თბილისში მცხოვრებმა ეთნიკურად სომეხმა მოქალაქეებმა "მთავარ არხთან" აქცია გამართეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2020 17:05

თბილისში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოქალაქეები საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება გააპროტესტეს და "მთავარ არხთან" აქცია გამართეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა რომ "მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის სუვერენული ტერიტორიაა და ამას ვერაფერი შეცვლის".

სამასამდე დემონსტრანტი არაღიარებული მთიანი ყარაბაღის, სომხეთისა და საქართველოს დროშებით "მთავარი არხის" წინ შეძახილებით "სირცხვილი" და "ყარაბაღი" შეიკრიბა, რის გამოც რამდენიმე წუთის განმავლობაში ქუჩაზე მოძრაობა გადაიკეტა.

აქციის დაწყებამდე წინასწარ იყო მობილიზებული საპატულო პოლიცია. 

დემონსტრანტებმა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთეს და მშვიდობიანად, ინციდენტის გარეშე დაიშალნენ.  

წყარო: https://mtavari.tv/news/17589-tbilisshi-mtskhovrebma-etnikurad-somekhma?fbclid=IwAR3MB7jMmFkn-SlGmkc8237CFeckqduJVAddeNDbSLBPYzvDE5eBNPmPCfQ

წაკითხულია 268 ჯერ

Related items

  • აზერბაიჯანის საგარეო უწყება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან დაძაბულობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან დაძაბულობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    „2020 წლის სამმხრივი განცხადების თანახმად, ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად, აზერბაიჯანის სასაზღვრო ჯარები დისლოცირდება ჩვენი ქვეყნის პოზიციებზე სომხეთთან მოსაზღვრე ლაჩინისა და ქელბაჯარის რაიონებში, რომლებსაც აქვთ რთული მთიანი რელიეფი და კლიმატური პირობები. ეს პროცესი ხორციელდება ჩვეულ რეჟიმში და სისტემატურად“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

    როგორც აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, საზღვრის დაცვის სისტემების გაძლიერების ზომები ხორციელდება მხარეების ხელთ არსებული რუკების საფუძველზე, რომლებიც განსაზღვრავს საზღვარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.

    „დამოუკიდებლობის აღდგენის მომენტიდან ორ ქვეყანას შორის გასაგები მიზეზებით არ ყოფილა სახელმწიფო საზღვარი და ამ მიზეზით ჩვენ ვსაუბრობთ რთულ ტექნიკურ პროცესზე, რომელსაც ამჟამად თან ახლავს მხარეებს შორის უთანხმოება. გაკვირვებას იწვევს, რომ სომხურმა მხარემ ამ პროცესზე არაადეკვატური რეაგირება იქონია და პროვოკაციული განცხადება გააკეთა. მიუღებლად მიგვაჩნია ოფიციალური წრეების მცდელობები, გამოიყენონ ეს საკითხი პოლიტიკური მიზნებისთვის სომხეთში წინასაარჩევნო სიტუაციასთან დაკავშირებით“, – აცხადებენ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

    აზერბაიჯანული მხარის ცნობით, 12 მაისიდან საზღვრის ამ მონაკვეთზე გაგზავნილია აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელობა, მიმდინარეობს მოწინააღმდეგე მხარის მესაზღვრეებთან მოლაპარაკებები და იდგმება ნაბიჯები ვითარების ნორმალიზებისთვის.

    „ვურჩევთ სომხურ პოლიტიკურ და სამხედრო წრეებს, არ ჩავარდნენ პანიკაში, მიიღონ სახელმწიფოთაშორისი სასაზღვრო რეჟიმის რეალობა აზერბაიჯანის ზანგილანის, გუბადლინის, ლაჩინისა და ქელბაჯარის რაიონების გასწვრივ და არ გაამწვავონ ვითარება რეგიონში. ასეთი შემთხვევები შესაძლებელია და უნდა გადაწყდეს ორივე მხარის სამხედროებს შორის ორმხრივი კონტაქტების გზით“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში, რომელსაც ადგილობრივი მედია ავრცელებს.

    შეგახსნებთ, გუშინ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანი სომხეთის სუვერენიტეტის ხელყოფაში და პროვოკაციულ ქმედებებში დაადანაშაულა. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა გადაკვეთეს სომხეთის სახელმწიფო საზღვარი სიუნიქის რაიონში.

    წყარო: https://1tv.ge/news/azerbaijanis-sagareo-uwyeba-somkhet-azerbaijanis-sazghvartan-dadzabulobastan-dakavshirebit-ganckhadebas-avrcelebs/

  • სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო.

    სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

    საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უმასპინძლა.

    შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები.

    სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

  • ილჰამ ალიევი - ჩვენ ვახორციელებთ ზანგეზურის დერეფნის გეგმას, თუ სურს ეს სომხეთს, მაშინ უფრო მარტივად გადავწყვეტთ მას

    ჩვენ ვახორციელებთ ზანგეზურის დერეფნის გეგმას, სურს თუ არა ეს სომხეთს, თუ მას სურს, მაშინ ჩვენ უფრო მარტივად გადავწყვეტთ, თუ მას არ სურს, ჩვენ ძალით გადავწყვეტთ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

    ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანელი ხალხი ზანგეზურში დაბრუნდება, რომელიც აზერბაიჯანს 101 წლის წინ წაართვეს.

    ზანგეზურის დერეფნის შექმნა სრულად აკმაყოფილებს ჩვენს ეროვნულ, ისტორიულ და სამომავლო ინტერესებს. ჩვენ ვახორციელებთ ზანგეზურის დერეფნის გეგმას, სურს თუ არა ეს სომხეთს. თუ მას სურს, ჩვენ უფრო მარტივად გადავწყვეტთ, თუ მას არ სურს, ჩვენ ძალით გადავწყვეტთ. ისევე როგორც ომამდე და ომის დროს, მე ვთქვი, რომ ისინი საკუთარი ნებით უნდა გავიდნენ ჩვენი მიწებიდან, თორემ ძალით გავაძევებთ. ასეც მოხდა. იგივე იქნება ზანგეზურის დერეფნის ბედიც. ჩვენი მთავარი კონკურენტი დროა, რადგან რკინიგზისა და მაგისტრალის მშენებლობას დრო სჭირდება. ამიტომ, მობილიზებულია ყველა ძალა ამ პროექტის განსახორციელებლად. ამრიგად, აზერბაიჯანელი ხალხი დაუბრუნდება 101 წლის წინ წართმეულ ზანგეზურს“, – განაცხადა ალიევმა.

    აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებას სომხეთის ხელისუფლების მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. ოფიციალურმა ერევანმა ილჰამ ალიევის განცხადება დაგმო.

    სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ქვეყანა ყველა საჭირო ზომას მიიღებს.

    „ჩვენ მკაცრად ვგმობთ აზერბაიჯანის პრეზიდენტის მისწრაფებებს გამოიყენოს ძალა სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ასეთი განცხადებები სერიოზულად აზიანებს რეგიონალურ მშვიდობას და სტაბილურობას. ისინი ავლენენ აზერბაიჯანის ბოლოდროინდელი განცხადებების სიყალბეს მშვიდობასა და შერიგებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ასეთი საფრთხეები ხორციელდება სომხეთის გენოციდის წლისთავთან დაკავშირებით, რომლის მიზანია სომეხი ხალხისთვის ძალის პოზიციიდან საუბარი. ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვაქვს როგორც ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირესთან, ასევე ყველა ჩვენს პარტნიორთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სამხრეთ კავკასიაში მშვიდობით“, – განაცხდა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ანა ნაღდალიანმა.

    ზანგეზურის დერეფანი აზერბაიჯანს სომხეთის გავლით ნახიჩევანთან აკავშირებს. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აღნიშნულ დერეფანში სარკინიგზო და საავტომობილო კომუნიკაციების გახსნას ითვალისწინებს, რომელიც ომამდე ჩაკეტილი იყო.

    წყარო: https://1tv.ge/news/ilham-alievi-%e2%80%8bchven-vakhorcielebt-zangezuris-derefnis-gegmas-surs-tu-ara-es-somkhets-tu-surs-mashin-chven-ufro-martivad-gadavwyvett-tu-ar-surs-chven-dzalit-gadavwyvett/

  • საქართველოს პრეზიდენტი - სომხეთის პრეზიდენტთან ბიზნესაქტორების ხელშეწყობის რამდენიმე ინიციატივა განვიხილეთ

    საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებმა ორბელიანების სასახლეში პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართეს, რის შემდეგაც პრესისათვის განცხადებები გააკეთეს:

    „ბატონო პრეზიდენტო, მოხარული ვარ, რომ გმასპინძლობთ ჩვენს ქვეყანაში. ეს ვიზიტი ძალიან დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი და სამწუხაროდ, ვერ განხორციელდა. პანდემიამ და რეგიონში განვითარებულმა კონფლიქტმა ხელი ძალიან შეგვიშალა და ვერ შევძელით დღემდე ამ ვიზიტის ორგანიზება, ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს მაქვს შესაძლებლობა მიგიღოთ ორბელიანების სასახლეში. 

    ჩვენი წინა შეხვედრის შემდეგ, კავკასიაში, ჩვენ ყველა ძალიან მძიმე გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდით.
    ერთი მხრივ, პანდემიამ დააზარალა სამივე ქვეყნის ეკონომიკა, ჩაკეტა მსოფლიო და იმსხვერპლა ადამიანების სიცოცხლე. თუმცა, ბევრად მძიმე იყო რეგიონისა და ცალკეული ქვეყნისთვის ომისგან გამოწვეული მსხვერპლი. მინდა ამ ომის დროს დაღუპულთა ოჯახებს მივუსამძიმრო და თანაგრძნობა გამოგიცხადოთ თქვენ, ბატონო პრეზიდენტო. 

    ისევე როგორც კონფლიქტის დროს, ახლაც საქართველო მშვიდობის მხარეს დგას. ამის ნიშნად შეხვედრების, დიალოგისა და სიტუაციის განმუხტვისთვის შეთავაზებული ჩვენი პლატფორმა ძალაში რჩება ნებისმიერ დროს.
    სომხეთის პრეზიდენტს, ბატონ სარქისიანს გავაცანი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, უკანონო ბორდერიზაცია, გატაცებები, ადამიანების უფლებების ხელყოფა, ამ პანდემიის დროს მით უფრო დამძიმებული ჰუმანიტარული მდგომარეობა და ესკალაცია. 

    ყველას კარგად გვესმის, რომ ნებისმიერი კონფლიქტი რეგიონში მთლიანად რეგიონს აზარალებს, ამიტომ მშვიდობა და თანამშრომლობა კავკასიის განვითარებისთვის უალტერნატივოა. 

    რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, განვიხილეთ ასევე, უკრაინაში შექმნილი საგანგაშო ვითარება. შავი ზღვის რეგიონს (არა მხოლოდ) ესკალაცია და დესტაბილიზაცია ემუქრება. ჩვენ გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია დეესკალაცია დღეს ამ რეგიონისთვისაც. 

    განვიხილეთ ჩვენი რეგიონის სამომავლო, უნიკალური, ეკონომიკური პოტენციალი, სხვადასხვა გარე აქტორებისგან გაზრდილი ინტერესი, ახალი გეგმები თუ პლატფორმები. ეს ყველაფერი კი, ამ რეგიონის ძალიან დიდ მნიშვნელობას ადასტურებს. თუმცა კავკასიის ქვეყნების როლი გადამწყვეტი რჩება. კავკასიის მომავალი კავკასიის ქვეყნებმა ერთობლივად უნდა განსაზღვრონ, ამავდროულად, კავკასია თავის სატრანზიტო და სხვა პოტენციალის გათვალისწინებით, მხოლოდ ღია რეგიონად წარმოგვიდგენია.

    კავკასიისა და შავი ზღვის გავლით აზიისა და ევროპის დასაახლოებლად მასშტაბური პროექტების განხორციელება მოითხოვს ყველას და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი მოთამაშის, ევროკავშირის აქტიურ მონაწილეობას. 

    მნიშვნელოვანია ევროკავშირის ჩართულობა კონფლიქტის საბოლოო დარეგულირებაში, როგორც შემდეგი ინფრასტრუქტურული გეგმების განხორცილებაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. 

    ასევე, ვისაუბრეთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე ეკონომიკური, ტურისტული, კულტურული პროექტების გაძლიერებასა და განხორციელებაზე. 

    ვამაყობთ იმითაც, რომ საქართველოს სომხური წარმოშობის მოქალაქეებს ამ ქვეყანაში ყველანაირი საშუალება აქვთ  შეინარჩუნონ წინაპართა ენა და კულტურა. ამავე დროს, მეტი უნდა გაკეთდეს, ძირითადად, სახელმწიფოს მხრიდან, რათა ისინი სახელმწიფო ენას სრულყოფილად დაეუფლონ და ამგვარად, შეძლონ სრულყოფილი ინტეგრაცია და მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის ეკონომიკურ, თუ პოლიტიკურ განვითარებაში.

    დღეს თქვენი ვიზიტით ძალიან მოხარული ვარ. ჩვენ განვიხილეთ ასევე, ზოგიერთი ინიციატივა, რაც შეიძლება მიღებული იყოს ჩვენს დონეზე, როგორ შევუწყოთ ხელი ბიზნესაქტორებს იმისთვის, რომ ერთობლივად ფიქრი და მუშაობა დაიწყონ კონკრეტულ პროექტებზე. ამით გამოვიწვიოთ ინვესტორების ინტერესი არამხოლოდ თითოეული ქვეყნისთვის, არამედ ერთობლივად, რადგან შეიძლება ბევრად უფრო მიმზიდველი იყოს ასეთი ფორმატი. ამაზე დავიწყეთ დღეს მსჯელობა, რომელიც გაგრძელდება და რომელსაც კონკრეტულ ფორმას მივცემთ. მე ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს.

    დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო, თქვენი ვიზიტისთვის და ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ახლობლური, მეგობრული ურთიერთობა დროთა განმავლობაში შენარჩუნდა და შენარჩუნდება!“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

  • სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი საქართველოს ესტუმრა

    დღეს თბილისს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ეწვია. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

    სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი საგანელიძე.

    არმენ სარქისიანისა და ნუნე სარქისიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართება.

    ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რის შემდეგაც არმენ სარქისიანი და სალომე ზურაბიშვილი პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

    დაგეგმილია ასევე, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეხვედრა.

    სომხეთის პრეზიდენტი თბილისში სომხურ საკათედრო ტაძარს დაათვალიერებს.

პოპულარული

« ივნისი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური