ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 26 სექტემბერი 2020 12:26

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ ვაჰაგ მურადიანმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელმა გოჩა ლორთქიფანიძემ და საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ეკატერინე ქარდავამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს  მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის მიზანია 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსებისა და თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის არამართლზომიერად გამოყენების, ასევე, წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისა და მასში მონაწილეობის წესების დარღვევის პრევენციის  უზრუნველსაყოფად, ხელი შეეწყოს საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პირების ცნობიერების ამაღლებას.

მემორანდუმი ითვალისწინებს ადმინისტრაციული რესურსის არამართლზომიერად გამოყენების პრევენციისათვის შექმნილი დისტანციური სასწავლო კურსის განხორციელების ხელშეწყობას, რომელიც ცესკოსა და ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ, ევროპის საბჭოს საარჩევნო მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში შემუშავდა. სასწავლო კურსი განკუთვნილია საჯარო მოსამსახურეებისთვის, აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა დონეზე.

ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარემ გახსნა და მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „მემორანდუმი ეხება ვებპლატფორმას, იმ სასწავლო კურსს, რომელიც გახლავთ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების პრევენციის და კამპანიის წესების შესახებ. ამ კურსის გათვითცნობიერებით საჯარო მოსამსახურეები მიიღებენ იმ ცოდნას, გამოცდილებასა და პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ქვეყანაში ჩატარდეს სამართლიანი და სანდო არჩევნები“,- აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს ვაჰაგ მურადიანმა, გოჩა ლორთქიფანიძემ და ეკატერინე ქარდავამ. სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა კი საინფორმაციო-სასწავლო პროგრამის „საარჩევნო კამპანია და ადმინისტრაციული რესურსი - საარჩევნო პროცესებში ადმინისტრაციული რესურსის არამართლზომიერად გამოყენების პრევენცია და რეაგირება დარღვევებზე“  პრეზენტაცია წარადგინა.

ღონისძიება ევროპის საბჭოს პროექტის „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ ხელშეწყობით გაიმართა.

მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიას სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე დაცული იყო პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაცია.

წაკითხულია 100 ჯერ

Related items

  • საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში გაემგზავრა

    საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 25-29 იანვარს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღებს მონაწილეობას. ეს არის საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტი, რომელიც მე-10 მოწვევის პარლამენტის ფარგლებში განხორციელდება.

    საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, სესიაზე მსჯელობის მთავარი თემა გლობალური პანდემია და „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების საკითხი იქნება. დელეგატებს სიტყვით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი მიმართავს.

    მათივე ცნობით, სასესიო და საკომიტეტო მუშაობის პარალელურად, დელეგაციის წევრები მაღალი დონის შეხვედრებს გამართავენ.

    „ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი ირაკლი კობახიძე, დეპუტატებთან ერთად, ასამბლეის პრეზიდენტ რიკ დაემსს, გენერალურ მდივან მარია პეიჩნოვიჩ ბურიჩს, ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარ დუნია მიატოვიჩს, ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს და კომისიის მდივან სიმონა მენგინი-გრანატას, ასევე, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული მთავრობების კონგრესის გენერალურ მდივანს, ანდრეას კლეფერს შეხვდება.

    „2020 წელს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაცია გამართავს პირველ ვიზიტს, ზამთრის სესიაზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ვიზიტის განხორციელება, რადგან არის ბევრი აქტუალური საკითხი, ანგარიში, რომელიც საქართველოს ეხება. ჩვენ ვაპირებთ, ძალიან აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა ამ განხილვებში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც პირველივე დღეს იქნება წარმოდგენილი, გახლავთ ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიის ანგარიში 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით. სადამკვირვებლო მისიის ის მიგნებები, რომელიც მათ დააფიქსირეს. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია მონიტორინგის ანგარიში და ის დადებითი შეფასებები, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს მიმართ“, – განაცხადა სტრასბურგში გამგზავრებამდე დელეგაციის ხელმძღვანელმა, კახა კუჭავამ.

    საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ირაკლი კობახიძე, მარიამ ქვრივიშვილი, გივი მიქანაძე, ირაკლი ჩიქოვანი, თამარ ტალიაშვილი და ფრიდონ ინჯია შედიან.

  • აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

    აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმზე ხელმოწერა ონლაინ რეჟიმში გაიმართა. 

    ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეკონომიკური ზრდის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საკითხებში ქით ქროქი, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - გენადი არველაძე და აკაკი საღირაშვილი, აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გიორგი ციკოლია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.

    მემორანდუმში ხაზგასმულია აშშ-ისა და საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობა მეხუთე თაობის უსადენო საკომუნიკაციო ქსელების (5G) განვითარების მიმართულებით. მემორანდუმის თანახმად, 5G იძლევა შესაძლებლობას, შეიქმნას აპლიკაციების ფართო სპექტრი, მათ შორის, რომლებიც გამოყენებული იქნება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მომსახურების მისაწოდებლად, რაც სარგებელს მოუტანს ორი ქვეყნის მოქალაქეებსა და ეკონომიკებს. 

    ამავე დროს, 5G-ის მნიშვნელობიდან გამომდინარე, დოკუმენტში აღნიშნულია საკომუნიკაციო ქსელების შეფერხებებისა ან მანიპულირებისგან დაცვის მნიშვნელობა. მემორანდუმში ხაზგასმულია 5G ბაზრებზე საიმედო და სანდო ქსელის აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებლების მხარდაჭერის აუცილებლობა ეროვნული უსაფრთხოების რისკის პროფილის შეფასების გათვალისწინებით და, ასევე, ისეთი ინფრასტრუქტურის ხელშეწყობის საჭიროება, რომლებიც ეფექტურად იცავს 5G ქსელებს არასანქცირებული წვდომისგან ან ჩარევისგან. დოკუმენტის თანახმად, ბაზარზე მომწოდებლების შეფასებისას მნიშვნელოვანია ისეთი კრიტერიუმებით ხელმძღვანელობა, როგორიცაა კანონის უზენაესობა; უსაფრთხოების გარემო; მიმწოდებლის ეთიკური  პრაქტიკა; მიმწოდებლის შესაბამისობა უსაფრთხოების სტანდარტებსა და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკასთან.

    მემორანდუმის მიხედვით, მხარეები აღიარებენ, რომ 5G მომწოდებლებმა უნდა უზრუნველყონ ისეთი პროდუქტები და მომსახურება, რაც საშუალებას მისცემს ინოვაციების განვითარებას და ხელს შეუწყობს ეფექტურობას. ამ პროდუქტებმა და მომსახურებებმა უნდა უზრუნველყოს სამართლიანი კონკურენცია და ხელი შეუწყონ შემდგომ განვითარებას ბაზარზე მაქსიმალური მონაწილეების ჩართულობით. 

    მემორანდუმის შესაბამისად, მომავალი თაობის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის უსაფრთხო მიწოდების ჯაჭვის შექმნის ხელშესაწყობად, აშშ და საქართველო როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში ითანამშრომლებენ ინოვაციებზე, რათა უზრუნველყონ მრავალფეროვანი და ძლიერი მიწოდების ჯაჭვი უსაფრთხო და სანდო მომავალი თაობის უსადენო ტექნოლოგიების ქსელისთვის.

    მემორანდუმის საფუძველზე აშშ-ის მთავრობასთან საქართველოს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს 5G ქსელების უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის დაცვას, მონაცემთა დაცვას და ადამიანის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფას, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მომავალი თაობის ინტერნეტ სანდო ეკოსისტემის, ციფრული სერვისების და მთლიანად ციფრული ეკონომიკის განვითარებაში.

    5G ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარება ახალი შესაძლებლობაა საქართველოსთვის. ეს არის ახალი თაობის ტექნოლოგია, რომელიც წარმოუდგენელი სიჩქარის კომუნიკაციას და კავშირს უზრუნველყოფს. 5G ტექნოლოგიის დანერგვა ასევე გარდაქმნის და სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს სექტორებს, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა და სხვ.

    5G ტექნოლოგია ადამიანებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, გაიმარტივონ ცხოვრება და მიიღონ ისეთი მომსახურებები, რომლის რესურსი და შესაძლებლობაც აქამდე არ ჰქონდათ.  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელსაც ახალი თაობის ინტერნეტი განავითარებს, ჯანდაცვას ეხება. 5G ინტერნეტის მიერ შექმნილი ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა, დაინერგოს ახალი ტიპის სამედიცინო პროცედურები. 5G მნიშვნელოვანია განათლების სისტემისთვის, რომელიც პანდემიის შედეგად დიდი გამოწვევის წინაშე დადგა. ინოვაციური ტექნოლოგია განათლების სისტემას აძლევს საშუალებას, უფრო ეფექტურად შეძლონ დისტანციური სწავლება როგორც მოსწავლეებისთვის, ისე სტუდენტებისთვის.

    საქართველოსა და აშშ-ს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმის ხელმოწერით, საქართველო მიუერთდა „Clean Network“ ინიციატივას, რაც თავის მხრივ ხაზს უსვამს სანდო მომწოდებლებისგან 5G ქსელის უსაფრთხოებისათვის საჭირო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების გამოყენებას, მოქალაქეთა კონფიდენციალურობისა და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე არასანქცირებული წვდომისგან დაცვას და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

    ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაცია

  • უცხოელი კოლეგები დ. ზალკალიანს საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავენ

    ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ასევე  რუმინეთის, უნგრეთისა და ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრები, ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს საგარეო უწყების ხელმძღვანელის პოზიციაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავენ.

    „მსურს პატივისცემა დავადასტურო საქართველოს მთვარობის მიერ გამოჩენილი იმ ძალისხმევის მიმართ, რომელიც გამოყენებულ იქნა ჯანდაცვის სფეროში გაჩენილი გამოწვევბის დაძლევისა და საქართველოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდში წარდგენილი პრიორიტეტების გატარების მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მანდატის შესაბამისად, ევროპის საბჭოში ეს შესამჩნევი წვლილი გაგრძელდება და ველი ამ ბრყინვალე თანამშრომლობის გაგრძელებას. თქვენ ყოველთვის ახდენდით იმის დემონსტრირებას, რომ ამ მიმართულებით ორგანიზაციას შეუძლია საქართველოს მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, ქვეყნის, რომლიეც განუწყვეტლივ და აქტიურად მუშაობდა ჩვენი საერთო ევროპული სტანდარტებისა და ღირებულებების განმტკიცებისთვის,“ - აღნიშნულია მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩის მიმართვაში.

    ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი მზაობას გამოთქვამს საქართველოსთან მჭიდრო დიალოგისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გასაღრმავებლად. რუმინეთის პირველი დიპლომატი, ბოგდან აურესკუ კი, იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება არა მხოლოდ არსებული მიღწევების კაპიტალად ქცევის, არამედ საერთო ინტერესებისთვის ყველა სფეროში ორმხრივი დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავების საშუალებასაც წარმოშობს.

    აღსანიშნავია, რომ უცხოელი დიპლომატები მიმართვებში ხაზგასმით, კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების, ისევე როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში, მისი ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას.

  • ლიბერთი #გულით სოლიდარობის ფონდისთვის

    დღეს,   ლიბერთი   ბანკსა   და   სოლიდარობის   ფონდს   შორის ურთიერთთანამშრომლობის   მემორანდუმი   გაფორმდა. ამ   მემორანდუმის ხელმოწერით კიდევ   ერთხელ   განმტკიცდა   6   წლიანი   პარტნიორობა   და   ლიბერთიმ   კიდევ   ერთხელ, სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ‘ლიბერთი #გულით’ ფარგლებში, გამოხატა მზაობა   2021   წლის   განმავლობაში   საკუთარი   ფინანსური სახსრებით   ყოველთვიურად უზრუნველყოს ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა.

    ლიბერთი ბანკი და სოლიდარობის ფონდი 2014 წლიდან წარმატებით თანამშრომლობენ.

    წლების   განმავლობაში,   ბანკის   საკუთარი   რესურსის   გარდა,   სპეციალურად   შექმნილი ტექნოლოგიური   ინფრასტრუქტურის   მეშვეობით,   ბანკის   თანამშრომლებისა   და   ასევე, მომხმარებლების   მიერ   გამოყენებული საბანკო   პროდუქტებიდან   მიღებული   შემოსავლის ნაწილი ყოველთვურად ირიცხებოდა ფონდის ანგარიშზე. კერძოდ, 2014 წლიდან დღემდე ლიბერთი ბანკის მიერ სოლიდარობის ფონდში 900 ათას ლარამდე თანხაა ჩარიცხული. გასული წლების მანძილზე, ამ რესურსით   არაერთ   მოზარდს   გაეწია   აუცილებელი   სამედიცინო   დახმარება. სოლიდარობის ფონდმა დაარსებიდან დღემდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 782 ბავშვსა და 22 წლამდე ახალგაზრდას მკურნალობა და დიაგნოსტიკა დაუფინანსა. ფონდში მობილიზებული თანხის 100% სრულად ხმარდება ბენეფიციარებისთვის საჭირო სამედიცინო სერვისების დაფინანსებას.

    “პანდემიის გამო შექმნილმა ახალმა რეალობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გყავდეს ერთგული მეგობრები. “ლიბერთი ბანკი” “სოლიდარობის ფონდის” ის მეგობარია, რომელიც ორგანიზაციის დაარსების დღიდან გვერდში უდგას ჩვენს ბენეფიციარებს. 2014 წლიდან დღემდე “ლიბერთი ბანკსა” და “საქართველოს სოლიდარობის ფონდს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული, რომლის ფარგლებში ქველმოქმედებისთვის რამდენიმე ათეული ათასი ლარი გადმოირიცხა. ეს თანხები კი სრულად მოხმარდა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების მკურნალობისა და დიაგნოსტირების დაფინანსებას.

    “ლიბერთი ბანკის” ახალი სლოგანი “დაეხმარე მას, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება” ზუსტად ამართლებს და შეესაბამება ბანკის ღირებულებებს. “ლიბერთი” დღეს ნამდვილად იმ ბანეფიციარების გვერდით დგას, ვისაც თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ. ბანკის მიერ განხორციელებული ქველმოქმედება, მისაბაძი მაგალითია კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლებისთვის.

    თითოეული ბენეფიციარის და მათი ოჯახების სახელით, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო “ლიბერთი ბანკს” უწყვეტი და  უანგარო სიკეთისთვის. “სოლიდარობის ფონდში” ჩარიცხული თითოეული ლარი კიდევ ერთ გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს. თქვენი მხარდაჭერა ჩვენ გვაძლიერებს!” - ია მაქაცარია, სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი

    ,, წელს მთელი ჩვენი რესურსი მიმართული იყო ქველმოქმედებაზე და სწორედ ისეთი  პროექტების განხორციელებაზე რომლითაც გვერდში დავუდექით სწორედ იმ ადამიანებს,  ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. სოლიდარობის ფონდის მხარდაჭერა უკვე მრავალი  წელია ლიბერთი ბანკისთვის ერთერთი მნიშვნელოვანი სოციალური პასუხისმგებლობის  პროექტია. განახლებული მემორანდუმის ფარგლებში, კიდევ უფრო აქტიურად  ჩავერთვებით საჭირო რესურსების მობილიზების კუთხით და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს  მოკრძალებულ წვლილს შევიტანთ თითოეული მოზარდის სიცოცხლის შენარჩუნებაში.” –  ვასილ ხოდელი, ლიბერთის გენერალური დირექტორი. 

     

  • PACE-ს დამკვირვებლები პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებენ დაიკავონ თავიანთი ადგილები პარლამენტში

    სტრასბურგი, 23.11.2020 - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის /PACE/ თანამომხსენებლებმა საქართველოს მონიტორინგის საკითხებზე ტიტუს კორლატეანმა (რუმინეთი) და კლოდ კერნმა (საფრანგეთი) ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდეს პარლამენტში ადგილები დაიკავონ. ამის შესახებ PACE-ს პრეს-სამსახური იუწყება სტრასბურგიდან.

    განცხადებაში კერძოდ ნათქვამია, რომ დარღვევებთან დაკავშირებით ბრალდებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. მიუხედავად ამისა: ”ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ ჩატარებულ დასკვნებსა და შეფასებას, რომლის წევრიც იყო PACE. ამავდროულად, ჩვენ ასევე აღვნიშნეთ დარღვევების მნიშვნელოვანი რაოდენობა, მათ შორის მუდმივი ბრალდებები საარჩევნო გადაცდომის შესახებ, ადმინისტრაციული რესურსები და ზეწოლა ამომრჩევლებსა და პარტიის აქტივისტებზე. ეს ბრალდებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და პასუხისმგებლობის ორგანოებმა დამაკმაყოფილებლად და გამჭვირვალედ უნდა გამოიკვლიონ”, - აღნიშნულია PACE-ს თანამომხსენებლების განცხადებაში.

    წყარო: https://pace.coe.int/en/news/8107/georgia-pace-monitors-call-on-all-political-parties-to-take-up-their-seats-in-parliament

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური