თამარ ჟვანია: საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მიუღებელია 29 სექტემბრის ღამეს მარნეულში განვითარებული მოვლენები

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2020 12:47

„საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მიუღებელია 29 სექტემბრის ღამეს მარნეულში განვითარებული მოვლენები და დაპირისპირება საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს შორის“, - ამის შესახებ ინფორმაციას საარჩევნო კომისიის თავჯდომარე თამარ ჟვანია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ხელისუფლებამ და პასუხისმგებელმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ ზომები რეაგირებისა და პრევენციის მიზნით.

„მინდა მოვუწოდო მათ სიმშვიდის შენარჩუნებისკენ. მივმართავ თავი შეიკავონ არაეთიკური ქცევისგან, ძალადობისგან და ურთიერთობისას გამოიყენონ ცივილიზებული ფორმები. აღნიშნული კონფლიქტის შედეგად დაშავდნენ მათ შორის მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი და მისი ოჯახის წევრი, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია. ამ ძალადობის დროს დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები. დაუშვებელია ამ ფორმებით ჟურნალისტების საქმიანობის ხელის შეშლა. ხელისუფლებამ და პასუხისმგებელმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ ზომები რეაგირებისა და პრევენციის მიზნით. თავის მხრივ ყველა პოლიტიკურმა მხარემ ხელი უნდა შეუწყოს საარჩევნო პროცესების მშვიდ ვითარებაში წარმართვას. საარჩევნო ადმინისტრაცია ვგმობთ ძალადობას და ნებისმიერ ისეთ ქმედებას რაც ახალისებს ძალადობას და რაც პირდაპირ აზიანებს ქვეყანაში დემოკრატიული საარჩევნო პროცესების წარმართვას“, - წერს თამარ ჟვანია.

წაკითხულია 199 ჯერ

Related items

  • ცესკომ და სწავლების ცენტრმა საქართველოს შსს-ს აკადემიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს

    16 სექტემბერს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო), საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის (შსს აკადემია) ხელმძღვანელ პირებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

    შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა კენჭისყრის პროცესის უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობის ხელშეწყობის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციასა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე. ამ მიმართულებით ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა და შსს აკადემიის რექტორმა ივანე პაპიაშვილმა  არჩევნების უსაფრთხოების საკითხებზე პოლიციელებისა და საარჩევნო კომისიების წევრების ინფორმირების უზრუნველსაყოფად კომპეტენციის ფარგლებში განსახორციელებელი თანამშრომლობის მექანიზმები განიხილეს.

    სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა შსს აკადემიასთან პარტნიორობით განსახორციელებელი საინფორმაციო-სასწავლო პროგრამა „არჩევნები და უსაფრთხოება“ წარადგინა, რომელიც კენჭისყრის დღემდე პერიოდში და კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცესის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რისკების იდენტიფიცირების,  პრევენციული ღონისძიებებისა და დარღვევებზე რეაგირების მექანიზმების შესახებ საკანონმდებლო რეგულაციების განხილვას მოიცავს.

    პროგრამაში მონაწილეობას შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მენეჯერული რგოლის თანამშრომლები მიიღებენ. საინფორმაციო შეხვედრები 17-18 სექტემბრის პერიოდში, ონლაინ ფორმატში, წარიმართება.

    ცესკოში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძე და შსს აკადემიის პრორექტორი თეიმურაზ მაღრაძე.

    სამართალდამცავ ორგანოებთან ეფექტიანი კომუნიკაციის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად,  მნიშვნელოვანია, რომ სწავლების ცენტრი, ცესკოსთან თანამშრომლობით, არჩევნების უსაფრთხოების მოდულზე ტრენინგებს საარჩევნო კომისიების წევრებისთვისაც ახორციელებს.

  • განცხადება საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანმიმართული დისკრედიტაციის ფაქტების შესახებ

    ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საარჩევნო ადმინისტრაციაზე განხორციელებული ზეწოლისა და ბოლო პერიოდში გავრცელებული არასწორი ინფორმაციის  შესახებ ბრიფინგი გაიმართა.

    როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებზე მიმდინარეობს უპრეცედენტო ზეწოლა. ზოგიერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ცდილობენ ხელი შეუშალონ საარჩევნო  კომისიების საქმიანობას და მიზანმიმართულად დააზიანონ საარჩევნო პროცესი.  

    „უსაფუძვლო ბრალდებები და ზეწოლა განსაკუთრებით საოლქო საარჩევნო კომისიების მიმართ მიმდინარეობს. ამის მაგალითია დღეს მომხდარი ფაქტი ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ჟურნალისტების თანხლებით შეიჭრა. ის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე ახდენდა ზეწოლას და ემუქრებოდა მას, მისი მხრიდან ასევე ადგილი ჰქონდა მუქარას და ბრალდებებს თავმჯდომარის მოადგილის მიმართაც.

    კიდევ ერთხელ გვინდა ცალსახად განვაცხადოთ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიამ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები კანონმდებლობის სრული დაცვით აირჩია და ბრალდება, რომ საოლქო საარჩევნო კომისია „ნიშნავს“ პოლიტიკურად მიკერძოებულ პირებს, არის სიცრუე, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი - მოქალაქეები შეიყვანოს შეცდომაში.

    საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს მოვუწოდებთ, გააგრძელონ კანონით განსაზღვრული საქმიანობის ნეიტრალურად განხორციელება. არ აყვნენ  პროვოკაციებს. ზეწოლის ან მუქარის შემთხვევაში იმოქმედონ კანონის შესაბამისად. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საოლქო საარჩევნო კომისიებს მათ საქმიანობაში და მზადების პროცესში 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის. და ამასთან ვაცხადებთ, რომ ყოველთვის გვექნება შესაბამისი რეაგირება ნებისმიერი სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე.

    საარჩევნო ადმინისტრაცია სრული დატვირთვით მუშაობს მაღალ დონეზე ორგანიზებული არჩევნების ჩასატარებლად. მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, თუ აქვთ რომელიმე საარჩევნო მოხელის მიკერძოებული საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წარმოადგინონ კანონით განსაზღვრული წესით  და ნუ გაავრცელებენ მედია საშუალებებით არასწორ ინფორმაციას, როგორც აღვნიშნეთ, მიუღებელია მათზე ზეწოლა და მუქარაც. რამაც მოქალაქეები შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს და ასევე გამოიწვიოს მათში უნდობლობის განცდა, როცა საარჩევნო ადმინისტრაციის მთელი შემადგენლობა ემსახურება იმას, რომ ამომრჩეველი მივიდეს 2 ოქტომბერს არჩევნებზე და თავისუფლად მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა“,-განაცხადა ნათია იოსელიანმა.

    დღევანდელ ბრიფინგზე ცესკოს სახელის გამოყენებით შექმნილ ინტერნეტგვერდებზე განცხადება ინფორმაციის დაცულობის ცენტრის სპიკერმა თორნიკე გოგისვანიძემ გააკეთა.

    მისი თქმით, ინფორმაციის დაცულობის ცენტრის მონიტორინგმა აჩვენა, რომ ბოლო დღეებია სოციალურ ქსელებსა და ზოგადად ინტერნეტ სივრცეში საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით ინტენსიური დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

    უკვე მეორე დღეა, რაც ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა ვებგვერდი cesko.cf, რომელიც განთავსებული მასალების მიხედვით ფაქტობრივად არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გვერდის ანალოგი. აღნიშნული გვერდი იყენებს არამხოლოდ ცესკოს ლოგოს, არამედ ბრენდისთვის დამახასიათებელ ყველა დეტალს. ვებგვერდზე ამჟამად მიმდინარეობს გამოკითხვა არჩევნებთან დაკავშირებით და მითითებულია, რომ აღნიშნული გამოკითხვა ასახავს არჩევნების რეალურ შედეგებს, რაც ცალსახად არის ტყუილი და ემსახურება ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას.

    „ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე მიმართა სოციალური ქსელის „ფეისბუქი“ ადმინისტრაციას აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით და მოითხოვა ამ გვერდის  წაშლა.

    ამასთან საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა კიდევ რამდენიმე გვერდი, რომლის ტირაჟირებაც ხორციელდება პოლიტიკურად დაინტერესებული მხარეების მიერ და სადაც განთავსებულია ინფორმაცია საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით. სავარაუდოა,  რომ აღნიშნული გვერდების შექმნის მიზანს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა წარმოადგენს. ასეთი ტიპის გვერდად მოიაზრება მაგალითად cec.org.ge.

    მაგალითისთვის გეტყვით, რომ ვებგვერდის cec.org.ge მიერ გავრცელებულ ვიდეოში, სადაც საუბარია ამომრჩეველთა სიაში თავის გადამოწმების შესახებ, გაჟღერებულია არასწორი მოწოდება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცეს ამომრჩეველი სიაში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში.

    მივმართავთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს, დაინტერესდნენ ჩვენს მიერ გამოვლენილი ფაქტებით, რომლებიც ამომრჩევლის დეზორიენტაციას იწვევს.

    ამომრჩევლებს კი მივმართავთ საარჩევნო საკითხებზე ინფორმაციის მიღებისას ყურადღებით დააკვირდნენ ინფორმაციის გავრცელების წყაროს.

    არჩევნებს ატარებს და საზოგადოებას ამ არჩევნების უტყუარ შედეგებს აწვდის მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაცია, ხოლო ზემოაღნიშნულის მსგავსი აქტივობები არის ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის და დეზორიენტაციის მცდელობა.

    შესაბამისად, ყველა ზემოაღნიშნული აქტივობა შეიძლება განვიხილოთ როგორც საარჩევნო პროცესის მიზანმიმართული დაზიანება“, - განაცხადა თორნიკე გოგისვანიძემ.

  • ცესკოს ხელმძღვანელობამ NDI-ის ანალიტიკოსებთან შეხვედრა გამართა

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ხელმძღვანელობამ NDI-ის საარჩევნო პროგრამის გრძელვადიან ანალიტიკოსებთან შეხვედრა გამართა.

    დისტანციურად გამართულ შეხვედრაზე, ცესკოს ხელმძღვანელმა პირებმა საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების დანერგვაზე, არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებასა და ცესკოს კიდევ ერთი ინოვაციური პროექტის - ინფორმაციის დაცულობის ცენტრის შესახებ ისაუბრეს. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებთან დაკავშირებული მიმდინარე საარჩევნო საკითხების, კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლის და ცესკოში ახლად შექმნილი ინფორმაციის დაცულობის ცენტრის მუშაობის შესახებ.

    NDI-ის საარჩევნო პროგრამის გრძელვადიანი ანალიტიკოსების მისიამ მუშაობა სექტემბრიდან დაიწყო.  2021 წელს მისია განსხვავებული ფორმით ტარდება. NDI-ის გრძელვადიანი ანალიტიკოსები სოციალური დისტანციისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით იმუშავებენ და გააანალიზებენ პროცესებს ისეთ საკვანძო საარჩევნო თემებზე, როგორიცაა: საარჩევნო ადმინისტრაცია, პოლიტიკური კამპანიები, გენდერი და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობა, მედია და დეზინფორმაცია და სხვა მიმდინარე საკითხები.

  • თსუ-ს და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობა ეძლევათ

    2 ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებზე ხმის დათვლის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო პროცესში უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები ჩაერთვებიან. აღნიშნულთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გააფორმა.

    მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტები იღებენ ვალდებულებას, რომ არჩევნებისას ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღების შედეგად არსებული ვიდეოჩანაწერების ინტერნეტ სივრცეში განთავსების უზრუნველყოფის მიზნით, ცესკოს მიაწოდებენ შესაბამისი კვალიფიკაციის სტუდენტების/კურსდამთავრებულების შესახებ ინფორმაციას. ამასთან დაგეგმილი ღონისძიებების წარმატებით განხორციელებისათვის მხარეები ერთობლივი ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზების მიმართულებითაც ითანამშრომლებენ.

    ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი დღეს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია ცესკოში გაიმართა. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ განაცხადა აღნიშნული ინიციატივის შედეგად ერთის მხრივ, სტუდენტები ჩაერთვებიან და გარკვეულ წვლილს შეიტანენ საარჩევნო პროცესში და   მეორეს მხრივ ახალგაზრდა თაობას მიეცემა შესაძლებლობა, რომ ანაზღაურებადი სტაჟირების ფარგლებში მიიღოს სამუშაო გამოცდილება. „ჩვენთვის მსგავსი ტიპის თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი გვაქვს სტუდენტები დაინტერესდებიან ამ შესაძლებლობით, მნიშვნელოვანია მომავალშიც გაგრძელდეს მსგავსი ტიპის პროექტები და ახალგაზრდა თაობის, შესაბამისი ცოდნისა და კომპეტენციის მქონე ადამიანების წახალისება,“ - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა მემორანდუმების გაფორმების შემდგომ.

    არჩევნების დღეს ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღების საკითხი დღის წესრიგში საარჩევნო რეფორმის განხორციელების შემდგომ დადგა. საქართველოს ორგანულ კანონზე „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დაყრდნობით ცესკომ უკვე მიიღო დადგენილება, რომლითაც 2 ოქტომბრის არჩევნებისას ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღების წესი განსაზღვრა. გადაღებული ვიდეომასალა ონლაინ პლატფორმაზე განთავსდება. სწორედ ამ პროცესის ტექნიკურად განხორციელებაში იქნებიან ჩართული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. 

  • საარჩევნო ადმინისტრაცია ხმის დათვლის ელექტრონული ტექნოლოგიის დანერგვას რამდენიმე უბანზე განიხილავს

    ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ელექტრონულად ხმის დათვლის საპილოტე პროექტის განხორციელებაზე მსჯელობს. პროექტის დანერგვის შემთხვევაში, წინასწარ შერჩეული ოლქის რამდენიმე უბანზე ამომრჩევლები ხმის მიცემას ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით შეძლებენ და კენჭისყრის შედეგები, ელექტრონული დათვლის საშუალებით, ხმის მიცემის პროცედურის დასრულებისთანავე იქნება ცნობილი.

    ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად ცესკო ერთ-ერთ მოწინავე კომპანიასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს; კომისია დღეს „სმარტმატიკს“ შეხვდა; კომპანიის წარმომადგენლებმა ცესკოს წევრებისთვის საჩვენებელი პრეზენტაცია გამართეს და დეტალურად ახსნეს თუ როგორ მოხდება ელექტრონული დანადგარის გამოყენება ხმის მიცემისა და დათვლის პროცესში.

    „ჩვენ დღეს გვაქვს შესაძლებლობა განვიხილოთ პროექტის შესაძლებლობები, თუ რა სარგებელი ექნება ამით ერთის მხრივ ამომრჩეველს და მეორეს მხრივ საარჩევნო ადმინისტრაციას. ეს არის ერთ-ერთი შესაძლებლობა, რომელსაც მინიმუმამდე დაყავს ყოველგვარი მანიპულაციის შესაძლებლობა კენჭისყრის დღეს. ამასთან ქმნის შედეგების ძალიან მცირე დროში მიღების შესაძლებლობას, ფაქტობრივად კენჭისყრის პროცედურების დასრულებისთანავე, რამდენიმე წუთში იქნება შესაძლებელი იმ კონკრეტული უბნის შედეგების გამოცხადება. ამ დეტალური განხილვების შედეგად უახლოეს დღეებში ცესკო მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას“- განაცხადა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

    ტექნოლოგია, რომლის გამოყენებასაც საქართველოს ცესკო 2 ოქტომბრის არჩევნებზე რამდენიმე უბანზე ვარაუდობს, მსოფლიოს მასშტაბით ბევრ ქვეყანაშია გამოცდილი.  მისი გამოყენებით ნაწილობრივ ან სრულად ტარდება არჩევნები ისეთ ქვეყნებში როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და აზიის ბევრი ქვეყანა. 

     „ვიმედოვნებთ რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ტექნოლოგიური სიახლის დანერგვას შეუწყობს ხელს, რომლის პილოტირება 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე მოხდება. აღნიშნული ტექნოლოგიური სიახლე უკვე დაინერგა მრავალ სხვა ქვეყანაში, ჩვენ აღნიშნულ სერვისს 25 სხვადასხვა ქვეყანაში ვახორციელებთ.“  - განაცხადა კომპანია სმარტმატიკის წარმომადგენელმა ლუის კორონელიმ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური