-ფორუმების მოწყობა“. -განაცხადა ელჩმა.

    "თურქეთის მადლობელი ვართ"

    თურქეთშ საქართველოს ელჩმა აღნიშნა, რომ თურქეთმა და საქართველომ ასევე ინტენსიურად ითანამშრომლეს კოვიდ-19-ის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში და 2022 წელს მიღწეული იქნა შეთანხმება თურქეთიდან მაღალი ხარისხის და GMP-ის სტანდარტის შესაბამისი დაბალფასიანი მედიკამენტების საქართველოს ბაზარზე შეტანის შესახებ.

    საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა: „ეპიდემიამ მთელ მსოფლიოსთან ერთად ჩვენზეც უარყოფითად იმოქმედა, მაგრამ ორ ქვეყანას შორის სოლიდარობამ და დახმარებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, ჩვენს მეგობრობასა და მეზობლობასთან ერთად რამდენად ძლიერია ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა. თურქეთი საქართველოს სამედიცინო და საველე აღჭურვილობით დაეხმარა და მადლობელი ვართ მის მიერ გაწეული მხარდაჭერისთვის“.

     

    წყარო: https://www.trt.net.tr/georgian/regioni-da-sak-art-velo/2022/05/26/t-urk-et-sak-art-velos-diplomatiuri-urt-iert-obebis-ag-dgenis-30-e-clist-avi-1833034

  • თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

    თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რაშიდ მერედოვმა და საფრანგეთის ელჩმა იზაბელ გუინელმა ორშაბათს შეხვედრისას განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და ქვეყნის ჩართულობა ევროკავშირთან, რომელსაც საფრანგეთი ხელმძღვანელობს მიმდინარე ნახევარი წლის განმავლობაში.

    დიპლომატებმა აღნიშნეს, რომ თურქმენეთმა და ევროკავშირმა მნიშვნელოვნად გააძლიერეს პარტნიორობა და ხაზი გაუსვეს ისეთ პრიორიტეტულ სფეროებს, როგორიცაა სტაბილურობა და უსაფრთხოება, ვაჭრობა, ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობა, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და სხვა სექტორების ჩათვლით. ორმხრივ ინტერესს იწვევს ეკოლოგიური სფეროც. ამასთან, ხაზი გაესვა, რომ არსებობს ურთიერთსასარგებლო კავშირების გაფართოების ფართო პერსპექტივები.

    თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და საფრანგეთის ელჩი შეთანხმდნენ ამ მიზნით რეგულარული სამუშაო კონტაქტების შენარჩუნებაზე.

ბიზნეს ნიუსი

კელი დეგნენმა ისაუბრა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების კონფერენციაზე

კელი დეგნენმა ისაუბრა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების კონფერენციაზე

სუფთა, საიმედო და ხელმისაწვდომი ადგილობრივი ელექ...

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგი...

პოპულარული

« ივლისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური