ცესკო ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიას აგრძელებს/საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ბარათების დარიგება დაიწყო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 02 ოქტომბერი 2020 13:41

ცენტრალური საარჩევნო კომისია 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის, მიმდინარე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას აგრძელებს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, 1 ოქტომბრიდან 3 657-მა საუბნო საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა მონაცემების ბარათების და საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება დაიწყო. მათი საშუალებით თითოეულ ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება არჩევნებისა და მისი საარჩევნო უბნის შესახებ ინფორმაცია მიიღოს. საჭიროების შემთხვევაში კი ამომრჩეველს შესაძლებლობა აქვს გადაამოწმოს საკუთარი მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცესკოს ვებგვერდის (voters.cec.gov.ge), მობილური ტელეფონის, პლანშეტისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებული 11 500-ზე მეტი სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით.

ანა მიქელაძის განცხადებით, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ამომრჩევლებს საინფორმაციო მასალას ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ყველა წესის დაცვით გადასცემენ. იდენტიფიცირების მიზნით მათ ექნებათ შესაბამისი დოკუმენტაცია და აღჭურვილები იქნებიან ყველა სავალდებულო ჰიგიენურ-სანიტარული საშუალებით, მათ შორის პირბადით, ხელთათმანით და ხელის სადეზინფექციო ხსნარით.

გარდა ამისა, ანა მიქელაძის ინფორმაციით, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს საინფორმაციო კამპანიის „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ მეორე ეტაპის განხორციელება. ისინი ამომრჩევლებთან შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მართავენ და სოფლებსა და მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ეხმარებიან მოქალაქეებს ამომრჩეველთა სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმებაში. ასევე, დამატებით აწვდიან ინფორმაციას 2020 წლის არჩევნებისა და მათი საარჩევნო უფლებების შესახებ.

მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩევლებს საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ, როგორც ელექტრონულად შეთავაზებული სერვისების საშუალებით, ისე უშუალოდ საარჩევნო უბანზე, სადაც გამოკრულია ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია. ამომრჩეველთა სიები ხელმისაწვდომია ქართულ, ხოლო შესაბამისი უბნებისთვის აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

თუ 11 ოქტომბრის ჩათვლით ამომრჩეველი არ მიიღებს ბარათს ან აღმოაჩენს უზუსტობას მონაცემებში, მას 13 ოქტომბრის 18:00 საათამდე შეუძლია წერილობით მიმართოს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას ან/და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს.

დღევანდელი მდგომარეობით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულია 3 511 338 ამომრჩეველი. ცესკოს მიერ შეთავაზებული ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმების სერვისებით არჩევნების დანიშვნის დღიდან დღემდე  563 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა ისარგებლა.

შეგახსენებთ, რომ ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, ფუნქციონირებს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი  (2 51 00 51); ასევე მუშაობს ონლაინ ჩათი. დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა დაუკავშირდნენ საარჩევნო ადმინისტრაციას და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.

წაკითხულია 93 ჯერ

Related items

  • ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათის მდგომარეობით

    ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.  ცესკოს პრეს-სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.

    „უკვე 10 საათია კენჭისყრა მიმდინარეობს; ხმის მიცემის პროცესის დასრულებამდე სულ 2 საათი დარჩა. საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ამომრჩევლებს, გამოიყენონ საკუთარი კონსტიტუციური უფლება და მიიღონ კენჭისყრაში მონაწილეობა.

    საარჩევნო უბნების გარეთ ფიქსირდება დაპირისპირება პოლიტიკური სუბიექტების მხარდამჭერებს შორის, რაც გარკვეულწილად შეიცავს უბნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე ზეგავლენის რისკს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა მხარემ უზრუნველყოს სიმშვიდის დაცვა, აღიარებული ეთიკური ნორმების პატივისცემა და ხელი შეუწყონ კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას“,-განაცხადა პრეს სპიკერმა.

    რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას 17:00 საათის მდგომარეობით, ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 45.77%-ია, რაც რაოდენობრივად 1 607 530 ამომრჩეველია.

    ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ისევ მე-19 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, კერძოდ, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში - 57.3%, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა არის ისევ ქვემო ქართლის რეგიონში - 41.9%.

    „20:00 საათზე სრულდება კენჭისყრის პროცესი და იწყება ხმის დათვლის პროცედურები. ამომრჩეველთა აქტივობას საღამოს 20:00 საათის მდგომარეობით, ჩვენ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ წარმოგიდგენთ.

    რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით. საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში შესულია 165 საჩივარი, რომლებიც ძირითადად ეხება პროცედურულ ხარვეზებს. თითოეულ საჩივარს შეისწავლიან საოლქო საარჩევნო კომისიები და მოახდენენ შესაბამის რეაგირებას“,-აღნიშნა პრეს-სპიკერმა.

     

  • ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 საათის მდგომარეობით

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას15:00 საათის მდგომარეობითამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია გააცნო. ანა მიქელაძის თქმით, ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 36.45 %-ია, რაც რაოდენობრივად 1 279 947 ამომრჩეველია.

    ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ისევ მე-19 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, კერძოდ, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში - 49.5%, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა არის ქვემო ქართლის რეგიონში - 33.9%.

    კენჭისყრის პროცესი გრძელდება და მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამომრჩევლებს იაქტიურონ, ვინაიდან არჩევნების დასრულებამდე 4 საა დარჩა. ასევე, შეგახსენებთ, რომ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შექმნილი 127 სპეციალური უბანი 311 გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით ემსახურება ამომრჩევლებს“, - განაცხადა ანა მიქელაძემ

    მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის არჩევნები, ასევე ტარდება საზღვარგარეთ 38 ქვეყანაში, 52 საარჩევნო უბანზე, მათ შორის ავღანეთის 2 საარჩევნო უბანზე.

    რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში შესულია 90 საჩივარი, რომლებიც ძირითადად ეხება პროცედურულ ხარვეზებს. მაგალითად, წილისყრის პროცედურების დარღვევა, საკონტროლო ფურცლის არასწორი შევსება, სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოების წესების დაღვევა და სხვა. თითოეულ საჩივარს შეისწავლიან საოლქო საარჩევნო კომისიები და მოახდენენ შესაბამის რეაგირებას“-განაცხადა პრეს-სპიკერმა.

  • საინფორმაციო ბრიფინგი კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ

    საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

    როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამომრჩევლებს აქვთ შესაძლებლობა, თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განახორციელონ კონსტიტუციური უფლება და გამოხატონ საკუთარი ნება. ასევე, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შექმნილი 127 სპეციალური უბანი, გადასატანი საარჩევნო ყუთების საშუალებით ემსახურება ამომრჩევლებს.

    10:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 8.33%, რაც რაოდენობრივად არის 292 587 ამომრჩეველი.

    ამ დროისთვის, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა მე-19 მაჟორიტარულ ოლქში, რომელიც მოიცავს რაჭა-ლეჩხუმს და სვანეთს - 11.8%; ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა აჭარის რეგიონში - (7, 3%) შემავალ 28-ე, 29-ე, 30-ე მაჟორიტარულ ოლქებში დაფიქსირდა. 

    „ყველა საარჩევნო უბანზე დაცულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და ყველა პირობაა შექმნილი ვირუსის პრევენციისთვის. შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე შესვლისას უნდა ეკეთოს პირბადე. იმ შემთხვევაში თუ მას არ ექნება პირბადე, ადმინისტრაცია უზრუნველყოფს აღნიშნულით. ამომრჩეველს უბანზე მისვლისას ორჯერ, მცირე დროით, უწევს პირბადის მოხსნა იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად. თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი. ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში უზრუნველყოფილია ინდივიდუალური მოხმარებისთვის განკუთვნილი კალმისტრით. ამომრჩეველი ხმის მიცემის შემდეგ კალმისტარს ათავსებს კალმისტრებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კონტეინერში და დროულად ტოვებს საარჩევნო უბანს. ფარული კენჭისყრის კაბინები ისეა მოწყობილი, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები და ამასთან, არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი“,-განაცხადა ანა მიქელაძემ.

    მისივე თქმით, დღეს, 24 საათის განმავლობაში იმუშავებს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის - 2 51 00 51; ასევე, ონლაინ ჩატი. მოქალაქეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვმართონ, მოგვაწოდონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.

  • “საარჩევნო ადმინისტრაციამ დიდი ძალისხმევა გასწია არჩევნების ორგანიზების კუთხით” - კელი დეგნანი

    ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს შეხვდა. თამარ ჟვანიამ ელჩს კენჭისყრის პროცესის დაწყების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა რომ 08:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით, მშვიდ გარემოში გაიხსნა. კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ ცესკომ პანდემიის პირობებში არჩევნების ადმინისტრირებისა და ორგანიზების კუთხით დიდი ძალისხმევა გასწია და საარჩევნო ადმინისტრაციას წარმატებები უსურვა.

    „ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მთავარია მშვიდი ატმოსფერო და თავისუფალი არჩევანი ხალხისთვის. საარჩევნო ადმინისტრაციამ გამორჩეულად დიდი ძალისხმევა გასწია არჩევნების ადმინისტრირების და ორგანიზების კუთხით. ვიმედოვნებ, ამომრჩეველი დააფასებს იმ მართლაც მნიშვნელოვან და კარგ სამუშაოს, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ შეასრულა, განსაკუთრებით ამ პერიოდში, იმ გამოწვევების ფონზე, რასაც ქმნის პანდემია. ჩვენ დავაკვირდებით არჩევნების პროცესს, საელჩოდან გვყავს 75-ზე მეტი წარმომადგენელი, რომლებიც სხვადასხვა უბანზე დააკვირდებიან საარჩევნო პროცესებს. მსურს აღვნიშნო, რომ ძალადობის  და დაშინების ადგილი ამ არჩევნებზე არ არის და რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევებს ყურადღებით დავაკვირდებით. გთხოვთ, ატარეთ ნიღბები, დაიცავით სოციალური დისტანცია და ყველას მოგიწოდებთ, მიხვიდეთ არჩევნებზე და მისცეთ ხმა“,-განაცხადა ელჩმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

  • ცესკო საარჩევნო ადმინისტრაციისა და ჩართული მხარეების წარმომადგენლებს მიმართავს

    31 ოქტომბერს უმნიშვნელოვანესი დღეა, როცა ჩვენ საქართველოს პარლამენტს ვირჩევთ. ამიტომ ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) კიდევ ერთხელ მიმართავს საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ წარმომადგენელს კანონმდებლობის სრული დაცვით იმოქმედონ და კენჭისყრის პროცესი წარმართონ პროფესიულ დონეზე, იმისათვის, რომ 31 ოქტომბერს ამომრჩეველმა საკუთარი კონსტიტუციური უფლება განახორციელოს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში.

    ცესკო, ასევე მოუწოდებს საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს პასუხისმგებლობით მოეკიდონ საარჩევნო პროცესში საკუთარი უფლება-მოვალეობების განხორციელების საკითხს და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას.

    მნიშვნელოვანია, ყველამ გაითვალისწინოს, რომ მიუღებელია ნებისმიერი სახის ზეწოლა ამომრჩეველზე, ხმის მიცემა ფარულია და არავის აქვს უფლება აკონტროლოს ან გაამჟღავნოს ვინმეს არჩევანი.  ამასთან კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ არავის აქვს უფლება შეაფერხოს ამომრჩევლის გადაადგილება საარჩევნო უბნის შესასვლელთან.

    31 ოქტომბერს ასევე გასათვალისწინებელია, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევა (ეგზიტპოლი) ტარდება საარჩევნო უბნებთან, კენჭისყრის პროცესის პარალელურად, მას შემდეგ რაც კენჭისყრაში მონაწილეობის შემდეგ ამომრჩეველი  დატოვებს საარჩევნო უბანს, ამომრჩეველთან ინტერვიუს და გასაუბრების გზით.

    მივმართავთ როგორც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს, ისე საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს (საუბნო კომისიებში მყოფ უფლებამოსილ პირებს) კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში დაიცვან ცესკოს მიერ დადგენილი ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი, რომელიც სრულად განსაზღვრავს ვირუსის გავრცელების პრევენციულ ზომებს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური