საქართველოს აზერბაიჯანის ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 25 სექტემბერი 2020 11:28

ქ. თბილისი, 2020 წლის 24 სექტემბერი - საქართველოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა ოფიციალური შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, თანამშრომლობის პერსპექტივები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკის, განათლებასა და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში, ასევე რეგიონის წინაშე მდგარი გამოწვევები, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობის მნიშვნელობას, რაც უზრუნველყოფს რეგიონის სტაბილურ განვითარებას და მნიშვნელობას იძენს რეგიონის ფარგლებს გარეთაც.

მინისტრმა დავით ზალკალიანმა მადლიერება გამოხატა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ურყევი პოზიციის გამო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის თაობაზე. დადასტურდა ორი ქვეყნის დაინტერესება რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირების თაობაზე და ხაზი გაესვა კონფლიქტის შედეგად ადგილნაცვალ პირთა საცხოვრებელ ადგილებზე ღირსეულ და უსაფრთხო გარემოში დაბრუნების აუცილებლობას.

საუბარი, ასევე, შეეხო საქართველო-აზერბაიჯანის შორის მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის წარმატებულ თანამშრომლობაზე სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ სფეროებში. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა წარიმართოს სარკინიგზო და სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაზე, მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, გაგრძელდეს ერთობლივი მუშაობა საერთაშორისო დონეზე ქვეყნების ტრანზიტული პოტენციალის გაუმჯობესებისათვის. აღინიშნა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის პროექტების მნიშვნელობა. ითქვა, რომ სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტების რეალიზაცია, ხელს შეუწყობს ქვეყნების ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას და უზრუნველყოფს ენერგომატარებლების დამატებითი მოცულობების მიწოდებას კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ბაზარზე.

განხილულ იქნა სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი. გამოიხატა მწუხარება, რომ COVID-19-ის პანდემიის გამო კომისიის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები და სამუშაოები ვერ ჩატარდა. გამოითქვა ორივე მხარის დაინტერესება სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე მუშაობის აქტიურ გაგრძელებასა და საკითხის ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით გადაწყვეტაზე.

მხარეები მიესალმნენ რეგიონში არსებულ სამმხრივ აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის ფორმატს, რომელსაც გააჩნია განვითარების პერსპექტივები. მხარეები შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ ფორმატის გაღრმავებას რეგიონალური თანამშრომლობის ხელშეწყობის კუთხით.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოხატეს მზაობა, ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებასა და მაღალ დონეზე აყვანას.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს პრემიერ მინისტრთან გიორგი გახარიასთან, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერთან კახაბერ კუჭავასთან.

წაკითხულია 114 ჯერ

Related items

  • აზერბაიჯანში COVID-19 -ის ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

    18 იანვარს აზერბაიჯანში COVID-19 -ის ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ამის შესახებ სააგენტო „სინხუა“ იუწყება.

    მათი ინფორმაციით, ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

    აზერბაიჯანის ჯანდაცვის მინისტრი ოქტაი შირალიევი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ორშაბათს აიცრა და ეს მან ყველას თვალწინ გააკეთა.

    როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს,  აზერბაიჯანმა 2 მილიონი ადამიანისთვის 4 მილიონი დოზა ჩინური წარმოების ვაქცინა Sinovac Biotech-ი შეიძინა. ერთი ადამიანი მიიღებს ვაქცინის ორ დოზას. ვაქცინის მეორე დოზის გაკეთება მოხდება პირველი დოზის მიღებიდან 21 დღის შემდეგ.

  • აზერბაიჯანის, რუსეთის და სომხეთის ერთობლივი დეკლარაცია

    აზერბაიჯანის, რუსეთის და სომხეთის ერთობლივი დეკლარაცია მთიან ყარაბაღში ეკონომიკური კავშირებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დამყარების შესახებ.  ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

    რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტნმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კრემლის სასახლეში გამართული 4 საათიანი პირისპირი შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

    პუტინმა განაცხადა, რომ ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას მთიანი ყარაბაღის ეკონომიკური კავშირებისა და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელების შესახებ.

    პუტინი: „ამ მიზნით რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერების თავმჯდომარეობით  სპეციალური სამმხრვი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.“

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც სამმხრივი შეხვედრის შემდეგ, ვლადიმერ პუტინთან გამართული პირისპრი შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში ერთობლივი დეკლარაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა: „აზერბაიჯანი, 30 წლის შემდეგ სომხეთის გავლით სატრანსპორტო გზით დაუკავშირდება ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას. სომხეთს ასევე ექნება სარკინიგზო კავშირები აზერბაიჯანის ტერიტორიების გავლით,  რუსეთთან და ირანთან. აზერბაიჯანს ასევე ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკის გავლით თურქულ ბაზარზე წვდომის შესაძლებლობა და ამით ასევე, თურქეთ-რუსეთს შორის სარკინიგზო კავშირის დამყარების საშუალებაც იქნება.“

    შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს უმასპინძლა. ეს პირველი ერთობლივი შეხვედრა იყო მას შემდეგ რაც, 9 ნოემბერს ხელი მოეწერა შეთანხმებას მთიანი ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის პირობებისა და სამშვიდობო მისიით რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალის განლაგების შესახებ.

    სამმხრივი შეხვედრის პარალელურად სომხეთში მოქალაქეები და ოპოზიცია კვლავ აპროტესტებს სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიერ შეთანხმებაზე ხელისმოწერას და მის გადადგომას ითხოვს.

  • უცხოელი კოლეგები დ. ზალკალიანს საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავენ

    ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ასევე  რუმინეთის, უნგრეთისა და ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრები, ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს საგარეო უწყების ხელმძღვანელის პოზიციაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავენ.

    „მსურს პატივისცემა დავადასტურო საქართველოს მთვარობის მიერ გამოჩენილი იმ ძალისხმევის მიმართ, რომელიც გამოყენებულ იქნა ჯანდაცვის სფეროში გაჩენილი გამოწვევბის დაძლევისა და საქართველოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდში წარდგენილი პრიორიტეტების გატარების მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მანდატის შესაბამისად, ევროპის საბჭოში ეს შესამჩნევი წვლილი გაგრძელდება და ველი ამ ბრყინვალე თანამშრომლობის გაგრძელებას. თქვენ ყოველთვის ახდენდით იმის დემონსტრირებას, რომ ამ მიმართულებით ორგანიზაციას შეუძლია საქართველოს მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, ქვეყნის, რომლიეც განუწყვეტლივ და აქტიურად მუშაობდა ჩვენი საერთო ევროპული სტანდარტებისა და ღირებულებების განმტკიცებისთვის,“ - აღნიშნულია მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩის მიმართვაში.

    ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი მზაობას გამოთქვამს საქართველოსთან მჭიდრო დიალოგისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გასაღრმავებლად. რუმინეთის პირველი დიპლომატი, ბოგდან აურესკუ კი, იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება არა მხოლოდ არსებული მიღწევების კაპიტალად ქცევის, არამედ საერთო ინტერესებისთვის ყველა სფეროში ორმხრივი დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავების საშუალებასაც წარმოშობს.

    აღსანიშნავია, რომ უცხოელი დიპლომატები მიმართვებში ხაზგასმით, კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების, ისევე როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში, მისი ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას.

  • ილჰამ ალიევმა ქ. შუშა აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქად გამოაცხადა

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მდებარე ქალაქი შუშა აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქად გამოაცხადა. ამის შესახებ მან კულტურის მინისტრად ანარ ქარიმოვის დანიშვნასთან დაკავშირებული ვიდეო-კონფერენციის მსვლელობის დროს განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო "ინტერფაქსი" ავრცელებს.

    პრეზიდენტმა ალიევმა ხაზი გაუსვა, რომ შუშაში დაიწყო სამუშაოები ქალაქის სრულმასშტაბიანად აღსადგენად. „მე ვაცხადებ ქალაქ შუშას აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქად. ქალაქი შუშა ამას იმსახურებს. მივიჩნევ, რომ ქალაქი შუშა შეიძლება ჩაითვალოს არ მხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ რეგიონის კულტურულ დედაქალაქად. შუშას აღდგენაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ჩემი დავალებით, იქ ბევრი თანამშრომელი გააგზავნეს. უნდა ჩატარდეს ისტორიული ძეგლების აღწერა, ზუსტად უნდა დაითვალონ მიყენებული ზიანი და უნდა დავიწყოთ ქალაქ შუშას რესტავრაცია“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

    პრეზიდენტმა ალიევმა ასევე განაცხადა, რომ შუშაში უნდა ჩატარდეს ვაგიფის პოეზიის დღეები და "ჰარა ბულბულის" ფესტივალი". "დაგეგმეთ, რომ ეს ორი ღონისძიება - ვაგიფის პოეზიის დღეები და "ჰარა ბულბულის" ფესტივალი წელს შუშაში ჩატარდება”, - დასძინა ქვეყნის მეთაურმა.

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მან დაავალა საერთაშორისო აეროპორტის აშენება აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მყოფ ქალაქ ფიზულიში.

    შეგახსენებთ, კონფლიქტის ზონაში მდებარე ქალაქი შუშა აზერბაიჯანის მხარემ 8 ნოემბერს დაიკავა.

  • მაიკ პომპეოს ვიზიტი კიდევ ერთხელ მიუთითებს რომ საქართველოში იქნება მეტი ამერიკა - ზალკალიანი

    ამერიკის შეერთებული შტატები (აშშ) განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას - ასეთი იყო სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს გზავნილი საქართველოსთვის, 17-18 ნოემბერს განხორციელებული  ვიზიტისას“ - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკალიანმა  ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

    როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, მაიკ პომპეოს ვიზიტი კიდევ ერთხელ მიუთითებს რომ საქართველოში იქნება მეტი ამერიკა და საქართველო დარჩება ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარ საყრდენად რეგიონში. ამასთან, ეს ვიზიტი ადასტურებს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცეს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევრატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას.

    როგორც ზალკალიანმა ხაზგასმით აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ინტენსიურად გააგრძელებს მუშაობას აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან, რათა კიდევ უფრო განმტკიცდეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულებით დაფიქსირებული მიღწევები და გაძლიერდეს აშშ-ს ყოფნა და ჩართულობა, როგორც საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ეკონომიკური განვითარების პროცესში.

    საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება  აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტზე გაამახვილა. 20201 წლის ავტორიზაციის აქტი, მისი თქმით,  საქართველოსთვის მნიშვნელოვან მხარდამჭერ გზავნილებს შეიცავს როგორც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების, ასევე, ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით. კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ აშშ-მა უნდა განაგრძოს საქართველოს უსაფრთხოების მრავალდარგობრივი მხარდაჭერა, მათ შორის, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების გზით, რათა ხელი შეუწყოს ქვეყნისა და მთლიანად  რეგიონის სტაბილურობას.

    მინისტრობის კანდიდატმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზეც ვრცლად ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საქართველოსადმი აშშ-ის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა  2020 წელს არა მარტო შენარჩუნდა, არამედ კიდევ უფრო განმტკიცდა. მისი თქმით, აშშ კონგრესის მხრიდან საქართველოს მხარდამჭერ არაერთ განცხადებასთან ერთად, განსაკუთრებით საყურადღებოა აშშ-ის კონგრესის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსება, რომელმაც 2020 წელს 132 025 000 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ბოლო 5 წლის მანძილზე 50 მილიონიან ზრდას წარმოადგენს.

    როგორც ზალკალიანმა ხაზგასმით აღნიშნა, ეს დაფინანსება აშშ-ის კონგრესში საქართველოს მიმართ არსებული მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერის მკაფიო დადასტურებაა.

    საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ასევე ვრცლად ისაუბრა  ეკონომიკურ სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების საკითხზე. ხაზი გაესვა აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების საკითხზე მუშაობის მნიშვნელობას, რომელიც ინტენსიურად გაგრძლედება. ზალკალიანის განცხადებით, აშშ-თან როგორც სტრატეგოულ პარტნიორთან, აუცილებელია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების იმავე დონეზე აყვანა, რა დონეზეც უკვე გვაქვს პოლიტიკურსა და უსაფრთხოების სფეროებში კავშირები.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური